მთავარი სამართალი შოვინიზმის ერთი გამოკრთომა ქართულ სამართალწარმოებაში

შოვინიზმის ერთი გამოკრთომა ქართულ სამართალწარმოებაში

1290
გააზიარეთ
სასამართლო

დანაშაულის ნიშნების შემცველი ეს ამბავი ორჯერ ორივით მარტივია. ყალთაბანდობაა ჩვეულებრივი, მაგრამ რეაქცია, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, ანომალურია ისეთი ტრადიციულად ტოლერანტული ქვეყნისთვის, როგორიც იყო და არის საქართველო. ჯერ ფაქტის შესახებ.

დედა-შვილი ზაირა დოგუზოვა და სერგეი ბიკოევი 1988 წლამდე თბილისში ცხოვრობდნენ და ფლობდნენ უძრავ ქონებას _ სახლს, ჯავის III შესახვევის #4-ში, რომლის მესაკუთრე 2009 წლის 19 ივლისამდე (გარდაცვალებამდე) იყო ქალბატონ ზაირას ქმარი, სერგეის მამა შალვა ბიკოევი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები გახდნენ ზაირა დოგუზოვა (მეუღლე) და სერგეი ბიკოევი (შვილი).

კანონით ასეა დადგენილი.

მაგრამ მოხდა საოცარი რამ.

1988 წლიდან ოჯახის უფროსის ავადმყოფობის გამო, ექიმების რჩევით, ბიკოევები იძულებული შეიქნენ, დროებით საცხოვრებლად გადასულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ქალაქ ასტრახანში, სადაც დღემდე ცხოვრობენ კომუნისტიჩესკაიას ქუჩის #46/34-ში.

2013 წლის დასაწყისში გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. თბილისში ჩამოდის სერგეი ბიკოევი ამ საკითხზე ფორმალობების მოსაგვარებლად და აღმოაჩენს, რომ მისი და დედამისის კუთვნილი სახლი მათი აღარ არის.

გაირკვა, რომ შალვა ბიკოევის ძმისშვილმა გიორგი პაპუაშვილმა, რომელსაც ბიკოევებმა თავიანთი სახლი რუსეთში ყოფნის პერიოდში ყურადღების მისაქცევად ჩააბარეს, გაურკვეველი პირების დახმარებით დაამზადა ყალბი მოწმობა, რომლის თანახმად, შალვა ბიკოევი ვითომ 1994 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა და მის ერთადერთ მემკვიდრედ დარჩა გიორგი პაპუაშვილი. ამ “ცნობაზე” დაყრდნობით პაპუაშვილმა მიისაკუთრა ჯავის III შესახვევში მდებარე სახლი #4.

_ ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით, _ მიიჩნევს ბიკოევების ინტერესების დამცველი ადვოკატი ვლადიმერ კიკნაძე და დასძენს, _ (პაპუაშვილმა) ნოტარიუს ნინო სალაძის მეშვეობით უკანონოდ მიიღო სამკვიდრო მოწმობა #111131552, შეცდომაში შეიყვანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახური და თაღლითური გზით დაეუფლა შალვა ბიკოევისა და მისი კანონიერი მემკვიდრეების ქონებას, რითაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ასევე, გაირკვა, რომ გიორგი პაპუაშვილმა უკანონო გამდიდრებისა და უფრო მეტი სარგებლის მიღების მიზნით, სხვისი ქონების უკანონო გამოყენებით (ზაირა დოგუზოვასა და სერგეი ბიკოევის უძრავი ქონების გარანტიით), აიღო იპოთეკური სესხი მოქალაქე ომარ გოცაძისგან, რომლისთვისაც დასაბრუნებელი თანხა დღეს შეადგენს 100 000 აშშ დოლარს, ასევე, დამატებით აიღო სესხი ამავე ქონების გარანტიით სხვა პირისგან, რითაც დანაშაულებრივი გზით მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარგებელი. სამწუხაროდ, ბიკოევების ოჯახის სახლში დღესაც მათთვის უცნობი პირები ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ბიკოევების არც წინა ადვოკატმა და არც სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა 2013 წლიდან დღემდე არ მიაქციეს ყურადღება, რომ გიორგი პაპუაშვილის ქმედებაში აშკარად იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები (თუმცა ვალდებული იყვნენ) და განაგრძობდნენ აღნიშნული ქმედების განხილვას სამოქალაქო დავის ჭრილში(!)… შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ზაირა დოგუზოვასა და სერგეი ბიკოევს, მართალია, თითქოს “დაუბრუნდათ” გიორგი პაპუაშვილის მიერ თაღლითური გზით მითვისებული უძრავი ქონება და ისინი ცნეს ამ ქონების მესაკუთრეებად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ უცხო პირებთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებით თაღლითური გზით მიღებული 47 000 აშშ დოლარის (დღეს უკვე 100 000 აშშ დოლარს შეადგენს) გადახდა დაეკისრა ჩემს კლიენტებს, რაც, ფაქტობრივად, უძრავი ქონების დაკარგვას ნიშნავს. ვინაიდან ასეთი დიდი თანხის მოძიება მათ არ შეუძლიათ”. ეს არის ვრცელი ამონარიდი ადვოკატ ვლადიმერ კიკნაძის განცხადებიდან, რომლითაც მან საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა.

_ რა რეაქცია ჰქონდა პროკურატურას?

_ გაგზავნა ქვემდგომ ინსტანციაში, უფრო ზუსტად, პოლიციაში. თავიდან მოიცილა.

და აქ მოწმე გახდა მომჩივანთა ინტერესების დამცველი იმ ანომალიის, რომელიც სამართლის დადგენის გზაზე გადაულახავ წინაღობად აღიმართა მის წინაშე და რომელსაც ეწოდება შოვინიზმი, აბსოლუტურად უცხო ქართული მენტალიტეტისთვის და განსაკუთრებით დასაგმობი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მოხელეებისთვის.

მოვუსმინოთ ადვოკატს:

_ გიორგი პაპუაშვილს რომ ვკითხე, ასე უსინდისოდ რატომ მოექეცი-მეთქი შენს ალალ ბიძაშვილს, მიპასუხა: რუსეთში სამუშაოზე მოწყობას დამპირდა, არ შემისრულა და სამაგიერო გადავუხადეო.

აქედან უკვე ჩანს, რა მორალის ადამიანია.

ამიტომ არ გამკვირვებია, რომ ჩემი გაცურებაც აფერისტული დაპირებით მოინდომა: უკვე კანადაში მივდივარ სამუშაოდ და იქიდან დავფარავ ბიკოევების იმ გადასახადს, რომელიც სასამართლომ დააკისრაო. 100 ათასზე მეტ თანხაზე მელაპარაკებოდა შარშან ოქტომბერ-ნოემბერში. ქურთ ქურდებსაც ჩავრევო ამ საქმეში და რაღაც სისულელეებს ამბობდა. ბოლოს მითხრა, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა, სადაც გინდა, იქ იჩივლე, არსად არაფერი გამოგივა _ არ დაგავიწყდეს, რომ ესენი ოსები არიან, თანაც რუსეთის მოქალაქეები. ჩვენ პროკურატურაში მეგობრები გვყავს და არ აღიძვრება ეგ საქმეო.

ამ საუბარში მონაწილეობდა მისი მოყვანილი ვინმე ირაკლი

გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში ამბის გასაგებად რომ მივედი, პირველი, რაც იქაურმა თანამშრომელმა მკითხა (პროკურორი, ვისაც ჩემი საჩივარი დააწერეს, მხოლოდ ტელეფონით მელაპარაკებოდა, არ მხვდებოდა): ბიკოევები სადაური მოქალაქეები არიანო. ვუპასუხე, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ცხვირი აიბზუა, _ ეუფო! მეორე “ეუფ” გავიგონე, როცა მათი ეროვნულობის შესახებ შეკითხვაზე ვუპასუხე, ოსები არიან-მეთქი.

პრაქტიკულად იგივე გამეორდა, როცა იმავე რაიონის პოლიციის განყოფილებაში შევხვდი გამომძიებელ ნოდარ გაბელაიას, რომელსაც ჩემი მასალები დაეწერა: _ რა ეროვნების და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან? ისე მკითხა, თითქოს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამართალწარმოებისთვის.

_ ორმაგი მოქალაქეობა მაინც არ აქვთ?

პასუხი უარყოფითი რომ მიიღო, პირდაპირ მითხრა: ხომ იცი, პროკურატურას უნდა შევუთანხმოთ, დავიწყოთ თუ არა წინასწარი გამოძიებაო. არადა, კანონი ავალდებულებთ, რომ უნდა დაიწყონ გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. ნიშნებისაც კი!

მაშინ და შემდეგ არაერთხელ ვუმეორებდი მასაც და ვინმე თანამშრომელ გოგონასაც, რომელიც დამკითხავდა გაბელაიას “მოუცლელობის” დროს.

გადის გარკვეული დრო და ბატონი გაბელაია მიბარებს სასაუბროდ. დანიშნულ დროს მივედი და მეუბნება, რომ დღეს არ სცალია, რადგან რომელიღაც ოპერაციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. შევთანხმდით სხვა დღესა და საათზე. მივედი. არ არის. ორი საათის ლოდინის შემდეგ გამოდის ერთი ქალბატონი და მეუბნება, რომ დაურეკა ნოდარ გაბელაიამ და სთხოვა, გამსაუბრებოდა.

ვიცოდი, რომ ჩემი საქმე მას არ ეწერა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი.

მთელი ჩვენი გასაუბრება ამოიწურა იმით, რომ ორად ორი შეკითხვა დამისვა: რა ეროვნებისანი არიან ბიკოევები? რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან?

ამის შემდეგ ვურეკავ პროკურორს, რომელიც მეუბნება, რომ მასალები ჯერ არ მიუღია და გადამამისამართებს პოლიციასთან. პოლიციაში ვრეკავ და გაბელაია მეუბნება, რომ მასალები გაგზავნილი აქვს. სამი თვეა, გრძელდება ეს პინგ-პონგი.

აი, ასეთი შოვინისტური გამოხდომის მოწმე გავხდი ამ კონკრეტულ საქმეში სამართლიანობის დადგენის პროცესში და გადავწყვიტე, თქვენი გაზეთისთვის მომემართა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს რედაქცია ტოლერანტობის დაცვის მოწინავე ხაზზე დგას.

* * *

დასასრულ, ადვოკატმა ვლადიმერ კიკნაძემ განმიცხადა შემდეგი:

_ მართალია, დაქირავებული ადვოკატი ვარ, მაგრამ ერთი მანეთი, ლარი, დოლარი, ევრო და ტუგრიკიც კი არ ამიღია; ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, რადგან ასეთია ჩემი პრინციპი დასპორტული ინტერესი”.

რითაც გამათავისუფლა უხერხული შეკითხვის დასმისგან.

არმაზ სანებლიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here