მთავარი პოლიტიკა შაქარი და ნახშირი ოლიგარქების სუფრაზე

შაქარი და ნახშირი ოლიგარქების სუფრაზე

1710
გააზიარეთ
ივანიშვილი-ბეჟუაშვილი

რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ იგივე გაცილებით ადრე? შეეძლო თუ არა ამის გაკეთება მრავალდღიანი აქციებისა და საპროტესტო მარშის გარეშე?

იმისთვის, რომ მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება მიექციათ, აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებს მრავალდღიანი აქციების გამართვა და საპროტესტო მარშით 110 კილომეტრის გავლა მოუწიათ. მათ ხელისუფლებისგან გარკვეული დაპირებები მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მოხერხდება თუ არა მათი, ისევე როგორც ტყიბულელი მეშახტეებისა და სხვა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მშრომელების, მდგომარეობის გაუმჯობესება.

სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, აგარა “მიბმულია” შაქრის ქარხანაზე, ისევე როგორც ტყიბული _ ნახშირის მოპოვებაზე. შემოსავლის ალტერნატიული წყაროები იქ თითქმის არ არსებობს. ქარხანა შარშან, ნოემბერში გაჩერდა, “აგარის შაქრის კომპანიამ” ეს შემდეგნაირად ახსნა: “2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქრის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში ისედაც გაზრდილი თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების გაზრდამ განაპირობა შაქრის ფასების გლობალური შემცირება. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა”, თუმცა ქარხნის თანამშრომლებს ეს განმარტება არ აკმაყოფილებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიას სულ სხვა ინტერესები ამოძრავებს და საქართველოში იმპორტული შაქრის ერთ-ერთი შემომტანი სწორედ აგარის ქარხნის აზერბაიჯანელი მეპატრონეა.

მას შემდეგ, რაც საწარმოს თანამშრომლებმა 110 კილომეტრი თბილისამდე ფეხით გაიარეს და კანცელარიასთან მივიდნენ, მათ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შეხვდა. მან შეკრებილებს განუცხადა, რომ ქარხნის მფლობელს შეხვდა და ესაუბრა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არამომგებიანობის პრობლემა. მისი თქმით, საწარმო ფუნქციონირებას დაახლოებით ორ თვეში განაახლებს და 500-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება. ლექვინაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო: “კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ 80-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბანკებში გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ბანკების ასოციაციასთან გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს ყველანაირი მზაობა, რომ ამ ადამიანებს სესხის მომსახურება ექვსი თვით გადაუვადდეთ”. ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ აგარელებმა აქცია შეწყვიტეს.

შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს კითხვები: რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ იგივე გაცილებით ადრე? შეეძლო თუ არა ამის გაკეთება მრავალდღიანი აქციებისა და საპროტესტო მარშის გარეშე? “აგარის კრიზისის” შედეგებიდან გამომდინარე, სხვა საწარმოების თანამშრომლები შეიძლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთავრობის დათმობაზე წასასვლელად აუცილებელია მისი შეშინება, ხოლო საპროტესტო აქციებმა სულ უფრო რადიკალური ფორმები მიიღოს.

19 აპრილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შედგა შეხვედრა, რომელზეც ტყიბულის პრობლემები განიხილეს. მასში მონაწილეობდნენ მთავრობის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები. მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა არ მისცეს, შეხვედრას დასწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ განხილული საკითხები მათთვის სასიცოცხლოდ (პირდაპირი გაგებით) მნიშვნელოვანია. ეს, ალბათ, ძალზე საგულისხმო დეტალია.

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს და მათთან ერთად შევაფასებთ არა მხოლოდ ამ მონაკვეთზე მომხდარ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას… არამედ მთლიანად ამ საწარმოში შრომის უსაფრთხოების სისტემას”, _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორმა ზურაბ გელენიძემ კი მიანიშნა, რომ კომპანიამ შეიძლება შახტების მუშაობა შეაჩეროს. “მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს, ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა”, _ თქვა მან. ზოგმა შეიძლება ამ კომენტარის ქვეტექსტში შახტების დახურვის მუქარა დაინახოს. ეს ტყიბულში სოციალურ კატასტროფას გამოიწვევს. ბეჟუაშვილების კუთვნილი კომპანია ამაზე ყოველთვის მიანიშნებს, როდესაც მისგან შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას ან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

ვიდრე ტყიბულში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ, შეგვიძლია გავეცნოთ ამონარიდებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2016 და 2017 წლების ანგარიშებიდან, რომლებიც მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა. სიტუაციის ყველაზე ზუსტ და ლაკონურ დახასიათებას, ალბათ, შემდეგი აბზაცი შეიცავს: შპსსაქნახშირისკუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში”. იქვე ნათქვამია, რომ შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებსადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილივაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრებიშახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგანდარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესიჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი)… დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთიშახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ მეტრი ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების რეალურ საფრთხეს შეიცავს და .. ამ დოკუმენტებში ჩამოთვლილია ბევრი სხვა დარღვევაც.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მრავალწლიანი მოწოდებების შემდეგ, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ერთი თვის წინათ, როგორც იქნა, მიიღო კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”. მისი მოქმედება მხოლოდ იმ საწარმოებზე გავრცელდება (და ეს, ალბათ, მნიშვნელოვანი მინუსია), რომლებშიც საფრთხის შემცველი, მძიმე და საშიშპირობებიანი სამუშაოები სრულდება. მათ ნუსხას ახლო მომავალში დაამტკიცებენ. ინსპექტორების უფლებები გაზრდილია, მაგრამ მათ ვერ მიიღეს საწარმოში განმეორებითი შემოწმებისთვის შეუზღუდავი შესვლის უფლება. ჯარიმები, ერთი შეხედვით, გაზრდილია, მაგრამ კვლავ მცირეა, მსხვილი კომპანიები მათ, უბრალოდ, ვერ შეამჩნევენ. ერთი მხრივ, ეს კანონი თითქოს დასაქმებულების ინტერესებს ემსახურება, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ის კომფორტულია ოლიგარქებისთვის.

აგარისა და ტყიბულის პრობლემების განხილვისას ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ორი ურთიერთსაპირისპირო მიდგომა გამოიკვეთა: ერთნი ცალსახად უჭერენ მხარს დასაქმებულებს და მოუწოდებენ მთავრობას, მათი მდგომარეობა შეამსუბუქოს; მეორენი ამბობენ, რომ სახელმწიფოს მცდელობა ამა თუ იმ საწარმოს, პირდაპირი თუ არა, ირიბი სუბსიდირება მოახდინოს ან პროტექციონისტულ ზომებს მიმართოს (მითუმეტეს, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება გაუჭირდება), თავისუფალი ბაზრის პირობებში მიუღებელია და მხოლოდ პრობლემების მომრავლებას გამოიწვევს. ამასთანავე, ისინი მიუთითებენ, რომ უსაფრთხო შრომის ევროპული ნორმების მომენტალური დანერგვა ქართულ ეკონომიკას გააჩერებს.

არსებული სიტუაციის სწრაფი და რადიკალური გაუმჯობესების რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს, თუმცა მთავრობას შეუძლია შექმნას წინაპირობები იმისთვის, რომ ტყიბულსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რომლებიცმიჯაჭვულიაერთ საწარმოზე, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს. ენერგეტიკული ტექნოლოგიები ვითარდება და ნახშირის ეპოქა დასასრულს უახლოვდება _ ტყიბულის ნახშირის მიბმა ახალ (მაგ. გარდაბნის) თბოელექტროსადგურებზე პალიატიური გადაწყვეტილებაა, რომელმაც შეიძლება შეარბილოს ნეგატიური პროცესები, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ხელისუფლება ამას აცნობიერებს. 19 აპრილის შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ტყიბულის მოსახლეობის დასაქმება მხოლოდ ერთ საწარმოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ სხვა მიმართულებითაც შეიქმნას საწარმოები, მაგრამ მსგავსი საუბრები, წლებია, მიმდინარეობს, ხოლო რეალურად არაფერი კეთდება. შესაძლოა, იმიტომ, რომ, როდესაც ტყიბულში ალტერნატივა გაჩნდება, ბეჟუაშვილები ვეღარ ამუშავებენ მეშახტეებს დაბალ ხელფასებზე, აუტანელ პირობებში, როგორც ამას დღეს აკეთებენ, როცა მეშახტეებს, “საქნახშირის” შახტებში მუშაობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ.

ყველამ დაინახა, რომ აგარის შაქრის ქარხნის მუშების პროტესტმა მცირე, მაგრამ სავსებით რეალური შედეგი გამოიღო. მთავრობა იძულებული გახდა, ამოძრავებულიყო. აქედან გამომდინარე, სხვა საწარმოებში დასაქმებულებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ, რაც უფრო რადიკალურადმიაწვებიანხელისუფლებას, მით უფრო გაიზრდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ალბათობა. “აგარის პრეცედენტმა” შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე აღმოცენებული პროცესების რადიკალიზაციას, რომლითაც აუცილებლად ისარგებლებენ პოლიტიკოსები და ქვეყანაში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაძაბულობის ესკალაცია დაიწყება.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here