მთავარი საზოგადოება ქვეყანა შიმშილის ზღვარზე _ შემდეგი პანდემია სურსათის მზარდი დეფიციტი იქნება

ქვეყანა შიმშილის ზღვარზე _ შემდეგი პანდემია სურსათის მზარდი დეფიციტი იქნება

2038
გააზიარეთ
ქვეყანა შიმშილის ზღვარზე _ შემდეგი პანდემია სურსათის მზარდი დეფიციტი იქნება

კოვიდ 19”-ის სახელწოდებით ცნობილმა პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც დაავადების მასშტაბის ზრდასთან ერთად ვითარდება, გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში ძირფესვიანი ცვლილებების გარდაუვალობა დააყენა. იდეოლოგიურ ბანაკებში, რომლებიც აქამდე მწვავე დაპირისპირების პირობებში იყვნენ, თანხმდებიან, რომ აღნიშნული პროცესი მსოფლიოსთვის ძირეული გარდაქმნების საფუძველია. მეტიც, ავტორიტეტული ექსპერტების ნაწილი გარდაქმნების რამდენიმე ტალღასაც პროგნოზირებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს არნახული ცვლილებების ჯაჭვი ელოდება. აღნიშნული მოსაზრების ლოგიკურობას მსოფლიო ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებიც ადასტურებს (მაგალითად, ტრამპის განცხადება, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო).

შენიშვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ცვლილებების აუცილებლობაზე, რაზეც ეხლა ყველა ალაპარაკდა, ჩვენი გაზეთი წლებია, სისტემატურად წერდა.

რა იქნება მომავალში? გასაკვირი არ არის, რომ ეს არის ცენტრალური შეკითხვა, რომელიც გლობალური ცვლილებების მომლოდინე მსოფლიოში ყველას უჩნდება. ამ შეკითხვაზე კი ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

უმთავრესი, რაც მსოფლიოში გარდაუვალ ცვლილებებს მოასწავებს და რაც ეპიდემიამ, ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თანამედროვე “ცივილიზებულ სამყაროში” არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპებია, რომლებიც ველური კაპიტალიზმის პირობებში “თავისუფალ” კონკურენციას, ანუ თვითდინებაზე მიშვებულ ბაზარს აწესებს და წარმოების სტიმულირებაზე ორიენტირებული რეგულაციების მიღებას გამორიცხავს. ამ სისტემის კრახის პირველი ნიშნები განსაკუთრებით მწვავედ მცირე რესურსების მქონე სახელმწიფოებში გამოვლინდა, იმიტომ, რომ .. თავისუფალი ბაზრის სისტემაში ჩაყოლამ მათი შიდა წარმოება მოსპო, ხოლო კრიზისის პირობებში, როცა მსოფლიოში ყველა მსხვილმა მწარმოებელმა ექსპორტზე კვოტები დააწესა, სასაქონლო დეფიციტის რეალური საშიშროების წინაშე სწორედ შიდა წარმოების არმქონე და საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული ქვეყნები აღმოჩნდნენ. შეიქმნა რეალობა, როცა ყველა სახელმწიფომ, ყველა უმსხვილესმა მწარმოებელმა, უპირველესად, საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებასა და მარაგზე დაიწყო ფიქრი. ამის მაგალითია, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარი გამოყო და, აგრეთვე, იაპონია, რომელმაც ანალოგიური მიზნით 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმა შეიმუშავა (სხვათა შორის, იაპონიის მთავრობამ სპეციალური სუფსიდირების გეგმაც აამოქმედა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთ საწარმოო ინდუსტრიას ჩინეთიდან ისევ იაპონიაში გადაიტანენ). მოკლედ, მსოფლიო გეოპოლიტიკურმა დღის წესრიგმა პირველი რეალური ცვლილებების ტალღა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის კრახით დაიწყო. ყველა მიხვდა და თვით “ლიბერალურ” დასავლეთშიც კი უკვე საჯაროდ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ე.წ. საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ბაზრის თვითრეგულაციის პრინციპებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას გულისხმობს, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე სრული კატარსტროფის ტოლფასია.

ახლა რას მოასწავებს საქართველოსთვის ეს პროცესები: საქართველო, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პროდასავლური ქვეყანა, ცხადია, საკუთარ მომავალს ვერ განსაზღვრავდა და ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებითაც, მისი პოლიტიკა სწორედ დასავლეთიდან იყო ნაკარნახევი. ამის შედეგია ის, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის კვალდაკვალ ქვეყანა მალევე დაეფუძნა ე.წ. თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და რიგი დარგებისა, რომლებიც სახელმწიფოს ასე თუ ისე იცავდა იმპორტზე სრული დამოკიდებულებისგან, მოიშალა. მაგალითად, გაიხსენეთ წინა ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის განცხადება, რომ თურმე სოფლის მეურნეობა არარენტაბელურია და ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს, ან მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ ხარჯები არ უნდა გაწიოს ისეთი პროდუქციის საწარმოებლად, რომლის შემოტანაც საზღვარგარეთიდან უფრო იაფი დაჯდება. ამ მიდგომებმა საქართველო ერთმნიშვნელოვნად აქცია მომხმარებელ ქვეყნად, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა გამოცხადდა ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური გარდაქმნა _ ბლეფად ქცეული ე.წ. “ასი საწარმო”-ს დაპირება, _ მოსახლეობაში გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა _ ახალმა გუნდმა სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად მილიარდი ლარი გამოყო. ამოქმედდა სხვადასხვა პროექტი და ხელშეწყობის პროგრამა, რაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მაგრამ აღნიშნული პროცესები კონკრეტულ ციფრებში შესაბამისად არ აისახა. მეტიც _ გატარებული ღონისძიებები (მაგალითად, 2013 წელს ამოქმედებულიშეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა”) გლეხისთვის სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ კრედიტებს პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკები გასცემდნენ მათთვის ხელსაყრელი და მეწარმისათვის წამგებიანი პირობებით. სახელმწიფო კი განზე იდგა და არ მონაწილეობდა კრედიტების გაცემის პროცესში. მოკლედ, ის მილიარდი ლარი არა სოფელზე და სასოფლოსამეურნეო წარმოების გაუმჯობესებაზე, არამედ სათავეში ახალმოსული ძალის პოლიტიკურ პიარზე დაიხარჯა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედებამ და უვიზო მიმოსვლის შემოღებამ “ოცნებას” ამ პოლიტიკის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის საშუალება მისცა _ სოფელი მასობრივად დაიცალა და ხალხმა სამუშაოს საძებნელად დასავლეთის ქვეყნებს მიაშურა. განხორციელდა ბენდუქიძის ირონიული “თეზა”, სოფლად მცხოვრები მამაკაცების საზღვარგარეთ შავ მუშებად წასვლის აუცილებლობაზე… მიუხედავად წლების განმავლობაში გატარებული არასწორი პოლიტიკისა, რომელმაც სრულად მოშალა წარმოება და ქვეყნის ეკონომიკა, პრაქტიკულად, ტურიზმზე დამოკიდებულ ბუტაფორიად აქცია, მმართველი გუნდი კვლავ პროპაგანდით ცდილობს მოსახლეობის დარწმუნებას თავის წარმატებებში. მეტიც, დაწყებული პრემიერით, დამთავრებული მინისტრებითა და პარლამენტის თავმჯდომარით, მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გატარებული ღონისძიებები მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს. აი, როგორ შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები: “საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლებში გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს”.

ეს ის მინისტრია, რომელიც “კოვიდ-19”-ის პანდემიამდე აცხადებდა, რომ მიესალმებოდა, თუ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტრო დაერქმეოდა. ცხადია, ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება მისი დღევანდელი პოზიცია ამ თემაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა კრიზისის ზღვარზე მყოფი მთავრობა დღეს რეგიონებში შეხვედრას შეხვედრაზე მართავს და წლების წინათ მის მიერვე “არარენტაბელურობის” გამო დახურული ფაბრიკა-ქარხნების სასწრაფოდ ამოშავებაზე საუბრობს (მაგალითად, პრემიერმინისტრმა სპეციალურ სამთავრობო ჯგუფს აგარის ქარხნის ამუშავება დაავალა), თუმცა ერთია პოლიტიკური ქულების დაწერაზე გათვლილი განცხადებები; მეორე და უფრო მნიშვნელოვანი _ ციფრები. ის, რომ საქართველოს წინა და დღევანდელი ხელისუფლებების ეკონომიკური რეფორმები ქვეყნისთვის საზიანო იყო, ყველა სტატისტიკურ მონაცემში აისახა, განსაკუთრებით _ აგრარული ნაწილის, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კატასტროფულად შემცირებაში, საწარმოების მასობრივად დახურვასა და ადგილობრივ ბაზარში იმპორტის წილის აბსოლუტურ ზრდაში გამოიხატა. აი, სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, როგორ მოსპო და გაანადგურა საქართველოში ადგილობრივი წარმოება ძველი თუ ახალი მთავრობის პოლიტიკამ:

2014 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 9,6% შეადგინა; 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8,8%-მდე შემცირდა; 2016-ში უკვე 8,3% იყო, ხოლო 2017-ში _ 7,2%.

* 2014 წელს 153,6 ათასი ტონა ბოსტნეული მოვიწიეთ, 2015-ში ეს მონაცემი 152,3 ათას ტონას შეადგენდა, 2016-ში _ 141,7 ათასი ტონა, 2017-ში კი _ 125,9 ათასი.

* რაც შეეხება ხორბალს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების მიერ ექსპორტზე კვოტების დაწესების გამო ყველაზე დეფიციტურ პროდუქტად შეიძლება იქცეს, საქართველომ 2016 წელს 126,6 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, რაც მერე მნიშვნელოვნად შემცირდა და პრაქტიკულად განახევრდა მაგრამ ხორბალი არ იყო ერთადერთი, რომლის წარმოებაც წლიდან წლამდე მცირდებოდა, მნიშვნელოვანი კლება იყო მრავალწლიანი კულტურებისა (ხილის, ციტრუსის) და ხორცის წარმოებაშიც. მაგალითად, 2018 წელს 72,9 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, 2019-ში ეს მაჩვენებელი 67,6 ტონამდე შემცირდა. პარალელურად ბოლო ხუთ წელიწადში განახევრდა მსხვილფეხა საქონლის სულადობა, სერიოზულად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობებიც…

* სამაგიეროდ, წლიდან წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა იმპორტირებული საქონლის ციფრული მაჩვენებელი. მაგალითად, 2016 წელს იმპორტმა 1 488,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2017-ში კი _ 1 702,0; 2018 წელს _ 2078,2 მილიონი.

ეს სტატისტიკური მონაცემები ერთადერთ რამეს ცხადყოფს, რაც დღევანდელი მავნე პოლიტიკის სიღრმეებში ჩაუხედავი მოქალაქეებისთვის, ალბათ, არ არის სიახლე: ხელისუფლებამ (პირველ რიგში, წინამ და შემდეგ ამჟამინდელმა) ძირი გამოუთხარა ქვეყნის უმთავრეს ეკონომიკურ ფუნდამენტს _ წარმოებას და იგი ძირფესვიანად მოსპო. მარტივ ენაზე ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, გორელმა გლეხმა ვაშლი არ უნდა მოიყვანოს, რადგან არგენტინა უფრო იაფად აწარმოებს მის ექსპორტს; არც საქონელი უნდა იყოლიონ სოფლებში და არც რძის პროდუქტები აწარმოონ, რადგან სახელმწიფოს მისი ჩინეთიდან ან ბრაზილიიდან შემოტანა შედარებით იაფი დაუჯდება.

საქართველოს მთავრობის მიერ ზეწარმატებულად გამოცხადებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიწათმოქმედების ქვეყანა შავი მუშების, მიმტანების, დამლაგებლებისა და ტურისტების იმედად აშენებული და ახლა ზედმეტ ტვირთად ქცეული სასტუმროების ქვეყნად აქცია…

ჯაბა ჟვანია

P.S. საინტერესოა, ქალბატონი თურნავა დღესაც ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტრო დარქმეოდა?!

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here