Home რუბრიკები სპორტი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები მსოფლიოში

ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები მსოფლიოში

757
ხავი (ხავიერ ერნანდეს კრეუსი)
ხავი (ხავიერ ერნანდეს კრეუსი)

წარმოგიდგენთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელებს სპორტის ამ სახეობის ისტორიაში. ჩამონათვალში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებიც, უეფას ვერსიით, ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში გამოდიან _ ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. სარეიტინგო სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო მხოლოდ ის ჯილდოები, რომლებიც ფეხბურთელებმა მოიგეს კლუბებისა და ეროვნულ ნაკრებების მაისურებით.

ხავი (ხავიერ ერნანდეს კრეუსი)

* ამპლუა: ნახევარმცველი;

* კლუბები: “ბარსელონა”, “ალ-სადი”;

* ესპანეთის ნაკრები;

* ტიტული _ 33.

ხავიმ 17 წელი გაატარა “ბარსელონაში”, 4 _ ყატარულ კლუბ “ალ სადში”. 21 წლის განმავლობაში 29 ჯილდო მოიგო საკლუბო ტურნირებზე. მათგან 25 _ ესპანეთში, 4 _ ყატარში. 8-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ იყო ესპანეთის თასის მფლობელი, 6-ჯერ _ სუპერთასის; 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2-ჯერ მოიგო უეფას სუპერთასი, 2-ჯერ _ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ხავიერ ერნანდეს კრეუსმა სახელი გაითქვა მოედნის ხედვითა და პარტნიორებთან შეთამაშებით. მისი ოსტატობის დამამტკიცებელია 2013/2014 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი, რომლის მიმდინარეობისას 95 გადაცემა შეასრულა და ყველა 100%-იანი სიზუსტით.

ესპანეთის ნაკრების მაისურით ხავიმ 133 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2008 და 2012 წლებში _ ევროპის ჩემპიონატი.

რაიან გიგზი
რაიან გიგზი

რაიან გიგზი

* ამპლუა: ნახევარმცველი;

* კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”;

* უელსის ნაკრები; დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრები;

* ჯილდოების რაოდენობა _ 34.

რაიან გიგზი ინგლისური ფეხბურთისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდაა. 24 წლის განმავლობაში თამაშობდა მანჩესტერულ კლუბში, 963 მატჩი ჩაატარა და 168 ბურთი გაიტანა. უელსელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ინგლისის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მოიგო, 4-ჯერ დაეუფლა ინგლისის თასს, 3-ჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი და 9-ჯერ _ სუპერთასი.

გიგზმა 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა _ 1999 და 2008 წლებში. ერთხელ _ უეფას სუპერთასი და ორჯერ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

ჟერარ პიკე
ჟერარ პიკე

ჟერარ პიკე

* ამპლუა: მცველი;

*კლუბები: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა”;

* ესპანეთის ნაკრები;

* ჯილდოების რაოდენობა _ 35.

პიკემ კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაიწყო 2006 წელს. 17 წლის იყო, როცა იქ “ბარსელონადან” გადავიდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში 2008 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ინგლისის სუპერთასი, საფეხბურთო ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა (2007 და 2008წწ.). 2008 წელს პიკე “ბარსელონაში” დაბრუნდა და დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს. კატალონიელებთან ერთად ჟერარმა 29 ტიტული მოიგო: 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ _ ესპანეთის თასი, 6-ჯერ _ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. 3-ჯერ მოიგო უეფას სუპერთასი და 3-ჯერ _ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი; ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პიკემ მსოფლიოსა (2010 წ.) და ევროპის ჩემპიონის (2012 წ.) ტიტული მოიპოვა.

ლიონელ მესი
ლიონელ მესი

ლიონელ მესი

* ამპლუა: თავდამსხმელი;

* კლუბი: “ბარსელონა”;

*არგენტინის ნაკრები;

* ჯილდო _ 36.

მესი 2003 წლიდან იცავს “ბარსელონას” ღირსებას. 17 წლის განმავლობაში 10-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ _ ესპანეთის თასი, 8-ჯერ _ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ _ უეფას სუპერთასი, 4-ჯერ _ ჩემპიონთა ლიგა (2009, 2011 და 2015 წ.), 3-ჯერ _ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. არგენტინის ნაკრებში 16-წლიანი გამოსვლის შედეგად მესიმ მოიგო ორი ჯილდო _ 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი და 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი.

მაქსველი
მაქსველი

მაქსველი

* ამპლუა: მცველი;

* კლუბები: “კრუზეირო”, “აიაქსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “პსჟ”;

* ბრაზილიის ნაკრები;

* ჯილდო _ 37.

მაქსველმა კარიერა ბრაზილიურ “კრუზეიროში” დაიწყო 2000 წელს და დაასრულა “პსჟ”-ში 2017 წელს. ბრაზილიელმა მცველმა საკლუბო დონეზე მოიგო ნიდერლანდების (2), იტალიის (3), ესპანეთის (2), საფრანგეთის (4) ჩემპიონატები, ორჯერ იყო ნიდერლანდების თასის მფლობელი, ერთხელ _ იტალიის სუპერთასის და ბრაზილიის თასის. “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ესპანეთის სუპერთასი (3), უეფას სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2). “პსჟ”-სთან ერთად დაეუფლა საფრანგეთის სუპერთასს (4), საფრანგეთის ლიგის თასს და საფრანგეთის თასს.

ანდრეს ინიესტა
ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა

* ამპლუა: ნახევარმცველი;

* კლუბები: “ბარსელონა”, “ვისელ კობე” (იაპონია);

* ესპანეთის ნაკრები;

* ჯილდო _ 39.

“ბარსელონას” შემადგენლობაში ინიესტამ 32 ტიტული მოიპოვა, 9-ჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ _ ესპანეთის თასის მფლობელი, 7-ჯერ _ სუპერთასის, 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ უეფას სუპერლიგა, 3-ჯერ _ კლუბების მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. იაპონიაში ინიესტამ მოიგო იაპონიის თასი და სუპერთასი. ესპანეთის ნაკრების მაისურით ინიესტამ 2-ჯერ (2008 და 2012) გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში და ერთხელ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ინიესტამ გაიმარჯვა ევროპის 16 და 19 წლამდელთა ახალგაზრდულ ჩემპიონატებში.

დანი ალვეში
დანი ალვეში

დანი ალვეში

* ამპლუა: მცველი;

* კლუბები: “ბაია”, “სევილია”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი”, “სან-პაულუ”;

* ბრაზილიის ნაკრები;

* ჯილდოები _ 43.

დანი ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. არის ბრაზილიის ბაიას შტატის ჩემპიონი და ჩრდილო-აღმოსავლეთის თასის 2-გზის მფლობელი. “სევილიასთან” ერთად იყო ესპანეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი, უეფას თასისა (2) და სუპერთასის მფლობელი. “ბარსელონასთან” ერთად 6-ჯერ გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში, 4-ჯერ მოიგო ესპანეთის თასი, ამდენჯერვე _ ესპანეთის სუპერთასი. 3-ჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული, 3-ჯერ _ უეფას სუპერთასი და 3-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში. “იუვენტუსთან” ერთად ალვეშმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი. “პსჟ”-სთან ერთად 2-ჯერ გაიმარჯვა საფრანგეთის ჩემპიონატში, მოიგო საფრანგეთის თასი და საფრანგეთის ლიგის თასი, აგრეთვე, საფრანგეთის სუპერთასი (2). ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, 2-2-ჯერ დაეუფლა ამერიკისა და კონფედერაციის თასს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here