Home რუბრიკები საზოგადოება შემეცნებითი მოგზაურობა კინო და ტელესამყაროში

შემეცნებითი მოგზაურობა კინო და ტელესამყაროში

765
გია ჭუბაბრია

ასეთი წიგნი საქართველოში ჯერ არ გამოცემულა. დღესაც სათუოა, მიუხედავად იმისა, რომ სასიგნალო ეგზემპლარი მზად არის. მრავალუცნობიან განტოლებასავითაა. განგიმარტავთ: ეს წიგნიაკინემატოგრაფიისა და ვიდეოხელოვნების ხუთენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი”. მისი ავტორია ქართული დოკუმენტური კინოს პატრიარქი, არაერთი წოდებით შემკული და პრემიების ლაურეატი, აღიარებული შემოქმედი და პედაგოგი გია ჭუბაბრია, რომელსაც მკითხველი არა მხოლოდ შესანიშნავი ფილმებით, არამედსაქართველო და მსოფლიოსმიერ ჩამორთმეული ინტერვიუებითაც იცნობს.

ტირაჟის დაბეჭდვას უსახსრობა აბრკოლებს. ვისაც, წესითა და რიგით, სპეციალური ლიტერატურის გამოცემა ევალება _ ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ მხოლოდ ფილმებს ვაფინანსებთო; ვისაც არ ევალება, იმან _ მეცენატობა არ მიტაცებსო.

კინემატოგრაფიისა და ვიდეოხელოვნების ხუთენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი
კინემატოგრაფიისა და ვიდეოხელოვნების ხუთენოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი

დაველოდოთ, გამზადებულ პროდუქციას A წერტილიდან (სტამბიდან) B წერტილამდე (დახლამდე) გასავლელი გზის დასაძლევად რა დრო დასჭირდება ამჯერად, თორემ საერთოდ, საქართველოში სიყვარულსაც კი, ავქსენტი ცაგარელის არ იყოს, ფასი დაედო: “ლუბიტ ნადო კრასავიცა, ფული მოგცეს მეტი ვინცა”.

შესავლიდან ვიგებთ, რომ წიგნი ხანგრძლივი შრომის შედეგია, რომელშიც თავმოყრილია რამდენიმე ასეული ყველაზე საჭირო და ხშირად ხმარებული კინო და ვიდეოტერმინი, მეტ-ნაკლებად ვრცელი განმარტებით ქართულ და რუსულ ენებზე, ხოლო ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე მხოლოდ ტერმინებია წარმოდგენილი ამხსნელი ტექსტის გარეშე.

არსებითად პირველი ცდაა ქართული კინო და ვიდეოტერმინოლოგიის შექმნის. ამასთანავე, მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა მსოფლიო ასპარეზზე ქართული ანბანის გატანა. დანიშნულება, სურვილი და ჩანაფიქრია ასეთი.

ლექსიკონი მოწოდებულია, არა მხოლოდ დააკმაყოფილოს მეტ-ნაკლებად მომზადებული მკითხველის პროფესიული მოთხოვნები, არამედ გაუღვივოს, როგორც სტუდენტებს, ისე ფართო მკითხველს ინტერესი ხელოვნების ამ სფეროსადმი.

პირველივე ტერმინი ამის შესანიშნავი მაგალითია: “აბსოლუტური ფილმი”.

ანტირეალისტური ხელოვნების სახეობა. ავტორები ეკრანზე სინამდვილეს უსაგნო კომპოზიციების სახით გამოხატავენ. ა.ფ.-ს არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და შეიქმნა აბსტრაქტული ფერწერის გავლენით.

პირველად ა.ფ. ეკრანზე გამოჩნდა გერმანიაში 1919 წელს. ვ. ეგელინგმა და გ. რიხტერმა სცადს, კინოკამერის საშუალებით ამოეძრავებინათ უსაგნო ფერწერული კომპოზიციები. ამ ცდას უწოდებენ აბსოლუტურს ან აბსტრაქტულს. მიუხედავად ანტირეალიზმისა, გერმანიაში იღებენ ა.ფ-ებს. ო. ფიშინგერმა გადაიღო “ბრამსის მეხუთე ცეკვა”, ცნობილმა ვ. რუტმანმა _ “ოპუსები 1, 2, 3.”, საფრანგეთში ფ. ლეჟემ შექმნა ფილმი “მექანიკური როკვა” (1924), აშშ-ში რეჟისორმა რ. სტაინერმა დადგა ა.ფ. “H2O”. ეს იყო წყალზე ათინათების მონტაჟი, ანუ უფორმო კომპოზიციების მოძრაობა. ავტორები ახდენენ მოძრავი ხაზებისა და ფერადი ლაქების გადაადგილებას. კადრში მოძრაობენ აბსტრაქტული საგნები _ ქინძისთავები, სპირალები, ღილები, ასანთები და ამ ქაოსში ჩანს მოძრავი საგნების ახლო ხედები. ავტორები შეგნებულად გაურბიან ეკრანზე რეალობის, ობიექტური სინამდვილის ჩვენებას, ე.ი. ისინი ცდილობენ, მაყურებელი მოარიდონ რეალურ პრობლემებს.

ამას მოსდევს იმავე შინაარსის რუსული ტექსტი.

ყველაფერი მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ არის გადმოცემული. ცნობისმოყვარე გაიგებს, მცოდნე დააზუსტებს.

მოკლე და ლაპიდარულია, მაგრამ იქ, სადაც საჭიროა, “გრძელ სიტყვასაცარ ერიდება ბატონი გია. მაგალითად დავასახელებ სტერეოსკოპიულ კინოს, 3D ფილმს, რომლის ახსნაგანმარტება (ქართული და რუსული) 357- გვერდიდან 367 გვერდამდე გრძელდება. ტემპორიტმის ასეთი მონაცვლეობას წიგნში 474 გვერდი ეთმობა. ახლა კი _ სახელდახელო საუბარი ავტორთან, ბატონ გია ჭუბაბრიასთან.

_ ეს არის პირველი წიგნი, რომელიც ასეთი სახით საქართველოში არ გამოცემულა. ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის, რომელმაც ხელოვნების ამ დარგის პროფესიონალად ჩამომაყალიბა. ამ ლექსიკონში ხელოვნებისა და ტექნიკის პროცესები და ტერმინებია განმარტებული: სარეჟისორო სცენარები, საოპერატორო დანადგარები და ა.შ. ქართულ, რუსულ ენებზე წარმოდგენილია ენციკლოპედიური განსაზღვრა ამა თუ იმ ტერმინის და შემდეგ _ მათი სინონიმები ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

ვეცადე, პოპულარულად გადმომეცა, პროფესიონალისთვის და ამ დარგის მოყვარულისთვის ერთნაირად გასაგები და საინტერესო რომ ყოფილიყო.

_ და მოსაწყენიც რომ არ ყოფილიყო მკითხველისთვის.

_ ესეც არის. ოც წელიწადზე მეტ ხანს ვმუშაობდი ამ წიგნზე, აქ ახსნილი, განმარტებული და მაგალითებით ილუსტრირებულია 700-ზე მეტი ტერმინი. ძალიან მძიმე სამუშაო იყო, ამგვარი წიგნების გამოცემაზე მოსკოვში მუშაობს სამეცნიერო-კვლევითი კინო-ფოტო ინსტიტუტის სამოციდან ას კაცამდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. მე მარტო ვმუშაობდი და საქმის ბოლომდე მიყვანა ჩემი სტუდენტებისა და მეგობრების მხარში დგომით შევძელი.

შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. სხვამ უკეთესით გააგრძელოს.

აქვე გეტყვით, რომ წიგნი გაკეთებულია იმ ეტაპზე, როცა ფილმებს ვიღებთ კინოფირსა და ვიდეოფირზე. ახლა ციფრული ტექნიკა დამკვიდრდა და იმედი მაქვს, რომ ახალი ეტაპის, ახალი ტექნოლოგიის შესახებ ამ საქმეში ჩემზე უფრო ჩახედული ავტორები დაწერენ.

წიგნი კინოცენტრში მივიტანე, ახალგაზრდა ბიჭმა წაიკითხა _ მაღალაშვილმა, მითხრა, საოცარი წიგნიაო, მაგრამ მე თანამდებობას ვტოვებ (დირექტორი იყო) და, როგორც კი მოვა ახალი ხელმძღვანელი, ის ამ პრობლემას უეჭველად გადაგიწყვეტთო. დამაიმედა. იქვე, კინოცენტრში გამოვიკითხე, ვინ მოდიოდა დირექტორად. ერთმა თანამშრომელმა მიპასუხა: ვისაც პატრონი ჰყავსო. ეტყობა, მართლაც პატრონიანი მოვიდა, რადგან მას არ ვიცნობდი, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენი დარგის გამორჩეულ მოღვაწეს. ეს იყო ერთი თვის წინათ. ახლახან მივიღე პასუხი, რომ მიმდინარე წელს ფული მხოლოდ ფილმებისთვის გვაქვს და სხვა სახსარი არ გაგვაჩნიაო.

ახალ ხელმძღვანელთან, რა თქმა უნდა, არ მივსულვარ.

_ მაშასადამე, ტირაჟის დაბეჭდვის იმედი გადაიწურა?

_ არა მგონია. ვაპირებ გამომცემლობა “ნეკერის” პატრონთან, ახლობელ ადამიანთან _ გიორგი ბაგრატიონთან მისვლას და ჩემი დანაზოგი ფულით მიზერული ტირაჟის დაბეჭდვას, ასე 50-100 ეგზემპლიარის. მეტს ვერ გავწვდები. მაგრამ პრობლემად წიგნის გაყიდვა მიდგას, სიმბოლურად მაინც რომ გავისტუმრო ჩემი კონსულტანტები და დამხმარენი. დღემდე სასტამბო ხარჯები, მცირე ჰონორარები და სხვა “წვრილმანი” საქმე 5000 ლარი დამიჯდა.

_ ბატონო გია, ერთი უხერხული შეკითხვა: რამ განაპირობა ამ წიგნის გამოცემით თქვენი დაინტერესება? ფილმებს უამისოდაც ხომ ვიღებდით?

_ ვიღებდით. საქმე ის არის, რომ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული ადამიანები თეორიულადაც უნდა იყვნენ მომზადებულები, უნდა იცნობდნენ ამ დარგში გამოყენებულ დეტალებს, თუნდაც იმ მოცულობით, რომლებიც წიგნშია თავმოყრილი და რომლებიც საერთო რაოდენობის ერთი მეოთხედი ან ერთი მესამედი თუ იქნება; ტერმინებს კაჭკაჭივით კი არ უნდა იზეპირებდნენ, არამედ იცოდნენ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

კინოგანათლებისთვის არის საჭირო ასეთი წიგნები, საერთო და სპეციალური განათლებისთვის.

როგორც ვთქვი, ჩემი წიგნი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ასეთი ხასიათის კიდევ რამდენიმე ტომის გამოცემა თუ ამოწურავს არსებულ ათასობით ტერმინს.

_ .. ეს წიგნი დაიწერა მათთვის, ვინც კინოხელოვნების დარგში არის დასაქმებული.

_ და იმათთვის, ვინც აპირებს შესვლას. აქ სხვათა შორის ტელევიზიის გავლენაზეც არის ლაპარაკი.

საქართველოში მუშაობდა ბრწყინვალე კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი, რომელიც თბილისიდან წავიდა და საკავშირო მასშტაბით აღიარებული ოპერატორი გახდა. გამომიგზავნა მისი წიგნი ბრწყინვალე წარწერით და მთხოვა, გადამეთარგმნა. ვერ შევასრულე მისი თხოვნა, რადგან ამასაც ფული სჭირდებოდა. ჩემს წიგნს გადავყევი და ამის იქითაც ვერ წავედი, მაგრამ ერთი სული მაქვს, მივუბრუნდე ბატონ ლევანის წიგნის გადათარგმნას, რომელიც დიდად წაადგება ჩვენს კინოოპერატორებს.

_ კიდევ ერთი შეკითხვა: სწორად გავიგე თუ არა, რომ ამ წიგნის ერთერთი დანიშნულებაა ისიც, რომ ტექნიკის შესაძლებლობანი გამოიყენონ მხატვრული ნაწარმოების ეფექტის გასაძლიერებლად?

_ დიახ, ასეა. მაგალითად, ფარაჯანოვმა დიდი ნაბიჯი გადადგა სოლარიზაციის საშუალებით. ფილმის გადაღებისას მახასიათებელი მრუდის იმ ნაწილს იყენებენ, რომელზეც გამოსახულება უფრო მკაფიოა. ამ მრუდის ზედა ნაწილი ზედმეტი სინათლის გამო არ ჩანს, მაგრამ, თუ ზედმეტად გაამჟღავნებდნენ, საოცარი რამ ხდება _ გამოდის პოზიტიური გამოსახულება, რომელიც სხვა გარემოს ქმნის. ამ თავისებურების გამოყენება ფარაჯანოვს ოპერატორმა მატვიენკომ შესთავაზა და ფარაჯანოვმაც გადაიღო სასწაული კადრები თავისი ფილმის “დავიწყებული წინაპრების აჩრდილები”. ამ გამოსახულებამ რაღაც განსხვავებული გარემოს ეფექტი შექმნა. ამით გაითქვა სახელი ამ ფილმმა და, რა თქმა უნდა, ქართველი მსახიობების _ სოფიკო ჭიაურელისა და სპარტაკ ბაღაშვილის შესანიშნავმა თამაშით. მე ვიტყოდი, რომ სოლარიზაციის გამოყენებაში მატვიენკოს დამსახურება უპირატესია.

იგივე შეიძლება ითქვას ინფრაფირის გამოყენებაზე, რომელიც პრაქტიკაში პირველად მექსიკაში დანერგეს ოპერატორმა გაბრიელ ფიგეროამ და რეჟისორმა ემილიო ფერნანდესმა ფილმებში “მექსიკელი ქალიშვილი”, “რიო ესკანდიდო” და “მარია კანდელარიაში”. ინფრასხივებს, მოგეხსენებათ, ადამიანის თვალი ვერ ხედავს, მაგრამ მათი გამოყენება იძლევა მაღალმხატვრულ გამოსახულებას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატორულ ხელოვნებაში. მეც გადამიღია ინფრაფირზე “თეთრი თორღვაი” და სხვა ფილმები. ეფექტი მართლაც საოცარია.

წიგნში შეტანილია ისეთი ტერმინების განმარტებაც, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია _ კინოდრამატურგია, კინოგაქირავება, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი.

წარმოდგენილია რუსეთისა და სხვა ქვეყნების კინოს დიდოსტატების შეფასებები, რომლებიც წიგნს დამატებით ღირებულებას სძენს.

დაბოლოს, ვიტყვი _ ჩვენ ბედნიერი ვიქნებით, თუ საქართველოშიც ჩამოყალიბდება ისეთი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება, როგორიც, წლებია, რუსეთში არსებობს _ სამეცნიეროკვლევითი კინოფოტო ინსტიტუტი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here