Home რუბრიკები პოლიტიკა ქურთების ციხე შიგნიდან ტყდება

ქურთების ციხე შიგნიდან ტყდება

1240
ქურთების აქცია

გასულ კვირას ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქი კირკუკი და მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. ქურთებმა უკან, პრაქტიკულად, უბრძოლველად დაიხიეს. ხანმოკლე შეტაკებებს სანავთობო საბადოების სიახლოვეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაშინ, როდესაც ექსპერტები უმძიმესი ხანგრძლივი ბრძოლის გამართვას მოელოდნენ.

რა გახდა ამის მიზეზი და რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში?

სიტუაცია კირკუკის გარშემო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავტონომიურ ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. კირკუკი და მიმდებარე საბადოები ავტონომიის საზღვრებში არასოდეს შედიოდა, ქურთებმა ის “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის პროცესში დაიკავეს. გასულ კვირას ძირითადი მოვლენები სწორედ იმ ზოლში განვითარდა, რომელზეც ქურთების კონტროლი 2014 წლის შემდეგ გავრცელდა. ერაყის არმია, როგორც ჩანს, ცდილობს, დაიკავოს ის და, შესაძლოა, აპირებს, გაწყვიტოს კომუნიკაციები ერაყისა და სირიის ქურთებს შორის, რაც, უპირველესად, თურქეთს აძლევს ხელს. საკუთრივ ავტონომიის ტერიტორიაზე ერაყელი სამხედროები ამ ეტაპზე არ შედიან, თუმცა ასეთ რთულ სიტუაციაში გამორიცხული არაფერია; ბოლო დღეებში გავრცელდა რამდენიმე ცნობა შეტაკებებზე ავტონომიის შიგნით, მისი დედაქალაქის ერბილის მიმართულებით.

ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება განიხილავდა კირკუკის ზონას და მის ნავთობს, როგორც ძირითად არგუმენტს ვაჭრობის პროცესში, რომლის შედეგად დამოუკიდებლობა ან ავტონომიის გაფართოება და დიდი ეკონომიკური პრეფერენციები უნდა მიეღო. ბოლო წლებში ქურთები კირკუკის საბადოებზე დღეში დაახლოებით 275 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ, რომელიც მათი ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენდა. საბადოების ნაწილს საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა (იქ დღეში დაახლოებით 90 ათასი ბარელი მოიპოვებოდა). კირკუკის აღების შემდეგ ის აპირებს, გაასამმაგოს ნავთობის მოპოვება პროვინციაში და თურქულ ჯეიჰანთან დამაკავშირებელი ნავთობსადენი გაარემონტოს.

კირკუკი დაეცა იმიტომ, რომ ერაყელმა ქურთებმა, ტრადიციისამებრ, შიდა უთანხმოება ვერ დაძლიეს. ერაყის ქურთისტანში მასუდ ბარზანისა და ჯალალ თალაბანის კლანები დომინირებენ (ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და “ქურთისტანის პატრიტული კავშირი” შესაბამისად), თითოეული მათგანი ავტონომიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. 1994-97 წლებში, როდესაც საერთაშორისო ზეწოლის პირობებში სადამ ჰუსეინის ჯარები იძულებულნი გახდნენ, რეგიონი დაეტოვებინათ, ამ ორმა ორგანიზაციამ სამოქალაქო ომი გააჩაღა. იყო ინტერესთა თანხვედრის პერიოდებიც, მაგალითად, 2005-ში მასუდ ბარზანი დაეხმარა ჯალალ თალაბანის, ერაყის პრეზიდენტი გამხდარიყო და სანაცვლოდ ავტონომიის პრეზიდენტის პოსტი მიიღო. ბოლო დროს კი ურთიერთობა ორ კლანს შორის გაფუჭდა და მნიშვნელოვანი როლი ამაში ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების განაწილებამ შეასრულა.

ერაყის სამთავრობო ჯარი მოსულის მრავალთვიანი შტურმის დროს სისხლისგან დაიცალა და უამრავი პრობლემა შეექმნა. ის ნამდვილად არ წარმოადგენდა ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ქურთების რაზმები _ “პეშმერგა” ვერ შეაჩერებდა ან, როგორც მინიმუმი, კირკუკში სერიოზულ ბრძოლას არ გაუმართავდა. მაგრამ, ბარზანის კლანის მტკიცებით, ახლახან გარდაცვლილი ჯალალ თალაბანის ვაჟი, პავლე, მოწინააღმდეგეს გაურიგდა და თავისი რაზმები ფრონტიდან მოხსნა, რამაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახადა. ცხადია, თალაბანის კლანის ვერსია დიამეტრალურად საპირისპიროა _ ისინი კირკუკის დაკარგვაში ბარზანის კლანს ადანაშაულებენ.

იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც ქურთული საიტები აქვეყნებენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ სადავო ტერიტორიებზე ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს შექმნის, რომლის მმართველობაში გათვალისწინებული იქნება “ქურთისტანის პატრიოტული კავშირის” ინტერესები და მის მებრძოლებს ხელფასს გადაუხდის. თალაბანის კლანი ბოლო დროს სიფრთხილით ეკიდებოდა ბარზანის კლანის სურვილს დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნა, რადგან შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ დარჩენის ეშინოდა. ფრთხილობდნენ ერაყის ქურთისტანში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც – ასირიელები, იეზიდები, თურქმანები და სხვები, რამაც ისინი ერაყის ცენტრალური ხელისუფლების სიტუაციურ მოკავშირეებად აქცია.

გამორიცხული არაა, რომ თალაბანის გადმობირების ოპერაცია არა იმდენად ერაყის, რამდენადაც ირანის ხელისუფლებამ განახორციელა, რომელიც “უფროსი ძმის” როლში გამოდის. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ძალების პირველ ეშელონში მოაბიჯებს შიიტური მილიცია “ჰაშდ აშ-შააბი”, რომელიც თეირანელი ემისრების უშუალო კონტროლს ექვემდებარება, ხოლო არმია მათსა და ქურთებს შორის თითქოს “გამშველებლის” როლს ასრულებს. ცხადია, ეს სპექტაკლია, თუმცა იმ სისასტიკის ფონზე, რომელსაც შიიტური ფორმირებები ავლენენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძლება სამხედროებში მხსნელი დაინახოს.

ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ირანელმა ძალოვნებმა შესანიშნავი საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგად ქურთებმა კირკუკი და ზოგიერთი სხვა დასახლებული პუნქტი პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს, თუმცა “ჰაშდ აშ-შააბმა” და სხვა მსგავსმა რაზმებმა ისევ დაიწყეს თავების მოჭრა, ტყვეების სადისტური წამება და ა.შ. ისინი ისევ აკეთებენ იმას, რამაც 5-7 წლის წინათ ერაყელი სუნიტების მხარდაჭერა განაპირობა “ისლამური სახელმწიფოს” მიმართ. ირანელი ინსტრუქტორები მათ შეჩერებას ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში, კონფესიური ფაქტორის გარდა, ეთნიკურიც მოქმედებს – ერაყელი არაბების უმრავლესობა სპარსებს არ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც შიიტები არიან, ამიტომ ირანელების გავლენა რიგით ბოევიკებზე შეზღუდულია. “ჰაშდ აშ-შააბის” ძალადობამ შეიძლება ჩაშალოს კომბინაცია, რომელსაც ირანელები კირკუკის რეგიონში ათამაშებენ.

თეირანი სარგებლობს იმით, რომ ამერიკელების მდგომარეობა კონფლიქტში ორაზროვანია _ ვაშინგტონი, როგორც ქურთების, ისე ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მოკავშირედ ითვლება დაისლამურ სახელმწიფოსთანბრძოლაში ორივე სჭირდება. თანაც არც ისე იოლია, მხარი დაუჭირო ერაყელ ქურთებს, როდესაც მათ ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფრაქცია წარმოადგენს.

ქურთებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო XX საუკუნის 20-იან წლებში სწორედ შიდა დაპირისპირების გამო ვერ შექმნეს _ ბრიტანელები საკითხს სრული სერიოზულობით განიხილავდნენ, მაგრამ, ვინაიდან ქურთული კლანები ერთმანეთთან ბრძოლას არ წყვეტდნენ, არჩევანი ერთიანი ერაყის შექმნის სასარგებლოდ გააკეთეს. მაშინ თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გართულებული იყო _ ისინი ოსმალეთის იმპერიის ყოფილი მოსულის ვილაიეთის ტერიტორიას ვერ ინაწილებდნენ. საბოლოოდ, სადავო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ერაყის შემადგენლობაში შევიდა, რომელსაც ბრიტანელები აკონტროლებდნენ. ამის სანაცვლოდ თურქეთმა მიიღო ფულადი კომპენსაცია და 10% მოსულის ნავთობის შემოსავლიდან 20 წლის განმავლობაში. ეს ძველი დავა, ალბათ, არავის გაახსენდებოდა, რომ არა ერაყის დაშლის, ძველი შეთანხმების სუბიექტის გაქრობის საფრთხე, რომლის ადგილას შეიძლება ახალი ქურთული, ამასთანავე შიიტური და სუნიტური სახელმწიფოები შეიქმნას. თუ თურქეთი სადავო ტერიტორიის პირდაპირ შემოერთებას ვერ გარისკავს, შეიძლება მისი ოკუპირება მოახდინოს საკუთარი ჯარისა და ადგილობრივი პროქსიფორმირებების ერთობლივი ძალისხმევით, ისე, როგორც ეს ჩრდილიოეთ სირიაში გააკეთა.

კირკუკი იყო ყველაზე მდიდარი, მაგრამ არა ერთადერთი სანავთობო ზონა, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ. მნიშვნელოვანი მარაგი არის ერბილთან და სულეიმანიასთანაც, მაგრამ, კირკუკისგან განსხავებით, ეს საბადოები ნაკლებად ათვისებულია; ნავთობის მოპოვება ხშირად კუსტარულად ხდება. მოპოვების გაზრდას სჭირდება უცხოური ინვესტიციები, თუმცა სერიოზული კომპანიები, სავარაუდოდ, თავს შეიკავებენ რეგიონში აქტიურობის გაფართოებისგან, მანამ, სანამ არ გაირკვევა, რა ტერიტორიას აკონტოლებს ავტონომიის მთავრობა და რა ურთიერთობა აქვს მას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღეს კი ისიც გაუგებარია, სად შეჩერდება სამთავრობო ჯარი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეეცდება, ქურთების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გენოციდის გზით გადაწყვიტოს, როგორც ამას სადამ ჰუსეინი აკეთებდა, თუმცა შემდგომმა შეტაკებებმა ვითარება შეიძლება უმართავი გახადოს.

ქურთებს შიდა განხეთქილების დაძლევა სჭირდებათ, რაც ძალზე ძნელია იმ პირობებში, როდესაც დაპირისპირებამ თალაბანისა და ბარზანის კლანებს შორის პიკს მიაღწია. მათ სასარგებლოდ შეიძლება იმუშავოს “ისლამური სახელწიფოს” გააქტიურებამ ერაყის სხვა რეგიონებში, რომელიც აიძულებს ცენტრალურ ხელისუფლებას, კირკუკის მიმართულებიდან ძალების ნაწილი მოხსნას, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა დღეს, როდესაც ეს ტერორისტული ორგანიზაცია სირიასა და ერაყში უკან იხევს და მებრძოლების ნაწილი რეგიონიდან გაჰყავს. მიუხედავად ამისა, დასუსტებულ ერაყში, რომლის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებულია, შეიძლება მოხდეს ბევრი მოულოდნელი რამ, რაც გაზრდის ქურთების შანსს, კირკუკი დაიბრუნონ. მათ სასარგებლოდ მუშაობს აშშისა და ისრაელის შეშფოთება ერაყში ირანის გავლენის ზრდასთან დაკავშირებით.

კირკუკის დაცემამდე ორიოდე დღით ადრე “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სპეცდანაყოფ “კუდსის” უფროსმა, გენერალ-მაიორმა კასემ სულეიმანმა, რომელიც ირანის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ სამხედრო და საიდუმლო ოპერაციებს ხელმძღვანელობს (და ირანში ლამის ეროვნულ გმირად ითვლება), მოინახულა ერაყის ყოფილი, 3 ოქტომბერს გარდაცვლილი პრეზიდენტის, ჯალალ თალაბანის, საფლავი ქალაქ სულეიმანიაში. მას “ქურთისტანის პატრიოტული კავშირი” (თალაბანის კლანი) აკონტროლებს. კირკუკის ბედი, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე გადაწყდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ირანელების კომბინაცია ძალზე შთამბეჭდავი იყო, თამაში დასრულებული არ არის. ამერიკელებმა საპასუხო სვლა უნდა გააკეთონ _ ეს მათთვის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესის, არამედ პრესტიჟის საქმეა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მათი მრავალწლიანი ძალისხმევა ერაყში, დიდი მსხვერლისა და ხარჯის მიუხედავად, ირანის გამარჯვებით დაგვირგვინდა.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here