მთავარი დაიჯესტი “ღარიბი ნათესავების” ბუნტი: ყოფილი სოციალისტური ქვეყნები მზად არიან ევროკავშირის დასაშლელად

“ღარიბი ნათესავების” ბუნტი: ყოფილი სოციალისტური ქვეყნები მზად არიან ევროკავშირის დასაშლელად

1730
გააზიარეთ
შარლ მიშელი

20 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბნენ უახლოესი 7 წლის ბიუჯეტზე სამსჯელოდ. Brexitის გამო ევროკავშირს მწვავე ფინანსური კრიზისი ემუქრება. წამყვანი სახელმწიფოები გასავლების ოპტიმიზაციას უჭერენ მხარს, შედარებით ღარიბი ქვეყნები კი მოითხოვენ, რომ ძირითადმა დონორებმა მოუმატონ შენატანებს საერთო ბიუჯეტში.

ფული არ არის, მაგრამ გაუძელით!

ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვა ყოველთვის გამოირჩევა სისასტიკით, რადგან ლაპარაკია იმაზე, რამდენი უნდა ამოიღო ჯიბიდან საერთო ქვაბში ჩასადებად და, რაც მნიშვნელოვანია, ვის და რა მოცულობით ერგება ეს ფული. ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, მიმდინარე წელს “მოლაპარაკებები ყველაზე რთული იყო ევროკავშირის ისტორიაში”, რადგან შეიქმნა ახალი პრობლემა: დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან და, შესაბამისად, საერთო ბიუჯეტში აღარ გადაიხდის თანხას.

წარმოქმნილ ფინანსურ ნახვრეტს სპეციალისტები 80 მლრდ ევროდ აფასებენ 7 წელიწადში. უნდა გადაწყდეს, რით მოხდება დანაკარგის კომპენსაცია.

ქამრის შემოჭერის აუცილებლობამ მკვეთრად გაამწვავა წინააღმდეგობა დონორ ქვეყნებს, რომელთა ხარჯზეც ხდება ევროკავშირის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის შევსება, და იმ “ღარიბ ნათესავებს” შორის, რომელთა ეკონომიკა კრიტიკულად არის დამოკიდებული ბრიუსელის ფინანსურ დახმარებაზე.

დონორები დაჟინებით მოითხოვენ გასავლების შემცირებას და ფინანსური პრიორიტეტების გადახედვას. ე.წ. ეკონომიური ხუთეული _ ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დანია _ მოითხოვს, საერთო ბიუჯეტში შენატანები განისაზღვროს მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1%-ით (ამჟამად არის _ 1,067%).

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ, დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და შვედეთის პრემიერმინისტრმა სტეფან ლევენმა თავიანთი არგუმენტები ჩამოაყალიბეს ერთობლივ სტატიაში, რომელიც Financial Times-მა გამოაქვეყნა.

ახლა ჩვენთვის აუცილებელია, გავათვითცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, _ წერენ ისინი. _ ბიუჯეტში შემოსავლები სტაბილური უნდა იყოს ეროვნული შემოსავლების ერთი პროცენტის დონეზე”.

სტატიის ავტორები მიუთითებენ, რომ დონორების ხარჯები გამუდმებით იზრდება.

ევროკავშირში ფინანსური სიმძიმე ქვეყნების სულ უფრო მცირე რაოდენობას აწვება მხრებზე, _ აღნიშნავენ ისინი. _ ევროკავშირის ბიუჯეტის 75%- უზრუნველყოფს ჩვენი 4 ქვეყანა და პლუს გერმანია”.

ამას გარდა, წამყვანი ქვეყნები მოითხოვენ პრიორიტეტების გადახედვას ევროკავშირის საბიუჯეტო პოლიტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი დღევანდელი დღის გამოწვევებს მოხმარდეს _ ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მხარდაჭერას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას, მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს”, _ აღნიშნავენ ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და ნიდერლანდების ლიდერები. ახალი პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ევროკავშირს სთავაზობენ გასავლების შემცირებასშემჭიდროებულობის პოლიტიკაზე”, .. ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკის განვითარების დაფინანსებასა და სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა პროგრამის მხარდაჭერაზე.

ქურდის ქურდი ცხონდაო

“ეკონომიურ ხუთეულს” უპირისპირდება ბლოკი ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფოებისა, რომლებიც თავს “შემჭიდროებულობის მეგობრებს” უწოდებენ. ესენია ყველა ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, აგრეთვე, ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, კვიპროსი და მალტა”.

“შემჭიდროებულობის მეგობრებმა” 1 თებერვალს პორტუგალიაში შეხვედრაზე მოილაპარაკეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ “ეკონომიური ხუთეულის” წინადადებებს. ეს ინიციატივები ჩვენს ქვეყნებს წაართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, _ ნათქვამია მათ დეკლარაციაში. _ 2021-2027 წლების შემჭიდროებულობის პოლიტიკის დაფინანსებას მხარი უნდა დავუჭიროთ 2014-2020 წლების ბიუჯეტის დონეზე. არც ერთი სახელმწიფო არ უნდა შეეჯახოს გასავლების მკვეთრ შემცირებას შემჭიდროებულობის ბიუჯეტის ჩარჩოებში”.

რაც შეეხება ახალ პრობლემებს, “შემჭიდროებულობის მეგობრების” აზრით, ისინი უნდა გადაიჭრას არა მოქმედი პროგრამების შემცირებით, არამედ ევროკავშირის ბიუჯეტში ეროვნული შემოსავლებიდან შენატანების მომატებით თითქმის მესამედით _ მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1,3%-მდე.

ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაქცია: სებასტიან კურცი ვეტოს დადებით დაიმუქრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის მიუღებელია ევროკავშირის ბიუჯეტში მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1%-ზე მეტის შეტანა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რამდენიმე დღის წინათ წამოაყენა კომპრომისული ვარიანტი _ ეროვნული შენატანების მომატება მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1,1%-მდე. ის სახსრები კი, რომლებიც დააკლდებათ, უნდა დაიფაროს ახალი გადასახადების დაწესებით ციფრულ მონოპოლიაზე, პლასტიკატებზე, სასათბურე აირების გამოყოფაზე და ..

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა ქვეყნები გააფრთხილა: შემჭიდროებულობისა და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების შემცირება გარდაუვალია. მისი რეკომენდაციით, შემჭიდროებულობის ფონდი 12%-ით უნდა შეიკვეცოს, ევროპის სასოფლო-სამეურნეო ფონდი _ 14%-ით.

ევროპარლამენტმა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი, ეს ყველაფერი უკვე უარყო. მასში (ევროპარლამენტში) უმეტესობა ღარიბი ქვეყნებია. “ევროპის პარლამენტი არ დათანხმდება ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს საკვანძო პროგრამების შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ევროპის ჩამორჩენა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიც არის აშშ და ჩინეთი, _ განაცხადა სპიკერმა დევიდ სასოლიმ, _ ეს ძალიან შორს არის იმისგან, რაც ჩვენ გვჭირდება”.

მან დააზუსტა, რომ პარლამენტარები დათანხმდებიან მხოლოდ ეროვნული შენატანების მომატებას მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-მდე. “ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ამბიციური საბიუჯეტო პროგრამა”, _ დასძინა სასოლიმ.

ეგზისტენციალური კრიზისი

ევროკავშირის საბიუჯეტო დისკუსიებში საუბარია არა იმდენად ფულზე, რამდენადაც ევროკავშირის არსებობის აზრსა და მიზნებზე. ბებერი ევროპისთვის მთავარია, რომ მისი მოქალაქეები ცხოვრობდნენ კეთილდღეობაში.

“არსებულ სიტუაციაში საპასუხისმგებლო მიდგომა გამოიხატება გადასახადის გადამხდელთა ინტერესების გათვალისწინებით პრიორიტეტების შერჩევაში”, _ აღნიშნავენ ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და ნიდერლანდების ლიდერები. ყოფილი სოციალისტური ქვეყნები კი ცდილობენ, ევროპას სხვა რამ მოახვიონ თავს _ ეს არის რუსეთის შეკავება და გამუდმებით მოითხოვენ ფულს სხვადასხვა პროექტისთვის, რომლებიც ეკონომიკურად სულაც არ არის მომგებიანი, მაგრამ წარმოაჩენს, რომ დამოკიდებული არ არიან მოსკოვზე. ასეთი პროექტია, მაგალითად, რკინიგზა Baltic Rail-ი ან თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობა.

ასეთი ავანტიურებისთვის “სოლიდარობის მეგობრებს” ფული არ ენანებათ იმ პირობით, თუ ხარჯებს დაფარავს ბრიუსელი, მაგრამ დონორი ქვეყნების მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ევროკომისიამ ერთხმად უნდა მოიწონოს ახალი ბიუჯეტი, რაც, ოპონენტების ხისტი პოზიციის გათვალისწინებით, ჯერჯერობით არარეალურია. “ეკონომიურმა ხუთეულმა” და “შემჭიდროებულობის მეგობრებმა” კიდეც რომ გამონახონ კომპრომისი, ის ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროპარლამენტში კი დათმობის გაგონებაც არ სურთ.

ასე რომ, ევროკავშირი ახალ საბიუჯეტო ციკლში შეთანხმებული საფინანსო კანონის გარეშე შევა. ეს ნიშნავს, რომ დონორი ქვეყნები შენატანებს იმ დონეზე შეინარჩუნებენ, რომელსაც სამართლიანად ჩათვლიან. “შემჭიდროებულობის მეგობრებს” კი ერგებათ როლი ღარიბებისა, რომლებიც ერთმანეთში ძიძგილაობენ მდიდარი ბატონის მიერ გადმოგდებული მონეტის დასაუფლებლად.

ამის შემდეგ რა დარჩება თანამშრომლობას სულისკვეთებასა და საერთო ევროპული იდეალებისგან, ძნელი სათქმელია.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ 2-დღიან სამიტზე ვერ შეძლეს 2021-2027 წლების ბიუჯეტის შეთანხმება, _ განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. “სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება, _ თქვა მან, _ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მეტი დრო გვჭირდება”. შეთანხმების მიღწევა გაართულა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ, რომელსაც გერმანიის შემდეგ სიმძლავრით მეორე ეკონომიკა ჰქონდა.

Brexitის შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტში დაახლოებით 80 მლრდიანი ნახვრეტი გაჩნდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here