Home რუბრიკები სპორტი “ღვთის ხელი”, ჰოლიფილდის ყური, ზიდანის თავური და სუარესის კბენა

“ღვთის ხელი”, ჰოლიფილდის ყური, ზიდანის თავური და სუარესის კბენა

სპორტსმენების სკანდალური გამოხდომები

129

პეტროსიანისა და კორჩნოის ომი

მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის 1974 წლის აპრილში ოდესაში გამართული მატჩი სკანდალური აღმოჩნდა ჭადრაკის ისტორიაში.

ტიგრან პეტროსიანსა და ვიქტორ კორჩნოის მატჩის პირველი ორი პარტია მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა, თუმცა ორივე კორჩნოიმ მოიგო. შემდეგ განგაში ატეხა პეტროსიანის ცოლმა, რომელსაც აქამდე ყველაფერი მოსწონდა ოდესაში. ქალბატონმა რონამ მატჩის ორგანიზატორები ყველანაირ ცოდვაში დაადანაშაულა. ცეცხლზე ნავთი დაასხა მრავალრიცხოვანმა სომხურმა დიასპორამ, რომელმაც გამოფინა შემდეგი შინაარსის ბანერი “მოსკოვიდან ერევნამდე ყველა ტიგრანს გულშემატკივრობს!”, ვალში არც კორჩნოის თაყვანისმცემლები დარჩენილან: “კვლავ ველოდებით გამარჯვებას!”.

შემდეგ ბანერების შინაარსი აგრესიული გახდა. სომხებმა არც ებრაელი კორჩნოის სომეხი ცოლი დაინდეს _ “ბელა, შენ ხალხი გაყიდე!”, დაპირისპირების კვანძის გახსნა მოხდა 25 აპრილს, როცა ანგარიში 2:1 იყო კორჩნოის სასარგებლოდ. “მე გარკვეული უპირატესობა მოვიპოვე, _ იხსენებდა კორჩნოი, _ პეტროსიანმა კვლავ ააყანყალა მაგიდა. მომეჩვენა, რომ ამას განგებ აკეთებდა _ ხელს მიშლიდა სვლის მოფიქრებაში. “მაგიდას ნუ აყანყალებთ, ხელს მიშლით!” _ ვუთხარი მე. “ბაზარში ხომ არ ვართ”, _ მიპასუხა მან და განაგრძო თავისი ბნელი საქმე. სწორედ მაშინ წარმოვთქვი საბედისწერო ფრაზა: “თქვენ ბოლო შანსს იჭერთ!” ეს ფრაზა ბოლო აღმოჩნდა, ამის შემდეგ ჩვენ აღარ გვილაპარაკია. პარტია პეტროსიანისთვის უიმედო მდგომარეობაში გადაიდო და მის დასასრულებლად არც კი გამოცხადებულა. ანგარიში 3:1-ზე (კორჩნოის ერთი პარტიის მოგება სჭირდებოდა მატჩის მოსაგებად) _ მატჩი პეტროსიანის ავადმყოფობის გამო შეწყდა. ბევრის აზრით, პეტროსიანმა, იმხანად მსოფლიოს ექსჩემპიონმა, ავადმყოფობა მოიმიზეზა.

ლუი სუარესმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას იტალიელ ფეხბურთელს უკბინა

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი სანაკრებო შეხვედრების 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 4-თვიანი საფეხბურთო მოღვაწეობის აკრძალვით დასაჯეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაი-იტალიის მატჩის მიმდინარეობისას იტალიელი მცველის _ ჯორჯო კიელინისთვის მხარზე კბენის გამო.

მატჩის 78-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, საჯარიმო მოედანზე პოზიციისთვის ბრძოლის მომენტში სუარესმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა. კიელინიმ კი მას სახეში იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი მსაჯს ნაკბენი აჩვენა, მაგრამ არბიტრმა ინგლისის ჩემპიონატის 2013-14 წლების საუკეთესო ბომბარდირი სუარესი არ დასაჯა. ამ ინციდენტის შემდეგ ურუგვაელმა დიეგო გოდინმა ერთადერთი ბურთი გაიტანა და თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. იტალიელთა აზრით, მსაჯს სუარესი მოედნიდან უნდა გაეძევებინა, ურუგვაელები კი ამტკიცებდნენ, რომ სუარესს კიელინისთვის არ უკბენია. ფიფამ სუარესს 4 თვით აუკრძალა საფეხბურთო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ის, ამასთანავე, 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და 110 ათასი დოლარითაც დააჯარიმეს.

კონორ მაკგრეგორი თავს დაესხა ავტომობილს, რომელშიც ნურმაგომედოვი იჯდა

ინციდენტი მოხდა ბრუკლინის სასპორტო კომპლექს Barclays Center-ის მიწისქვეშა ავტოსადგომში UFC-ს (აბსოლუტური საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონატი) მორიგი ტურნირის სარეკლამო ღონისძიების წინ, რომელიც მეორე დღეს უნდა გამართულიყო. ავტობუსი, რომელშიც UFC-ს მებრძოლები ისხდნენ, სადგომიდან გადიოდა, როცა მოულოდნელად გამოჩნდა მაკგრეგორი და ტრანსპორტს მძიმე საგნები დაუშინა _ სუპერმარკეტის ურიკა, ველოსიპედების მისაბმელები და ყველაფერი, რაც ხელში მოხვდა. შედეგად ჩაიმსხვრა ავტობუსის მინა და მისმა ნამსხვრევებმა რამდენიმე მებრძოლი დააზიანა.

სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, საკადრისი მიეზღოთ მაკგრეგორისთვის, მაგრამ მძღოლმა ავტობუსის კარი არ გააღო. ამ თავდასხმის შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა მაკგრეგორზე, რომელიც მოგვიანებით თვითონ ჩაბარდა სამართალდამცველებს. მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. მაკგრეგორის მრისხანების მიზეზი იყო რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ინციდენტი, როცა რუსეთის წარმომადგენელი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი, მაკგრეგორის გუნდის წევრს, რუს არტურ ლობოვს დაუპირისპირდა სოცქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ფრაზის გამო და მას სილა გააწნა. კონორ მაკგრეგორი სპეციალურად ჩაფრინდა ნიუ-იორკში თავისი გუნდის წევრის გამოსასარჩლებლად.

დერეკ ჩისორამ ვიტალი კლიჩკოს სილა გააწნა

ინციდენტი მოხდა მიუნხენში, WBC-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინა აწონვისას მსოფლიოს იმჟამინდელ ჩემპიონს, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელ დერეკ ჩისორას შორის. მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა გაიარეს აწონვის პროცედურა, დადგა ტრადიციული ე.წ. “მზერაში შეჯიბრების” დრო და უცებ ჩისორამ კლიჩკოს სახეში გაარტყა. უკრაინელი შეეცადა, ეპასუხა, მაგრამ საქმეში მყისვე ჩაერივნენ უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები და კლიჩკოს ხურდის დაბრუნების უფლება არ მისცეს.

ერიკ კანტონა და კუნგფუ

“კრისტოლ პელასისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩის მიმდინარეობისას არასპორტული საქციელისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა “მანჩესტერელთა” ფრანგი თავდამსხმელი ერიკ კანტონა. მოედნის დატოვებისას ფრანგი წამოეგო “კრისტალ პელასის” გულშემატკივრის, მეტიუ სიმონსის, პროვოკაციას _ ახტა ტრიბუნაზე, კუნგ-ფუს ილეთი გამოიყენა და მას ფეხი დაარტყა. ფრანგ ფეხბურთელს 120 საათით საზოგადოებრივი შრომა, სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია და 10 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მიუსაჯეს.

მარსელისმეკარემ პირდაპირ მოედანზე მოშარდა

ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მეკარისთვის უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, მცველისთვის ან თავდამსხმელისთვის, რადგან კარის დატოვება და ტუალეტში გაქცევა შეიძლება მოწინააღმდეგის მიერ გატანილი ბურთით დასრულდეს.

უეფას თასის გათამაშების მატჩში “მარსელის” მეკარე ფაბიენ ბარტეზმა პირდაპირ გაზონზე მოშარდა. მართალია, ათასობით გულშემატკივრის ყურადღება საწინააღმდეგო მხარეს, მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედნისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ ბარტეზის საქციელი ფოტორეპორტიორებს არ გამოჰპარვიათ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here