მთავარი პოლიტიკა “ქართული ოცნების” მორიგი შეცდომა

“ქართული ოცნების” მორიგი შეცდომა

510
გააზიარეთ
“ქართული ოცნების” მორიგი შეცდომა

სოციალური მუშაკების გაფიცვამ ნათლად აჩვენა, რომქართულმა ოცნებამ”, ბურბონების არ იყოს, “ვერაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა”. ურთიერთობა გაფიცულებთან ამ შემთხვევაში თითქმის იმავე ალგორითმით წარიმართა, როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეებთან 2018 წლის მაისივნისში: პრობლემისთვის თვალის არიდება _ მოუმზადებელი მოლაპარაკება _ ზეწოლის წარუმატებელი მცდელობა _ ჩიხში მოქცევა _ უკანდახევა. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ხელისუფლების ამგვარი ქცევა?

სოცმუშაკებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება 8 თებერვალს საჯაროდ მოითხოვეს. საინიციატივო ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში წერილი შეიტანა. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” თანამშრომელთა მოსალოდნელ გაფიცვაზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა იმდროინდელ კომენტარებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ რეფორმები ამ სფეროში უკვე დაიწყო (კლასიკური კომბინაციაგვაცალეთ, ბატონო!”), აგრეთვე, იმაზე, რომ გაფიცვა გაჭირვებულ მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის. მართალია, ხელისუფლებას არ უცდია 2018 წლის უშედეგო მანევრის გამეორება, როდესაც სასამართლომ, სატრანსპორტო კოლაფსის არდაშვების საბაბით, მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვა ჯერ გადაავადა, შემდეგ კი (უშედეგოდ) აკრძალა, თუმცა წინასწარ დაიწყო მზადება იმისთვის, რომ გაფიცულებისთვის საზოგადოებაში ნეგატიური იმიჯი შეექმნათ. ისინი კი, თავის მხრივ, ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უწინარესად, ბენიფიციარების ინტერესებშია.

12 თებერვალს მხარდაჭერა სოცმუშაკებს ომბუდსმენმა გამოუცხადა: “შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები”. ბოლო გარემოებას საინიციატივო ჯგუფის წევრები თავის განცხადებებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ამბობდნენ, რომ სამუშაოების მოცულობა ისე დიდია, რომ მათი შესრულება არსებული რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ პლაკატზე, რომელიც სახელმწიფო კანცელარიასთან მიიტანეს, ეწერა: სოციალური მუშაკი (ვერ) ემსახურება 15 000 მოქალაქეს!”. 12 თებერვალს მათი მხარდამჭერი განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაწილმაც გაავრცელა.

რამდენიმე დღეში მედიამ დაიწყო ამის გაშუქება, თუმცა 20 მარტს, როდესაც უნდა ჩატარებულიყო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელებსა და საინიციატივო ჯგუფს შორის, ამ უკანასკნელმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ სამინისტრო რეგიონული სერვისცენტრების მუშაკებზე ზეწოლას ცდილობს. მომდევნო დღეს საინიციატივო ჯგუფმა გაფიცვა დააანონსა.

გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. 27-ში სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტრანსპორტის, აგრეთვე, ფსიქოლოგებისა და იურისტების შტატების დამატების პრობლემა გვარდება, რომ 2019-ში სამსახურში კიდევ 50 თანამშრომელს აიყვანენ, ხოლო სოციალური მუშაკის ხელფასი 2020 წლიდან _ 1200, 2022 წლიდან კი 1500 ლარი გახდება (ესეც კლასიკური კომბინაციაა _ “ხვალ თუ არა, ზეგ უსათუოდ”). ამ განცხადებამ გაფიცულები არ დააკმაყოფილა. იმავე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ თქვა, რომ მომავალი თვიდან გაფიცულებს ხელფასი შეიძლება არც გადაუხადონ. მომდევნო დღეს კი საქმეში მძიმე არტილერია, ანუ მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთო. ის გაფიცულთა წამომადგენლებს შეხვდა, შემდგომ კი იმედი გამოთქვა, რომ გაფიცვა მალე დასრულდება, რადგან მხარეები კონსენსუსს მიუახლოვდნენ.

ამ პერიოდში საზოგადოების უდიდესი ნაწილის სიმპათია გაფიცულთა მხარეს იყო და ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი შეიქნენ, ეს გაეთვალისწინებინათ. “ოცნების” კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში _ ლადო კახაძემ შემდეგი განცხადება გაავრცელა: როცა ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს ადამიანს, ოჯახი არ ჰყავს, ერთადერთი ადამიანი _ სოციალური მუშაკი _ მიდის მხარდასაჭერად, როგორც ჟანგბადის ბალონები, ისე არიან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანების სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი ჰყავდეს დაფასებული”.

მარტის ბოლოს კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია “სახის შენარჩუნება”. თავის დროზე იგივე იგრძნობოდა მეტროპოლიტენის მემანქანეებთან, ყვითელი ავტობუსის მძღოლებთან, მეშახტეებთან და სხვა უკმაყოფილო მუშაკებთან მოლაპარაკებებისას. ამას, სავარაუდოდ, ორი მიზეზი განაპირობებს: თუ საზოგადოებას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა, გაფიცვები “დომინოს პრინციპით” შეიძლება სხვა სფეროებშიც გაგრძელდეს. ამასთანავე, ივანიშვილის ხელისუფლებას ხისტი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, ხოლო ზეწოლის მეთოდები, რომლებსაც მიმართავს (მაგალითად, მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვის აკრძალვის მცდელობა), როგორც წესი, არავის აშინებს. მას (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) არ შეუძლია, მოიქცეს სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, რომელმაც ქუთაისში “ჰერკულესის” მეტალურგების გაფიცვის პერიოდში საწარმოში პოლიციური ტერორის რეჟიმი დაამყარა.

პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე სოცმუშაკების საკითხის მოგვარება მომავლისთვის გადადო, მთავარი პრობლემა სისტემაშია, რომელიც ქვედა ფენების ხარჯზე მმართველი ელიტის შემოსავლების მუდმივ ზრდას ემსახურება. ის წარმოშობს მსოფლმხედველობას, რომლის ფარგლებში ქვეყნის სოციალური წონასწორობის აღდგენა არ განიხილება, როგორც პრიორიტეტი. გაჭირვებულმა ფენებმა კარგად გააცნობიერეს ეს და ისიც, რომ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი მეთოდი ხმამაღალი ყვირილი, ხელისუფლების შეშინება და მასზე შეტევაა, რადგან კეთილგონიერი, მშვიდი არგუმენტები მას არ ესმის, ხოლო ცვლილებები იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაცქართული ოცნებაასკვნის, რომ რეალური საფრთხე ექმნება. ეს არანორმალური ვითარება საზოგადოების ერთიანობას, შესაბამისად, სახელმწიფოს მდგრადობას ძირს უთხრის.

იყო დრო, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მესიჯი გახდა “რაღაც ხომ მაინც კეთდება”. იმ პიარაქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ბოლო დროს პრემიერმინისტრმა განავითარა, “ქართული ოცნებაც” ამ მიმართულებით მიდის. ისინი მუდამ იმეორებდნენ “პირველად საქართველოს ისტორიაში”, ესენი რაღაც უცნაურ მეტაფორებს მიმართავენ. “ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება”, _ აცხადებს მამუკა ბახტაძე. ქუთაისისგან ხომ შექმნეს ოქსფორდი, ახლა ბათუმსაც მიადგნენ, კემბრიჯი უნდა შექმნან. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სინამდვილეში საუბარია რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, კომაროვის სკოლის ფილიალზე, შესაძლოა, პროფესიულ სასწავლებელზე _ ამას შეიძლება ეწოდოს “ცენტრი”, მაგრამ სახელისუფლო პროპაგანდას სათაურებში სწორედ “ქალაქი” გამოაქვს და, სავარაუდოდ, ვერ გრძნობს, რომ ეს პერსპექტივაში ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს, ისევე, როგორც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ჰიპერბოლიზაცია.

მეგალომანია ხელისუფლების ლექსიკონში ერთ-ერთი სიმპტომია იმისა, რომ ის ხალხს შორდება. ზუსტად ასე იქცეოდა სააკაშვილი მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც ასეთ კომენტარებს აკეთებდა: “200-სართულიან შენობას ვისურვებდი. ეგრევე 200 სართული და ყველაზე ლამაზი არქიტექტურა. მე მომწონს რაღაც ისეთი, არქიტექტურული, დიდი, ლამაზი” (საუბარი უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის მდივან გლებ გოლოვჩენკოსთან) და შემდეგ: “არაფერს ვაზვიადებ, ბათუმი 4 წლის შემდეგ სინგაპურს დაემსგავსება. იქ ახლა შენდება 500 შენობა, რომელიც 50 სართულზე მაღალია. არის 70, 80-სართულიანიც”. გამორიცხული არაა, რომ მამუკა ბახტაძეც იმავე გზას დაადგა: ჯერ _ “განათლების ქალაქი”, შემდეგ, ალბათ, “ცოდნის იმპერია” და ბოლოს 500 ცათამბჯენი და გალოპერიდოლის გაორმაგებული დოზა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე(!) მანქანის შეძენა სოციალური მუშაკებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხად იქცა.

შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ვერ ხედავს ტრაგიკულ შეუსაბამობას მთავრობის პიარსა და მოსახლეობის მოთხოვნებს შორის, ან ვერ აცნობიერებს, რომ კრიზისში მყოფ მმართველ პარტიას, ადმინისტრაციული ბერკეტების გარდა, ამომრჩეველთა მობილიზების ინსტრუმენტები არ დარჩა. ამიტომ გამორიცხული არ არის, ხელი შეუწყოს იმ ჯგუფების გაძლიერებას, რომლებიც დაშორდნენ “ქართულ ოცნებას”, უპირველესად, “ახალგაზრდა გვარდიასთან” კონფლიქტის გამო, რათა 2020-ში მათი დახმარებით ახალი მმართველი კოალიცია შეაკოწიწოს.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ლიდერად საკუთარ თავს, როგორც ჩანს, “დაიცავი საქართველოს” ხელმძღვანელი დავით მაღრაძე განიხილავს, რომელმაც გასულ კვირას “პალიტრანიუსის” ეთერში შემდეგი რამ თქვა: “არც ვიცი, რატომ უნდა გაიმარჯვოს 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ან თუ გაიმარჯვებს, მე რატომ უნდა ვიგრძნო თავი გამარჯვებულად, ესეც არ ვიცი. ამიტომ ვეცდები, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიქმნას ისეთი მოძრაობა (ეს არ იქნება ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომელშიც ნაბრძოლი ხალხი შევიკრიბებით და ჩავიკეტებით, პირიქით ძალიან გახსნილი ორგანიზაცია იქნება), რომელსაც გადავცემთ ესტაფეტასავით იმ ხალხს, რომელსაც სურვილი ექნება სამართლიანობის აღდგენის”. ძნელი სათქმელია, რამდენად წარმატებული გამოდგებაძველი გვარდიისკონსოლიდაციის ეს მცდელობა. სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეა “2012 წლის ამომრჩევლისთვისგასაგები და მისაღებია, მაგრამ უცნობია, დაიჯერებს თუ არა ის, რომ ახალი გაერთიანება ნამდვილად გამიჯნულიაქართული ოცნებისბოლოდროინდელი პოლიტიკისგან. ისიც საინტერესოა, თავსებადი იქნება თუ არა ერთმანეთთან “ძველი გვარდიის” ლიდერების ამბიციები. ცარიელი დეკლარაცია, კეთილი სურვილი განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ 2012 წლის იდეალებზე ახალი ძლიერი მოძრაობის დაფუძნების ყველა მცდელობა აქამდე წარუმატებელი გამოდგა. ასეა თუ ისე, რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, სერიოზულია თუ არა წამოწყება, რომლის შესახებ დავით მაღრაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ქართულ ოცნებას ,,შეცდომები” არა აქ, დანაშაულებები აქვს, როგორც ნაციონალებს აქვთ უამარავი დანაშაული .. დამნაშავეები და მკვლელები რატომღაც შეცდომილებად იქცნენ, სოროსისტები სოროსისტემას ამკვიდრებენ… ფსევდო მთავრობა, ფსევდო ოპოზიცია, , ფსევდო დამოუკიდებელი მედია, ფსევდო არასამთავრობოები (რომლებმაც თავი შეაძულეს ყოველ ადამიანს) ფსევდო ადამიანის უფლება დამცველები, ფაშისტური კანონები, ფაშისტური სიტუაცია, ფსევდო ბიზნესი, ფსევდო ტურიზმი (რომ შემოყავთ აზიელი მუსლიმები და ამკვიდრებენ ჩვენ სისხლით მორწყულ მიწაზე) ფსევდო ლიბერალიზმი (რომელსაც ცინიკურია უწოდო ლიბერალიზმი) ფსევდო განათლება და ფსევდო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება… ყველაფერი ეს კი არის ჩვენი ბრალი რადგან სოროსისგან იღებთ ფულს და ეს ვიცით, მშვიდად შევცქერივართ როგორ ანადგურებენ და ბილწავენ ქვეყანას, თქვენ კი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციიის წევრებო, რომ დარაზმულხართ ანტიქართული საქმიანობით და თქვენივე ქვეყნის აღმოფხვრით, არ ხართ დასახვრეტები?? ალალად თქვით ეხლა რომელი თქვენგანისთვის არაა ეგ მადლი, აფსუს რა ტყვიები იხარჯება ნადირობისას, თქვენზეა დასაცლელი ყველა ერთბაშად… მომიტევეთ ასეთი ,,სისასტიკისთვის” მაგრამ სოროსისგან რომ იღებთ ფულს მაგიტომ, გინდ სოროსისგან აგიღიათ ქრთამი და გინდა ეშმაკისაგან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here