მთავარი პოლიტიკა ყაზახეთი: დემოკრატიის მშენებლობა საკუთარი ძალებით

ყაზახეთი: დემოკრატიის მშენებლობა საკუთარი ძალებით

250
გააზიარეთ
ყაზახეთი: დემოკრატიის მშენებლობა საკუთარი ძალებით

ყაზახეთს ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული დემოკრატიული პროცესები, რომლებსაც ხელს უწყობს ხელისუფლება. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ისტორიული არჩევნების დღეს, 2019 წლის 9 ივნისს, როდესაც გამიმართლა, პირადად გამეშუქებინა ეს მოვლენა რესპუბლიკის დედაქალაქიდან, თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადამდგარმა პირველმა პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა: “გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს _ გადადგომაზე ფიქრი და მისთვის მზადება დავიწყე სამ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინათ”.

ნაზარბაევის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ფიქრობდა, აფასებდა და აანალიზებდა ვითარებას, აკვირდებოდა თავისი საქმის ღირსეულ გამგრძელებლებს, მაგრამ, რაც მთავარია, ხვეწდა უკვე არსებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქმნიდა ახლებს. ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დამაგვირგვინებელი აქტი იყო სახელმწიფოს ახალი მეთაურის თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები (მონაწილეობდა შვიდი კანდიდატი), ამ არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

ყოველივე გარედან ჩარევის გარეშე მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ყაზახების ძალისხმევით. ბრძენი ნაზარბაევი ხვდებოდა, რომ ქვეყანა მუდმივად ვერ დაეყრდნობა ერთი კაცის ავტორიტეტს; ამიტომ მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება _ მოემზადებინა ხელისუფლების ცვლილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის ზრდის პერსპექტივების დაკარგვის გარეშე. ყაზახეთის დემოკრატიზაცია საშინაო პროცესია, იგი წარმოადგენს საზოგადოების სოციალურ დაკვეთას და ადგილი არ აქვს საეჭვო დემოკრატიის იმპორტს, რომელიც არ ესადაგება არა მხოლოდ ყაზახეთს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ ხანდახან იძულებულნი არიან, ის მიიღონ…

ყაზახეთმა ღირსეულად ჩაატარა არჩევნები და მას ჰყავს ღირსეული ახალი პრეზიდენტი _ უდიდესი გამოცდილების მქონე დიპლომატი და მმართველი ყასიმჟომარტ ტოკაევი. ეს ინტელიგენტი, მცოდნე, საქმიანი, თავმდაბალი და მომხიბლავი ადამიანი, რომელმაც ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი ხმა მიიღო, გაურბის ხმამაღალ განცხადებებს და მოუთმენლად ელის სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე ყოველდღიური სამუშაოს დაწყებას. მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს ტოკაევმა 10 ივნისს შემდეგი განუცხადა:

“შედეგების გამოცხადების შემდეგ, გასაკვირია, მაგრამ არ განვიცდიდი რაიმეს. არ ვიცი, რატომ, მხოლოდ სიმშვიდე დამეუფლა. სავარაუდოდ, ალბათ, მაინც იმის გამო მოხდა ეს, რომ უკვე იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო შემდგომ, სამუშაო გრაფიკი ძალზე დატვირთულია. ასეთ ვითარებაში სიცილისა და სიხარულის დრო არ მრჩება. თვით სიტყვა “გამარჯვება” უფრო სამხედრო კონფლიქტების სფეროს განეკუთვნება, ვიდრე არჩევნებს, დღის წესრიგში იდგა ამომრჩევლების ჩემდამი დამოკიდებულების გარკვევა… 14 ივნისს უნდა გავემგზავრო ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობითვის, შემდეგ კი დუშანბეში მიწევს წასვლა”.

ყაზახეთი: დემოკრატიის მშენებლობა საკუთარი ძალებით

ტოკაევისთვის მიუღებელია ტერმინი “ხელისუფლების ტრანზიტი”, რომელიც დამკვირდა პოლიტოლოგიურ და ჟურნალისტურ წრეებში. ყაზახეთში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და ტოკაევს არ შეუძლია, ვინმეს აუკრძალოს ამ ტერმინის გამოყენება. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ე. წ. “ხელისუფლების ტრანზიტი” მხოლოდ საწყის მდგომარეობაშია და ყაზახეთს წინ ელის სახელმწიფოებრივ-სტრუქტურული ცვლილებები. ამაზე ღიად მსჯელობენ ქვეყნის სატელევიზიო არხების თოკ-შოუებში, რომლებსაც მე მოვუსმინე.

აღსანიშნავია ყაზახეთის პოლიტოლოგიური საზოგადოების მაღალი დონე, აქ უფროსი თაობის ბევრი გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტი; საგანმანათლებლო პროგრამამ და მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიერ ცოდნის მიღების სახელმწიფოებრივმა მხარდაჭერამ თავისი შედეგები მოიტანა. ჩვენი თოკშოუებისგან განსხვავებით, ყაზახეთში ოპონენტები ერთმანეთს პიროვნულად არ ესხმიან თავს, არ არის ზედმეტი ემოციები და, მით უმეტეს, შეურაცხყოფა; არის პოლიტიკური ვითარების კრიტიკული განხილვა და ოპტიმალური შესაძლო გადაწყვეტილებების ძიება.

ასეთ მდგომარეობას თანამდევი მოვლენებიც ახლავს. როგორც ტელეარხ “ხაბარის” თოკშოუს ერთ-ერთმა მონაწილემ არჩევნების დასრულების საღამოს აღნიშნა, საზოგადოება ერთგვარად გადაიღალა ყაზახურ პოლიტიკაში შოუს ელემენტებისა და მძაფრი განცდების არარსებობის გამო, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორც, მაგალითად, უკრაინაა, სადაც შოუმენად თვითონ პრეზიდენტი გვევლინება. როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილისთვის შოუ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განვითარება, ამიტომ ქალაქების _ ნურ-სულთანისა და ალმატის _ ქუჩებში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა პროტესტის ნიშნად, თუმცა რას აპროტესტებდნენ ისინი, გაუგებარი დარჩა. არჩევნები ჩატარდა და ეს არის ლეგიტიმური არჩევნები, ამიტომ მათ არ შეეძლოთ, გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები, ვინაიდან არანაირი არსებითი ხასიათის დარღვევები არ იქნა გამოვლენილი. გამოდის, რომპროტესტანტებსმხოლოდ ყაზახეთის იმიჯის გაფუჭება და შემდგომი ესკალაციისთვის პირობების შექმნა სურდათ. ქვეყნის გარეთ არიან გავლენიანი ძალები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ სტაბილური და სუვერენული ყაზახეთი, სწორედ ამ ძალების მხრიდანდაუბერა ქარმა”. ქაოსის შექმნის მოსურნეები, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ, ქუჩებში შეთანხმებულად, ორგანიზებულად გამოვიდნენ, მათ აშკარად ერთი ცენტრიდან აძლევდნენ მითითებებს. სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღეს, რათა არ დაეშვათ არეულობა არჩევნების დღეს, როდესაც ხალხი საარჩევნო უბნებზე გადიოდა და უკან ბრუნდებოდა, მაგრამ პროვოკატორებმა მიიღეს ვიდეოკადრები _ პოლიციელები აკავებენ სამოქალაქო პირებს. სწორედ ამის ტირაჟირება მოახდინა დასავლურმა მასმედიამ, რომელიც არანაირ არჩევნებს არ სცნობს, თუ ის დასავლეთის ქვეყნებში დაწერილი გარკვეული სცენარის მიხედვით არ მიმდინარეობსსამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მოხსენებაში დაუსაბუთებლად არის აღნიშნული დარღვევები, რომლებიც სინამდვილეში არ მომხდარა.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ხელს ვერ შეუშლის ახალი პრეზიდენტის წარმატებულ სტარტს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყაზახეთში არავინ კრძალავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუკი ეს ხდება კანონის ფარგლებში, სხვა მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. რაც შეეხება ეუთოს კრიტიკას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის გარდა არსებობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, არანაკლებ ავტორიტეტული, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს და მაღალი შეფასება მისცეს მას. მართლაც, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა ვლადიმერ ნოროვმა და მაჰმუდ ალ რაისიმ დადებითად შეაფასეს არჩევნები. დადებითად დაახასიათეს ეს არჩევნები გერმანელმა დამკვირვებლებმა, საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა და დიპლომატებმა: . ბორნმა, . ცერტიკმა და . გროსემ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, პარლამენტარებმა რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს დამკვირვებლებმა. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენს პარლამენტარებს _ . ოქრიაშვილს, . ნიკოლაიშვილსა და . ნოზაძეს, რომლებმაც 9 ივნისის ბრიფინგზე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნები მიმდინარეობს ძალზე მაღალი სტანდარტების შესაბამისად და დარღვევების გარეშე.

დასასრულ, არჩევნების შემდეგ, 10 ივნისს, სასტუმრო “ბესტ ვესტერნის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით “ხელისუფლების ტრანზიტი _ ახალი ყაზახეთი: ელიტების კონსოლიდაცია”, რომელშიც ვმონაწილეობდი. ამ ღონისძიების ინიციატორის როლში გამოვიდა გეოპოლიტიკური პროგნოზირების საერთაშორისო ცენტრი “აღმოსავლეთი-დასავლეთი” და მისი დამფუძნებელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი კარგილაშ ნუგმანოვა. მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ ცნობილი ყაზახი და უცხოელი პოლიტიკოსები. არჩევნების შემდგომი ყაზახეთის შიდაპოლიტიკური რეალიები განხილულ იქნა რეგიონულ და გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here