Home რუბრიკები საზოგადოება “შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა” ნამდვილად აკლია მათ, ვინც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ძაგებით...

“შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა” ნამდვილად აკლია მათ, ვინც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ძაგებით ენას იფხანს

467
ილია ჭავჭავაძე

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დღეს პოლემიკის საგანია. ვინც ჩრდილოელ მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ემხრობა _ რუსოფილი და ერის მოღალატეა; ვისაც რუსეთი მოსისხლე მტრად მიაჩნია _ მამულიშვილი და ერის გულშემატკივარი. ამ შემთხვევაში ილიას დავესესხები და მის სიტყვებს გავიმეორებ: “ამაზედ არის ნათქვამი: გავიქცევი _ ქარიანი მქვიან და დავდგები _ ლაჯიანიო. მოდი და ენდე ამ წუთისოფელსაის საგანი, რაზედაც ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შინაური საქმეა, ბატონებო, მერე ასეთი, რომ მაგ საქმეზედ არის დამოკიდებული იმისი პასუხი, რასაც ჰამლეტი თავისთავსა ჰკითხავდა: ყოფნა თუ არყოფნაო”.…

ილიას დამოკიდებულება რუსეთისადმი, მისი შეხედულებები რუსეთის იმპერიაში შემავალი ერების, მათ შორის ქართველების, ცხოვრების პრობლემებზე მის არაერთ პუბლიცისტურ წერილშია გამოხატული. ამ წერილებში საყურადღებო არა მხოლოდ ის არის, რომ ერის მამა პირუთვნელია, არამედ ისიც, რომ დიდი მამულიშვილი არგუმენტების მოშველიებით ასაბუთებს ყველა თავის მოსაზრებას და არავითარ შემთხვევაში ლანძღვაგინებითა და შეურაცხყოფით არ ცდილობს საკუთარი ემოციების გამოხატვას. ასეთ საქმეში აუცილებელიაშორმხედველობა დამჯდარის ჭკუისაო”, რომელიც ნამდვილად აკლია მათ, ვინც დღეს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ძაგებით მხოლოდ ენას იფხანს. ფხანაზე კი მოგეხსენებათ ილიას აზრი _ ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ თავსა და ფხანაც საჭირო აღარ იქნებაო.

ახლაც და უწინაც რუსულქართულ ურთიერთობებს ყველაზე მეტად ავნესთავის ქეიფზედ მოარულმა მოხელეებმა”, რადგანორგულობას შვრებოდნენ და ერთგულობად კი მიაჩნდათ და იმათი კადნიერება იქამდის მიდიოდა, რომ მთავრობას მუნათსაცა სდებდნენ. მათის მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსეთის სახელი შეაძულეს მათ, ვის საერთო სიყვარულზედაც უნდა აგებულიყო სახელმწიფოს ძალღონე, კეთილდღეობა და წარმატებაო”. ილია დარწმუნებული იყო, რომ ის დროც დადგებოდა, როცა ეს უმეცარი და ძალადმაცხონე მოხელეებიც კი დაინახავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცალკეული ერების ინტერესების გათვალისწინება; დაინახავდნენ და მიხვდებოდნენ, რომსახელმწიფო ერთობას არ უშლის არც რჯულის და არც ერის სხვადასხვაობა”. თუმცა იმხანად მცირე ერების ინტერესების დამცველადრუსეთის დაწინაურებული საზოგადოებაცგამოდიოდა, რომელიც, როგორც ილია ამბობს, “თავისის მწერლების და მოღვაწეების შემწეობით წინ უყენებს მთავრობასა განაჩენის დასადგენად ეროვნობის სასარგებლოდ”.

ჩვენც თითონ არ ვიცით, ვისთვის და რისთვის ვლაპარაკობთ, როდესაც ყველაფერი ოთხ კედელ შუა თავდება ჩვენშიო”, _ აღნიშნავდა ერის მამა. დღეს კი ესოთხი კედელი” “ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდა დასავლელიმეგობრებიარიან, რადგან, რაც და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, გადაწყვეტილებას ჩვენ ნაცვლად მაინც ისინი მიიღებენ და გვაიძულებენ, შევასრულოთ _ “ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო”. სწორედ ამის გამოა, რომ ვერა და ვერგავრისკეთმოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა და სიძლიერე.

მოვუსმინოთ დიდ ილიას:

რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე, რომ თავიანთ მამა-პაპეულ მიწა-წყალზედ შეჯგუფებულნი არიან და არა შიგა-და-შიგ გაფანტულნი. ამიტომაც ერთს უდიდესს საპოლიტიკო საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვადასხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე _ როგორ უნდა მოთავსდნენ სახელმწიფოსთან.

დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო ყველა თვალახილულ კაცისათვის, რომ დღესა თუ ხვალე ეს ფრიად რთული და მძიმე საგანი მთელის თავისის სიგრძით და სიგანით წინ აეყუდებოდა რუსეთს და მის გადაუწყვეტლად მისი წინსვლა შეფერხდებოდა. ყველას უნდა წინასწარ სცოდნოდა, რომ დღესა თუ ხვალე ეს საგანი თავისას მოითხოვდა; რომ დღესა თუ ხვალე რუსეთი იძულებულ შეიქმნებოდა, დაენიშნა სამზღვარი სახელმწიფო მოქმედებისა საზოგადოდ და ეროვნობისა ცალკედ და ერთისა და მეორის მოედანი ცალცალკე შემოეფარგლა. ამას მოითხოვდა არამც თუ მარტო ისტორიული მდინარეობა სამართლიანის აზრისა, არამც თუ მარტო შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა, არამედ თითონ სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესიცა. თუ რამ სამდურავი, გულის ტკენის ხმა, ჩივილი ისმოდა აწმყო მდგომარეობის შესახებ ამ ვრცელის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, ამისი მიზეზი მარტო ის იყო, რომ მთელი მოედანი საზოგადოების ცხოვრებისა მარტო სახელმწიფოს ეჭირა, და ეროვნობა, რომელსაც თავის განსაკუთრებულს ცხოვრებაში თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი, გულხელდაკრეფილი იყო და ხმაამოუღებლივ სხვის მაყურებელი.

რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეისაქამომდე აქვს გამორკვეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, _ თუ სად თავდება უფლება ეროვნობისა და სად იწყება სახელმწიფოსი. მოხელეობა, რომელიც ხშირად მოკლებულია არამც თუ საზოგადო დედააზრებს, არამედ უმეცარია იმისიც, რაც ხშირად ფიქრად, თუ საგნად აქვს უმაღლესს მთავრობასა, _ ამ უდიდესს საგანს ისე ექცეოდა, როგორც მისი ქეიფი იყო. ეგონა, რომ ეროვნობის დევნა და ჩაგვრა თავი და ბოლოა სახელმწიფოდ მომქმედის კაცისა, საჭიროა სახელმწიფოს წარმატებისათვის და თითონ უმაღლესი მთავრობაც ამისი მსურველი და მცდელია. ამ მხრით არავის ისეთი ვნება არ მოუტანია რუსეთისათვის, როგორც თავის ქეიფზედ მოარულთ მოხელეებსა: ორგულობას შვრებოდნენ და ერთგულობად კი მიაჩნდათ და იმათი კადნიერება იქამდის მიდიოდა, რომ მთავრობას მუნათსაცა სდებდნენ. მათის მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსეთის სახელი შეაძულეს მათ, ვის საერთო სიყვარულზედაც უნდა აგებულიყო სახელმწიფოს ძალღონე, კეთილდღეობა და წარმატება.

რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნობისა, მისი გული და სული ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელსამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო. უგუნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია _ დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად. მოვა დრო, როცა უმეცარნი და ძალადმაცხონე მოხელეებიც კი დაინახვენ, რომ ჩეხს შეუძლიან თავისი სკოლა, თავისი შინაური საქმეები თავისას დედა-ენის შემწეობით მოაწყოს და ავსტრიის იმპერიის ერთობა ამითი არამც თუ შეირყეს, უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს. რომ ეს აზრი თანდათან ფეხს იდგამს და ფრთასა ჰშლის თითონ რუსეთშიაც, ამას გვიმტკიცებს თითონ რუსეთის ლიტერატურაცა. პირველი მესვეური ამ საქმეში იყო და არის რუსული, ყველაზედ უფრო ჭკუადამჯდარი ჟურნალი “Вестник Европы”, რომელმაც ეროვნობის დევნის წინააღმდეგ საფუძვლიანად ხმა ამოიღო. სხვათა წერილთა შორის დავასახელებთ ერთს საბუთიანს წერილს, რომელსაც სათაურად ჰქონდა: “Восточная политика и обрусение”. თუმცა ამ წერილში არ არის განსაზღვრული ეროვნობის და სახელმწიფოს სამოქმედო მოედანი, თუმცა არ არის ნაჩვენები _ სად უნდა დაიდვას ამ ორთა შუა მიჯნა, მაგრამ აღიარებულია, რომ ეროვნობის უფლებას სახელმწიფოში თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, თავისი ცალკე მოედანი უნდა ეჭიროს. მას შემდეგ რუსულს ლიტერატურაში კანტი-კუნტადღა ისმოდა ხმა იმავე საგანზედ, მაგრამ ერთხელ ასე თუ ისე გაღვიძებული მართალი აზრი უნაყოფოდ არ ჩაუვლის ხოლმე ადამიანს. ამ აზრმა იარა, იარა და ამჟამად იმოდენად მომწიფდა, რომ თითქმის ყველა დაწინაურებულმა ჟურნალ-გაზეთობამ რუსეთისამ ამ აზრს მიაქცია თავისი განათლებული ყურადღება. “Молва”, “Порядок”, “Голос”, “Вестник Европы”, “Слово” და თითონ ყველაფერში უკან-ჩამორჩომილი “Петербурские Ведемости ”-ც კი ამ საგანზედ ბჭობენ და ლაპარაკობენ, და მათ შორის ერთიც არ არის, რომ არ ჰქადაგობდეს ეროვნობის უფლების აღდგენასა სახელმწიფოში, როგორც ენის შესახებ, ისეც შესახებ შინაურის საქმეების გამგეობისა. არამც თუ მარტო ლიტერატურაში, არამედ ლიტერატურის გარეთაც, საზოგადოებაში ისმის ეგევე ხმა და ვრცელდება ეგევე აზრი რუსეთის უკეთესთა წარმომადგენელთა მეოხებით. ბ-ნ სპასოვიჩის სიტყვას, თქმულს ამ საგანზედ იურიდიულ საზოგადოებაში 2-ს თებერვალს, ასეთი ზემოქმედება მოუხდენია მსმენელებზედ, რომ ტაშის-კვრას ბოლო არა ჰქონია ცხადი ნიშანია, რომ თითონ რუსეთის საზოგადოებასაც შეუთვისებია ეს მოხელეებისაგან დევნული აზრი. სპასოვიჩს უთქვამს, რომ საჭიროა, სამართალი იმ ენაზედ სწარმოებდეს, რომელზედაც თითონ ერი ლაპარაკობსო. ეროვნობა, როგორც თვით სარწმუნოებაცა პირადი გრძნობააო. სახელმწიფოს საქმე ამ შემთხვევაში მარტო ის არის, რომ სხვადასხვა ენებმა ერთმანეთის დაუშლელად იმოქმედონო. უფრო ადვილია, ორიოდე მოხელემ შეისწავლოს ერის ენაო, ვიდრე მთელმა ერმა დაივიწყოს თავისი დედაენა და უცხო ენა ისწავლოსო.

“შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა” ნამდვილად აკლია მათ, ვინც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ძაგებით ენას იფხანს

 

“თქვენი ხელმწიფება, _ უთქვამს სპასოვიჩს, _ დაამკვიდრეთ თქვენის კულტურითა და კეთილის გამგეობითა, და მაშინ ხელმწიფებას თქვენის ენისას წინ არა დაუდგება რაო. რომაელთა სამართალმა და ნაპოლეონის კოდექსმა ისე დაიპყრა ერნი, რომ მათთვის პირიდამ ენა არ ამოუგლეჯნიაო”.

რუსეთის ლიტერატურის და საზოგადოების უკეთესნი წევრნი აღტაცებით და დიდის ქებით მიეგებნენ ამ სიტყვას, რომელიც ჩვენ ესე მოკლედ მოვიყვანეთ. ამ სახით, ეროვნობის საქმე რუსეთში ეხლა იმ მორიგ საგნად გახდა, რომელსაც რუსეთის დაწინაურებული საზოგადოება, თავისის მწერლების და მოღვაწეების შემწეობით, წინ უყენებს მთავრობასა განაჩენის დასადგენად ეროვნობის სასარგებლოდ. თუმცა ჯერ მარტო ენის თაობაზედ არის ლაპარაკი და სხვა მხარეს ეროვნობის საქმისას ბეჯითად არ წასჭიდებიან, მაგრამ ენის შესახებაც ვხედავთ, რომ რუსეთის აზრმა ეროვნობის საქმეში ერთის ბიჯით კიდევ წინ წადგა ფეხი. წინათ ენის უფლების აღდგენას მარტო სკოლის საქმეში თხოულობდნენ, და ეხლა ეგ აზრი იმოდენად განვითარდა და გაივსო, რომ ერის შინაურ საქმეთა წარმოებასა და გამგეობაშიაც ითხოვენ. აქ საკვირველი ის კი არ არის, რომ ეროვნობის საქმემ ეგრე სამართლიანად ფეხი მოიკიდა და მომხრეობა მისი გავრცელდა რუსეთის დაწინაურებულ საზოგადოებაში. ეს დღესა თუ ხვალ განათლებას უსათუოდ უნდა მოეხდინა. ამისათვის მარტო ხანი და დრო იყო საჭირო, რომ ჭკუაგონება გაზრდილიყო, ასაკში შესულიყო. ჩვენ მარტო ის გვიკვირს, რომ იგი წრე რუსეთის საზოგადოებისა, რომელსაც სწავლაგანათლების მიმდინარეობაში განათლების ლამპარი და წინამძღვარობა ხელთ უპყრია, სწორედ ის წრე ყველაზედ მეტად და ხანგრძლივ ეურჩებოდა და დღესაც ეურჩება მას, რაც განათლებას ეგრე აუცილებლად დღესა თუ ხვალ უნდა ზედ მოჰყოლოდა. ეს ისე ცხადად და თვალსაჩინოდ არსად არ აღმოჩენილა, როგორც რუსეთის იმპერიის განაპირებულ ადგილებში, საცა ენის თაობაზედ სკოლის საქმეში წაჯექუკუჯექის თამაშობა გამართეს სწავლაგანათლების მოხელეებმა. დიდხანს ითამაშებენ კიდევ ამისთანა სასაცილოს თამაშს თუ არა, ეგ ჯერ ღმერთმა იცის. აქ უნდა შევწყვიტოთ ჩვენის ნებითვე სიტყვა, თორემ სხვანი შეგვაწყვეტინებენ.

ახლა იქნება მკითხველმა მკითხოს: ან ეგ რაცა სთქვი, რათა სთქვიო. რათა ვსთქვი!.. პირველი, იმიტომ _ რომ ენა ცოტად მექავებოდა; მეორე იმიტომ _ რომ… მეორეს-კი, უკაცრავად, ვერ მოგახსენებთ, და იცით რა მიზეზით? იმ მიზეზით, რომ ჩვენც თითონ არ ვიცით, ვისთვის და რისთვის ვლაპარაკობთ, როდესაც ყველაფერი ოთხ კედელ შუა თავდება ჩვენში. ამას კი ვიტყვით, _ ამ წერილს თირკმელები განგებ ამოვაცალეთ და შუა წელი გამოვსჭერით, რომ თავსა და ბოლოს მაინც ნება ჰქონოდა ქვეყანაში გამოსვლისა. საკვირველი დროა ეს ჩვენი დრო, იტყვი რასმე, მაშინვე პირში მოგვარდებიან, _ რათ ამბობო, და არ იტყვი კიდევ, გიკიჟინებენ _ რატომ არას ამბობო.

აი ამაზედ არის ნათქვამი: გავიქცევი _ ქარიანი მქვიან და დავდგები _ ლაჯიანიო. მოდი და ენდე ამ წუთისოფელსა. ნუთუ იმაზედაც ბოდიშის მოხდას მომთხოვთ, რომშინაურ მიმოხილვასდაგპირდით და ლაპარაკი კი გარეულზედ გაგიბით. მაგრამ, თუ ის საგანი, რაზედაც ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შინაურ საქმედ არ მიაჩნია მკითხველს, მაშინ, მგონია, ბოდიში თითონ მკითხველმა უნდა მოიხადოს ჩვენის ქვეყნის წინაშე და წინათვე გულდადებით დაჯერებული იყოს, რომ თავს ვერასგზით ვერ იპატიებს. შინაური საქმეა, ბატონებო, მერე ასეთი, რომ მაგ საქმეზედ არის დამოკიდებული იმისი პასუხი, რასაც ჰამლეტი თავისთავსა ჰკითხავდა: ყოფნა თუ არყოფნაო.

თუმცა შორი-შორს სიტყვა კია, მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა მოგახსენოთ. ბატონმა იანოვსკიმ, რომელიც სწავლა-განათლების წინამძღვარია ჩვენს ქვეყანაში, ხომ მოგეხსენებათ, თავისი დედააზრი გამოაცხადა საერო სკოლების შესახებ და აღძრა სწავლების ენის თაობაზედ ბაასი, თუმცა კი აქ საბაასო არა იყო-რა. მეცნიერებას ეგ საქმე დიდი ხანია გაურჩევია და თავისი უტყუარი განაჩენი დაუდგენია. ეხლა ჩვენ ხელთა გვაქვს ერთი პატარა დაბეჭდილი წერილი. ღირს-საცნობი წერილია, ჯერ იმითი, რომ დამტკიცებულია, და მეორე იმითი, რომ დღეის ამას იქით საერო სკოლის საქმემ იმ გზაზედ უნდა იაროს, რაც იმ წერილშია ნაჩვენები და აღნიშნული.

ბატონი იანოვსკი ამ წერილში ბრძანებს, რომ გამოცდილებამ დაგვანახვაო, რომ ბავშები სამსა და ოთხს წელიწადში ძლივს სწავლობენ კითხვას, წერას, ოთხს პირველს მოქმედებას არითმეტიკისას, მეკლე კატეხიზმოს და საღვთო წერილსა, ამიტომაც ჩვენში რუსულის ენის სწავლებას სადღა მოასწრებენო, იტყვით თქვენ. რა ვუყოთ, რომ იტყვით? თქმა ყველაფრისა შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, თქმულში ლოღიკაც იყოს, და ამაზედ ვინა ბრძანდება უკაცრავად, თქვენა თუ ჩვენა, არ ვიცით. ეს კი ვიცით, ჩვენს საეროს სკოლას, გარდა იმისა _ რაც მისი პირდაპირი საქმეა, ერთი ტვირთი კიდევ მოუმატეს. განა არ იცით, რომ ვინც ერთს ფუთს ძლივსა ჰზიდავს, იმას მეორე ფუთიც რომ ზედ დაადოთ, უფრო სუბუქად ივლის. ზემოთქმულს წერილში ერთი ყურადღების ღირსი აზრიც არის გაყვანილი ბ-ნ იანოვსკის სახელითა, სახელდობრ ისა, რომ საეროს სკოლის მესამე განყოფილებაში სწავლება უფრო უმეტესად რუსულს ენაზედ უნდა მიდიოდესო. ეს უბრძანებია ბ-ნს იანოვსკის 12 დეკემბერს; “попечителъский”-ს, რასაკვირველია, მიუღია და 22-ს დეკემბერს თითონ ბ-ნს იანოვსკის წარუდგენია და მთავრობისაგან დამტკიცებულა.

იგივე ბ-ნი იანოვსკი 28 დეკემბერს გაზეთს “Кавказ”-ში, #348, ამბობს: “ყოველს კეთილად განწყობილს პირველდაწყებითს სკოლაში სწავლება უნდა მიდიოდეს უფრო უმეტესად დედა-ენაზედაო”. ამას ამბობს საზოგადოდ და მესამე განყოფილების შესახებ არა სცვლის ამ თქმულსა, მხოლოდ უმატებს, რომ რუსულად წაკითხული სტატიები დედა-ენაზედაც უნდა ითარგმნებოდეს ამ განყოფილებაშიო, და საგნები და სტატიები _ შესწავლული დედა-ენაზედო _ რუსულადაც უნდა ითქვასო. აქედამ ის გამოდის, რომ 12 და 22-ს დეკემბერს უპირატესობა საერო სკოლის სწავლებაში, მესამე განყოფილებაში მაინც, რუსულ ენას დარჩენია და 28-ს დეკემბერს კი _ დედა-ენასა. რომელი ერთი ვიწამოთ? რასაკვირველია, 12 და 22 დეკემბრის განჩინება, რადგანაც იგი თქმულიც არის და უკვე ქმნულიცა; და 28-ს დეკემბრისა კი _ მარტო თქმულია და “Кавказ”-ის #348-ში დარჩება სახსოვრად იმისა, რომ ზოგჯერ ქმნა ერთია და თქმა მეორე

ასე, ჩემო მანასეო,

ხან ისე და ხან ასეო.

შინაური მიმოხილვა

1881 წელი, მარტი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here