მთავარი საზოგადოება ყველა ქართველს ვალდებულად ვრაცხ, ქართულ ენას მუხლმოყრილმა მიაგოს პატივი!

ყველა ქართველს ვალდებულად ვრაცხ, ქართულ ენას მუხლმოყრილმა მიაგოს პატივი!

379
გააზიარეთ
ყველა ქართველს ვალდებულად ვრაცხ, ქართულ ენას მუხლმოყრილმა მიაგოს პატივი!

“…ერის ცხოვრება, მისი დიდება,

 მის ისტორია დაცულ არს ენით;

 რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს

 წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!”

გრიგოლ ორბელიანი

ქართული ენის რაობაზე, ღირსებაზე, მის წარმომავლობასა და ისტორიაზე არ გავკადნიერდები და აქ არაფერს ვიტყვი, ვინაიდან ჩემი ერუდიცია და გონებრივი გასაქანი არ მაძლევს ამის მოქალაქეობრივ უფლებას, რადგან არ ვარ ფილოლოგი. მე გახლავართ, უბრალოდ, მშენებელი-ინჟინერი, სხვებისგან იმ განსხვავებით, რომ ქართული ენის წარყვნის ყველა შემთხვევას ქართველი დედის შეურაცხყოფად აღვიქვამ. საკუთარი დედის მაგინებელი ნებისმიერი სუბიექტი კი არ შეიძლება ქართველად იწოდებოდეს! ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ და სავალალოდ, დღეს საქართველოში უამრავია. გნებავთ, ტელევიზიასა და პრესაში, გნებავთ _ ლიტერატურაში.

კონკრეტულად რამ განაპირობა ჩემი აღშფოთება, ქვემოთ მოგახსენებთ.

ერთ-ერთ ფრიად პატივსაცემ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი (როგორც ყოველთვის) იყო მოძრაობა “თეთრების” დამფუძნებელი, ბატონი თემურ შაშიაშვილი, მიწვეულ სტუმრებს გადმოგვცეს შესანიშნავი წიგნი “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, რომელშიც განხილულია გზები საქართველოს გამოსაყვანად დღევანდელი მდგომარეობიდან. წიგნი მხატვრულად შესანიშნავად გაუფორმებია ახალგაზრდა მხატვარს, ქალბატონ თეკლა მელაძეს, რომელსაც ბრწყინვალედ აუსახავს საქართველოს დღევანდელი ყოფა _ სისხლის ფერი გახლეჩილი ყაყაჩოთი! ნათქვამია: “დედამ შვილი რომ ინატროს, უნდა ისურვოს ასეთი!”

ახლა მოგახსენებთ წერილის ძირითად საკითხს. ზემოაღნიშნული წიგნის 108-ე გვერდზე დაბეჭდილია ბატონ შოთა ჩხეიძის _ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ნატოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის (1999-2005 წ.წ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩევლის, სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, “ქართული ერთობის დარბაზის” წევრის წერილი სათაურით: ინფორმაცია განსჯისთვის: საქართველოს მოსახლეობისთვის დადგენილი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შესახებ”.

როდესაც ამ წერილის გამო მივმართე ბატონ თემურ შაშიაშვილს, მიპასუხა, რომ ავტორს უთქვამს, ვინაიდან წერილი განკუთვნილია პოლიტიკოსებისთვის, ამიტომ გამოვიყენე ეს სიტყვაო.

მქონდა “პატივი”, მსგავს აბსურდს კიდევ ერთხელ გადავყროდი, ოღონდ ამჯერად ფრიად პატივსაცემი გაზეთის _ “საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებზე (168. 27 აგვისტო, 2019 წელი).

წერილის ავტორია ცნობილი პოლიტოლოგი, ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც სხვებივით არ სცემს შესაბამის პატივს მშობლიურ ენას. გაზეთში გამოქვეყნებულია მისი წერილი სათაურით: “აგრესიული, დაბოღმილი, არაადეკვატური ქართველობა ჩვენს ქვეყანას სიცოცხლეს უმოკლებს!”

ასეა, ქალბატონებო და ბატონებო! რომ გაგიგდიათ ფეხქვეშ, როგორც დიდოელ ლეკს ნაბადი, ეს ჩვენი, ქართველ დედასავით ხელიხელ საგოგმანები დედაენა, რაღაცამ, ადამიანურის მაგვარმა, ხომ უნდა შეგაწუხოთ?! იყო დრო, როდესაც ყველაფერი, მათ შორის, დედაენა დაცული იყო უმაღლეს დონეზე, თუნდაც მაშინ, როცა ქართული ენის პალატას ბატონი ლევან ღვინჯილია თავკაცობდა. დროა, მავანმა, ვისაც უშუალოდ ევალება და ეხება ეს საკითხი, ყურები გამოიფხიკოს და მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება ენას!

“ადე-კვატური”, დაჯე-ბატური,

“სიტუაცია” სულ გააცივა.

“იგნორირება”-მ “აჟიოტაჟი”-თ,

გაღიმებულმა შემოჰკრა ტაში!

* ადეკვატური _ შესაბამისი; * სიტუაცია _ ვითარება; * იგნორირება _ უგულებელყოფა; * აჟიოტაჟი _ აურზაური.

აი, ქალბატონებო და ბატონებო, ის ბრწყინვალე ქართული სიტყვები, რომელთა არაქართულ შესატყვისს ვასაღებთ, როგორც ქართულს. დროა, სამართალს ვაჭამოთ ქართული პური.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის,

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ძმათამკვლელ ბრძოლებში

დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის უკვდავყოფის

საქველმოქმედო ფონდსანთელის

დამფუძნებელი და თავმჯდომარე,

ორი დაღუპული

მებრძოლის მამა,

ქართული ერთობისდარბაზის წევრი

ანზორ დანელია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here