მთავარი პოლიტიკა “ქართული ოცნება” და ნაცისტი მოსამართლეები

“ქართული ოცნება” და ნაცისტი მოსამართლეები

484
გააზიარეთ
კადრი ფილმიდან „ნიურნბერგის პროცესი“ მოსამართლე ერნსტ იანინგი (მსახიობი ბერტ ლანკასტერი)

დაპირისპირება მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რომელიც თავდაპირველად განიხილებოდა, როგორც მწვავე, მაგრამ ლოკალური კონფლიქტი, შეიძლება ყოვლისმომცველი კრიზისის დეტონატორად იქცეს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რა პრობლემები აქვსქართულ ოცნებას”, ხოლო ექსპერტები მისი დაშლის სცენარებზე ალაპარაკდნენ. ბევრი ამ პერსპექტივას შეეგუა კიდეც, შესაძლოა იმიტომ, რომსაშინელი დასასრული დაუსრულებელ საშინელებას სჯობს”.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა კორპორაციის ზედა რგოლთან სტრატეგიული ალიანსის გამო “ქართული ოცნება” საზოგადოების მნიშვნელოვან (ალბათ, კრიტიკულად მნიშვნელოვან) ნაწილს დაუპირისპირდა, ის არჩეულ კურსზე უარს არ ამბობს და ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ის, რაც ხდება, სავსებით ნორმალურია. მაგალითად, გასულ კვირას “ტვ პირველის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა: “შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს”. სოცქსელების არაერთმა მომხმარებელმა ეს რეპლიკა გადათარგმნა ასე: როგორც ადრე ემსახურებოდნენნაცებს”, ახლა გვემსახურებიან ჩვენ”, თუმცა აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი. საინტერესოა, ამ “ცუდით” და “კარგით” სამართლებრივ მხარეს აფასებდა თუ ზნეობრივს? თუცუდშიიგულისხმება დანაშაული _ მისი ჩამდენი უნდა გასამართლდეს, მიუხედავად იმისა, მოსამართლეა ის თუ მარკშეიდერი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირის მიერ მოსამართლეთა საქმიანობის ამგვარი შეფასება (ხელისუფლების დაყოფის პრინციპის კონტექსტში) ყოვლად უადგილოდ გამოიყურება, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს მხოლოდ შესავალი იყო.

“გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იფიქრეს და გადაწყვიტეს რა, რომ იყო რაღაცა პოლიტიკური დონე, ჰიტლერი, გებელსი, მათი მეგობრები, მათ დააკისრეს პასუხისმგებლობა, ნიურნბერგის პროცესი და ყველაფერი. რაც შეეხება ქვედა დონეს, მოხელეებსა და მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ იმ რეჟიმის სამსახურში, მათ პასუხისმგებლობა არ დააკისრეს”, _ თქვა კობახიძემ.

მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ “უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის ხარისხი”. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ადამიანმა, რომელიც გერმანიაში იურიდიულზე სწავლობდა, არაფერი იცოდეს ნიურნბერგის მესამე პროცესზე (ე.წ. “თანმდევი” ან “მცირე” პროცესებიდან), სადაც ნაცისტი მოსამართლეები, პროკურორები და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები გაასამართლეს. ეს არის ანბანი _ ორჯერ ორი ოთხი. ამის შესახებ გერმანიაში ნებისმიერმა იურისტმა იცის; ასევე იცის, რომ მოკავშირეებმა ომის შემდეგ, უბრალოდ, დაშალეს და ხელახლა ააწყვეს გერმანიის სასამართლო სისტემა. აგრეთვე, ფლობს უამრავ ინფორმაციას დენაციფიკაციის პროცესის შესახებ, რომელიც უამრავ გერმანელს შეეხო (მათ შორის, სასამართლო სისტემაში დასაქმებულებს). მართალია, ზოგი თვლიდა, რომ მოსამართლეები, რომლებმაც ჰიტლერის მმართველობის პერიოდში ათიათასობით სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, არასაკმარისად დაისაჯნენ; ბევრი მათგანი ბუნდესრესპუბლიკაში მაღალ თანამდებობზე მუშაობდა, მაგრამ არავის არ მოსვლია აზრად იმის თქმა, რომ მოსამართლეებს პასუხისმგებლობა საერთოდ არ დააკისრეს.

დღეს გერმანული სასამართლო მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა, იმიტომ, რომ ყველა გერმანელ მოსამართლეს ახსოვს, რომ ნიურნბერგში განსასჯელთა სკამზე მათი კოლეგებიც ისხდნენ.

ირაკლი კობახიძე-ეკა ბესელია

კობახიძემ თავისი რეპლიკა ისე უცნაურად ააწყო, რომ მაყურებელს შეიძლება მოეჩვენოს, ნიურნბერგის პროცესი არა მოკავშირეებმა, არამედ თვით გერმანელებმა მოაწყვეს, ხოლო პასუხისმგებლობა მომხდარზე მხოლოდ ჰიტლერსა და მის გარემოცვას დაეკისრა, და შესაბამისად, დაფიქრდეს იმაზე, მართლა სწავლობდა პარლამენტის თავმჯდომარე გერმანულ (ან თუნდაც ქართულ) უმაღლეს სასწავლებელში თუ არა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნაცისტი მოსამართლეების პროცესზე ან დენაციფიკაციაზე არაფერი სმენია, თუმცა არის მეორე ვარიანტიც _ სმენია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, თითქოს ეუბნება მას: თუ ნაცისტებს ასე ლმობიერად მოექცნენ, ნაციონალებს რაღას ვერჩით?! შესაძლოა, მისი მიზანი ბოროტების გაუბრალოება და მისი მასშტაბის მიზანმიმართული შემცირება იყო.

მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფის დაცვის სურვილმა “ქართული ოცნება” იქამდე მიიყვანა, რომ მან, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობის” მარიონეტებად გამოაცხადა მოქალაქეები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმირებას, მის გაწმენდას მოითხოვდნენ. აღშფოთება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების ამ მონაკვეთმა გამოიწვია: სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდშინაციონალური მოძრაობა”, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ”. ამის გამო არაერთი ადამიანი, რომლებმაც ხელი შეუწყვესქართული ოცნებისმოსვლას ხელისუფლებაში, დაეხმარნენ მას 2016 წლის არჩევნებზე და გადაარჩინეს 2018-ში, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ძველ პარტნიორებს დაემშვიდობოს და მურუსიძესა თუ ჩინჩალაძესთან დარჩეს, ამას ვერავინ დაუშლის, ეს მისი არჩევანია. უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: ეს ეპიზოდი ასამარებს 2012-14 წლებში აღმოცენებულ ილუზიებს, რომ, სააკაშვილის ველური ავტორიტარიზმისგან განსხვავებით, ივანიშვილის “განათლებული ავტორიტარიზმი” მუდამ კეთილგონიერებით იხელმძღვანელებდა. ეს ზედაპირული კეთილგონიერება მალე შევიდა წინააღმდეგობაში რეჟიმის ბუნებასთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაზე მტკიცე კონტროლს მოითხოვდა. დომინირების წყურვილი ახშობს საღ აზრს და ხელისუფლების პირველი პირები, სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებენ, რომ თითქმის ნულოვანი ავტორიტეტის მქონე სასამართლო მათ ფსკერისკენ მიაქანებს, ხოლო “2012 წლის ამომრჩევლებისდიდი ნაწილისთვის უკვე სულერთია, რა დაემართებაქართულ ოცნებას”.

შესაძლოა, მათ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა 9 “მეამბოხე” დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიღება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. ეს ნაწილობრივ მაინც ხელს შეუშლის მოსამართლეთა კორპორაციის ზედა რგოლის გავლენის “ჩაბეტონებას”, მაგრამ ამ კანონპროექტის მიღებას ხელს ორი გარემოება უშლის: მის მთავარ ინიციატორად ეკა ბესელია ითვლება, ხოლო მისი წინადადების მიღება შეიძლება შეფასდეს, როგორც ირაკლი კობახიძისა და ე.წ. ახალგაზრდა გვარდიის მორიგი მარცხი. ამასთანავე, უვადო დანიშვნის დაბლოკვა ეჭვქვეშ დააყენებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ლიდერშიპმა საკუთარ თავზე მოსამართლეებთან ურთიერთობების “დალაგების” პერიოდში აიღო.

კანონპროექტის ჩაგდება შექმნის საბაბს იმისთვის, რომ ბესელიამ და ზოგიერთმა სხვა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვონ. ისინი რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან _ მმართველი პარტიის დატოვება უშუალოდ არჩევნების წინ, როდესაც აღმოჩნდება, რომ საარჩევნო სიაში მათთვის ადგილი არ არის (დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება), ძალზე წამგებიანი იქნება, ამიტომ “ქართულ ოცნებას” მალე უნდა დაემშვიდობონ ან ბოლომდე განაგრძონ პარტიული ბრძოლა, რომლის მოგების ან ფრედ დასრულების შანსი საკმაოდ მცირეა.

უმრავლესობის ბოლო შეხვედრებიდან გამოსული დეპუტატები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს კონფლიქტების სასწრაფო ჩაქრობა სურს და, როგორც ჩანს, გამუდმებით იმეორებს, რომ სადავო საკითხები გუნდის შიგნით, საჯარო განხილვის გარეშე უნდა გადაწყდეს. ამ პოზიციამ შეიძლება გაგვახსენოს ჭიდაობის ფედერაციის თავკაცი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ მათი კონფლიქტი “მოჭიდავეთა ოჯახის შიგნით” უნდა დარეგულირდეს. მათ, როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ეს “ოჯახი” ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ყველა გადამხდელი ავსებს, შესაბამისად, ისინი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან. ასეა “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც _ მმართველი პარტია არ შეიძლება გადაიქცეს სექტად ან მაფიოზურ ოჯახად, რომელიც საქმეებს შიგა წრეში გაარჩევს _ ის ანგარიშვალდებულია, სულ ცოტა, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. ამასთანავე, ეს “დამალობანა” სასაცილოცაა, რადგან, საბოლოო ჯამში, ვერაფერს მალავენ.

დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ირაკლი კობახიძის დაწინაურება ივანიშვილის ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა იყო. მან მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი იზოლაციაში დაასრულა, პარტიის ერთიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნა, ხოლო ნდობა მის მიმართ შემცირდა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის მიმართ კიდევ ერთი გავრცელებული ილუზიის, გნებავთ, კოგნიტური ხარვეზის შედეგია. ამ შემთხვევაშიც კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძისა და სხვათა დაწინაურება რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარეობდა _ სხვა კადრები მას, უბრალოდ, არ სჭირდებოდა.

როდესაც ირაკლი კობახიძე პოლიტიკას დაემშვიდობება (ეს დღე არც ისე შორია), ალბათ, მოიცლის და ნახავს სტენლი კრამერის შესანიშნავ ფილმს “ნიურნბერგის პროცესი”, რომელიც სწორედ ნაცისტი მოსამართლეების გასამართლებას მიეძღვნა. იმედია, ამის შემდეგ მიხვდება, რას აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც მისმა პარტიამ გასულ კვირას “ნაცმოძრაობასთან” ერთ კონტექსტში ახსენა და, ალბათ, უკანასკნელი ხიდი დაწვა, რომელიც მათთან აკავშირებდა. სტენლი კრამერის ფილმში არის უძლიერესი სცენა _ ნაცისტი მოსამართლე ერნსტ იანინგი (მსახიობი ბერტ ლანკასტერი) მოულოდნელად აღიარებს თავის ბრალს და, სანამ ქართველი პოლიტიკოსები და მოსამართლეები არ გააცნობიერებენ, რატომ მოიქცა ასე, ვერასოდეს გაიგებენ, რა უშლის ხელს საქართველოს იმაში, რომ გერმანიის მსგავსად ღირსეული და განვითარებული ქვეყანა გახდეს. თუმცა ეს, შესაძლოა, არც აინტერესებთ, რადგან იმ ახალ საქართველოში ისე ვერ გაინავარდებენ, როგორც დღევანდელში (ან კიდევ, საკუთარ თავს საქართველოსთან და მის მომავალთან არ აიგივებენ _ რედ.).

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. კიდევ ერთხელ სახეზეა ძველი სისტემების დაშლა ყველა დონეზე და საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩქარა მიდიშ ეს პროცესი,როგორც ციფრული ტექნოლოგიები კარნახობენ ეპოქას ცხოვრებას,მიმდინარეობს სამყაროს სისტემების გადაწყობა ახალ ერაში,ახალი აზროვნებით,ამბობენ 2019 დაიწყო ეკონომიური რაფორმები და მსიფლიო რეგიონები იქმნება,რომ ააწყონ რეგიონებზე,იურის პტუდენციისა და განათლებაც და სხ ვა მიმართულებითაც არის ცვლილებები,ჩვენ ამას ვჩრძნობთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here