მთავარი პოლიტიკა შუაღამემდე ასი წამი დარჩა!

შუაღამემდე ასი წამი დარჩა!

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში უნიკალური პოლიტიკური სისტემა შექმნა: აქებ _ მისი მომხრე ხარ, აძაგებ _ მისი მომხრე ხარ

691
გააზიარეთ

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეორე გამოშვება

ისეთივე დამაბნეველი სათაური გამომივიდა, როგორი დამაბნეველიც ჩვენი ცხოვრებაა. სად ვართ? საით მივდივართ? რას ვაკეთებთ? რა გვინდა? გვაქვს პასუხები ამ შეკითხვებზე? რამდენი შარახვეტია პოლიტიკოსიცაა საქართველოში, ალბათ, იმდენივე მზა პასუხი არსებობს ამ შეკითხვებზე, მაგრამ, არა მგონია, რომ მათ ნააზრევში რამე საინტერესო ერიოს. პოლიტიკოსების გონებრივ შესაძლებლობებზე მსჯელობა სამომავლოდ გადავდოთ და შევეცადოთ, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ერთდროულად შიგნიდანაც შევხედოთ და გარედანაც.

ვითარება ქვეყნის შიგნით

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტური სისტემა კაპიტალისტური სისტემით შეიცვალა, საქართველოზე კი ამერიკელები გაბატონდნენ. ოცდაათი წელიწადის განმავლობაში ყოველ ადამიანს პირზე ეს სიტყვები აკერია: თავისუფლება; დემოკრატია; დასავლური ღირებულებები; ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა, მაგრამ ეს სიტყვები უშინაარსო, თვითმიზნური და თვალთმაქცური გამოდგა. დემოკრატია გადაიქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც დასავლეთის ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის შესანიღბავად იყენებენ”, _ აღმოხდა ზვიად გამსახურდიას, როდესაც მის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაფერები და ნალოლიავები დასავლეთის შემზარავად უსამართლო სახე ახლო მანძილიდან იხილა.

გამსახურდიას პერიოდში ე.წ. ფერადი რევოლუციის ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაგრამ ის მღვრიე ტალღა, რომელმაც გამსახურდია (1990 წ.) ხელისუფლებაში მოიყვანა, ფერადი (ამერიკული) რევოლუციის პირველი შემოჭრა იყო საქართველოში. რევოლუციისა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი დაარქვეს, სულაც არ იყო რევოლუცია, პირიქით, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შეტრიალებული პროცესი, ანუ კონტრრევოლუცია იყო. ეს გახლდათ შედეგი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საბჭოთა კავშირის დასაშლელად რესპუბლიკებში წამოწყებული ე.წ. ეროვნული მოძრაობების წახალისებისა და “თავისუფლებისკენ” (სინამდვილეში კი, დასავლეთისკენ) მათი დაუოკებელი ლტოლვისა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ამერიკელებმა ყოფილი საბჭოთა დისიდენტების უმრავლესობა უკვე ჩამოწერეს, გამსახურდიას ხელისუფლებაც დაამხეს (1992 წ.). ესეც ამერიკული რევოლუცია იყო, რაც გამსახურდიამაც დაადასტურა:

დასავლეთის მთავრობებს რომელიმე ქვეყანაში თავიანთი გავლენის ან სამხედრო დასწრების გაძლიერება როდესაც სურთ, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის მთავრობის მოსყიდვას. იმ შემთხვევებში, როდესაც წინააღმდეგობას აწყდებიან, უბრალოდ, ჩამოაგდებენ კანონიერ ხელისუფლებას. დღეს სხვა ქვეყნებისადმი ეს მტაცებლური მიდგომა საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს წევრ სახელმწიფოებში”, _ ეს არის ამონარიდი ზვიად გამსახურდიას ინტერვიუდან, რომელიც მან საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რადიოსადგურ “თავისუფლებას” მისცა. ამავე ინტერვიუში იგი ამბობს: ჩვენ არ დავუშვებდით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება სურს, რომელიც მისი ნებასურვილის უსიტყვო შემსრულებელია. ეს იყო ერთერთი მიზეზი საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებისა. დასავლეთი იბრძვის ნებისმიერი ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ. მათი მიზანია, საერთოდ გაანადგურონ ერები და შექმნან ერთიანი კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო მთავრობით”. რიგით მეორე ამ ამერიკულ რევოლუციას, რომელიც საქართველოში განხორციელდა, შევარდნაძის მმართველობა მოჰყვა. იგი გაცილებით ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე გამსახურდიას მმართველობა, მაგრამ, საბოლოოდ, ის ხელისუფლებაც ამერიკულმა რევოლუციამ (2003 წ.) იმსხვერპლა. ამ მესამე რევოლუციის შედეგად ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო მიხეილ სააკაშვილმა (“ნაციონალური მოძრაობა”). ცხრა წლის შემდეგ კი (2012 წ.), პირველად ე.წ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება თითქოს რევოლუციის გარეშე, არჩევნების გზით, ანუ კონსტიტუციურად შეიცვალა და ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი (“ქართული ოცნება”) მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა, ამ მოვლენას წინ ისეთი სახალხო მღელვარება უძღოდა, რომ ესეცფერადი რევულუციაიყო, ოღონდ მასში სხვა შინაარსი (სხვა ვერაგობა) იყო ჩაქსოვილი, რომელშიც ქართველი ხალხი ჯერაც ვერ გაერკვია. მხედველობაში მაქვს ფორმით ორპარტიული, შინაარსით კი ერთპარტიული მმართველობის დანერგვა. ეს მოდელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, მაგრამ მისი მოგონილი არ გახლავთ. ივანიშვილმა იგი აშშიდან გადმონერგა, სადაც, ასევე, ფორმით ორპარტიული, შინაარსით კი ერთპარტიული მმართველობაა. აშშ-ში მრავალი პარტია არსებობს, მაგრამ ხელისუფლებაში, როგორც წესი, ან რესპუბლიკური, ან დემოკრატიული პარტია მოდის. საქმე ისაა, რომ აშშ-ში მოქმედებს პრინციპი “მოგებულს მიაქვს ყველაფერი”. ეს გულისხმობს იმას, რომ ძლიერსა და გამარჯვებულ პარტიას (პარტიებს) არამხოლოდ მომხრეთა, არამედ მოწინააღმდეგეთა ხმებიც მიაქვს (მიაქვთ). ფრანგი სოციოლოგის, მორის დიუვერჟეს, აღმოჩენით, რომელსაც შემდგომ დიუვერჟეს კანონი უწოდეს, ასეთ შემთხვევაში მოქმედებას იწყებს ამომრჩევლის ფსიქოლოგიური განწყობა, რომლის მიხედვით იგი მოტივირებულია, ხმა მისცეს არა იმ პარტიას, რომელიც მის პოლიტიკურ თვალსაზრისს გამოხატავს და შეესაბამება, არამედ მხოლოდ იმ პარტიებს (დიდ ბიუჯეტიანებს, ძლიერებს, ორგანიზებულებს) აძლევს ხმას, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვთ, ვინაიდან ყველა საწინააღმდეგო შემთხვევაში ამომრჩევლის ხმა უკვალოდ ქრება და იკარგება. ამერიკელებმა ამ საარჩევნო მოდელის დამკვიდრებით შექმნეს ერთი (კაპიტალისტუროლიგარქიული) პარტიის ორი ფრაქცია, რომლებსაც ერთმანეთისგან სახელების გარდა არაფერი განასხვავებთ. ამერიკულ ბურჟუაზიას თავი ქუდში აქვს, ვინაიდან ამ ორიდან ნებისმიერი ფრაქციის გამარჯვების შემთხვევაში სისტემას და მის კაპიტალისტურ საფუძველს არაფერი ემუქრება. ეს ის ვითარებაა, როდესაც არჩევნები ტარდება არა პოლიტიკური, არამედ პიროვნული გამარჯვების მისაღწევად. არჩევნების პერიოდში ბობოქრობს ამომრჩეველი, ირყევა სრულიად ამერიკა, მაგრამ ჩამთავრდება პროცესი და აღმოჩნდება, რომ პერსონალიების გარდა არაფერი შეცვლილა. ეს თაღლითური სქემა (პოლიტიკურ სცენაზე ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ზემდიდარი ძალის გამოყვანა) უზრუნველყოფს პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემისა და, საბოლოო ჯამში, რეალური მმართველების უცვლელობის მყარ გარანტიას, ვინაიდან მათ სხვა პარტიები ვერ შეეჯიბრებიან, პირველ რიგში, ფინანსური შესაძლებლობებით, ამიტომ ამომრჩეველი, ხედავს რა, რომ არჩევნებში აუცილებლად ეს ორი პარტია იმარჯვებს, მორის დიუვერჟეს მიერ აღმოჩენილი ელექტორალურ-ფსიქოლოგიური კანონის შესაბამისად, საარჩევნო ხმათა უმრავლესობა სწორედ ამ ორი პარტიის ყულაბაში იყრის თავს.

ახლა ვნახოთ, რა ვითარება გვაქვს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს, პოლიტიკაში მოსვლისთანავე გააკეთა ერთი საშინელი განცხადება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე. შუა უნდა გაიკრიფოს. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის გზა. ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს”.

ამ ნათქვამმა, მართალია, საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო, მაგრამ ბოლომდე არავის გაუცნობიერებია, რა ნაღმი იყო მასში ჩადებული. ნაღმი კი ის იყო, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური ცხოვრება დასაწყისიდანვე მოკლა და ქვეყანას ერთპარტიული მმართველობა შესთავაზა. ალბათ, იკითხავთ: ერთპარტიული მმართველობა როგორ იყო, თუკი ორი პარტია ერთმანეთს დღემდე სამკვდრო სასიცოცხლოდ უპირისპირდებაო? ვისაც დაგაინტერესებთ, ყველას შეგიძლიათ, ინტერნეტში მოიძიოთ ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც 2013 წლით არის დათარიღებული. ამ წერილში ივანიშვილი შავით თეთრზე წერს: “2003 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე მათ კონსულტაციას ვუწევდი მათივე თხოვნით. ჩემი ინიციატივით ვაფინანსებდი იმ ფონდს, რომელიც ორნახევარ წელზე მეტ ხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დადგომოდა. რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდი პოლიციას პატრულის მანქანების ყიდვაში და არავითარ შემთხვევაში იარაღის შეძენაში. ვეხმარებოდი ჯარს, ვაშენებდით ყაზარმებს, ვყიდულობდით ტანსაცმელს ჯარისკაცებისთვის და იქაც მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ამ დახმარებით არ ეყიდათ იარაღი”. დავანებოთ თავი იმას, რომ ივანიშვილი მის რაღაც აკვიატებულ მარაზმს დიდ მიგნებად და უმაღლეს ზნეობად ასაღებს. ჯარს თუ ეხმარები, მისთვის იარაღის შეძენისგან რა მოტივით იკავებ თავს? ჯარს მაშინ ჰქვია ჯარი, თუკი მას შეიარაღება გააჩნია. რისი მაქნისია ყაზარმები და ტანსაცმელი ჯარისთვის, თუკი იგი შეიარაღებული არ არის?! ჯარს ან ჰქმნი, ან არა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ამას თავი დავანებოთ. ჩვენთვის ამჟამად სხვა რამეა საინტერესო. როგორც ამ წერილიდან ჩანს, ივანიშვილი (მას ეს ტელევიზიითაც ბევრჯერ განუცხადებია) სააკაშვილის ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე (პარლამენტი, მთავრობა, პოლიცია, არმია) აფინანსებდა, ანუ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ სააკაშვილის გვეგონა, სინამდვილეში ივანიშვილის ხელისუფლება იყო. სააკაშვილი კი ისეთივე მარიონეტი გახლდათ, როგორიც დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილია ან პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. ერთი სიტყვით, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის პარტია იყო, რომელიც მან, მმართველობაში ყოფნის ცხრაწლიანი პერიოდის შემდეგ, განზე გასწია და ხელისუფლებაში მოიყვანა მის მიერ დაფუძნებულ-დაფინანსებული ახალი ძალა, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ივანიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” ხელი აიღო. არც სააკაშვილთან პიროვნული კონფლიქტი იყო იმის წინაპირობა, რომ ივანიშვილი სააკაშვილზე ხელს იღებდა. ივანიშვილის მთელი პოლიტიკური ხელოვნება არის ის, რომ მასთან კონფლიქტში შესულ ადამიანებზე ხელს კი არ იღებს, არამედ სწორედ ამ კონფლიქტის რეჟიმით მართავს და აიძულებს მათ, რომ კვლავაც მის სამსახურში დარჩნენ (ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს მართავს, მხოლოდ მხარდამჭერები ხომ არ სჭირდება, ოპონენტებიც სჭირდება). იგი არავის კარგავს, მტერსაც და მოყვარესაც ფუნქციას უძებნის და მის ორბიტაზე ატრიალებს (ადამიანთა იმ კატეგორიას კი, რომლებსაც მის ორბიტაში ვერ აქცევს, იგი ყველანაირად უკეტავს გზას პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან თუნდაც ბიზნესსარბიელზე). როგორც ჩანს, ასეთია ივანიშვილის ბუნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილი პოლიტიკაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პარტიით შემოვიდა და დღემდე ამ ორი პარტიით ოპერირებს. უფრო ზუსტი კი ის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში კაპიტალისტუროლიგარქიული პარტიით შემოვიდა, რომელიც ორი ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ფრაქციით არის წარმოდგენილი _ “ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობა”. ამ ორ ფრაქციას შორის დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ეს დაპირისპირება ხელისუფლებისთვის ბრძოლით იწყება და ამითივე მთავრდება. მეტსაც გეტყვით, დღეს ბიძინა ივანიშვილი განაგებს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც თავი პარტიებად წარმოუდგენიათ, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ იმ კაპიტალისტუროლიგარქიული პარტიის ან ერთი ან მეორე ფრაქციის წვრილი შენაკადები არიან. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაგვპირდა, “შუა გაკრიფა”, ანუ ყველა ის პარტია, რომელმაც ასე თუ ისე პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენა მოისურვა, ან ერთი, ან მეორე ფრაქციის წისქვილზე მიუშვა წყლის დასასხმელად. ივანიშვილმა დანიშნა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისგან დაფარულია. ამიტომაცაა, რომ არც ერთ და არც მეორე მხარეს არავინ კითხულობს, რატომ არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, რა ნიშნით, რომელი პოლიტიკური მსოფლმხედველობით. თუკი ორივე დასავლეთს შესციცინებს თვალებში, თუკი ორივესთვის მზე ევროპიდან ამოდის და თუკი ორივე ნატოზე ოცნებაში ათენაღამებს, რატომ ჰქვიათ მათ ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები? მხოლოდ იმიტომ, რომ ორივეს ძალაუფლების წყურვილი კლავს და, პირველი თუ მისი შენარჩუნებითაა გართული, მეორე ცდილობს, რომ პირველს იგი ხელიდან გამოჰგლიჯოს? სასაცილოა, როდესაც ნაციონალების მხარდამჭერები ივანიშვილის წინააღმდეგ მთელი ხმით გაჰყვირიან და აინუნშიც არ მოსდით ის ამბავი, რომ მაგ ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილით სწორედ ივანიშვილს ემსახურებიან ზუსტად იმავე დოზით, რა დოზითაც მხარდამჭერები ემსახურებიან. ივანიშვილმა საქართველოში უნიკალური პოლიტიკური სისტემა შექმნა: აქებ _ მისი მომხრე ხარ, აძაგებ _ მისი მომხრე ხარ!

მთელი ეს პოლიტიკური მასკარადი კი იმას ემსახურება, რომ ქვეყნისა და ხალხის ბედზე მოფიქრალი, რეალური პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდეს, რომელიც ქართველ ხალხს დაახლოებით ამგვარ თეზისებს ჩამოუყალიბებს:

* ოცდაათი წელიწადია, რაც დასავლეთი სრულ სიცრუეში გვაცხოვრებს;

* ოცდაათი წელიწადია, რაც დასავლეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრობას გვპირდება, თუმცა წევრად მიღება კი არა, ის ფარატინა ქაღალდიც არ გვაღირსა, ნატოს წევრობის სამოქმედო პროგრამას რომ უწოდებენ. ეს ჩვენი დაცინვა და აბუჩად აგდებაა. ასე მწარედ იმიტომ გვატყუებენ, რომ ჩვენ წინაშე რამე სახის პასუხისმგებლობის აღება არ სურთ. თუმცა, არც ის სურთ, სხვა მიმართულებით გავიხედოთ და სხვა მოკავშირეს დავუწყოთ ძებნა;

* დასავლეთმა იმდენი ქნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვაკარგვინა. ჩვენმასტრატეგიულმა პარტნიორმაეს რეგიონები რუსეთს მიუგდო, რათა გამწარებულ ქართველ ხალხს რუსეთი ოკუპანტად და ისტორიულ მტრად გამოგვეცხადებინა და ჩვენ შორის ხიდი სამუდამოდ ჩატეხილიყო;

* დასავლეთი მუდმივად გვაყვედრის, _ ეკონომიკურად და ფინანსურად გეხმარებითო, ეს მტკნარი სიცრუეა. საქართველოს ეკონომიკა დანგრეულია, ფინანსური “დახმარების” სავალალო შედეგი კი ისაა, რომ ოც მილიარდზე მეტი საგარეო ვალი გვაქვს, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ფეხზე წამოდგომისა და წელში გამართვის საშუალებას არ მისცემს;

* დასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი. ქართველები უკვე უმცირესობაში ვართ და ეს პროცესი ისეთი საგანგაშო ტემპით ვითარდება, რომ საშიშროება ქართველობის მოშლისა სრულიად რეალურია;

* საარსებო საშუალებას მოკლებული ქართველები ტოვებენ სამშობლოს, საქართველოსკენ კი ცუნამივით დაიძრა ზომიერ კლიმატს, არაჩვეულებრივ ბუნებრივ პირობებს, ნოყიერ მიწას, ულამაზეს ზღვას, ცას, მზეს და საუკეთესო პერსპექტივას დახარბებულთა ქარავანი ჩინეთიდან, არაბეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აფრიკის კონტინენტიდანაც კი. სამშობლო თვალსა და ხელს შუა გვეცლება;

* ყველა ის უბედურება, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავს დაატყდა, დასავლეთის მიერ ჩვენს მიმართ გატარებული იმ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიხედვითაც მათ აქ სამხედრო ბაზების, ტვირთის გადასაზიდი დერეფნებისა და იაფი მუშახელის გარდა არაფერი სჭირდებათ;

* დასავლეთი საბჭოთა კავშირის დასაშლელად იმიტომ კი არ იღვწოდა, რომ შემავალი რესპუბლიკები გაეთავისუფლებინა, არამედ იმიტომ, რომ ის რესპუბლიკები საკუთარ კოლონიებად ექცია, რაც განხორციელდა კიდეც.

* საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთთან დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლა და მასთან საერთო ენის გამონახვაა.

ამის მთქმელი პოლიტიკური ძალა კი არა, ერთი კონკრეტული პიროვნებაც რომ გამოჩნდეს, ეს ქოც-ნაცური გაერთიანება მშიერი მგლების ხროვასავით დაესევა იმის შიშით, რომ მათ მიერ ამდენი ყაყანისა და ღრიანცელის, ამდენი აურზაურის ფასად მოპოვებული მდგომარეობა არ დაკარგონ, რაც ფორმით ორპარტიულ, მაგრამ შინაარსით ერთპარტიულ მმართველობაში გამოიხატება, და რაც თითოეული მათგანისთვის შეუწყვეტელი პოლიტიკური სალაფავის გარანტიაა. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით გალანძღავენ, თავ-ყბასაც დაალეწავენ, სამშობლოსაც გაწირავენ და, როდესაც გარდაუვალი გახდება, ციხეებშიც ეყრებიან, ოღონდ, ვისთვის მილიონებისა და ვისთვის მილიარდების ღირებულების პოლიტიკური სალაფავი არ მოაკლდეთ.

ასეთია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება.

ვითარება ქვეყნის გარეთ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის “ატომის შემსწავლელი მეცნიერების ბიულეტენს” აქვს საინტერესო პროექტი, რომელსაც ინგლისურად ჰქვია Doomsday Clock, რუსულად _ Часы Судного дня, ქართულად კი შეგვიძლია ვუწოდოთ განკითხვის დღის წამმზომი. პროექტი 1947 წელს დაიწყო. მას შემდეგ ჟურნალის ყდაზე პერიოდულად ჩნდება საათის ისრები, რომლებიც უჩვენებს შუაღამემდე დარჩენილ წუთებს. შუაღამე არის ბირთვული კატასტროფის სიმბოლო. შუაღამემდე დარჩენილი წუთები კი გვიჩვენებს, რა ახლოსაა კაცობრიობა იმ საშინელებასთან, რომელიც შეიძლება ბიბლიური განკითხვის დღედ წარმოვიდგინოთ. ისრის ყოველ გადაწევაზე გადაწყვეტილებას ჟურნალის დირექტორთა საბჭო იღებს, რომლის წევრთა შორის თვრამეტი ნობელის პრემიის ლაურეატია. ამ საბედისწერო საათის ისრებს თუ ვერწმუნებით, დღევანდელი მდგომარეობით, შუაღამემდე ასი წამი რჩება.

ზუსტად ვერავინ იტყვის, რეალური დროის რა მონაკვეთს ნიშნავს ასი სიმბოლური წამი, რომელიც კატასტროფამდე რჩება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1947 წლიდან დღემდე ეს ყველაზე საგანგაშო სიმბოლური მიახლოებაა ქვეყნიერების აღსასრულთან, იგი კარგს არაფერს მოასწავებს.

ურთულესი ვითარებაა. ბევრი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებაა. სინამდვილეში კი უკრაინა არაფერ შუაშია. პრობლემა მსოფლიოს წინააღმდეგ ამხედრებული ის ერთი სახელმწიფოა, რომელიც აშშის სახელითაა ცნობილი. უკრაინა, რომელიც რისკს საკუთარი არსებობით ეწევა, შესაძლებელია, ამერიკისა და რუსეთის საომარი ბატალიების თეატრად იქცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკელებმა ორჯერ (2004 . და 2014 .) მოაწყვესფერადი რევოლუცია”.

“ფერადი რევოლუციების” შედეგად მოსული მარიონეტი მთავრობის ხელში აღმოჩენილი უკრაინელი ხალხი აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის უზნეო პოლიტიკის მსხვერპლია. ამდენად, უკრაინა ნათელი მაგალითიცაა იმისა, რა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ იმ სახელმწიფოში, რომელიც ამერიკელთა ხელში რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების ინსტრუმენტად იქცევა. ეს, რაც შეეხება უკრაინას.

რაც შეეხება საერთო ვითარებას, იგი კარგად აისახება თუნდაც იმ ფაქტში, რომ, ნაცვლად დაძაბულობის შერბილებისა, დასავლეთის ქვეყნები, აშშის პარალელურად და მისი მიბაძვით, უკვე რამდენიმე დღეა, გამალებული აწვდიან შეიარაღებას უკრაინის მთავრობას. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი _ აი არასრული ჩამონათვალი სახელმწიფოებისა, რომლებიც თავიანთ დასაკლავ დანას საკუთარი ხელით იმზადებენ. მსოფლიოს ახსოვს მასობრივი ევროპული შიზოფრენიის ეპოქები, მაგრამ იმის წარმოდგენა, რაც დღეს ხდება, მაინც ძნელი იყო. ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ამ სიგიჟეში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, გერმანიაა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ევროპაში საზოგადოებრივი ცნობიერების გათიშვისა და გონების მასობრივი დაბნელების წარმოუდგენელი პროცესი იწყება. როგორც ჩანს, აშშში უფრო მოეგებიან გონს, ვიდრე ევროპაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ის მაინც თქვა, რომ უკრაინის (იგულისხმება საქართველოც და მოლდოვაც) ახლო მომავალში ნატოში მიღების საკითხი არ დგას. ეს გონივრული მიდგომაა, რომელმაც შეიძლება სიტუაცია განმუხტოს, რადგან რუსეთი აშშ-ისგან სწორედ ამას მოითხოვს.

განკითხის დღის წამმზომის ისარი ჯერჯერობით ისევ წინ მიიწევს.

P.S. საქმე ისე მიდის, რომ პატარა სახელმწიფოების ბედს ამჯერადაც ზესახელმწიფოები გადაწყვეტენ. შექმნილ ვითარებაში საკითხისადმი ეს სრულიად არადემოკრატიული და უსამართლო მიდგომა, ალბათ, ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, შედარებით სუსტი მოთამაშეები (ევროპის სახელმწიფოები, უკრაინა, საქართველო და სხვ.) ჭკუის ნიშანწყალსა და მისხალ ზნეობასაც ვერ ავლენენ. გაივლის დრო, კაცობრიობა თუ ამ განსაცდელსაც ისევე გადაიტანს, როგორც მრავალი სხვა გადაუტანია და გადარჩება, ამ საკითხზე საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს დიპლომატიის სახელმძღვანელოებში, ალბათ, იმის ნიმუშად შეიტანენ, როგორი არ შეიძლება იყოს რიტორიკა და როგორ არ შეიძლება დაეცეს პასუხისმგებლობის დონე საერთოდ, განსაკუთრებით კი _ საერთაშორისო დაძაბულობის ვითარებაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here