მთავარი პოლიტიკა ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორებისთვის” საქართველო სახარჯი მასალაა პოლიტიკურ თამაშებში

ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორებისთვის” საქართველო სახარჯი მასალაა პოლიტიკურ თამაშებში

ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიად აინტერესებს დასავლეთს და ეს არაერთხელ დამტკიცებულა

180
გააზიარეთ

ბოლო პერიოდში პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუტია. მაგალითად, გერმანიაში მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ რეგიონების ხელმძღვანელები უმკაცრეს ზომებსა და ჩაკეტვას ითხოვენ. არასახარბიელო მდგომარეობაა მეზობელ რუსეთშიც, სადაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებზე გადის. საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ რუსეთში გავრცელებულ პანდემიაზე სოციალურ ქსელში ღლიცინი მომგებიანი არ არის და აღიარეს, რომ, თუ რუსეთში სიტუაცია არ დასტაბილურდება, ეს ყველაფერი საქართველოზეც ძალიან ცუდად აისახება.

საზოგადოდ, რუსეთში პანდემიის შედეგებზე ტაშს არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უკრავდა. იქ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებდა თვალს დასავლეთიც. ხომ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ჭიდაობის შემდეგ, ევროპამ და ამერიკამ რუსული ეკონომიკა ვერ ჩამოშალეს…

ლენინგრადის ბლოკადაზე არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმია გადაღებული და დღემდე ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებული უსასტიკესი აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო მოსახლეობის შიმშლით განადგურებას. ჰოდა, როცა ცივილიზებული ევროპა და ამერიკა რუსეთს სანქციებს უწესებდნენ და მსხვილ კომპანიებს აიძულებდნენ, რუსულ ბაზარზე არ შესულიყვნენ, ესეც ბლოკადა იყო და ლენინგრადის ბლოკადაზე არანაკლებ სასტიკი. მაგრამ რუსეთმა გაუძლო, გაუძლო ისე, რომ დიდი კომპანიები იძლებულნი შეიქნენ, რუსულ ბაზარზე შესასვლელად ხვეწნა დაეწყოთ, რადგან სხვაგვარად, რუსეთის კი არა, მათმა ეკონომიკამ დაიწყო ჩამოშლა.

ახლაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლამის ყველა ქვეყანას დაუმტკიცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, გარდა რუსეთისა. ეს იმიტომ, რომ არალიცენზირებული ვაქცინის შეძენას ყველა მოერიდება და შესაბამისად, რუსეთი დამატებით შემოსავალს ვერ მიიღებს. არადა, სწორედ საკუთარი ვაქცინებით ებრძვის რუსეთი დღემდე პანდემიას, მაგრამ როგორც სხვაგან, ისე იქაც, ვერაგი ვირუსი მძლავრობს. ორი კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში გაჩნდა ახალი ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავს კორონას, მაგრამ სხვა გართულებებით გამოირჩევა. გამოითქვა ვარაუდი, რომ პანდემიის ფონზე, დასავლეთის სპეცსამსახურებმა რუსეთს ბიოლოგიური ომი გამოუცხადეს და ახალი ვირუსი შეიტანეს ქვეყანაში, ანუ დასავლეთი რუსეთს ახლა სწორედ პანდემიის სახელით ებრძვის და სხვა გზა არც აქვს _ ნავთობპროდუქტების შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაყიდვის მიმართულებით მთავარი მოთამაშე ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ბოლო ათ წელიწადში მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად კვები პროდუქტები გაძვირდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ხორბალი კი ის პროდუქტია, რომლითაც პური მზადდება და პური კი მთავარი საკვებია…

გასულ კვირაში მსოფლიო მედიის ყურადღება რუსმა ვარსკვლავებმა მიიპყრეს. მომღერლები, მსახიობები, უბრალოდ, ცნობილი ადამიანები დასასვენებლად სხვადასხვა კურორტზე იმყოფებიან და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებენ. ექსპერტები აღიარებენ, რომ რუსებმა მოლხენა ყველაზე კარგად იციან და დასვენებაში ფული არ ენანებათ, ანუ რუსი ტურისტი ყვველასთვის სასურველია. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ, როგორც კი საერთაშორისო მედიამ ეს ამბავი აიტაცა და დაადასტურა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსები დასვენებაზე უარს არ ამბობენ, გავრცელდა ცნობა, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კიდევ ერთი ვირუსი უტევს, თუმცა ამაზე ხმამაღლა თურმე არავინ არ ლაპარაკობს. საუბარი შიდსის ვირუსს ეხება, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, მაგრამ, თუ უცხოურ მედიას დავუჯერებთ, რუსეთში შიდსით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასი ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ეს თურმე ოფიციალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ არაოფიციალურად ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი იქნება. როცა ვამბობთოფიციალურად”, ვგულისხმობთ იმას, რასაც დასავლური მედია წერს, თორემ მართლა ოფიციალურად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

“შიდსი რუსეთში იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. 2019 წელს რუსეთი, შიდსის გავრცელების მასშტაბით, იმ 25 ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, რომელშიც ის აფრიკასთან ერთად ლიდერობს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით ლიდერია კემეროვოს ოლქი, რომელშიც სამჯერ მეტი შემთხვევა აღირიცხა, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში”, _ წერს ერთ-ერთი გამოცემა.

სხვათა შორის, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი შიდსთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ვადიმ პოკროვსკიმაც გაააკეთა და განაცხადა, რომ, ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანებში, კვარტალში ერთხელ, ათასი ახალი შემთხვევა ნამდვილად ვლინდება, მაგრამ ყოველთვიურად ასი ათასი შემთხვევა ფანტასტიკის სფეროა, რადგან ასეთ რეალობაში მივიღებთ იმას, რომ თვეში ნახევარი მილიონი ადამიანი ინფიცირდება და არ ვიცით… როგორც ვარაუდობენ, ვირუსის ძირითადი მატარებლები ნარკოდამოკიდებული ადამიანები არიან და ქვეყანა ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას აპირებს…

შიდსის გავრცელების მიმართულებით ლიდერები აფრიკის ქვეყნები რომ არიან, კარგად მოგეხსენებათ. ამის მიუხედავად, არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ უთქვამს, აფრიკიდან წამოსული მოსახლეოჰბა არ მიიღოთ, შესვლა აუკრძალეთ, რა იცით, ეგებ შიდსის მატარებლები არიანო. პირიქით, ყოველწლიურად ლეგალურად თუ არალეგალურად ევროპაში მილიონობით აფრიკელი ჩადის და ისინი ბევრად პრივილეგირებულნი არიან, ვიდრე, მაგალითად, არალეგალურად ჩასული ქართველები. რატომ? იმიტომ, რომ კანის ფერის გამო აფრიკელისთვის ზედმეტი სიტყვის თქმაც კი, შესაძლოა, ჰომოფობიად შეფასდეს და საერთაშორისო სკანდალი ატყდეს. ქართველები კი

 გერმანიაში წელს ოფიციალურ სამუშაოზე წაყვანილი ჩვენი თანამოქალაქეები ბოსლებში (ვინც იმას ბინას ეძახის, შეუძლია, თვითონ იცხოვროს) რომ დააბინავეს და პირუტყვივით ექცეოდნენ, ხელისუფლებას არც კი გაუპროტესტებია. თემას გადავუხვიოთ და, გერმანიაში საქართველოს 2500-ზე მეტი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ და ერთი კმაყოფილი ადამიანი მაინც შეგხვდათ ვინმეს? ჩვენ არ შეგვხვედრია.

ჰოდა, დასავლეთმა ყველას მიანიშნა, სანამ რუს ტურისტებს ქვეყანაში შეუშვებთ, კარგად დაფიქრდითო. არის თუ არა ეს ახალი ბრძოლის დასაწყისი? რა თქმა უნდა, არის. გარე სანქციებით რუსი მოსახლეობა ვერ აუჯანყეს ხელისუფლებას, ერი გაგებით მოეკიდა ბრძოლას, გაიჭირვა და გადაიტანა შიმშილი, გადაიტანა ცნობილი ბრენდების დეფიციტი, მაგრამ დასვენების კულტურა რუსეთში სხვაგვარია. კომუნისტების პერიოდშიც კი რუსეთი იყო რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობაც 11 თვე თავდაუზოგავად მუშაობდა იმისთვის, რომ ერთი თვე ყველა კომფორტით და სრული სერვისით დაესვენა. ასეა ახლაც _ რუსები იკლებენ ყველაფერს, რათა ერთ თვეს კარგად დაისვენონ და, თუ აკრძალვაზე წავა საუბარი, მათი მხრიდან უკმაყოფილება არ დააყოვნებს. დიდი ქვეყნები რუს ტურისტებზე შეზღუდვის დაწესებას მარტივად გადაიტანენ, მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. პანდემიის პირობებშიც კი სწორედ რუსმა ტურისტებმა უშველეს საქართველოში ამ სფეროს და მილიარდ დოლარამდე დახარჯეს. სწორედ მათი მეშვეობით გადარჩა ტურიზმი საქართველოში და წელსაც, ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთში ჩასული ტურისტების 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან იყო. მათზე უარის თქმა კი საქართველოს და მის დარ ქვეყნებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებს, დასავლეთი კი ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერს. ცოტა ხნის წინათ 75-მილიონიან ევროკრედიტზე საქართველოს უარი ევროკავშირს დღემდე ვერ მოუნელებია და, თუ ისე მოხდება, რომ ქართული მხარე რუს ტურისტებს აკრძალვას დაუწესებს, ბიუჯეტიც და მოსახლეობაც უდიდეს ზარალს ნახავს და ხელისუფლება იძულებული იქნება, 75 მილიონი კი არა, მეტი აიღოს და ვალების გამო ისედაც კრიტიკულ ზღვარზე მყოფი საქართველო გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდეს.

დიდი ქვეყნების პოლიტიკურ თამაშებს ხშირად ეწირებიან პატარა სახელმწიფოები. ახლა სწორედ ასეთი პერიოდი გვიდგას. საქართველო, როგორც ტერიტორია, მხოლოდ ასე აინტერესებს დასავლეთს და ეს არაერთხელ დამტკიცებულა. დასავლეთს სურს, საკუთარ თარგზე მოჭრას ქართული კანონმდებლობა და ეს იმიტომ, რომ, როცა მოესურვება, შეცვალოს ხელისუფლება, თავისთვის არასასურველი მოიშოროს. ამიტომ არის, ბოლო პერიოდში მხოლოდ კოალიციურ მთავრობაზე რომ საუბრობენ, მოდელზე, რომლის ჩამოშლა ნებისმიერ დროს შეიძლება. ამიტომ დავდივართ მუდმივად ერთ წრეზე, ამიტომ არის, რომ ვერ მოვიშორეთ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და ამიტომ არის, რუსეთთან ბრძოლის ერთერთ მთავარ იარაღად (რეგიონში უმთავრეს იარაღად) სწორედ ჩვენ რომ გვიყენებენ.

 დასავლეთს აზერბაიჯანის ან სომხეთისთვის არასოდეს არ აუკრძალავს რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, იმიტომ, რომ ისინი მათ არ უსმენენ, ჩვენები კი ფეხქვეს ეგებიან და შედეგებიც აშკარაა. შიდსის ვირუსი როგორც რუსული, ისე ქართული რეალობისთვის არ არის უცხო და ამ ვირუსს, გავრცელების ფორმებიდან გამომდინარე, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ამის გამო, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე ფიქრიც კი უდიდესი სისულელე იქნება.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here