Home რუბრიკები საზოგადოება ქართულ მიწას მეზობლებს კანონით ვუმტკიცებთ, საკუთარ თავს კი _ იმას, რომ ეს...

ქართულ მიწას მეზობლებს კანონით ვუმტკიცებთ, საკუთარ თავს კი _ იმას, რომ ეს კარგია

1925
ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსი

მეზობელ სომხეთს ხუჯაბის სამონასტრო კოპლექსსა და არპის ნაციონალურ ტყეპარკს ვუთმობთ

შემოდგომაზე სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება და მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც მეზობელ ქვეყანასთან საზღვარს ოფიციალურად დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მხოლოდ თურქეთთან აქვს საზღვარი დადგენილი და ისიც რამდენიმე თვის წინათ მოვახერხეთ… სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ თურქეთს ამ დოკუმენტით ექვს ჰექტარ მიწაზე მეტი დავუთმეთ, აქაოდა, წლების წინათ მდინარე ადიდდა, კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს ექვსი ჰექტარი ერგოო. რაც შეეხება სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციას, გაირკვა, რომ, შემოდგომაზე ხელმოსაწერი დოკუმენტის მიხედვით, ჩვენს მეზობლებს ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსსა და არპის ნაციონალურ ტყეპარკს დავუთმობთ. სადავო მეზობელთან სწორედ ეს გვქონდა. ანალოგიური პროცედურები მიმდინარეობს კიდევ ერთ მეზობელთან _ აზერბაიჯანთან და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, როცა დღის წესრიგში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დრო დადგება, მეზობლებს დავით გარეჯის მონასტრის სადავო ნაწილს დავუთმობთსაუბარია ჩიჩხიტურის კოშკზე, სწორედ იმაზე, რომელსაც დღემდე სასროლეთისთვის იყენებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მას შეგნებულად აზიანებენ. სხვათა შორის, საჯაროდ არავინ ამბობს, თორემ აზერბაიჯანული მხარე სადავო ტერიტორიებად, საგარეჯოს რაიონის გარდა, ლაგოდეხის, მარნეულისა და გარდაბნის რაიონსაც თვლის.

სომხეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და პირველ სექტემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ინფორმაციით კი ეს შეხვედრა სწორედ დოკუმენტის ხელმოსაწერად გაიმართება და ის საქართველო-სომხეთის საზღვარზე შედგება, ზუსტად ისე, როგორც თურქეთი-საქართველოს საზღვარზე ხელის ერთი მოწერით დავთმეთ ექვსი ჰექტარი. ცნობისთვის: სომხებმა უკვე დოლს შემოჰკრეს, აქაოდა, ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება, მალე იქ სომეხი ტერტერა მივა და ილოცებსო. როგორ გგონიათ: ქართული მხარე იტყუება თუ სომხური?!

ჰო, ჩვენც ასე გვგონია…

მეზობლებთან “კეთილგანწყობილები” მხოლოდ ამ მიმართულებით არ ვართ. აბრა, რომელიც გვაუწყებდა, რომ 1757 წელს ქართველთა ლაშქარმა სოლომონ I-ის მეთაურობით თურქთა ლაშქარს მუსრი გაავლო, თურქების მოთხოვნით შეიცვალა და ახლა წერია, რომ ქართველთა ლაშქარმა მტერი დაამარცხა. ხრესილის მარცხის დავიწყების შემდეგ, თურქები დიდგორის დავიწყებასაც ცდილობენ და სწორედ მათი რეკომენდაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების პროცედურა შეაჩერა. არადა, კანონი მომზადებული იყო, პარლამენტშიც იყო შეტანილი განსახილველად, მაგრამ ახლა ამ კანონს მტვერი ადევს.

რუკა

ყველაფერ ამის ფონზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ უშლის დაცვის პოლიცია ქართველ ბავშვებს ქართული ცეკვის შესრულებას იმ მიზეზით, რომ თურმე იქვე, ახლოს ირანის საელჩოა და ირანელებს ქართული მელოდიები არ მოსწონთ. გამოდის, საქართველოში გვიკრძალავენ იმას, რითაც მსოფლიო გვიცნობს _ ცეკვასა და სიმღერას, ქართულ ფოლკლორს. როგორც ჩანს, სამართალდამცველები ძალიან უფრთხილდებიან ირანელთა “ფაქიზ ფსიქიკას” და სულაც არ ადარდებთ, რა დაემართებოდა იმ ბავშვებს, რომლებიც ცეკვავდნენ, და ჯერ მედოლეს გააჩერებინეს დოლის დაკვრა, შემდეგ კი ცეკვაც აკრძალეს. ეს მაშინ, როცა ბათუმში ხან თურქული მუსიკა ისმის, ხან სომხური სიმღერები და ხანაც აზერბაიჯანული ბაიათები.

შესაბამისად, 14 ივლისს დაგეგმილი “ქართული მარში” თითქოს დროული და საჭიროა, მაგრამ ხელისუფლების დუმილის ფონზე ოპოზიციამ ხმა აღიმაღლა და გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურების დადგმულია და, არალეგალების კრიმინალური ქმედებების ნაცვლად, საოკუპაციო ზოლთან რუსეთის ოკუპაცია უნდა გავაპროტესტოთ. ამ იდეის ინიციატორები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან და ისინი არ ამბობენ, რომ ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც თურმე სწორედ 14-ში უნდა გავაპროტესტოთ, მათი დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილმა მოიფიქრა და შექმნა .. სამხრეთ ოსეთის ავტონომია, მოიფიქრა და შექმნა დიმიტრი სანაკოევი, სამხრეთ ოსეთს მიუერთა ახალგორის რაიონი თავის სოფლებიანად და შედეგად მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილის მიერ დეკლარირებული დოკუმენტით, რუსებს მიაქვთ ის სოფლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს სააკაშვილმა ხელის ერთი მოსმით გადასცა. სხვათა შორის, ანალოგიური სქემით იმოქმედა სააკაშვილმა, როცა კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთად გამოაცხადა და, პრაქტიკულად, უბრძოლველად ჩააბარა. და ახლა, სააკაშვილის ჩასვრილი საქმის გასაპროტესტებლად უნდა დაირაზმოს თურმე სრულიად საქართველო და ის, რომ საქართველოში მალე ქართულად საუბარიც აღარ მოეწონებათ და თურქული, ირანული, ინდური თუ ჩინური ენების შესწავლას დაგვაწყებინებენ, თურმე ჩვეულებრივი ამბავია. ისიც ჩვეულებრივი ამბავია, სააკაშვილის ხელისუფლებამ 4 შვილის დედა თეა სირაძე 5 ინდოელი მამაკაცის გალახვისთვის რომ დააკავა და მისმა გუნდმა ტაში დაუკრა. ახლა კი, როცა ირანელი მამაკაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვისაა დაკავებული, ხმას არ ვიღებთ და არ ვიმჩნევთ, _ უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არაფერი ეწყინოსო…

ის, რომ სწორედ 14 ივლისს აპირებენ ოკუპაციის გაპროტესტებას, შემთხვევითი არ არის. ამ ყველაფრის ფონზე, არავინ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას მთელი ცივილიზებული სამყარო განიხილავს. გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრას, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, ხოლო რუსეთის მხრიდან ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ, საუბარი დაძაბულად წარიმართა. როგორც ტილერსონი ყვება, პუტინი ბოლო ხმაზე უყვიროდა ტრამპს და კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს ბრალდება, მტკიცებულებების დადებას ითხოვდა. თუ კარგად ვერ გაიაზრეთ, კიდევ გავიმეორებთ: პუტინი უყვიროდა ტრამპს და დოკუმენტების წარდგენას ითხოვდა. სწორედ ის პუტინი, ჩვენ ოკუპაცია რომ უნდა გავუპროტესტოთ, უშვერი სიტყვებით ვლანძღოთ და მერე რა, თუ აგვისტო მოდის. გაღიზიანებული მეზობელი სამხედრო ინტერვენციას თუ დაიწყებს, ეს ხომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. სწორედ ეს აქვთ გათვლილი ოპოზიციაში და სულ არ ანაღვლებთ, მათ პროვოკაციას ერთეულები შეეწირებიან თუ ასეულები. ასე იყო 2008 წელს და ასეა ახლაც

დღე არ გავა, საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული თუ საკუთარი ნებით გადასული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი არ ახსენონ ტელევიზიებმა, ხოლო კონგოში გატაცებული სოსო ოსორაული უკვე მიივიწყეს და მას, ოჯახის წევრების გარდა, არავინ ახსენებს. ოპოზიციურ პარტიებს თავში აზრადაც არ გაუვლიათ, ოსორაულის გატაცება გაეპროტესტებინათ, ამაზე გამოეცხადებინათ თარიღი, შეკრებილიყვნენ, აქტიური ქმედება მოეთხოვათ, ბოლოს და ბოლოს, იმ მილიონი დოლარის მოგროვება დაეწყოთ, რომელსაც გამტაცებლები ოსორაულის სანაცვლოდ ითხოვენ. არა, ეს არ არის მომგებიანი, რადგან ერთი კაცი მათთვის ტრაგედია არ არის, ტრაგედიის შესაქმნელად მასშტაბებია საჭირო და მასშტაბური ტრაგედია სწორედ იქ შეიძლება მოხდეს, სადაც შეიარაღებული ხალხი დგას, სადაც შეგიძლია პროვოკაციაზე წამოაგო “თოფიანი კაცი” და მერე ხელისუფლება უნიათობაში დაადანაშაულო. კონგოელი გამტაცებლები მტრები არ არიან, მტერი მხოლოდ რუსეთია და ამიტომ, სწორედ მათ უნდა მივუხტეთ ბუნაგში და ეგებ ვინმემ თოფიც ისროლოს…

გაგიკვირდებათ და, აღნიშნული პრობლემის მოსაგავრებლად არც ხელისუფლების წარმომადგენლებს სცალიათ, ისინი პრეზიდენტთან კეჭნაობით არიან დაკავებულნი და იმ კონსტიტუციის გატანას ფიქრობენ, რომელიც დაწერეს და შექმნეს. ერთი ეგაა, თუ ასე გაგრძელდა, კონსტიტუცია არც ჩვენთვის იქნება და არც ჩვენი შვილებისთვის _ საქართველოს მიწას მეზობლებს კანონიერად, დოკუმენტებით ვუმტკიცებთ, საკუთარ თავს კი _ იმას, რომ ეს კარგია.

14 ივლისს “ქართული მარში” გაიმართება… ოპოზიციამ ის უკვე მონათლა რუსულ პროექტად და რუსულ, “ქსენოფობიურ” მარშს შეადარა. რუსმა “ქსენოფობებმა” კი თავიანთ სამშობლოში უკვე აკრძალეს სექტები, აკრძალეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა დემონსტრაციები, იქ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ხმასაც ვერავინ იღებს და ჩვენ…

ქალები უკვე წაგვართვეს, ახლა ირკვევა, რომ მუსიკას გვიკრძალავენ და გამოდის, დუდუკიც წაგვართვეს, ღვინო კი ჯერ ისევ შეგვრჩა. ჰოდა, ღვინოს მიეძალეთ, მერე, ნამთვრალევზე, ლეგალიზებული მარიხუანა მიაყოლეთ და ერთმანეთის შესაშინებლად იძახეთ: “რუსი მოდის, რუსი მოდის…”

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ვაგლახ, ღმერთმა ქართველებს ჭკუა წაართვა და ასე სჯის “ნაცუმეცრებს”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here