Home რუბრიკები სპორტი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები სპორტის ისტორიაში

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები სპორტის ისტორიაში

237

ტოკიოს ოლიმპიადაზე რამდენიმე ისეთი რეკორდი დამყარდა, რომელთა მოხსნაც ძალიან რთული იქნება: 52 წლის ქართველი სპორტსმენი, პისტოლეტიდან სროლაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე მე-9 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა (დებიუტი ჰქონდა 1987 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა 17 წლის იყო); 13 წლის იაპონელმა გოგონამ კი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვაგაეცანით ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონებს ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

მომიჯი ნიშია

XXXII ოლიმპიურ თამაშებში პირველად დაუშვეს სპორტის სახეობა სკეიტბორდინგი, რომელშიც 13 წლის იაპონელმა მომიჯი ნიშიამ ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გავიდა, ასევე, 13 წლის გოგონა ბრაზილიელი რაისუ ლილი, მესამეზე _ ნაკაიამა ფუნა.

ეს იყო სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კვარცხლბეკი.

მარსელ დეპაიე

მარსელ დეპაიე ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად ითვლება. ფრანგმა ოქროს მედალი მოიპოვა აკადემიურ ნიჩბოსნობაში 1900 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე, როცა ნიდერლანდების ნაკრების ღირსებას იცავდა. იმხანად მარსელ დეპაიე 10 წლის იყო.

მარტინა ჰინგისი

დიდი მუზარადის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი. 1997 წელს მარტინა 16 წლის იყო, როცა ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მოიგო და მას შემდეგ მსოფლიოს სარეიტინგო სიის #1 ჩოგანი გახდა. სამწუხაროდ, მარტინას ზურგის პრობლემები შეექმნა და კარიერა მალე დაასრულა, მაგრამ დიდი მუზარადის ტურნირებში 5-ჯერ გამარჯვება მოასწრო.

პელე

პელე (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) 17 წლის გახლდათ, როდესაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს უელსთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შემდეგ იყო ფრანგებთან მოგება ნახევარფინალში და პელეს ჰეთ-თრიკი. ფინალში კი ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა დიდი წვლილი შეიტანა შვედების დამარცხებაში _ 5:2. პელე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

კიმ იუნ მი

სამხრეთკორეელი კიმ იუნ მი 13 წლის იყო, როცა 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შორტ-ტრეკში გაიმარჯვა. მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მან 1998 წელს ნაგანოში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ნადია კომანეჩი

რუმინეთის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის ვარსკვლავი ძალიან ადრე ამობრწყინდა. ნადია 13 წლის იყო, როცა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი მონრეალის ოლიმპიადაზე ტრიუმფით იასპარეზა. 4 წლის შემდეგ მოსკოვის ოლიმპიადაზე კომანეჩიმ კვლავ გაიმარჯვა.

2000 წელს ტანმოვარჯიშე 100 ყველაზე დიადი რუმინელის სიაში მეათე ადგილზე გავიდა.

კრისტინა ეგერსეგი

სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ნორჩმა უნგრელმა მოცურავე გოგონამ, რომელსაც მეტსახელად თაგვი შეარქვეს, მაყურებლებიც გააოცა და გერმანელი მეტოქეებიც, რომლებიც 1980-იან წლებში ცურვაში ყოველთვის დომინირებდნენ, 45 კგ წონის 14 წლის გოგონამ 200 მ ზურგზე ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. შემდეგ კი ორ ოლიმპიადაზე ზედიზედ გაიმარჯვა. ის ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც 3 ოლიმპიურ თამაშებში მოიგო ოქროს მედლები ზურგზე ცურვაში.

ჯეკი ფილდსი

კრივში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის რეკორდს, რომელიც ჯეკი ფილდსს ეკუთვნის, ვერავინ გააუმჯობესებს, რადგან ის 16 წლის იყო, როცა ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა, ახლა კი ოლიმპიადებზე მოკრივეების წლოვანება შეზღუდულია _ რინგზე მხოლოდ 18 წელზე მეტი წლოვანების სპორტსმენს შეუძლიათ გასვლა.

ამერიკელმა ჯეკი ფილდსმა (იაკობ ფილკენშტეინმა) 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.

იულია ლიპნიცკაია

რუსმა მოციგურავემ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში რამდენიმე რეკორდი დაამყარა. პირველი _ ის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია რუს სპორტსმენებს შორის; მეორე _ 6 დღით გააუმჯობესა ამერიკელი მოციგურავის, ტარა ლიპინსკის, რეკორდი და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა ფიგურული ციგურაობის ერთეულთა თანრიგში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here