Home რუბრიკები სპორტი შტეფი გრაფის საჩოგბურთო რეკორდები

შტეფი გრაფის საჩოგბურთო რეკორდები

2254
შტეფი გრაფი

შტეფი გრაფი (სრული სახელი _ შტეფანი მარი გრაფი) დაიბადა 1969 წლის 14 ივნისს გერმანიის ქალაქ მანჰეიმში. ჩოგანი ხელში პირველად 3 წლისამ აიღო. მისი მამა პატარა საჩოგბურთო კლუბის ხელმძღვანელი იყო და გოგონამ სწორედ მისგან შეისწავლა ჩოგბურთის ანბანი. პეტერ გრაფმა, როდესაც თავის პატარა გოგონაში ჩოგბურთის ნიჭი დაინახა, საქმე გაყიდა და შვილის სწავლებაზე გადაერთო. მან შტეფის პროფესიონალი მწვრთნელი პავლე სლოჟილი დაუქირავა, აგრეთვე, ფიტნესის ინსტრუქტორი. ჩოგბურთის გარდა, მამა აიძულებდა შტეფის, დაკავებულიყო კალათბურთით. გოგონამ სკოლაში სწავლა მიატოვა (დაუსწრებლად ემზადებოდა) და თავი მთლიანად ჩოგბურთს მიუძღვნა.

შტეფი გრაფის სვლა საჩოგბურთო ოლიმპისკენ მაშინ დაიწყო, როცა ის 12 წლის იყო და გაიმარჯვა ტურნირში “ნარინჯისფერი თასი”. ოთხი წლის შემდეგ კი აშშ-ის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში 16 წლის ჩოგბურთელმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დაამარცხა იმხანად ქალთა შორის #1 ჩოგბურთელი, ლეგენდარული მარტინა ნავრატილოვა, წარმოშობით ჩეხი ამერიკელი ჩოგბურთელი, მაგრამ ფინალში დამარცხდა კრის ევერტთან.

სამაგიეროდ, 1987 წელს, როცა 18 წლის იყო, შტეფიმ მაინც მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. იმავე წლის ივნისში გაიმარჯვა საფრანგეთის ღია ჩემპიონატში. ფინალში ითამაშა უიმბლდონის ტურნირში, მაგრამ დამარცხდა იმავე მარტინა ნავრატილოვასთან, რომელმაც პრესტიჟული შეჯიბრება ზედიზედ მეექვსედ მოიგო, საერთო ჯამში კი _ მერვედ.

შტეფი გრაფი

შტეფი გრაფი

შემდეგ დადგა შტეფისთვის ყველაზე წარმატებული წელი _ 1988. იანვარში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ივნისში საფრანგეთის ღია ჩემპიონატი, ივლისში კი უიმბლდონის ტურნირი, რომლის ფინალშიც მარტინა ნავრატილოვა დაამარცხა. “დიდი მუზარადის” (ეს პრესტიჟული პრიზი გადაეცემა ოთხ ტურნირში ზედიზედ გამარჯვებულს, ეს ტურნირებია: ავსტრალიის ღია პირველობა; საფრანგეთის ღია ჩემპიონატი (როლან გაროსი), უიმბლდონი; აშშ-ის ღია ჩემპიონატი) მოსაპოვებლად და მარიონ კონოლისა და მარგარეტ სმიტკორტის მიღწევის გასამეორებლად შტეფი გრაფს აშშ-ის ღია ჩემპიონატის მოგება სჭირდებოდა და ეს მან გააკეთა.

ამის შემდეგ ის სეულის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. მანამდე “დიდი მუზარადის” არც ერთ გამარჯვებულს არ მოუგია ოლიმპიური ტურნირი, გრაფმა კი ეს შეძლო. ასე გახდა ის ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

1989 წლიდან დაიწყო დიდი დაპირისპირება: შტეფი გრაფი _ მონიკა სელეში. მიუხედავად იმისა, რომ მათი პირადი შეხვედრების ანგარიში იყო 10:6 გრაფის სასარგებლოდ, 1991 წელს მონიკამ შეძლო, მსოფლიოს #1 ჩოგბურთელის ტიტული მოეპოვებინა, თუმცა მოგვიანებით შტეფიმ მაინც დაიბრუნა სარეიტინგო სიის ლიდერის პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ გრაფმა კარიერაში 22-ჯერ გაიმარჯვა “დიდი მუზარადის” ტურნირებში ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში. 107-ჯერ კი მოიგო WTA-ს ტურნირები ერთეულთა თანრიგში.

სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც არის ჩოგბურთი, ძნელია რეკორდებზე საუბარი. მიუხედავად ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია შტეფი გრაფის რამდენიმე უნიკალური მიღწევა.

* 1991 წლისთვის შტეფი გრაფი ზედიზედ 196 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს #1 ჩოგანი. 1997 წელს კი რეკორდი 377 კვირამდე აიყვანა. ჩოგბურთში ასეთი შედეგი არ ჰქონდა არც ქალს და არც მამაკაცს.

* 1995-1996 წლებში შტეფიდიდი მუზარადის” 6 ტურნირში მონაწილეობდა და ყველაში გაიმარჯვა.

* შტეფი გრაფს ყველა მეტოქესთან შეხვედრებში დადებითი შედეგი აქვს. ერთადერთი ნავრატილოვაა, რომელთანაც ანგარიში არის 9:9.

* შტეფი გრაფი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც გადაეცა ოქროსდიდი მუზარადიტრადიციულ 4 დიდ ტურნირში გამარჯვებისა და ოლიმპიური თამაშების მოგებისთვის.

* გრაფი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც, სულ ცოტა, 4-ჯერ მოიგოდიდი მუზარადისთითოეული ტურნირი.

* 10 წლის განმავლობაში (1987-1997) გრაფი სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზე დაბლა არ ჩამოსულა.

ანდრე აგასი და შტეფი გრაფი
ანდრე აგასი და შტეფი გრაფი

პირადი ცხოვრება

1992-1999 წლებში შტეფი გერმანელ ავტომრბოლ მიხაელ ბარტლსს ხვდებოდა, მაგრამ შემდეგ დაუახლოვდა ცნობილ ამერიკელ ჩოგბურთელ ანდრე აგასის. ისინი 2001 წელს დაქორწინდნენ და ახლა ვარსკვლავურ წყვილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი _ ჯილი და გოგონა _ ელი. ბედნიერი წყვილი 23 მლნ დოლარის ღირებულების სახლში ცხოვრობს სან ფრანცისკოში.

შტეფი გრაფის მიღწევები

* 4-ჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა _ 1988, 1989, 1990, 1994 წლები;

* 6-ჯერ გაიმარჯვა საფრანგეთის ღია პირველობაში _ 1987, 1988, 1993, 1995, 1996, 1999 წლებში;

* 7-ჯერ მოიგო უიმბლდონის ტურნირი _ 1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1995, 1996 წლებში;

* 5-ჯერ მოიგო აშშის ღია პირველობა _ 1988, 1989, 1993, 1995, 1996 წლებში;

* ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1988 .

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here