Home რუბრიკები საზოგადოება შეხვედრები სახელოვან მწერალთან

შეხვედრები სახელოვან მწერალთან

87

ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე რაღაც განსაკუთრებული, რასაც მერე მეხსიერებიდან ვეღარ ამოშლი. ასე დამემართა მეც, როცა ჩვენი დიდი მწერალი, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი სამოცდახუთი წლის წინათ სარეცხ მანქანასთან მდგარი ვნახე, თანაც ტანშიშველი, ფეხშიშველი დაშავი ტრუსების ამარა. მაშინ მივხვდი, რომ, თურმე, დიდი პიროვნებებისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილამაგრამ, მგონი, უკეთესი იქნება, თუ თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ.

ჩვენი ოჯახი ყოფილი უცხო ენათა ინსტიტუტის წინ, ფალიაშვილის ქუჩის 50 ნომერში ცხოვრობდა. ბატონმა ჭაბუამ ცოლად შეირთო ჩვენი კარის მეზობელი, მართლაც საყოველთაოდ გამორჩეული და მომხიბლავი გარეგნობის ქალიშვილი მარინა მხეიძე. გადასახლებიდან ახალდაბრუნებული ჭაბუა, პავლე და ვერიკო მხეიძეების ოჯახში ჩაესიძა. იგი მარინას პირველი ოფიციალური ქმარი იყო. ორი შვილი შეეძინათ. ლაშა (ჩუკი) და ირაკლი შესანიშნავი ბიჭები დადგნენ. ირაკლიმ აფხაზეთის ომში ვაჟკაცურად იბრძოლა და გმირულად დაიღუპა. კარგი მამის კარგმა შვილებმა ცხოვრების გამოცდა ფრიადზე ჩააბარეს. გაოცებული ვარ ბედის უკუღმართობით “გარემოსილი” ბატონი ჭაბუას სიმტკიცით. დიდი ადამიანები სამშობლოს ტკივილს, ალბათ, სწორედ ისე პასუხობენ, როგორც მათ ეკადრებათ. ბატონმა ჭაბუამ შვილები ზოგიერთივით თვალს კი არ მოაფარა, არამედ ომში გზა თვითონვე დაულოცა… მამა იყო, მაგრამ, უპირველესად, მაინც მამულიშვილის უღელი ედგა კისერზე. ეს შვილებმაც ჩინებულად იცოდნენ. იცოდნენ, რომ ის “სისხლის კალო” მათი კაცობის გამოცდაც იყო. სახელოვანმა მწერალმა ქართველ ხალხს ზნეობრივი გმირობისა და “ჭირსა შიგან გამაგრების” საოცარი მაგალითი მისცა.

ომარ მარგველაშვილი

მარინა შესანიშნავ ოჯახში გაიზარდა, საამაყო წინაპრების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების შთამომავალს მზეთუნახავი ბებია ჰყავდა _ ფრანგი მარია არდანი, რომელსაც საოცრად ჰგავდა. ბაბუა სახელოვანი ვაჟკაცი, ნიკოლოზ მეორის გენერალი _ ნიკოლოზ მხეიძე გახლდათ. მარინა ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. ჩვენი ოჯახები ერთ სართულზე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. ბუნებრივია, ბავშვებიც ერთად ვიზრდებოდით. გაიზარდა და დამშვენდა მარინა. მისი თაობის თითქმის ყველა ახალგაზრდა ეტრფოდა, თაყვანისმცებლებიც გაუჩნდა, მაგრამ ამის თქმას ვერავინ უბედავდა, ისე ღირსეულად ეჭირა თავი. მარინას უფროსი ძმა, შესანიშნავი გარეგნობის მქონე გურამი, ზედმიწევნით განათლებული პიროვნება გახლდათ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით ფიზიკოსი, პროფესორი მთელი ცხოვრება დუბნაში მუშაობდა და იქ გარდაიცვალა. ჭაბუას გამოჩენამდე მარინაზე უზომოდ იყო შეყვარებული თავისი თანატოლებში გამორჩეული ახალგაზრდა რობიკო ჯომარჯიძე. რობიკო არაჩვეულებრივი გარეგნობის, მომხიბვლელი, განათლებული, შესანიშნავ ოჯახში კარგად აღზრდილი ახალგაზრდა იყო. გოგონების ყურადღება არ აკლდა, მაგრამ მისთვის არავინ არსებობდა მარინას გარდა. რობიკოს მამა გიორგი კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, დედა _ სუზან ბიპერი ფრანგი წარმოშობის ულამაზესი ქალბატონი გახლდათ. რობიკო ხშირად აკითხავდა მარინას შინ. ისინი თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, დასეირნობდნენ, თეატრსა და კინოში დადიოდნენ. მარინა როიალზე უკრავდა, ის კი გარინდებული უსმენდა და ულამაზეს მომავალზე ოცნებობდა. მან მარინას მშობლებს სთხოვა ქალიშვილის ხელი და თანხმობაც მიიღო, მაგრამ მარინა რატომღაც გათხოვებისგან თავს იკავებდა. ასე გრძელდებოდა საკმაო ხანს. ერთ დღესაც რობიკო მივიდა მარინას დეიდასთან, ელიკო ბაქრაძესთან ვერაზე, სადაც ის ეგულებოდა და დიდხანს ეხვეწა, ცოლად გაჰყოლოდა. მარინა სახლიდან არ გამოვიდა და სასეირნოდაც არ გაჰყვა, მოიმიზეზა, ხვალ ბაკურიანში უნდა წავიდე და ვემზადებიო… ეხვეწა ვაჟი, არ წახვიდეო, მაგრამ უშედეგოდ. იმავე საღამოს რობიკო მივიდა შინ, მამამისის იარაღი აიღო, შემდეგ სადღაც უგონოდ დათვრა, კვლავ მიბრუნდა მარინასთან და ელიკოს სახლის სადარბაზოსთან თავი მოიკლა. მთელი თბილისი შეძრა ამ საბედისწერო გასროლამ. ქალაქის იმჟამინდელი ახალგაზრდობა გოდებდა და გლოვობდა რობიკოს. მარინა ძაძებით შეიმოსა. მაგრამ რატომ მოექცა ასე რობიკოს, არავინ იცოდა. მარინა რამდენიმე წლის განმავლობაში შინიდან არ გასულა. მასთან დადიოდნენ გამომძიებლები, პროკურორები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები… ახლობლებს სამღვდელოების წარმომადგენლებიც კი მიჰყავდათ. გავიდა ხანი. მარინა ჭაბუას მეუღლე გახდა. თუმცა, მათი თანაცხოვრება არ იყო ხანგრძლივი _ მეორე ბიჭის გაჩენის შემდეგ წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს, თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო. მას შემდეგ მარინა რამდენჯერმე უიღბლოდ გათხოვდა… ის წლების განმავლობასი მუშაობდა ენციკლოპედიის გამომცემლობაში.

ჭაბუა რომ გარდაიცვალა გამოსვენების დღეს სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე შემთხვევით მე, მარინა და მისი ულამაზესი შვილი ანა გვერდიგვერდ მოვხვდით. შევხედე მის ასაკოვან, ფერმკრთალ, მაგრამ ანგელოზივით ნატიფ სახეს, მის უზადო ნაკვთებს, მერინოსის ქათქათა თეთრ თხელ შალში შებურულს, სათვალე უხდებოდაგაოცება და აღტაცება ვერ მოვთოკე, ვაკოცე, მივუსამძიმრე. იდგა მაღალი, თხელი, ოდნავ მხრებში მოხრილი, ცრემლიანი თვალებითმგონი, ჭაბუასთან ერთად რობიკოსაც დასტიროდა და ეთხოვებოდა. მან ხომ რობიკო უკანასკნელ გზაზე ვერც კი გააცილა

ერთხელაც ვკითხე: _ მარინა, რატომ უთხარი რობიკოს უარი ცოლობაზე? შემომხედა, გამიღიმა, თვალები სევდით აევსო, ნაღვლიანად ამოიოხრა:

_ ომარ, არ ვიცი, რა გიპასუხო, ეს კითხვა მთელი ცხოვრება თან მდევს, მაწვალებს და მტანჯავს… სულელი ვიყავი, ჭკუა არ მქონდა, ჩემო კარგო…

მარინაც წავიდა. წავიდა და წაიღო თავისი ტანჯული სული და ცხოვრება…

* * *

ერთხელ საღამოს სამსახურის შემდეგ მშობლებთან ფალიაშვილზე შევიარე, მოვიკითხე, მოვეფერე ჩემებს.

_ ომარ, გუშინ საინტერესო რამ მოხდა, _სიცილით დაიწყო დედამ მოყოლა, სამზარეულოში ვფუსფუსებ და შემომესმა ბავშვის განწირული ტირილი, სასწრაფოდ გავედი სადარბაზოში და რას ვხედავ: საფეხურზე ზის მარინა მხეიძის ოთხი წლის გოგონა, მოთქმით ტირის, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის ლოყებზე, თან რაღაცას ბუტბუტებს.

მივედი, მოვეფერე, ვეკითხები:

_ რატომ ტირი, ანი, შვილო? ვინ გაწყენინა?

_დედამ. _ და განაგრძო ხმამაღლა ტირილი.

_ რატომ გაგაბრაზა?

_ ქორწილში არ წამიყვანა…

_ ვის ქორწილში არ წაგიყვანა?

_ თავის ქორწილშიიი!..

გამეცინა, ჩემთვის ყველაფერი გასაგები შეიქნა. ბავშვი ჩემთან შემოვიყვანე. პირი მოვბანე, მაგიდასთან დავსვი, ხილითა და ტკბილეულით გავუმასპინძლდი. დაწყნარდა, დამშვიდდა, კარგ ხასიათზე დადგა, მაგრამ თავისთვის ჩუმად ლაპარაკობდა, გუშინ დედა დამპირდა, რომ თავის ქორწილში წამიყვანდა, მაგრამ მომატყუა, სახლში დამტოვა და გამეპარაო.

გავიდა ხანი, აღარც ჩემი მშობლები არიან და აღარც მარინა მხეიძე, ანა კი მშვენიერი ქალი დადგა. იგი მრავალშვილიანი დედაა და სამშობლოს რვა შვილს უზრდის _ ოთხ ვაჟსა და ოთხ გოგონას.

* * *

როგორც აღვნიშნე, ჩვენს ბინებს მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფდა, ამიტომ ხშირი კონტაქტი, თბილი და გულითადი ურთიერთობა გვქონდა, სწორედ ისეთი, როგორიც ძველ თბილისში იცოდნენ. ჭირსა და ლხინს ერთად ვინაწილებდით. შესანიშნავი ტრადიცია იყო. სამწუხაროა, რომ თანდათან იკარგება: დღეს ბევრს ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავდა და რა მადლი ჰქონდა ნაღდ თბილისელობას, რა ჯადო იდო ამ ცნებაში.

დადგა დრო და ჭაბუა ამირეჯიბმა, იმხანად ბევრისთვის ჯერაც უცნობმა მწერალმა, პირველი წიგნი გამოსცა. ერთხელაც, ჩვენი ბელეტაჟის ფანჯარასთან შეჩერდა ჭაბუა _ მაღალი, წარმოსადეგი, არაჩვეულებრივი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი. ისეთი ლაღი იყო, თითქოს ციხის ჯურღმულები და შორეულ ციმბირში გადასახლება თვალითაც არ ენახოს. ცოდვა გამხელილი ჯობია და იმხანად ბევრმა არც იცოდა, რისთვის გაიღო მან ამხელა მსხვერპლი, რას ანაცვალა თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. ეს ახლა ვიცით, რომ ამ ადამიანმა ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა შეურიგებელი ბრძოლა იმას, რაც შეურაცხყოფს ყოველივე წმინდას და რომლის იქითაც ადამიანის პიროვნული თავისუფლება მთავრდებაჰოდა, დგას ეს აშოლტილი კაცი ჩვენს ფანჯარასთან, გახარებული. აშკარად ეტყობა, რაღაცით უზომოდ ბედნიერია და უნდა ეს ბედნიერება სხვასაც გაუზიაროს.

ფანჯარაზე მორიდებით მოაკაკუნა.

დედაჩემმა გახედა.

_ რამ შეგაწუხა, ჭაბუკა? _ იმხანად მას ასე ვეძახდით.

ჭაბუამ დედას ახალთახალი, მომცრო, ცისფერყდიანი წიგნი მიაწოდა:

_ დეიდა თამარ, ეს ჩემი პირველი წიგნია… თქვენ პირველს მოგართვით…

დედაჩემმა საჩუქარი მოწიწებით ჩამოართვა. შიდა გვერდზე ავტორის გულთბილი მინაწერი წაიკითხა: “ქალბატონ თამარს ნიშნად უდიდესი პატივისცემისა…” დედას ეს წარწერა ძალიან ესიამოვნა. კიდევ მრავალი წიგნის გამოცემა უსურვა და მთელი გულით დალოცა. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო (თუმცა, ყველა დედა არაჩვეულებრივად ლამაზია). იგი ადრეულ ასაკში გაჭაღარავდა, რაც მის სათნო სახეს ძალიან უხდებოდა. ჭაბუკა გამორჩეულად სცემდა დედაჩემს პატივს და უყვარდა იგი, არადა, ჩვენს სახლში სხვა ბევრი მშვენიერი ქალბატონიც ცხოვრობდა, და მაინც, თავისი პირველი წიგნი მხოლოდ დედაჩემს მოართვა…

ომარ მარგველაშვილი და ჯონდო ჯავახიშვილი სტუმრად ჭაბუასთან

სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე: წიგნს განსაკუთრებით ესათუთები და უფრთხილდები, მაგრამრატომღაც მაინც სწორედ ის იკარგება. ახლაც ასე მოხდა: ბევრს უნდოდა მისი წაკითხვა და მიჰქონდა. ბოლოს ვინ წაიღო და აღარ დაგვიბრუნა, ვერ დავადგინეთ. დაგვეკარგა ჭაბუა ამირეჯიბის ნაჩუქარი ის პირველი წიგნი, რომელსაც, დამეთანხმებით, ახლა სულ სხვა ფასი ექნებოდა.

როგორი იყო ჭაბუა ამირეჯიბი ყოველდღიურობაში? ეს, ალბათ, ბევრს აინტერესებს. ამ “საიდუმლოს გახსნაში” დიდი წვლილის შეტანა შეუძლია იმ ეპიზოდს, ქვემოთ რომ მოგახსენებთ. ერთ დღეს რაღაც საქმეზე შევედი მასთან. იმხანად კარს არავინ კეტავდა და მეზობლები ერთმანეთთან დაუკაკუნებლად შევდიოდით. სულ ზეპირად ვიცოდით, იმ დღეს სადილად ვის აჯაფსანდალი ჰქონდა და ვის _ ლობიო. ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთ “თავისუფალ მიმოსვლას” ბოროტად არავინ იყენებდა და დელიკატური ურთიერთობის ჩარჩოებში ყოფნას ცდილობდა _ მეზობლის ოჯახის მყუდროების დარღვევას ერიდებოდა… ჰოდა, შევედი ჭაბუასთან. ვხედავ, დგას იგი სარეცხ მანქანასთან, ირგვლივ უამრავი თეთრეული ყრია იატაკზე. ულამაზესი აღნაგობის ახალგაზრდა კაცს მთელი ტანი მოსვირინგებული აქვს, ფართო მკერდს ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი უმშვენებს, ზურგს კი _ დიდებული ეკლესია.

შევცბი. უჩვეულო სვირინგმა გამაოცა. მოგეხსენებათ, მაშინ ტატუირება ცუდ ტონად ითვლებოდა და უფრო ნაციხრებისა და კრიმინალების “პრივილეგიას” წარმოადგენდა. ერთი სიტყვით, იგი თითქოს მათი პასპორტის ფუნქციასაც კი ასრულებდა. ჩვენ ჭაბუაზე უკვე ვიცოდით რაღაც-რაღაცები, მაგრამ, რაც მასზე ვიცოდით და რასაც ვხედავდი, ერთმანეთს ვერ ვუკავშირებდი! ჭაბუამ შეამჩნია ჩემი გაოგნება და ღიმილით მითხრა: _ გადასახლებაში ავითვისე ეს ხელობა _ ტაიგაში ტყის ჭრაზე, სამხერხაოშიც და “პრაჩეჩნაიაშიც” კი მომიწია მუშაობა. აი, შანსი მომეცა და ჩემი გამოცდილების დემონსტრირებას ვცდილობ, სიდედრს რომ ვასიამოვნო. მერეც არაერთხელ შემინიშნავს: ეს საოცარი პიროვნება არც შავ სამუშაოს ერიდებოდა და არც მიუკარებელი მყინვარწვერის პოზას იღებდა. ისე ირჯებოდა, როგორც ოჯახის საჭიროება კარნახობდა.

იმხანად მე და ჩემი მეგობრები მეცხრე თუ მეათე კლასში ვსწავლობდით. ჭაბუა ყველას თანატოლებივით გვექცეოდა…

მარინა მხეიძე

ვერ დავიჩემებ, რომ თავისი თავგადასავალი პირველად მე მიამბო, მაგრამ რომ მომიყვა, ფაქტია. ამ განდობამ განსაკუთრებულად თბილი და უშუალო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბა. მიხარია, რომ მწერლის ტრიუმფის ცოცხალი მოწმე ვარ. ისიც მეამაყება, რომ, რაცგორა მბორგალშიამოთხრობილი, გაცილებით ადრე ვიცოდი, ვიდრე ფართო მკითხველი შეიტყობდა. თვითონ ჭაბუამ მიამბო. თუმცა, როგორც მახსოვს, ბევრი საინტერესო ამბავი რომანში გამოტოვებულია. მწერალმა, რაღაც მოსაზრებით, ალბათ, მათი საჯაროდ გამოტანა მიზანშეწონილად არ ჩათვალა

* * *

70 წელი შემისრულდა. თარიღი უამრავმა მეგობარმა და ახლობელმა, მათ შორის, ჩვენი დროის ცოცხალმა კლასიკოსმა, გენიალურმა მწერალმა და მოაზროვნემ, ჩემმა უფროსმა მეგობარმა ჭაბუა ამირეჯიბმაც მომილოცა!

ძმაო და ბატონო ომარ! გილოცავ სამოცდაათ წლისთავს დაბადებიდან და ერთ მაგდენს კიდევ გისურვებ, რასაც, მჯერა, ქართველი ერისთვის მსახურებად გამოიყენებ, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდი.

ჭაბუა ამირეჯიბი _ ბერი დავითი.

თბილისი, ენკენისთვე, 2012 წელი.”

როდესაც წერამ ამიტანა და პირველ წიგნს ვასრულებდი, რამდენიმე ნოველა მივუტანე ჭაბუას წასაკითხად და შესაფასებლად. მათ შორის მოგონება თვითონ ჭაბუაზე. წაიკითხა, გაიღიმა და, რადგან ბოლო წლებში მეტყველება უჭირდა, დაფაზე დაწერა: ძალიან საინტერესოა, არ ვაჭარბებ, ვიტყვი პროფესიონალ მწერლის დაწერილია. აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო. რაც არ მოიტანე, არანაკლებ საინტერესო იქნება.

. ამირეჯიბი

თბილისი 27, XII 2009”

ჭაბუა 90 წლის რომ გახდა, მე და ჩემი სიყრმის მეგობარი ჯონდო ჯავახიშვილი შინ ვეწვიეთ. ჯონდო ჭაბუას მეუღლის, თამარ ჯავახიშვილის ბიძაშვილი იყო. მივართვით საუკეთესო ღვინოები, ეტიკეტზე მისი ფოტოებითა და საიუბილეო თარიღის აღნიშვნით, რომლებიც ჩვენთან, “თბილღვინოში” ჩამოვასხმევინე და გავაფორმებინე. გაიხარა ჭაბუამ. ხან ერთ, ხან მეორე ბოთლს ხელში იღებდა, ათვალიერებდა და ღიმილიანი თვალებით მადლიერებას გამოხატავდა. ქალბატონმა თამარმა სუფრა გაგვიშალა. დავლოცეთ იუბილარი, ვისაუბრეთ, არ გადავღალეთ ხანდაზმული და მალევე დავემშვიდობეთ. ჩვენი წამოსვლიდან ცოტა ხანში ჭაბუასთან მისალოცად ბიძინა ივანიშვილი მისულა და იგი აღტაცებულა ჭაბუას სურათებით დამშვენებულ ღვინის ბოთლებით, სწორედ ეს მომენტია ასახული ფოტოზე, რომელიც მხცოვანმა მწერალმა გამომიგზავნა.

P.S. სამწუხაროდ, ის შეხვედრა უკანასკნელი იყო ბატონ ჭაბუასთან, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში (1958 წლიდან) თბილი ურთიერთობა მაკავშირებდასიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული დიდი მწერალი და მოაზროვნე, ბობოქარცხოვრებაგამოვლილი ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის დეკემბერში 92 წლისა გარდაიცვალა. მისმა შესანიშნავმა, ერთგულმა მეუღლემ თამარ ჯავახიშვილმა, ცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა, თორმეტი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით, ზრუნვითა და მოვლაპატრონობით გაუხანგრძლივა სიცოცხლე მძიმედ დაავადებულ ბატონ ჭაბუას. მისმა უდიდებულოსებამ, ქართველმა ერმა, იგი ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონისგვერდით, მთაწმინდის კურთხეულ მიწას მიაბარა. ეს ძალიან არ სურდათ სააკაშვილის მანქურთებს, რომლებმაც ოთარ ჭილაძის დაკრძალვის შემდეგ პანთეონი დახურულად გამოაცხადეს. ის კი არ გაითვალისწინეს, რომ პანთეონებს ხელისუფლებები ვერ ხურავენ და აღებენ. ამიტომ სრულიად საქართველომ პანთეონიც გაუღო, საკინძეც ჩაუხსნა მთაწმინდას და დიდი ჭაბუა, ბერი დავითი გულში ჩაახუტა საქართველოს მადლიან მიწას აწ და მარადისის თავისი დუმილით არისხებდა განგაშის ზარებსალბათ, მრავალჯერ გაგვახსენდება მისი მგზნებარე გულიდან ამონათქვამიშეგონება: “ჩვენ ობოლი ერი ვართ”, “ჭკუით ქართველებო!” რამდენი სიბრძნეა ამ ღვთაებრივი უბრალოებით ნათქვამ სიტყვებში, ეს ერისთვის შეფარვით თქმული მოწოდებაგაფრთხილებაა დიდმა მწერალმა და მოაზროვნემ ჩემი ნაცნობი პუბლიცისტის დასმულ კითხვას: _ ბატონო ჭაბუა, ალბათ გსმენიათ ლამის რეფერენდადქცეული გამონათქვამი _ “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” თქვენი აზრით, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები _ ევროპელები თუ აზიელები?

_ ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ჩვენი სულიერებით მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამშარიანმიწაწყალზე, პლუს, ის რაც ევროპიდან და აზიიდანვისესხეთდა გავაქართულეთ. ჩვენ ქართველები ვართ!

 ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here