Home რუბრიკები პოლიტიკა შავ ზღვაში დიდი დაპირისპირება იწყება

შავ ზღვაში დიდი დაპირისპირება იწყება

1503
შავ ზღვაში დიდი დაპირისპირება იწყება

გასულ კვირას ვაშინგტონში ნატოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მინისტერიალმა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებმაც შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გავლენა უნდა გაზარდოს. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ამას მოჰყვება დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების გაუარესება და ეს საქართველოსა და უკრაინას ახალი საფრთხეების წინაშე დააყენებს.

ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე მოსკოვმა გამოხატა შეშფოთება ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის _ კეი ბეილი ჰატჩისონის შემდეგი განცხადების გამო: ,,საუბარია ზომებზე, რომლებიც აძლიერებს დაზვერვას, საჰაერო დაზვერვას და ითვალისწინებს ბევრი ხომალდის გაგზავნას ქერჩის სრუტეში, აზოვის ზღვაში უკრაინული გემების უსაფრთხო შეღწევის უზრუნველსაყოფად”. მან დასძინა, რომ ამ ზომებმა უნდა “უზრუნველყოს უსაფრთხოების განცდა” არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუმინეთში, ბულგარეთსა და საქართველოში.

2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში ცნობილი ინციდენტი მოხდა _ რუსულმა ხომალდებმა გზა გადაუღობეს მარიუპოლში მიმავალ უკრაინულ ხომალდებს და მათი ეკიპაჟები დააკავეს. პრობლემა იმის გამო შეიქმნა, რომ მხარეები ქერჩის სრუტის სტატუსს განსხვავებულად აღიქვამენ. უკრაინა არ აღიარებს ყირიმის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში და, შესაბამისად, მოსკოვის უფლებას _ არეგულიროს ნაოსნობა ქერჩის სრუტეში, რომელსაც რუსეთი თავის ტერიტორიულ წყლებად განიხილავს. ინციდენტს დასავლეთის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა _ მიიღეს მთელი რიგი რეზოლუციები, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს, გახშირდა ნატოს ხომალდების ვიზიტები შავ ზღვაში და ა.შ. სწორედ ამიტომ მოსკოვში ჩათვალეს, რომ ჰატჩისონის კომენტარის უკან დგას ნატოს, უპირველესად კი, აშშის სურვილი ქერჩის სრუტეზე და, საერთოდ, შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლი დაამყაროს. ნეგატიური კომენტარები ამაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა პესკოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრუშკომ გააკეთეს. ჩვენი პოზიცია ნათელია. ნატოს ნებისმიერი გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. ისინი არ გაამყარებენ არც რეგიონის, არც ნატოს უსაფრთხოებას და მხოლოდ დამატებით სამხედრო რისკებს მოიტანენ”, _ განაცხადა გრუშკომ.

ვაშინგტონის მინისტერიალის გამართვის პერიოდში შავ ზღვაში ნატოს წევრი ქვეყნების ესკადრა შევიდა. უცნობია, რაზე შეთანხმდნენ მინისტრები კონკრეტულად ქერჩის სრუტის მიმართ, მაგრამ ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს, ამასთანავე, უფრო ხშირად გამართავს ერთობლივ სწავლებებს პარტნიორ ქვეყნებთან _ უკრაინასა და საქართველოსთან. ნატოს ხომალდების ვიზიტები შავ ზღვაში, ბოლო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო ხშირი გახდება.

სამიტის დღეებში ვაშინგტონში ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი. ქართულ მედიასა და სოცქსელებში გაჩნდა კომენტარები იმის თაობაზე, რომ, სანაპირო დაცვის მეზღვაურების წვრთნის გარდა, საქართველომ პერსპექტივაში შეიძლება მიიღოს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. 4 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ “ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატოს პოლიტიკასთან თანხვედრაში (ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს) და ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში, გულისხმობს ამ საფრთხეების შეკავებასა და თავდაცვას”. ამ და სხვა მსგავსი კომენტარებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად დაუჭერს მხარს ნატოს ახალ ინიციატივებს შავ ზღვაში.

რეგიონში ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების ფორმირების იდეა 2016 წელს რუმინეთის ხელისუფლებამ გაასაჯაროა, თუმცა ექსპერტების ნაწილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ინიციატივა სინამდვილეში ამერიკულია. წინსვლას ამ მიმართულებით ორი ფაქტორი აფერხებს: აშშ-თურქეთის ბოლოდროინდელი უთანხმოება და ნატოს ევროპელი წევრების სურვილი რუსეთთან კონფრონტაციას თავი აარიდონ. ერთი თვის წინათ ცნობილი შეიქნა, რომ გერმანიის მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა შავ ზღვაში ხომალდის გაგზავნის თაობაზე. თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამას მხარს უჭერდა, ხოლო კანცლერი ანგელა მერკელი წინააღმდეგი იყო.

ნატო შავ ზღვაში სწორედ იმ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც უკრაინაში საარჩევნო ვითარება დაიძაბა, ხოლო ვაშინგტონმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა ვენესუელაში რუსი სამხედროების გამოჩენის გამო. ის, რომ ვენესუელის მიმართ კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება, გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც დაადასტურა: “ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ეს მათ ინტერესებში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, წარმატებას ვერ მივაღწიე”. ვენესუელაში ხელისუფლების სწრაფი შეცვლის გეგმა ჩაიშალა და ძალიან დიდი როლი ამაში რუსეთისა და ჩინეთის პოზიციამ შეასრულა. ეს შეიძლება შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის გააქტიურების, მისი გეოსტრატეგიული კონტრდარტყმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.

31 მარტის ადგილობრივი არჩევნები თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანისთვის არცთუ სასურველი შედეგით დასრულდა. რთული საშინაო პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, ქვეყნის მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, საგანგებოდ გაესვა ხაზი იმისთვის, რომ დიდი პროექტების, მათ შორის ე.წ. “სტამბოლის არხის”, რეალიზაცია ეჭვქვეშ არ დადგება. ეს ახალი საზღვაო არტერია ბოსფორის სრუტის პარალელურად უნდა გაიჭრას (პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია) და გემების ტრანზიტი გააიოლოს. ამ პროექტის ეკონომიკური მნიშვნელობა დიდია, მაგრამ განხილულ კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიული ასპექტი. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი არხი აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, მონტრეს კონვენციის შეზღუდვები უგულებელყოს, რომელიც, როგორც ცნობილია, შავ ზღვაში უცხო ქვეყნების ხომალდების ტონაჟსა და ყოფნის ვადებს ზღუდავს. ხომალდების საერთო წყალწყვა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას (გარკვეულ პირობებში ეს ლიმიტი შეიძლება 45 000 ტონამდე გაიზარდოს) და შავი ზღვა სამი კვირის შემდეგ უნდა დატოვონ; გარკვეული შეზღუდვები ხომალდების ცალკეულ კლასებსაც შეეხება. ექსპერტების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ არაფერი შეიცვლება და “სტამბოლის არხზე” იგივე რეჟიმი გავრცელდება, როგორიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ შიდაპოლიტიკური დაძაბულობის პიკზე თურქეთის ხელისუფლებამ “მოიცალა” იმისთვის, რომ პროექტის აქტუალურობა დაედასტურებინა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ “სტამბოლის არხი” “დიდი თამაშის” ერთ-ერთი ელემენტია.

იმ პერიოდში, როდესაც ანაკლიის პროექტის რეალიზაცია დაიწყო, ყველა საუბრობდა მასზე, როგორც მხოლოდ ეკონომიკურ პროექტზე. ეს გასაკვირი არაა, რადგან ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში შენდება სამხედრო ან თუნდაც ორმაგი დანიშნულების ობიექტი, რუსეთის მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა და დააფრთხობდა პოტენციურ ინვესტორებსა და დასავლელ ბანკირებს.

მაგრამ ბოლო თვეებში ბევრი რამ შეიცვალა _ გაჩნდა უამრავი პუბლიკაცია ახალი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე; იმაზე, რომ ის შეიძლება ამერიკელებმა გამოიყენონ. მარტში კი თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა _ კურტ ვოლკერმა ჟურნალისტის კითხვას _ შეიძლება თუ არა ისარგებლონ ანაკლიის პორტით ამერიკულმა სუბმარინებმა? _ ასე უპასუხა: “პორტი, თავისთავად, ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია”. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ აღიქვეს ეს განცხადება მოსკოვში. უახლოეს მომავალში წყალქვეშა ნავების ბაზის შექმნამდე საქმე, სავარაუდოდ, არ მივა, რადგან ანაკლიას რუსული საველე არტილერიაც კისწვდებადა ასეთ საშიშ ადგილას სამხედროსაზღვაო ბაზის შექმნის პრეცედენტი სამხედრო ისტორიაში არ არსებობს (სამხრეთი კორეა და სხვ.), მაგრამ იმის ალბათობა, რომ ახლო მომავალში ანაკლიის პორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დასავლეთში შეიძლება ისევე აქტიურად ალაპარაკდნენ, როგორც ქერჩის სრუტეზე, საკმაოდ მაღალია.

ნატოს “შავი ზღვის ესკადრის” ეტაპობრივი ფორმირება, სავარაუდოდ, მკვეთრად გაზრდის დაძაბულობას რეგიონში და ეს აუცილებლად საქართველოსაც შეეხება. საზღვაო ტრადიციების სიმცირის გამო, ქართველ ექსპერტებს ხშირად უჭირთ იმ საფრთხეების შეფასება, რომლებსაც შავ ზღვაში ძალთა ბალანსის შეცვლა წარმოშობს. თუმცა შავ ზღვაში ნატოს დაჯგუფების განლაგებას რუსები, დიდი ალბათობით, აღიქვამენ დაახლოებით ისე, როგორც სმოლენსკთან გერმანული ტანკების გამოჩენას.

საქართველოს ხელისუფლებას, ერთი შეხედვით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს, მაგრამ, ამასთანავე, სავარაუდოდ, შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პოლიტიკას რეგიონში თუნდაც ერთი მილიმეტრით გადაუხვევს, ვაშინგტონმა შეიძლება ხელი შეუწყოს “რეჟიმ ჩეინჯს” და მხარი დაუჭიროს ხელისუფლებაში იმ ძალების მოსვლას, რომელთა თვალსაზრისი საგარეო პოლიტიკაზე გაცილებით რადიკალურია. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ შემთხვევაში “განსხვავებული მოსაზრება” გამოხატოს, შესაბამისად, რუსეთთან მორიგი დაპირისპირების საფრთხე ახლო მომავალში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. უცოდინრობას დაუდგეს თვალი, თორემ ახლა ხომ უკვე “სამოდ ხე”ში უნდა ვცხოვრობდეთ?!
    ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ქვეყანა დამშვიდდეს და ბედნიერად იცხოვროს კაცთამოდგმამ, ისე ვრა? ჩვენ ამის ცოდნა გვმართებს.
    ეს ის ცოდნაა, ბობოლა მილიარდერები რომ მოიყვანოს გონზე და წვრთნები კი არ ატარონ შავ ზღვაზე და დაპირისპირებები კი არ მოაწყონ ერებს შორის, რომ რამენაირად ბატონობა შეინარჩუნონ მსოფლიოზე, არამედ დაამშვიდონ ქვეყანა და სამართლიანობა გაამეფონ ქვეყანასა ზედა. ამით ძალაუფლებასაც განიმტკი ებენ, ცოდვებიც მიეტევებათ და ის გრაალის თასიც ნაპოვნი იქნება , ასე თავგადაკლულები რომ ეძებენ ხან ელბრუსზე და ხან კაილასზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here