მთავარი პოლიტიკა ქართული ოცნებიდან გეოპოლიტიკურ ფსიქოზამდე

ქართული ოცნებიდან გეოპოლიტიკურ ფსიქოზამდე

გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი

აგვისტოს პირველ კვირაში ქართველი საზოგადოება საგარეო პოლიტიკაზე გადაერთო. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტმა თბილისში და რუსეთის პრეზიდენტისკონტრვიზიტმასოხუმში. ეს ერთერთი იშვიათი შემთხვევაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოეჩვენათ, რომ ქვეყნის არასახარბიელო, მაგრამ თავისებურად სტაბილურ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ნეგატიური ცვლილებები მოხდება

სააკაშვილის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის მიმართ ინტერესს ხელოვნურად აღვივებდა. ჯერ ერთი, ცდილობდა, საშინაო პრობლემებისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და, ამასთანავე, ამ პრობლემების პირველწყაროდ საგარეო ფაქტორები წარმოეჩინა. შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში ქვეყანა გეოპოლიტიკური ფსიქოზის რეჟიმში ცხოვრობდა. ჩამოყალიბდა რეალობის აღწერის უცნაური, კონსპიროლოგიური სტილი, რომლის ფარგლებში ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალი განიხილებოდა, როგორც საქართველოსთან დაკავშირებული აპოკალიფტური ცვლილებების უტყუარი ნიშანი. სტატიები “რაზე შეთანხმდნენ ბუში და პუტინი?” ტიპის სათაურებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ, მკითხაობის გარდა, არაფერს შეიცავდა.

ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა შეცვალა – პრობლემების პირველწყაროდ წინა რეჟიმი წარმოაჩინა, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა _ უგუნურების განსახიერებად. “ქართული ოცნების” პირველმა წლებმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ნიშნის ქვეშ ჩაიარა, თუმცა მას შემდეგ, რაც აბაშიძემ და კარასინმა ამოწურეს იმ საჭირბოროტო, თუმცა მაინც მეორეხარისხოვანი საკითხების ნუსხა, რომელიც სასწრაფო დარეგულირებას საჭიროებდა, გაირკვა, რომ გარღვევას ორი ქვეყნის ურთიერთობებში ადგილი არ აქვს. მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე არ გამართულა, მხარეთა პოზიციებში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააგრძელა წინამორბედის კურსი, თანაც ზედმეტი ისტერიკის გარეშე, ამასთანავე, შეწყვიტა სააკაშვილის “ჩრდილოკავკასიური პროექტები”, რომლებიც მოსკოვს ძალზე აღიზიანებდა და კონტრდარტყმის საფრთხეს ზრდიდა. ორიენტაცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არ შეცვლილა, ისევე, როგორც “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა”, რომელიც რუსეთის მოახლოებული დაშლის იდეას ეფუძნება და, შესაბამისად, მასთან გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმებების იდეას უარყოფს. მაგრამ, სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობდა, საქართველო აშშ-რუსეთის დაპირისპირების, ლამის მესამე მსოფლიო ომის ეპიცენტრად გადაექცია, რაც ძალიან არ მოსწონდა ობამას ადმინისტრაციას “გადატვირთვის” პერიოდში, ივანიშვილმა პრობლემის “გაყინვა” ამჯობინა. პარალელურად, ხელისუფლება შეეცადა, საზოგადოებაში დაახლოებით ასეთი მოსაზრება დაემკვიდრებინა: “თავს ზევით ძალა არაა. დაველოდოთ”. საგარეო პოლიტიკის გარშემო გასული კვირის ემოციური შტორმი უფრო დამახასიათებელია სააკაშვილის, და არა ივანიშვილის, ეპოქისთვის და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ, საქართველოში, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, დაბნეულობა გამოიწვია. პროდასავლურმა ელიტამ იგრძნო, რომ მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება ეჭვები იმის თაობაზე, რომ ამერიკას საქართველო აღარ აინტერესებს და შეიძლება დაივიწყოს, “გაცვალოსდა .. ეს აისახა კიდეც სოციოლოგიურ გამოკითხვებში. რაც მთავარია, მმართველ პროდასავლურ ელიტას ჰაერივით სჭირდებოდა ძალიან მკაფიო მესიჯი ვაშინგტონიდან იმის თაობაზე, რომ ძველი, ჯერ კიდევ უმცროსი ბუშის ეპოქაში მონიშნული პირორიტეტები _ ნატოში გაწევრება, სტატეგიული პარტნიორობა და .. კვლავინდებურად აქტუალურია. საბოლოოდ, მან მიიღო ის, რაც სურდა: მაიკ პენსმა თბილისში გაცილებით მკაფიო მესიჯები ჩამოიტანა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, თანაც მათი გაჟღერება სამხედრო ძლიერების დემონსტრირების (სწავლებაღირსეული პარტნიორი-2017” და ამერიკული ტექნიკის მარში საქართველოს მთავარ ტრასაზე) ფონზე მოხდა. ამან ზოგი ქართველი პოლიტიკოსისა და ექსპერტის ეიფორია გამოიწვია.

გასათვალისწინებელია, რომ ყოველივე იმ დღეებში მოხდა, როდესაც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. ამან კრემლს რიტორიკა შეაცვლევინა. თუ ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე პერიოდში მოსკოვი იმედოვნებდა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან, “დიდი გარიგების” გაფორმებას თუ არა, ურთიერთგაგების მიღწევას მაინც მოახერხებდა და ამის მნიშვნელოვან წინაპირობად მიაჩნდა თანამშრომლობა სირიაში, ახლა სიტუაცია შეიცვალა. კრემლმა განაცხადა, რომ ასეულობით ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს, მკვეთრად გაზარდა ბელორუსთან ერთად გასამართი სწავლებების მასშტაბი (მასში მონაწილეობა შეიძლება 100 ათასამდე სამხედრომ მიიღოს), ხოლო პრეზიდენტი პუტინი სოხუმში ჩავიდა და იქ საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა. ამგვარად, საქართველო, პირველად ხუთი წლის განმავლობაში, ისევ აღმოჩნდა დაპირისპირების ეპიცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ივანიშვილის ხელისუფლებისგენერალურ ხაზსეწინააღმდეგება.

აქ, ალბათ, ერთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უნდა შევეხოთ. ივანიშვილის ხელისუფლება, ერთი მხრივ, უარს ამბობს პირდაპირ მოლაპარაკებაზე რუსეთთან, მაგრამ, მეორე მხრივ, მასთან კონფრონტაციის გარღმავებას ერიდება. ტონალობის შერბილებისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პრობლემატიკა ნაწილობრივ ამოვარდა დასავლელი დიპლომატების დღის წესრიგიდან _ მთავარი ადგილი უკრაინის კონფლიქტმა დაიკავა. ამან გამოიწვია ოფიციალური თბილისის შიში, რომ “ჩვენ დაგვივიწყებენ”. შესაძლოა, ამიტომ მან ბოლო დროს რუსეთის მიმართ რიტორიკა უფრო ხისტი გახადა. ეს, სავარაუდოდ, არ ნიშნავს “წინა ხაზზე” გასვლის სურვილს, რაც ივანიშვილის ფრთხილ პოლიტიკას აპრიორი არ შეესაბამება. თუმცა, ცნობილ ფილმში რომ იტყოდნენ, სურვილი ერთია, ხოლო შესაძლებლობა _ სულ სხვა რამ: რაღაც მომენტში საქართველოს შეიძლება არ აღმოაჩნდეს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ “ახალი ცივი ომის” ლოგიკას შეეწინააღმდეგოს და ისევ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდება.

ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ისეთი ცალსახა არაა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. ის რაღაცით ჰგავს დონალდ ტრამპის “ტვიტერის” ჩანაწერებს, ნაწილობრივ ე.წ. ტროლინგის იდეას ეფუძნება და საკუთარ თავში მთელ რიგ წინააღმდეგობებს შეიცავს. თეთრი სახლის ნამდვილი მიზნების ამოცნობაზე ევროპის ქვეყნები უამრავ ენერგიას ხარჯავენ. ბევრი რამ ბუნდოვანია რუსეთის მიმართაც _ ერთი მხრივ, ძალაში შედის სანქციები; მეორე მხრივ, სახელმწიფო მდივანი ტილერსონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოხატავს, ხოლო თვით პრეზიდენტ ტრამპისგან ძნელად გასაშიფრი, წინააღმდეგობრივი სიგნალები მოდის. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ყოველივე ეს სწორად ვერ გაიგოს და ისე, როგორც სააკაშვილის დროს ხდებოდა, სასურველი რეალურად ჩათვალოს, მითუმეტეს ბოლოდროინდელი ეიფორიის გათვალისწინებით.

ის, თუ როგორ ესმით ქართველ მაღალჩინოსნებს საგარეო პოლიტიკა, ნათლად გამოჩნდა მაიკ პენსის ვიზიტისას, როდესაც გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა. თავი დავანებოთ იმას, რომ მარგველაშვილს, ვასილ ჩაპაევის არ იყოს, “აკადემიები არ დაუმთავრებია” და არ იცის, რომ არ უნდა ურჩიოს აშშ-ს, რა ფორმით წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა, არ ესმის პრეზიდენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის როლი, სპეცწარმომადგენლის ინსტიტუტის არსი და ა.შ. გაცილებით შემაშფოთებელია ის, რომ ამ მატრაბაზობის გარშემო მასშტაბური, სავსებით სერიოზული დისკუსია გაიმართა. ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ხელისუფლება შეძლებს, სწორად გაშიფროს რთული, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან, ისე, რომ საქართველო უფსკრულში არ გადაჩეხოს.

ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ისე ხშირად უწოდებდნენ წარმატებულს, რომ დაგვავიწყდა _ ის წარმატებულია მხოლოდ სააკაშვილის იმპროვიზაციების ფონზე, იმ კონიუქტურის გათვალისწინებით, რომელიც “გადატვირთვის” დასკვნით ეტაპზე შეიქმნა ან თუნდაც “ახალი ცივი ომის” საწყის ეტაპზე, როდესაც, სირიისა და უკრაინის გამო, საქართველოსთვის არავის ეცალა. მოგვიანებით დაიწყო ტრამპთან დაკავშირებული გაუგებრობა და ა.შ. საქართველო ამ პერიოდში “გადატვირთვის ნაკრძალად” რჩებოდა და მიიღო, თითქოს ლატარეაში მოიგო, გარკვეული დრო იმისთვის, რომ შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოეხდინა (ამ დროის დიდი ნაწილი გაფლანგა, მაგრამ მაინც). ახლა ეს პაუზა სასათბურე პირობებით, როგორც ჩანს, დასრულდა და ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ხარისხიც სწორედ ახლა გამოჩნდება.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ საშინაო პოლიტიკაში “არ გააკეთო ცუდი” და “გააკეთო კარგი” ერთი და იგივე არ არის. ახლა ანალოგიური რამ საგარეო პოლიტიკის მიმართაც მოხდება, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდება, “მოძრაობა გააკეთოს”, თემურ ქეცბაიას თქმის არ იყოს. ეს ერთობ შემაშფოთებელი პესპექტივაა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას თითქოს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკა აქვთ (მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის უფლებები შეზღუდულია, ამას მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგი მოაქვს); მეტიც, ისინი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს უცხოელების წინაშე და, შესაძლოა, ვერ გრძნობენ, რომ მათ თვალში აბსოლუტურ იდიოტებად გამოიყურებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ტალეირანის როლი ამ პირობებში მიხეილ ჯანელიძემ უნდა შეასრულოს, მშვიდი ძილი, ალბათ, დიდხანს არ გვეღირსება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ, როგორც ყოველთვის, არ ვართ მზად ცვლილებებისთვის და ამის გამო მომავალს შიშის თვალით ვუყურებთ.

დიმიტრი მონიავა

Загрузка...

1 COMMENT

  1. რუსეთის დაშლის მოლოდინი ჩვენს ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს. ეს ერთად ერთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა ჩვენს მუსულმანური გარემოცვის პირობებში. პირიქით, რუსეთის სიძლიერე ჩვენი დაცვის გარანტია უნდა იყოს. ვისმეს თუ გონია რუსეთის დაშლით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს ეს მხოლოდ ზედაპირული თვალთახედვის ილუზიაა. დაშლა მერე ნახეთ ჩვენი. სიღრმისეული შორს ხედვით კი დაშლა მერე ნახეთ ჩვენი, აჭარის დაპყრობა დაწყებულია და სრულ მიტაცებას რა შეუშლის ხელს. სხვებსაც გაუჩნდებათ ამბიციები და ა. შ და ა. შ. გაგრძელებები ექნება. მაინც რატომ ვიტყუებთ თავს საინტერესოა. მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკას მოდაზე ვაწყობთ, ეს აზრი მოდურია, ეს არამოდური, და არა სახელმწიფოებრივად ერის ძირითადი ფუნდამენტის საფუძვლებით ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის პერსპექტივით გადარჩენის სტრატეგიაზე. იდეოლოგია–ლიბერალური ღირებულებები რომელიც ძირითადად უზნებაზე და ამორალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული მყიფეა, მას დიდი ხნით არსებობის უნარი ვერ შერჩება, თუმც, წარმატებული პროექტი აღმოჩნდა ქვეყნების დაპყრობის იარაღად, და არც მაინც და მაინც მარტივად დასაშლელია, მაგრამ გარდუვალია. პატარა ერებს მხილოდ თვითმყოფადობა გადაარჩენს მყარი ზნეობრივი და რელიგიური პრინციპების დაცვით, და არა დემოკრატიის სახელით სხვადასხვა ერთა ერთიან ქვაბში თავისუფლების ლოზუნგით უზნეობისა და ამორალურობის ქადაგების დაცვით. ასე რომ რუსეთის დაშლის იმედი ფუჭი იმედებია, და არა ხელსაყრელი ჩვენთვის. ისევე როგორც, აჭარაში ასლანის არსებობით ქართული სული, ქართული ყოფიერება დაცული და იყო შენარჩუნებული, და ახლა თურქული სურნელების სული ტრიალებს. აი ეს მოგვიტანა ცრუ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ლიბერალურმა ღირებულებებმა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here