Home რუბრიკები სპორტი ქართული ფეხბურთის ოქროს ეპოქის შემოქმედი

ქართული ფეხბურთის ოქროს ეპოქის შემოქმედი

272

ქართული ფეხბურთის სიამაყეს _ თბილისისდინამოს”, რომელიც 1925 წლის შემოდგომაზე დააარსდა, წვრთნიდნენ როგორც მოწვეული, ისე ადგილობრივი სპეციალისტები. მათ შორის გამოირჩეოდნენ გაბრიელ კაჩალინი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 1964 წელს პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა; ანდრო ჟორდანია; აგრეთვე, მიხეილ იაკუშინი, რომელიც თბილისელ ფეხბურთელებს 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს ნოდარ ახალკაცი და დაიწყო ქართული ფეხბურთისოქროს ეპოქა”.

ნოდარ ახალკაცი დაიბადა 1938 წლის 2 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში, რომელიც 1955 წელს წარმატებით დაამთავრა და სწავლა იმხანად პლეხანოვის (ამჟამად დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე არსებულ რკინიგზის ინსტიტუტში განაგრძო. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს თბილისის “ნორჩ დინამოელთა” სკოლაში, 1957 წელს კი თბილისის ოფიცერთა სახლის (ოდო) ღირსებას იცავდა. 1960-1966 წლებში თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივში”. 28 წლისამ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა. 1967 წელს დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა თბილისის “ლოკომოტივში”, რომელსაც 1970 წლამდე წვრთნიდა. 1974-1975 წლებში იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი, ხოლო 1976-1983 და 1985-1986 წლებში _ მთავარი მწვრთნელი, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 383 მატჩიდან თბილისის “დინამომ” 179 მოიგო, 102 ფრედ დაასრულა და 102 წააგო.

1976 წელი. “არარატისგანადგურება და საბჭოთა კავშირის თასი პირველად

ნოდარ ახალკაცს _ ინტელექტუალს, ქართული და რუსული პოეზიის თაყვანისმცემელს, კარგა ხნის განმავლობაში აღიქვამდნენ, როგორც სპორტის ფუნქციონერს. მხოლოდ 1976 წელს ჩააბარეს მას საქართველოს უძლიერესი კლუბი. იმავე წელს თბილისის “დინამომ” პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი _ მოსკოვში გამართულ ფინალურ მატჩში 3:0 გაანადგურა ერევნის “არარატი” (ბურთები გაიტანეს დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ). ამას მოჰყვა ბრინჯაოს მედალი სსრკ-ის ჩემპიონატში.

1977 წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვა. კარგად ითამაშა საერთაშორისო არენაზეც _ უეფას თასის 1/32 ფინალში მილანის “ინტერნაციონალე” დაამარცხა.

რამაზ შენგელია, ნოდარ ახალკაცი და დავით ყიფიანი

1978 წელი. სსრკის ჩემპიონობა

1978 წელს “დინამო” უკვე მზად იყო ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. ნოდარ ახალკაცმა გუნდში მოიწვია ახალი ფეხბურთელები. სწრაფმა და მოქნილმა ოთარ გაბელიამ კარში შეცვალა დავით გოგია. დაცვაში გამოჩნდნენ თამაზ კოსტავა, გიორგი თავაძე, დავით მუჯირი და თენგიზ სულაქველიძე, ნახევარდაცვაში _ ვიტალი დარასელია და ალექსანდრე ჩივაძე, თავდასხმაში _ რამაზ შენგელია. “დინამოს” ძირითად ბირთვს კი შეადგენდნენ შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეები, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი და საბჭოთა კავშირის 1977 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დავით ყიფიანი, რომელსაც თვითონაც ხშირად გაჰქონდა ბურთი მეტოქის კარში და საგოლე პასებითაც ამარაგებდა პარტნიორებს. 1978 წელს ნოდარ ახალკაცის მიერ გაწვრთნილმა თბილისის “დინამომ” მეორედ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, რამაზ შენგელია კი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უეფას თასის გათამაშებაში ახალკაცის შეგირდებმა იტალიის “ნაპოლი” გამოთიშეს, მაგრამ დამარცხდნენ ბერლინის “პერტასთან”.

1979 წელი. საბჭოთა კავშირის თასი მეორედ დალივერპულისთვისსკალპის ახდა

1979 წელს ჩივაძე, დარასელია, სულაქველიძე და რამაზ შენგელია თბილისის “დინამოს” წამყვან ფიგურებად იქცნენ. გუნდის საჭესთან კვლავ რჩებოდა ნოდარ ახალკაცი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულმა სახელი გაუთქვა. ახალკაცმა “დინამოს” შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანა. გუნდს დაემატნენ ახალგაზრდები: გიორგი თავაძე, გოჩა ჯოხაძე, გრიგოლ ცაავა და ნუკრი კიკალიშვილი. გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ მეორედ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი _ ფინალში მოსკოვის “დინამო” პენალტების სერიაში დაამარცხა.

1979 წლის 3 ოქტომბერი კი ოქროს ასოებით ჩაიწერა თბილისის “დინამოს” ისტორიაში. უეფას ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში (პირველი მატჩი ლივერპულში ინგლისელებმა მოიგეს _ 2:1) ქართველმა ფეხბურთელებმა “ლივერპული” გამანადგურებელი ანგარიშით _ 3:0 დაამარცხეს და, ასე ვთქვათ, სკალპი ახადეს ინგლისის მრავალგზის ჩემპიონსა და იმხანად ჩემპიონთა თასის მფლობელს.

მერვედფინალში “დინამო” ძლიერ გერმანულ კლუბ “ჰამბურგს” ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

1981 წელი. ტრიუმფი დიუსელდორფში

უეფას თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშების მეთექვსმეტეფინალში თბილისელებმა საბერძნეთის “კასტორიას” სძლიეს, მერვედფინალში _ ირლანდიურ “უოტერფორდს”.

მეოთხედფინალში “დინამო” “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შეხვდა და 1981 წლის 4 მარტს თავის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, როცა ეს კლუბი ლონდონში გაანადგურა _ 4:1.

ახალკაცის გუნდი მეოთხედფინალში როტერდამის “ფეიენორდს” _ უეფას ჩემპიონთა თასის, უეფას თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ყოფილ მფლობელს თბილისში შეხვდა და გაანადგურა _ 3:0. როტერდამში კი, მიუხედავად ძალიან მიკერძოებული მსაჯობისა (დინამოელებს რეფერიმ სამი (!) გოლი არ ჩაუთვალა და გამოგონილი პენალტი დაუდო), მაინც შეძლო ფინალში გასვლა.

1981 წლის ფინალური მატჩი ნოდარ ახალკაცის შეგირდებმა გერმანიის “კარლ ცაისთან” შესანიშნავად ითამაშეს, გერჰარდ ჰოპეს მიერ 63-ე წუთზე გატანილ ბურთს გუცაევისა და დარასელიას გოლებით უპასუხეს და უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ნოდარ ახალკაცი საბჭოთა კავშირის მწვრთნელი იყო კონსტანტინე ბესკოვსა (მოსკოვის “სპარტაკი”) და ვალერი ლობანოვსკისთან (კიევის “დინამო”) ერთად.


ვიტალი დარასელია, თენგიზ სალუქვაძე, ნოდარ ახალკაცი, მსახიობი ევგენი ლეონოვი, რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე

თბილისის “დინამო” ყოველთვის გამოირჩეოდა იმპროვიზაციის უნარითა და ტექნიკური მომზადებით, ნოდარ ახალკაცმა კი გუნდში დისციპლინა და საქმისადმი მიდგომა შეცვალა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 5-წლიანი ეპოქის შემოქმედად იქცა.

1990-1998 წლებში ნოდარ ახალკაცი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: არჩეული გახლდათ უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრად; დაჯილდოებული იყო ფიფას ორდენით ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; იყო ღირსების ორდენის კავალერი; 1998 წელს გაზეთ “სარბიელის” გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა; 2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი “ქართული ფეხბურთის მაესტრო”. ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს.

ლობანოვსკი, ბესკოვი და ახალკაცი

ნოდარ ახალკაცის მიღწევები:

* საბჭოთა კავშირის ჩემპიონი _ 1978 წ.

* საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი _ 1977 წ.

* საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი _ 1876, 1981 წწ.

* უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი _ 1981 წ.

* საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი _ 1979 წ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here