Home რუბრიკები საზოგადოება ჩანაწერები არაფერზე

ჩანაწერები არაფერზე

1419
გოგი გოგიტიძე

მამაო ჩემო

“…ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის,

ხოლო, ვინც კურთხევით თესავს,

ის კურთხევით მოიმკის”. (IIკორ. 9, 6).

ჰოდა, როცა მეგონა, რომ მიზანს მივაღწიე და ბატონი გოგი გოგიტიძე თავისი ცხოვრების გზაზე ავალაპარაკე…

_ დავიბადე 1950 წელს, დავამთავრე ქობულეთის მე-3 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე. ექიმობა მინდოდა და, ჩემი მეგობარი ყაბარდოელების რჩევით, ნალჩიკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ისიც წარჩინებით დავამთავრე. მაშინ არსებული წესით, სამუშაოდ გამანაწილეს, კერძოდ, ორიოლის ოლქის სოფელ ივანკიევკის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, სადაც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე.

_ “დიდი თანამდებობიდანდაგიწყიათ

_ ძალიან დიდით, _ აიტაცებს ხუმრობის ტონს ბატონი გოგი, _ უღატაკესი დასახლება იყო _ ისლით გადახურულ ქოხებში ცხოვრობდნენ, გაჭირვებული იყვნენ ძალიან იქაური გლეხები. როცა დედაჩემის გამოტანილი თეთრეული ლოგინს გადავაფარე, დიასახლისი გაოცდა _ ეგ რა არისო?! ასეთი რამ არასოდეს ენახა.

საუბნო საავადმყოფოში ოთხი თანამშრომელი დამხვდა: სამოცდაათ წელიწადს მიტანებული ქალი _ უფროსი მედდა; ერთი მდივანი, ისიც ღრმად მოხუცებული; ერთი დარაჯი და ერთიც შოფერი _ დაშლილ-გავერანებული “უაზის”. შენობა _ ფარღალალა და ავარიის პირამდე მისული. ცარიელი. არადა, ეს საავადმყოფო გათვლილი იყო 25 პაციენტზე, სრულად დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალით.

ადგილობრივებმა რომ გაიგეს, ექიმი ჩამოვიდაო, დადგა დიდი რიგი იმავე დღეს.

რას ავუვიდოდი.

რაღაც უნდა მეღონა.

ავდექი და რაიცენტრში ჩავედი (კვირაში ორჯერ აქედან მცენსკამდე დადიოდა ერთი ძველი ავტობუსი) ადგილობრივი ხელმძღვანელობის წინაშე ამ ღვთისგან მიტოვებული სოფლისთვის დახმარების საკითხის გადასაწყვეტად.

მცენსკი იმ დროს საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი იყო, უპირველესად, თავისი ალუმინის ქარხნების წყალობით, რომლებიც ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის დაკვეთებს ასრულებდა. ფაქტობრივად დახურული ქალაქი იყო…

მცენსკის რაიონის ჯანდაცვის განყოფილების გამგის კაბინეტის კარი გაბედულად შევაღე.

კარს აბრა ჰქონდა მიკრული გამგის ინიციალებით და აშკარად არარუსული გვარით. ბერძენი გამოდგა ის კაცი.

წარვუდექი. ავუხსენი, ვინც ვიყავი და რატომ შევაწუხე. თბილად მომესალმა და მითხრა, რომ დიდხანს გელოდითო.

ვუპასუხე, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ სოფლის მოსახლეობის ლოდინი, რომლებსაც ელემენტარული სამედიცინო დახმარების იმედი სრულად აქვთ- გადაწურული. არადა, ამ უმდიდრეს ქალაქ მცენსკს არაფერი დააკლდებოდა, ივანკიევკას თუ დაეხმარებოდა.

ქობულეთის ახალი ბულვარი
ქობულეთის ახალი ბულვარი

დამეთანხმა.

მოკლედ, იმ სოფელს თანდათან ეშველა, იქაურებსაც დაეტყოთ ექიმის ჩამოსვლა _ საავადმყოფო მწყობრში ჩადგა. ამასობაში ახალგაზრდა მთავარი ექიმის “საგამოცდო ვადაც” გავიდა და დავბრუნდი ქობულეთში.

ეს მოხდა 1971 წლის ბოლოს, გოგიტიძემ მუშაობა სანატორიუმქობულეთშიექიმორდინატორად დაიწყო.

ჰოდა, როცა მეგონა, რომ მიზანს მივაღწიე და ბატონი გოგი გოგიტიძე თავისი ცხოვრების გზაზე, ანუ კარიერულ აღმასვლაზე ავალაპარაკე, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო _ კვლავ მამასთან დაკავშირებულ ამბავს მომიყვა, საინტერესოს და ჭკუის სასწავლებელს, რა თქმა უნდა.

_ ეტყობა, კარგად ვასრულებდი ექიმის მოვალეობას, რადგან, როგორც კი გამოჩნდა მთავარი ექიმის ვაკანსია, მე დამნიშნეს ამ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ ვიყავი. პარტიის წევრობა მაშინ გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მოულოდნელ შემოთავაზებას, უცებ დავთანხმდი, წუთითაც არ მიყოყმანია.

შემამჩნიეს, დამაწინაურეს, მაშასადამე, ღირსი ვარ, _ ასეთი თვითშეფასება გამიჩნდა მაშინ ახალგაზრდა კაცს და… გავიბერე, გავყოყოჩდი, თანამშრომლებს ზევიდან დავუწყე ყურება: პერსონალური მანქანა, მომსახურების სიკეთე…

შემდეგ გავიგე, რომ ასეთი “ფერიცვალებით”, უპირველეს ყოვლისა, ჩემი თანამშრომლები იყვნენ უკმაყოფილონი.

ეს შეცდომა ისევ მამაჩემმა გამომასწორებინა, რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა და იცოდა, რას ნიშნავდა “თავბრუდახვევა წარმატებისგან”.

ოჯახში პატარა ბოსტანი გვქონდა, რომელშიც ნატურალური პროდუქტი მოჰყავდა მამას. ხანში რომ შევიდა, მიწის ამ ნაკვეთის დასამუშავებლად მოიხმო ერთი “ბოსიაკი”, რომელიც ქობულეთს იყო შეკედლებული და შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდა თავს. ასეთები იმ დროს საკმარისად იყვნენ მოდებული საქართველოს. “ომის ექო?” “ომის ნარჩენები?” სავსებით შესაძლებელია.

კალაპოტიდან ამოვარდნილი ადამიანები იყვნენ, ოჯახამოწყვეტილები, გალოთებულები.

სიტყვა “ბოსიაკი” ფეხშიშველადან მოდის _ босой…

ერთ მშვენიერ დილას პერსონალურმა მანქანამ შინ მომაკითხა და წავედი სამსახურში. ჩავატარე დილის კონფერენცია, შევამოწმე, როგორ სრულდებოდა მიმდინარე სამუშაოები, ჩავერთე საქმეში.

ნაშუადღევს დედა მირეკავს, _ სადილად მოდი, შენი საყვარელი ტოლმა მოვამზადეო.

ცხადია, მივედი, მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმის შეფმზარეულს ჩემთვის პერსონალურად ჰქონდა გამზადებული სადილი, როგორც წესი.

მსოფლიოში რაც კონიაკი და არაყია, მის ერთ ბინძურ თმის ღერად არ ღირს

სასადილოდ ბუხრიანი ოთახი გვქონდა სახლში. ვხედავ: გაშლილია სუფრა, ჩიტის რძე არ აკლია. მაგიდის თავში მამაჩემი ზის და მეინახედ ის “ბოსიაკი” ჰყავს. საშინელი სუნი ტრიალებს ოთახში _ “ბოსიაკები” იშვიათად იბანდნენ ტანს და ისეთი სპეციფიკური სუნი ასდიოდათ, “პროტივოგაზი” დაგჭირდებოდა მომწამლავი აირებისგან თავის დასაცავად.

მამას ასეთი “სუბიექტი” სუფრაზე მიუპატიჟებია, მამაპაპურად პურსა სჭამენ და ფრანგული “ნაპოლეონით” სადღეგრძელოებს ამბობენ.

იმ დროს ვინმესთვის პატივისცემა თუ გინდოდა, საკოლექციო კონიაკი უნდა მიგერთმია. ჩვენი “ნაპოლეონიც” საჩუქრების იმ რიგიდან იყო.

გაბრუნება დავაპატირე.

_ დაჯექი! _ მკაცრად მითხრა მამამ, _ ჩვენთან ერთად დაჯექი.

დავუჯერე მამას, მაგრამ ერთი კი ვუთხარი:

_ შენს სტუმარს მაინცდამაინც “ნაპოლეონი” რომ არ დაალევინო, რა დაშავდება? მაგას ჩვენებური ჭაჭა ყველაფერს ურჩევნია.

მამაჩემმა ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მივხვდი _ სასტიკად შემეშალა. ბოდიში მოვუხადე, მიზეზად სამსახურში მიტოვებული საქმეები დავასახელე და წავედი.

ვაწყენინე მამას!

სამსახურიდან წამოსასვლელად, რაც შემეძლო, ფეხი ავითრიე, გვიან დავბრუნდი შინ. ნაშუაღამევს. ჩემი ვარაუდით, მშობლები კარგა ხნის დაძინებულები უნდა ყოფილიყვნენ.

საქმეში ხარ?!

შევედი, ფეხაკრეფით, არავინ რომ არ შემეწუხებინა.

მესმის:

_ გოგი, შემოდი ჩემთან.

გავშრი.

მამა ტახტზეა წამოწოლილი, მკლავები თავქვეშ აქვს ამოდებული, მელოდება, თვალი არ მოუხუჭავს.

მეუბნება:

_ შვილო, მეგონა, რომ კაცად გაგზარდე, მაგრამ დღეს დავინახე, რომ ცუდად გამიზრდიხარ. ვისგან გადაიღე ასეთი კაცთმოძულეობა?

_ რატომ მეუბნები ამას-მეთქი, მამაჩემო? _ გავბედე და შევეკითხე.

_ გეუბნები იმ საქციელის გამო, დღეს რომ ჩაიდინე. ის კაცი, რომელთან დაჯდომა არ იკადრე, ღმერთის გაჩენილი ადამიანია. მსოფლიოში რაც კონიაკი და არაყია, მის ერთ ბინძურ თმის ღერად არ ღირს. ხომ არ გგონია, რომ იმ საწყალს სჯობიხარ, რადგან დღეს თანამდებობა გიკავია?! მე და დედაშენი გატყობთ, რომ ცუდისკენ შეიცვალე და ეს გვაწუხებს. არ გამოგადგება დიდკაცობის თამაში. თანამდებობა წარმავალია. ერთიორი წელიწადი შეიძლება გაგიძლონ და შემდეგ გამოგაპანღურებენ. ადამიანის სიყვარულს თუ დაკარგავ, ვერც ერთ საქმეს თავს ვერ დაადგამ. ყეყეჩობით თუ გააგრძელებ ცხოვრებას, შარის მეტს ვერაფერს მოიმკი.

ბოდიში მოვუხადე, გავედი და მთელი ღამე არ მიძინია. ვეჭიდავებოდი ჩემს თავს. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ დამნაშავე ვიყავი: მე და მხოლოდ მე.

მეორე დილით სანატორიუმში ჩავატარე დილის ტრადიციული კონფერენცია, სხვა განწყობით და სხვა ადამიანურ ტონალობაში. დამთავრების შემდეგ ყური მოვკარი, ორი ქალი ერთმანეთს რომ ესაუბრებოდა: რა დაემართა ამ ჩვენს მთავარ ექიმს, ასე რომ დატკბაო?!

მამის შეგონება გოგი გოგიტიძემ ცხოვრების გზაზე საგზლად გაიყოლა. ეგებ ამიტომაც იყო, რომ “ქობულეთიდან” სხვა, უფრო დიდ სანატორიუმში გადაიყვანეს, იქიდან კურორტის ხელმძღვანელად დანიშნეს: ქობულეთის პროფკავშირთა კურორტების ტერიტორიული საბჭოს მართვის თავმჯდომარედ. ეს საბჭო 14 საკურორტო დაწესებულებას აერთიანებდა _ სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებს, პოლიკლინიკებს და ა.შ. თავ-თავიანთი დამხმარე მეურნეობებით. მათი სამრეცხაო, მაგალითად, აჭარის, ბორჯომის, წყალტუბოს საკურორტო ობიექტებს ემსახურებოდა და სოხუმამდე იყო გასული.

მოკლედ, მასშტაბური საქმე ჩააბარეს. იმ დროიდან გამოჰყვა ქვეყნის გულშემატკივრობა, ადარდებს პრობლემები, რომლებიც ქობულეთს დღესაც აწუხებს და რომლებიც ბევრ კარგსა და სასარგებლო საქმეზე მავნე “აბრეშუმად” არის მოდებული, თუნდაც აქა-იქ, “გირჩის” მიერ ოკუპირებულ კერძო ნაკვეთებზე მობიბინე მარიხუანის მიკროპლანტაციების სახით. ამ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ. ხვალ დილიდანვე წავალთ, დავათვალიერებთ, ვნახავთ:

_ ბევრი რამ გაკეთდა ქობულეთში, მაგრამ ბევრი რამ არ უნდა გაკეთებულიყო, _ მითხრა და დამპირდა, რომ ხვალ გამიშიფრავდა ამ ორაზროვანი წინადადების შინაარსს.

მაშ, ხვალემ თქვას ხვალისა.

ხვალ ისევ წვიმდა ქობულეთში, მაგრამ ისე, გადაღების დაპირებასავით.

არმაზ სანებლიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here