Home რუბრიკები საზოგადოება ქვეყანას გააზრებული პოლიტიკა სჭირდება

ქვეყანას გააზრებული პოლიტიკა სჭირდება

337
ნაპოლეონ ქარქაშაძე

ცუდი დრო შეარჩია პოლიტიკიდან წასასვლელად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ქვეყანა ისევ გაურკვეველ მდგომარეობაშია, ტელეეკრანებიდან ისევ სიძულვილის ნიაღვარი იღვრება, გუშინდელ არარაობებს თავი არისტოტელე ჰგონიათ და უსირცხვილოდ მოძღვრავენ ქართველ საზოგადოებას.

ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ხალხი შეაშფოთა, განსაკუთრებით კი _ სააკაშვილის დროის რეპრესირებული და პატივაყრილი ადამიანები, რომლებიც დღემდე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას. “ოცნების” მიერ გამოცხადებულმა კოაბიტაციამ ადამიანები გააბოროტა. ქვეყნისთვის მიუღებელ მტრულ ძალას, რომლის წინააღმდეგაც მთელი საქართველო აღდგა, ახალი სული შთაბერა, გამოაცოცხლა და ისევ საქართველოს მიუქსია.

თუმცა ბევრი მიხვდა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაბლოკვა გარედან ნაკარნახევი მოთხოვნა იყო, რომელსაც ხელისუფლება წინააღმდეგობას ვერ გაუწევდაიმიტომ, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყნების რიგში ვართ გადასროლილი, რაც თავისთავად ზღუდავს ქართული პოლიტიკის აქტივობას.

30 წელზე მეტია, ქართული პოლიტიკის ვექტორს სხვები განსაზღვრავენ. მათთან შეწინააღმდეგება კი ძალიან ძნელია, ვინაიდან ჩვენი ყოველდღიური ყოფა და, ცხადია, განვითარებაც დიდწილად მათზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმის განსაზღვრა _ ეს კარგია თუ ცუდი _ ძნელი გასარკვევია.

საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელნი, ვფიქრობ, ქართველები უნდა ვიყოთ. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ვისაც არა მხოლოდ გვახსოვს სოციალისტური საქართველო, არამედ თვითონაც ვმონაწილეობდით მის აშენებაში და ამაში “რუსი ოკუპანტი” ხელს ვერ გვიშლიდა.

ქვეყანას გააზრებული პოლიტიკა სჭირდება

მმართველი ძალის წინასაარჩევნო დათმობამ გაათამამა ოპოზიცია. მან ირწმუნა თავისი “უძლეველობა” და არა მხოლოდ თვითონ გადავიდა ბოიკოტის რეჟიმში, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებიც აიყოლია, პოლიტიკური სპექტრის ერთობა დააანონსა და გადავიდა შანტაჟსა და მუქარაზე. ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ახალდაარსებული პარტიები არ გაბმულიყვნენ სააკაშვილის მიერ დაგებულ მახეში; მეტიც, წინა პარლამენტში მოკავშირე პოლიტიკური ძალებიც დაკარგა. ასეთმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სააკაშვილი, რომლის ირგვლივ ისეთი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, რომლებიც მას ადრე ანათემაზე გადაცემდნენ. “ქართული ოცნების” გუნდს მოუწევს პროცესების გაანალიზება და, თუ სწორ დასკვნებს ვერ გამოიტანს, უარეს დღეში ჩავარდება.

საოცარია, რომ ის ნდობა, მხარდაჭერა და ერთიანობა, რომლებიც ივანიშვილის მოძრაობას 2012 წელს ჰქონდა, ასე ქარაფშუტულად გაანიავეს.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ ყველაზე მეტად ოპოზიცია შეაშფოთა. მის კრიტიკაზე აგებული პოლიტიკა დაიმსხვრა. ეს ფაქტი უკეთ უნდა გამოიყენოს მმართველმა ძალამ, უფრო უნდა შეარყიოს უკვე საკმაოდ მოფამფალებული, თუთიყუშივით მოყრანტალე ოპოზიცია. ამას მოახერხებენ მხოლოდ მაშინ, თუ შეამჭიდროვებენ თავიანთ რიგებს და გაამკაცრებენ საშემსრულებლო დისციპლინას. სახელისუფლო გუნდს ამის რესურსი აქვს.

ქვეყანაში არსებული კრიზისი შეიძლება განიმუხტოს, თუ სახელისუფლო გუნდი შეცდომებს აღარ დაუშვებს. “ქართულ ოცნებასშეცდომებს ქართველი საზოგადოება აღარ აპატიებს. ვფიქრობ, იგი შეძლებს გზააბნეული ქართველების შემობრუნებას და სწორ გზაზე დაყენებას. ამის ინდიკატორი კი ადგილობრივი არჩევნებია, რომლის მოახლოებაც უკვე იგრძნობა. ბურთიც და გულშემატკივარიც ჯერ კიდევ მათ მხარესაა და არ უნდა გაუცრუოთ მხარდამჭერებს მოლოდინი.

ერთი რამ ცხადია: იმარჯვებს მხოლოდ ის ძალა, რომელიც შეძლებს, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რაციონალური პოლიტიკის განხორციელებას. ერთი სიტყვით, “ოცნებამ” ყბადაღებული კოაბიტაცია უნდა დაასრულოს და მოაზროვნე ოპოზიციასთან საერთო ენა გამონახოს. საბედნიეროდ, ასეთები უკვე გამოჩნდნენ.

მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთის ჩემდამი კეთილგანწყობით და კიდევ რამდენიმე საკითხს შევეხო.

უპირველესად, ეს არის აფხაზეთი, რომელიც დღეს მივიწყებულია. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ აფხაზეთის პრობლემის გასაღები მხოლოდ მოსკოვშია და ამის თქმის საფუძველს აფხაზეთში ჩემი მოღვაწეობის 16-წლიანი პერიოდიც მაძლევს, როდესაც ამ ძირძველ ქართულ მიწაზე ძალიან სერიოზულ თანამდებობებზე ვსაქმიანობდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ აფხაზები ის ხალხი არაა, რომელიც ქართველების მიერ შეთავაზებულ ძმობას დააფასებს და ჩვენ ჩაგვეხუტება. მათ ჩვენზე უკეთ იციან თავიანთი აბაზგინური წარმომავლობა და ისიც, რომ აფხაზეთის მიწაზე XII-XIII საუკუნეებიდან ჩამოდიოდნენ. დღეს კი მის მიტაცებასა და დასაკუთრებას ლამობენ, რაც ქართველებისავე ხელშეწყობით გამოსდით კიდეც.

აფხაზებმა შეგნებულად გააყალბეს ამ მიწაწყლის ისტორია, გაანადგურეს ან დამალეს აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური თუ სხვა სახის ძეგლები, რომლებიც უტყუარად ამტკიცებს ამ მიწაწყლის ქართულ წარმომავლობას. აფხაზებმა ახალი ათონის მონასტრის საცავებში გადამალეს აფხაზეთის მთავრის _ შერვაშიძის არქივი, რომლითაც კიდევ ერთხელ მტკიცდებოდა ის, რომ აფხაზეთიც ისეთივე სამთავრო იყო, როგორც სამეგრელო და გურია და რომ მას დღევანდელ სეპარატისტებთან საერთო არაფერი აქვს.

სამწუხარო ისაა, რომ ქართველებმა მათ ამ პრეტენზიებს ჩვენდა უნებურად, გაუაზრებლად ხელიც შევუწყვეთ. მახსენდება ჩემი ვიზიტი ცნობილ ქართველ მეცნიერთან, აკადემიკოს გ. მეგრელიშვილთან, რომელიც იმხანად ისტორიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ჩემს შეკითხვაზე, თუ ვინ მუშაობდა მის ინსტიტუტში აფხაზეთის ისტორიის საკითხზე, დაუფარავად მითხრა, რომ ქართველებიდან _ არავინ. ეს თემა ჩვენთვის ტაბუდადებულიაო.

არადა, აფხაზეთის მხრიდან ამ თემაზე ყველაზე ტიტულოვანი მეცნიერები მუშაობდნენ, რომლებიც თავიანთ შრომებს რუსეთში გამოცემულ ჟურნალებში აქვეყნებდნენ. ყველანი ვხედავდით, როგორი მეთოდურობით აშენებდნენ ისინი მათი მცდარი თეორიის საფუძვლებს, მაგრამ განმკითხავი არავინ იყო. კომუნისტურ მმართველობას ხელს აძლევდა ფეთქებადსაშიში კერების არსებობა და ამას აღნიშნავდა კიდეც.

ათონის მონასტერში დაცული აფხაზეთის მთავრის არქივის შესახებ მითხრა აფხაზეთის სამოციქულო ეკლესიის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა (ერისკაცობაში ჭკადუამ), რომელმაც აფხაზეთის მთავრების ნაქონი ღვთისმშობლის უნიკალური ხატიც მაჩუქა. ეს სიწმინდე მოგვიანებით, პატრიარქის რჩევით, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩემივე ინიციატივით აშენებულ ილია მართლის ტაძარს შევწირე. მიმაჩნია, რომ სპეციალისტები ამ ხატის შესწავლით ბევრ პრობლემას მოჰფენენ ნათელს _ ხატზე ხომ ქართული წარწერებია.

სანამ აფხაზებს სიმართლეს არ ვეტყვით და შესაბამის დოკუმენტებს არ გავასაჯაროვებთ, ამ მიწა-წყლის დაბრუნების სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩება. აფხაზეთის დაბრუნების ყველაზე კარგი შანსი ჩვენს თაობას აქვს, რომელსაც ახსოვს აფხაზეთი, უშრომია და უმოღვაწია ამ ძირძველ ქართულ მიწაზე და ამ საკითხის მოგვარება ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ამ ადამიანებს რუსებთანაც შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა და ბევრნი დღემდე დაკავშირებულნი არიან რუსეთთან.

ხელისუფლება არ უნდა შეაშინოს შემთხვევითი ადამიანების რუსოფობიამ და უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც რაციონალური და აუცილებელია. რუსეთთან მტრობა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here