„ქართული ოცნების“ ბანერებმა ომსა და მშვიდობაზე ოპოზიცია, უკრაინა  და დასავლეთი გააღიზიანა

    საქართველოში წინასაარჩევნოდ სიმართლის გამოფენა თურმე არ შეიძლება, ის კი შეიძლება, რომ საერთაშორისო ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციას გაეროს სამიტზე ახლდეს და მას არც ამერიკის პოლიცია ჰკიდებდეს ხელს და არც ევროპის

    155

    საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. მოდი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი არჩევნები  არასდროს გვქონია. ვიღაც იტყვის, მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნები უფრო „დიდი“ იყოო, მაგრამ არა – მაშინ არ ვიცოდით, სადამდე ვიყავით ქაქში და ახლა კი ზუსტად ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლებაში ე.წ. ოპოზიცია დაბრუნდება. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ამ ე.წ. ოპოზიციიდან ხელისუფლებაში, რადგან მათ ერთი სახელი აქვთ – დასავლეთი.

    დიახ, დასავლეთმა გამოაჩნა ნამდვილი სახე, აღიარებს, რომ ვერ აიტანა და ვერ აიტანს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები არ დაემორჩილონ. მეტიც, თავის დროზე, უფრო კონკრეტულად კი ნაციონალების ზეობის პერიოდში, მინისტრი თანამდებობაზე ისე არ ინიშნებოდა, თუ  ამერიკის საელჩოდან დასტური არ მოვიდოდა. ჰოდა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა ეს მიდგომა, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ თავის დროზე, „ოცნებაც“ კარგად წამოეგო დასავლეთის დაგებულ მახეს და, ე.წ. კოჰაბიტაცია  რომ არა, ვინ იცის, ეგებ ახლა გაცილებით უკეთეს პოზიციებზე ყოფილიყვნენ და ვყოფილიყავით. ჰოდა, წინასაარჩევნოდ ოპოზიციასა და მასთან ერთად დასავლეთს ერთი ხაზი აქვს – თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ქვეყანა წავა რუსეთისკენ (ისე, ეს რუსეთისკენ წასვლა რას ნიშნავს, ბოლომდე ვერავინ ახსნა), ხოლო თუ ოპოზიცია – დასავლეთისკენ გზა ხსნილი გვაქვს. ანუ, ის გზა გვაქვს ხსნილი, რომელსაც, 30 წელია, ვადგავართ და ბოლოში ვერ გავედით. სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ფინიშამდე კიდევ ათეული წლები ვერ მივალთ, მაგრამ ახლა მთავარი  ეს არ არის, მთავარია ის, რომ დასავლეთმა დამონებული ქვეყანა ხელიდან საბოლოოდ არ გაუშვას. სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ რა შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის გამარჯვებას, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ცოტა აგრესიული კამპანია წამოიწყო და სრულიად საქართველოში  გამოფინა ბანერები, რომლებზეც ასახულია, რა შეიძლება მოჰყვეს ომს და რა მოაქვს მშვიდობას.

    ამ ბანერებს მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ის ჯერ ოპოზიციამ გააკრიტიკა, მერე – პრეზიდენტმა და ბოლოს – დასავლეთმა, თუმცა ქარი დასავლელი პოლიტიკოსებისგან რომ უბერავს, ცხადია. მეორე მხრივ, ბანერებზე ყველაფერი სიმართლეა, ანუ ტყუილი არაფერია გამოსახული  და დაწერილი, მაგრამ სწორედ ამ სიმართლის დანახვა არ სურს არც ოპოზიციას და არც დასავლეთს. ის, რომ ომს ნგრევა მოაქვს, იცის ყველამ, მაგრამ ერთია, როცა იცი და მეორე – როცა ხედავ. ჰოდა, სწორედ ამ რეალობის დანახვამ გააღიზიანა ოპოზიცია, დასავლეთი და… უკრაინა. ჰო, უკრაინის ხელისუფლებამ გააპროტესტა საქართველოში წინასაარჩევნოდ გამოფენილი ბანერები და აღნიშნა, ასე არ შეიძლებაო. შეულამაზებლად ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი პირები ჩვეულებრივი პოლიტიკური მეძავებივით იქცევიან და ახლავე გეტყვით რატომ: თურმე წინასაარჩევნოდ საქართველოში სიმართლის გამოფენა არ შეიძლება, ის კი  შეიძლება, რომ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციას გაეროს სამიტზე ახლდეს და მას არც ამერიკის პოლიცია ჰკიდებდეს ხელს და არც ევროპის. თურმე ისიც შეიძლება, ასევე საერთაშორისო ძებნილი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშნო, შემდეგ უკრაინიდან საქართველოში შემოაპარო რევოლუციის მოსაწყობად  და მერე, როცა მიშა აქ აფერისტობდა, ვკვდებიო, იყვირო: ჩვენს მოქალაქეს კლავენო; ხოლო,  როცა სიმართლე გაირკვა და სააკაშვილის სიმულანტობა გამოაშკარავდა, ბოდიშიც არავის მოუხდია. თურმე ის შეიძლება, რომ უკრაინის უმაღლესი პირები, რომლებიც  თანამდებობაზე ყოფნისას ჩვენ  გვლანძღავდნენ და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სიმართლის თქმა დაიწყეს, ბოდიშს არ გვიხდიან; ის შეიძლება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პირდაპირ გვთხოვდა, მეორე ფრონტი გახსენითო, და საქართველოს გასანადგურებლად  იმეტებდა, მერე კი გული დასწყდა, ქართველები გვერდით რომ არ დავუდექით, დასავლეთის პროვოკაციას რომ არ წამოვეგეთ და ზვარაკად არ შევეწირეთ რუსეთს.

    ისე, ზელენსკიმ მორიგი თავსლაფი გასულ კვირას დაისხა. სანამ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკაში ჩავიდოდა, აშშ-ის  პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მოურიდებლად განაცხადა: ზელენსკი, პრეზიდენტი კი არა, მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. აქ ჩამოდის და უკან რამდენიმე   მილიარდით ბრუნდებაო. ჰოდა, ვოლოდიმირმა ბაიდენთან შეხვედრისა და 8 მილიარდი დოლარის სესხად აღების შემდეგ  ტრამპთან შეხვედრა ვერ იუარა და იმის მიუხედავად, რომ მისტერ დონალდმა ორიოდე დღის წინათ ვაჭარი უწოდა, მეგობრულად გადაეხვია, მხარზე ხელიც უტყაპუნა და იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მხარში ამოუდგება  და დაეხმარება. ისე, ყველაზე კარგად ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ, თუ ტრამპი გაიმარჯვებს (რისი უდიდესი შანსიც არის), ზელენსკის გარემოცვის დიდ უმრავლესობას ეს ნამდვილად არ მოეწონება, რადგან ტრამპი ლგბტ თემს არ სწყალობს და თანაც ყოველთვის სიამაყით იხსენებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკა არც ერთ სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩართულა. ჰო, ტრამპი ამაყობს იმით, რითაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება – არ უყვარს და მხარს არ უჭერს ლგბტ თემს  და მხარს უჭერს მშვიდობას. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან  10 დღეში გაიმართება. შესაბამისად, ყველა ლოგიკით, ამერიკელებს  ჩვენთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ გვერწმუნეთ, მოიცლიან და მოიცლიან იმიტომ, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ახლა ის ხალხია, რომელსაც არც ჩვენი მისწრაფებები მოსწონს და არც ტრამპის, ამიტომ  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აქ „ქართულმა ოცნებამ“ წააგოს, ამერიკაში – ტრამპმა.

    ისე, ტრამპს არც ქართული ოპოზიცია სწყალობს, მაგრამ გვერწმუნეთ, თუ მისტერ დონალდი გაიმარჯვებს, მათ მილოცვას ვერავინ დაასწრებს, რადგან ასე ცხოვრობენ და არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ. როგორი პრინციპულები არიან, წინასაარჩევნო გაერთიანებებმაც აჩვენა და გაუერთიანებლობამაც, სიაში ჩაწერილი ადამიანებითაც ნათლად გამოჩნდა მათი მისწრაფებები და მეტიც, ზოგი სიაში რომ ჩაწერეს, იქიდან ამოშლას ითხოვს, აქაოდა, წინა ადგილს დამპირდნენ და უკანა რიგში ჯდომა არ მინდაო. გამოჩნდა ისიც, რომ დასავლეთის მითითებების უსიტყვო შემსრულებლები არიან და იყო წამოცდენებიც; მაგალითად, ნიკა გვარამიამ თქვა, ახლა თანამდებობებისა და წილების გაყოფის დრო არ არისო. იცით, რა გამახსენდა? აი, სააკაშვილს რომ ებრძოდა 2008/10 წლებში ოპოზიცია, თითქოს იმხანად მიშას ტახტი შეირყა და პარლამენტის წინ უზარმაზარი მიტინგის წამყვანი არ დარჩა რუსთაველზე, რადგან ვაკეში მდებარე „კონსერვატიული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და მინისტრების პორტფელებს ინაწილებდნენ. ჰო, რომ გაინაწილეს და დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ დალაგდნენ, „კონცერტი“ უკვე დამთავრებული იყო და, რომ არა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლას ვერასდროს ეღირსებოდნენ. იმ ოპოზიციონერების  უმრავლესობა ახლა ისევ ოპოზიციაშია და ვაი, რომ, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ პოვეს ნავსაყუდელი.

    რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად მცირე დარჩება შანსი, რომ როგორც ოპოზიციამ, ისე დასავლეთმა, თამაშის წესები დაიცვან და სახე შეინარჩუნონ. ისინი უკვე იმუქრებიან, რომ ერთადერთი მისაღები შედეგი ხელისუფლების დამარცხება იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში  არჩევნებს, უბრალოდ, არ სცნობენ. ეს ცალკე პრობლემაა, რადგან, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დარღვევები არ იყოს და  არც ერთმა დამკვირვებელმა არ და ვერ დაწეროს ისეთი საჩივარი, რომელიც შედეგებზე გავლენას იქონიებს, „დასავლელი მამები“ დასხდებიან და არჩევნებს ისევე არ გვიღიარებენ, როგორც თავის დროზე ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ აღიარეს. ჰო, იმ ბელარუსის, რომელშიც რევოლუციის მოწყობას ჯერ ვასილიჩი (გივი თარგამაძე) აპირებდა, მერე  კი – მთელი დასავლეთი, მაგრამ ბელარუსის ოპოზიციის მთავარ კანდიდატს მხარდამჭერები ვერ მოუგროვეს და 10 მილიონიან ქვეყანაში 500-მა პროტესტანტმა ვერაფერი გააწყო. დიდი შანსია, აქაც ასე მოიქცნენ, აქაც არ გვიღიარონ  მოგებული არჩევნები და სანქციები დაგვაკისრონ ისე, როგორც ეს ბელარუსს გაუკეთეს.

    სწორედ ამიტომ  26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და, როცა ამბობენ, რომ ისტორიას ხალხი წერს, ახლაა ეს ისტორიული მომენტი. 26 ოქტომბერს ჩვენი თაობის დიდგორია და უკან დასახევი გზა, უბრალოდ, არ გვაქვს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here