Home რუბრიკები სპორტი “შავი სალუტი” ოლიმპიადაზე

“შავი სალუტი” ოლიმპიადაზე

შავკანიანი სპორტსმენების საპროტესტო აქციამ ყველა გააცოფა აშშ-ში

373
“შავი სალუტი” ოლიმპიადაზე

გამოჩენილი სპორტსმენები 62 წლის წინათაც გამოდიოდნენ რასიზმის წინააღმდეგ, თუმცა მსოფლიოს მათ პროტესტზე დღევანდელთან შედარებით განსხვავებული რეაქცია ჰქონდა. მეხიკოს ოლიმპიადაზე შავკანიანმა სპრინტერებმა _ ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა მოაწყვეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია _ black Power Salute, მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად რისხვა მიიღეს _ ისინი გააძევეს ტურნირიდან, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

1968 წლის 16 ოქტომბერს ამერიკელმა ტომი სმიტმა ოლიმპიადაზე 200 მ-ზე სირბილში ოქროს მედალი მოიპოვა, ფინიშზე მეორე იყო ავსტრალიელი პიტერ ნორმანი, ბრინჯაოს მედალი კი კიდევ ერთ ამერიკელს ერგო _ ჯონ კარლოსს.

დაჯილდოების ცერემონიაზე კვარცხლბეკზე ასვლისას ამერიკელებმა გაიხადეს ფეხსაცმელი, სმიტმა ყელზე შემოიხვია შავი შარფი _ “შავების სიამაყის” სიმბოლო. კარლოსმა ქურთუკის საყელო შეიხსნა და ყველას დაანახვა ყელზე გაკეთებული თეთრი მძივი, როგორც მან მოგვიანებით ახსნა, “პატივისცემის ნიშნად იმ ადამიანებისა, რომლებიც მოკლეს ლინჩის წესით, ჩამოახრჩვეს და სახეზე შავი კუპრი წაუსვეს და რომელთა სულებისთვისაც არავის ულოცია”.

ნოა ლაილსი
ნოა ლაილსი

როდესაც აჟღერდა აშშის ჰიმნი, სმიტმა და კარლოსმა თავი დახარეს და შავხელთათმანიანი ხელები აღმართეს. ეს იყო ამერიკელი სპორტსმენებისშავი სალუტი” _ საპროტესტო აქცია რასიზმის წინააღმდეგ მსოფლიოში.

სმიტი და კარლოსი თავიანთ პროტესტს თავდაპირველად სხვანაირად გეგმავდნენ _ სურდათ, ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ორივე მხარს უჭერდა შავკანიანი სოციოლოგის, ჰარი ედვარდსის, მიერ 1967 წელს შექმნილ ადამიანის უფლებების დაცვის ოლიმპიურ პროექტს.

ედვარდსმა ყველა შავკანიან სპორტსმენს მოუწოდა ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ, თუ მსოფლიო არ დააკმაყოფილებდა შემდეგ მოთხოვნებს:

1.ოლიმპიადაზე არ დაეშვათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და როდეზიის წარმომადგენლები, რადგან ამ ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში იყვნენ თეთრკანიანი უმცირესობები;

2.მოკრივე მოჰამედ ალისთვის დაებრუნებინათ ჩემპიონის ტიტული, რომელიც მას სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ჩამოართვეს;

3.შეცვლილიყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ევერი ბრენდეჯი (ის კომიტეტს 1952-დან 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა);

4.აშშის ოლიმპიურ ნაკრებში შეიყვანონ მეტი შავკანიანი მწვრთნელი.

ამ მოთხოვნებიდან მხოლოდ პირველი დააკმაყოფილეს და შავკანიან სპორტსმენებს ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ სმიტსა და კარლოსს ოლიმპიადაზე გამგზავრება სურდათ, ამიტომ მათ სხვა მეთოდი აირჩიეს _ არა ბოიკოტი, არამედ პოლიტიკური ჟესტი. “თავდაპირველად გვინდოდა თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, მაგრამ ამ გეგმას ყველა არ დაეთანხმა. ბევრი სპორტსმენი ფიქრობდა, რომ მედალი მათ რასიზმისგან დაიცავდა, მაგრამ მედლის მოგებაც კი ვერ იხსნიდა სპორტსმენის დედას, დას, შვილებს. ეს იქნებოდა 15-წუთიანი დიდება, მაგრამ რა მოხდება ცხოვრების დანარჩენ წლებში? ჩემთვის მედალი იგივე იყო, რაც ჯოხზე ჩამოკიდებული სტაფილო, რომელსაც მისდევს ვირი”, _ იგონებს კარლოსი.

ტომი სმიტსა და ჯონ კარლოსს დაგეგმილი ჰქონდათ დაჯილდოებაზე შავი ხელთათმნებით მისვლა, მაგრამ სმიტს თავისი ხელთათმანები ოლიმპიურ სოფელში დარჩა, ამიტომ მათ ცალ-ცალი გაიკეთეს: სმიტმა მარჯვენა ხელზე, კარლოსმა _ მარცხენაზე.

სმიტმა ჟურნალისტებს უამბო, რატომ გადაწყვიტა, საპროტესტო აქციის მოწყობა: მოგების შემთხვევაში დამიძახებდნენ ამერიკელს და არა აფროამერიკელს. მაგრამ, რაღაც ცუდი რომ ჩავიდინო, ნიგერად მომიხსენიებენ. ჩვენ შავები ვართ და ამით ვამაყობთ. შავკანიანი ამერიკა მიხვდა, რაც ჩავიდინეთ ცერემონიაზე. ჩვენ არ მოგვწონს, რომ მწვრთნელთა შორის ძალიან ცოტაა შავკანიანი; არ მოგვწონს, რომ მოჰამედ ალის ტიტული ჩამოართვეს; არ მოგვწონს, რომ შავკანიანები არ ცხოვრობენ კარგ სახლებში, ხოლო ჩვენი შვილები ვერ სწავლობენ კარგ კოლეჯებში”.

როცა ჰიმნი დასრულდა, სმიტი, კარლოსი და ნორმანი კვარცხლბეკიდან ჩამოვიდნენ _ და სტადიონზე იფეთქა მრისხანე შეძახილებმა და სტვენამ, მაგრამ ამერიკელ სპორტსმენებს თითქოს არაფერი ესმოდათ. ისინი ამაყობდნენ იმით, რაც გააკეთეს.

“მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაიელვა. ო, ღმერთო! არასოდეს განმიცდია ასეთი სიამაყე. ამბობენ, რომ ჩვენ შევურაცხვყავით დროშა, არა! ეს ჩემი დროშაა!.. ეს ამერიკის დროშაა, მე კი ამერიკელი ვარ. მე არ შემეძლო მივსალმებოდი მას დაწესებული მანერით, იმიტომ, რომ ის არ წარმომადგენდა მე სრულად. ჩემგან მოითხოვდნენ, კარგად მერბინა, შემდეგ დავბრუნებულიყავი შინ და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი ზანგი”, _ ამბობს სმიტი.

სმიტისა და კარლოსის პროტესტს დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში.

Associated Press-მა სპორტსმენების მიერ ხელის აწევა ნაცისტურ მისალმებას შეადარა. სხვა მედიასაშუალებებმა სპორტსმენებს “შავკანიანი მოიერიშეები” უწოდეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ევერი ბრენდეჯმა განაცხადა, რომ ასეთი აქციების ადგილი არ არის ოლიმპიური თამაშები, თანაც ეს აკრძალულია ქარტიით. მან მოუწოდა, სმიტი და კარლოსი გაერიცხათ აშშ-ის ნაკრებიდან და გაესახლებინათ ოლიმპიური სოფლიდან.

აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა თავდაპირველად უარი თქვა სპორტსმენების დასჯაზე, მაგრამ ბრენდეჯი დაემუქრა, რომ აშშ-ის მძლეოსანთა ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აუკრძალავდა. სმიტმა და კარლოსმა სასწრაფოდ დატოვეს ოლიმპიური სოფელი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამერიკელი სპორტსმენების აქციას “ოლიმპიური სულისკვეთების პრინციპების წინასწარგანზრახული და უხეში დარღვევა უწოდა”. როცა ბრენდეჯს ჰკითხეს, რატომ არ გააპროტესტა მან 1936 წელს ბერლინის ოლიმპიადაზე (იმხანად ბრენდეჯი აშშ-ის ოლიმპიურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა) ნაცისტური მისალმება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იმხანად ეს იყო გერმანული ეროვნული მისალმება და პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა(?!).

სმიტი და კარლოსი სამშობლოშიც არ დაინდეს. ჟურნალმა “თაიმსმა” მათ აქციას “ბოროტი და მახინჯი” უწოდა. სპორტსმენების ოჯახის წევრები განიცდიდნენ დევნას, მათ ყოველდღე მისდიოდათ მუქარის უამრავი წერილი. ამერიკელი მორბენალებისადმი სოლიდარობის გამო ავსტრალიელი პიტერ ნორმანიც სასტიკად გააკრიტიკეს სამშობლოში; მიუხედავად იმისა, რომ თავის სახეობაში საუკეთესო იყო, შემდეგ ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს.

მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე სკანდალური აქციის მოწყობის შემდეგ სმიტი განაგრძობდა შეჯიბრებებში მონაწილეობას, მოგვიანებით ის ამერიკის ნაკრებსაც კი ავარჯიშებდა.

ჯონ კარლოსიც კარგა ხანს გამოდიოდა მძლეოსნობის შეჯიბრებებში. 1980-იანი წლების შუაში კი მწვრთნელობა დაიწყო.

დროთა განმავლობაში სმიტისა და კარლოსის აქციისადმი საზოგადოებრიობის მიდგომა (ყოველ შემთხვევაში აშშში) რადიკალურად შეიცვალა, 2008 წელს სპორტსმენებს გამოჩენილი მამაცობისთთვის არტურ ეშის სახელობის ჯილდო გადასცეს. მათზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, მიუძღვნეს უამრავი სიმღერა, ხოლო სანხოსეს უნივერსიტეტის წინ, სადაც ოდესღაც სწავლობდნენ სმიტი და კარლოსი, 2005 წელს დადგესშავი სალუტისცნობილი სტატუა.

2020 წლის 15 აგვისტოს ამერიკელმა სპრინტერმა ნოა ლაილსმა მონაკოში “ბრილიანტის ლიგის” დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმეორა კარლოსისა და სმიტის ცნობილი ჟესტი კვარცხლბეკზე მდგომმა ხელთათმანიანი ხელი მაღლა ასწია.

52 წლის შემდეგ სმიტისა და კარლოსის აქციას აქტუალობა არ დაუკარგავს, პირიქით _ დღევანდელი ამერიკისთვის ის ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი ფიქრობს, დაუშვას ნებისმიერი სახის საპროტესტო აქცია ოლიმპიურ თამაშებზე, მაშინ კი ჩვენ სმიტისა და კარლოსის ბევრ მიმდევარს ვნახავთ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here