მთავარი საზოგადოება ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

75
გააზიარეთ

აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას. აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის და იგი გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება, იუდეველთა პასექის დასრულების შემდეგ, კვირა დღეს. ეს დღე ყოველ წელს, ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე შუალედში ხვდება.

წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 24 აპრილს მიულოცავენ ერთმანეთს.

არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოსო”. აქედან გამომდინარე, უფალი გვასწავლის შენდობასა და მიტევებას, ამიტომ ჩვენც ყველას _ სწორსაც და მრუდსაც, მართალსაც და ფარისეველსაც _ ერთნაირად მივულოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და ვუსურვებთ

ამ ადამიანებს, სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უწამლონ თავიანთ სულიერ იარებს.

მხოლოდ ასე შეიცვლება ჩვენ გარშემო ყველაფერი სასიკეთოდ _ ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას.

ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, _ ხილულსაც და უხილავსაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის 2021 წლის სააღდგომო ეპისტოლედან:

“მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ.

რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის?

ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც;

ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს “არა სისხლთა და ხორცთა, არამედ… ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ.6.12).

ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: “მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა” (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ღმერთს.

ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაცმაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგანარა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს”, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.

იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობააღთქმანი კი ასეთია:

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით” (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)

შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მრკ.12,31)

დაროგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი” (ინ. 13,34).

გიყვარდეთ მტერნი თქვენნი” (მთ.5,44).

თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით” (ინ.14,15).

რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში?

ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ, ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი, მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი.

საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი _ ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ;

მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ (მთ.25, 35-36,40).

ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: “მამაო ჩვენო” და არა “მამაო ჩემო”, ან “მოგვიტევე ჩვენ” და არა “მომიტევე მე”. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს, უნდა შევუნდოთ.

ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი.

როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?

ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ. 5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ.

* * *

სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, ვისაც სულიერი თვალი დახშული აქვს და არც ღვთისა სწამს და არც მისი აღდგომისა.

მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს:

თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე, ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან.

და ასკვნის:

ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი.

ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით:

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”.

ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; “კრიზისული წესრიგისფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა _ გაყალბებული, პიროვნების იდეალი _ უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: “მამაკაციდაქალი”, “ოჯახური ფასეულობები”.

ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენიმდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ”.

* * *

დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.

სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: “ახალი სამყაროს” წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის).

გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია:

მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ _ ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ.

ამასთან, რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც.

აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: “გიყვარვარ მე?”

ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში ვართ თუ არა მართლები.

ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.

მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე.ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით.

ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც _ მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: “ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.” (მთ.10,37).

თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენ გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24).

მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება (იერ.17,14).

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ყოველნო ერნო:

ქრისტე აღდგა!

მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ.

მის შესახვედრადუწინარეს ყოვლისა იპყარით რწმენის ფარი, რითაც შესძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას” (ეფ.6.11) დაშეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ურთიერთსშეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი იყავით”… (კოლ. 3.12-16). შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ. 6,12), რათადავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი” (ებრ.12,28) გახსოვდეთ, “იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა” (ებრ. 13.8) და ჟამთა ცვლა მას არ ეხება.

გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!”

ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ

ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: “რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ, ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?!”

მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყეველად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ადამიანთა რწმენას ის ნიშნები და სასწაულები განამტკიცებდა, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.

მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რომელიც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს, დიდ შაბათს.

როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის პატრიარქის ხელში, სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: “პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, _ მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და, თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს _ გრძნობიერად და სულიერად”. წმიდა იოანე დამასკელი წერს: “პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა”.

პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი _ საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.

მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.

XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: “საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ, თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ”.

აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები _ ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთღვრით ლოცულობდა.

და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: “ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!” ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას, გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად! (წიგნიდან “მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი”, თბილისი, 2002).

იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს…

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here