Home რუბრიკები საზოგადოება ქვეყანა

ქვეყანა

“საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის, გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ-ქვეშა სთელავს... და ორნივ-კი ღმერთს ეხვეწებიან _ ხელი მომიმართეო”

168

ჯოჯოხეთი იქნებოდა ადამიანთა ცხოვრება, არსებობის გარდა სხვა მიზანი რომ არ ჰქონდესო, წერდა დიდი ილია. გამოდის, რომ სწორედ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი ყოველდღიური ყოფა სწორედ რომ არსებობისათვის ბრძოლაა _ ქვეყანა გაივსო ლუკმაპურის მაძებარი უპოვარი ადამიანებით, ვინ ხელგაწვდილი ითხოვს მოწყალებას, ვინ ნაგვის ურნაში ეძებს ხსნას, ვინ ქვეყნიდან გაქცევითა და უცხოეთში გადახვეწით თუ კიდევ სხვა გზებით ცდილობს საარსებო სახსარის გამოძებნას

გაბედე და ჰკითხე ამ ადამიანებს, არის თუ არა ბედნიერი. ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, სიამოვნებას, ლხენასა და სიხარულს არ უნდა იყოს მოკლებულიო

სიამოვნება, ლხენა და სიხარული, ნეტავი, როდის შეიხედავს ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ოჯახებში, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს მხოლოდ უფლის იმედად არიან.

ცხოვრება “წეწვა-გლეჯვის ბაზარიაო”, “დღეს ესეა მოწყობილი და რას იზამ?” _ წერდა ერის მამა 1895 წლის ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში. არადა, დღესაც რომ ასეა მოწყობილი, რა ვქნათ? იქნებ პასუხი ამ შეკითხვაზე ისევ დიდმა ილია ჭავჭავაძემ გვაპოვნინოს. მოვუსმინოთ მას:

“ცხოვრება ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, უფრო წეწვა-გლეჯის ბაზარია. დღეს ესეა მოწყობილი და რას იზამ? ცხოვრება მარტო აღებ-მიცემობაა ერთმანეთის ჭკუისა, თუ ხელის ნაწვავ-ნადაგისა, ნაამაგარ-ნაშრომისა, ნაომარ-ნარბევისა. იგი ის მოედანია, საცა ჭიანჭველასავით ირევა დიდი და პატარა, საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის, გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ-ქვეშა სთელავს, ძლიერი უძლურს ეტანება შესაჭმელად, უძლური ძლიერს გაურბის და ორნივ-კი _ დამწევიც და გამქცევიც _ ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ღმერთს ეხვეწებიან _ ხელი მომიმართეო.

ჯოჯოხეთი იქნებოდა ეს ასეთი ცხოვრება, რომელსაც სხვა მიზანი არსებობისა არა აქვს, თუ არ ის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, სიამოვნებას, ლხენას და სიხარულს არ იყოს მოკლებული, ვამბობთ, ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ ამ წეწვა-გლეჯის ბაზარში სხივფენილ მადლსაც არ გაჰქონდეს თავისი პატიოსანი ნაამაგარი, თავისი ნაშრომ-ნაღვაწი კაცთა სანუგეშოდ და სასიქადულოდ. დიდბუნებოვანობა ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, მისმიერ გატანილ მადლის მეტნაკლებობაშია. ეგ მეტნაკლებობა მადლისა არის უტყუარი საწყაო ცალკე ადამიანის, თუ მთელის ერის, კაცურკაცობისა, მისის შინაგან სიმაგრისა, ქვაკუთხედი მისის აღმატებულობისა.

მადლი არის კრებული იმა კეთილთა, რომელიც შეადგენს ზნეობურს განძს, როგორც თვითოეულ ადამიანისას, ისეც მთელის ერისას, და ეგ განძია იგი კლდე, რომელზედაც შენდება ციხე-სიმაგრე ერის ცხოვრებისა, ერის აწმყოსი, ერის მერმისისა.

ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო “პურითა ერთითა ცოცხალ არს”. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთი რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს _ სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, _ გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა სჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის ამდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვის. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურკაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.

“ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული” _ აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, _ ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, _ აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

ამ თვალით რომ მოვჩხრიკოთ წარსული წელიწადი, ბევრს ვერაფერს სანუგეშოს დავინახავთ. ეს ახალი ამბავი არ არის. ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ბევრს წინათ წარსულ წელიწადებსა ჰგავს და ვერაფერს დაგვამუნათებს. პირიქით, კარგად რომ მოვუჩხრიკოთ ავლა-დიდება, ავი და კარგი, იქნება შარშანდელი წელიწადი სხვა წლების წინაშე უფრო პირშავადაც გამოვიდეს. არც საკვირველია, წყარო ცხოვრებისა თავისად და თავისგნით არა სჩქეფს, არა ერთი და ორი ნახირი დღე-მუდამ შიგ ფეხს იბანს და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ იგი წყარო მღვრიეა. მბაძს მბაძი არ დაელევაო, ნათქვამია, და ჩვენ თითონაც ჩვენს საკუთარს ჭუჭყიან სარეცხს შიგ ვალბობთ დიდის გულმოდგინებით და, მოდით, წყაროს მოჰკითხეთ, რატომ წმინდა არა ხარ-თქო.

ამიტომაც შარშან, როგორც წინა-წლებშიაც, იგივ შური და მტრობა იყო გააფთრებული. ძმა ძმას ვეღარა ჰნდობია, მამა შვილსა, შვილი მამას, მეზობელი მეზობელს, მახლობელი მახლობელს, მეგობარი მეგობარს _ განა ეს ცხოვრებაა და არა ჯოჯოხეთი!.. ჩვენ ეხლა ისე გაგვიხდა საქმე, რომ იმას კი აღარა ვჩივით _ რაც გვაკლია, ის შევიძინოთ, არამედ იმას, რომ რა ნაგავმა და მტვერმაც აღგვავსო, ის გავგაოთ და შემოვიბერტყოთ. კიდევ ერთის ფეხის წინ წადგმა იქნებოდა, კიდევ ღვთის წყალობა იქნებოდა, რომ ამის დარდსა და ზრუნვას შევდგომოდით, ცოცხი აგვეღო ხელში ამ ვაივაგლახის გასაგველად. ჩვენდა საუბედუროდ, ვერც ეს შევიძელით. მაშ რით უნდა ვინუგეშოთ დღეს, ან სახვალიოდ რა იმედი წავიმძღვაროთ ხალისის მოგვრისათვის? თვითოეული ჩვენგანი ჰკვნესის ზნე-დაცემულობისაგან, ჩვენის ზნეობითად წაწყმედისაგან და იმედ-გადაწყვეტილი, სასოება-დაკარგული, ვაებით ვიძახით: ღმერთო, სად მივდივართ და რა ბოლო მოგველისო.

მართალია, ყოველივე ეს ვერაფერი საახალწლო გოზინაყია. ჩვენც იქნება მეტი მოგვივიდა, რომ ამისთანა დღესასწაულს ესეთი ულხენი და საგოდებელი ფიქრები ავუშალეთ ჩვენს მკითხველს. ამაზე სხვას აღარა ვიტყვით, თუმცა სათქმელი კიდევ ბევრია. ქართველს კაცს, ჩვენდა საუბედუროდ, საქმე ისე გაუხდა, რომკარგი რამ სჭირდეს, უნდა უკვირდეს, ავიკი რა საკვირველია”. ამ ყოფაში ჩავარდნილი ერი, თუ მთელი ძალ-ღონე არ მოიკრიბა და ამ საფლობიდამ არ ამოვიდა, ფონს ვეღარ გავა დღეს. ჩვენს დღევანდელს ჭირს ფესვი აქა აქვს გამდგარი, შიში მერმისისა აქედამ მოჰქრის. მოდით და პირში წყალი ჩაიყენეთ და ნურას იტყვით, აქაო და ახალი წელიწადიაო! სატკივარი არას უზამს კაცს, თუ მიზეზი თავისს დროზე გაუგო. თვალებზე ხელის მიფარებას თავისდღეში არავისთვის ხეირი არ მოუტანია. ჭირი დანახული სჯობს დაფარულსა, თუმცა ორივ ჭირია და არც ერთი არ არის სანატრელი.

ამ მხრით წარსულმა წელმა არაფერი სანუგეშო არა მოგვცა-რა არც სადღეისოდ, არც სახვალიოდ.

…ჩვენს მდგომარეობაში კაცურად ცხოვრების წუთსაც-კი თავისი მადლი და ფასი აქვს. მარტო შეიძლება ამ შემთხვევაში გულის ტკივილით ითქვას: “ჰე, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად რათ წარხვედი”, და თუ დანანებას ამისთანა შემთხვევაში ადგილი აქვს, ის უნდა გვენანებოდეს, რომ ყოველივე ეს წამი იყო და წავიდა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here