Home რუბრიკები საზოგადოება ქართველების მხრიდან რუსებისა და რუსეთის გინება დაბალი კულტურის მაჩვენებელია

ქართველების მხრიდან რუსებისა და რუსეთის გინება დაბალი კულტურის მაჩვენებელია

2310
ქართველების მხრიდან რუსებისა და რუსეთის გინება დაბალი კულტურის მაჩვენებელია

ბატონებო, რუსებისა და რუსეთის გინება ქართველი პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან სულელური საქციელის გამოვლენა და დაბალი კულტურის მაჩვენებელია. რუსეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი კაცობრიობის ისტორიაში.

1973-1991 წლებში მქონდა ურთიერთობა რუს მეცნიერებთან და მინდა, ჩემი მოგონებები წარმოგიდგინოთ. მე ვარ მოწაფე პროფესორ ბორის სტეფანის ძე საჟინისა, რომელიც საბჭოთა ნაპალმის ავტორია, დიდი მეცნიერი. მისი შვილი ვიქტორ საჟინი პროფესორია, ძმა _ ვიქტორი მუშაობდა კონსტრუქტორ სერგეი კოროლიოვთან. ახლო ურთიერთობა მქონდა პროფესორებთან: პეტრე შანკინთან ვალენტინ რეუტსკისთან, ვლადიმერ გვოზდევთან, ვლადიმერ სტაროვთან, ლეონიდ გუდიმთან, მარია კოშელევასთან, გიორგი მინაევთან. მათი მხრიდან ვგრძნობდი პატივისცემას, კოლეგიალობას, მათი კონსულტაციები და საუბრები დაუვიწყარი და დიდად სასარგებლო იყო. ერთი ეპიზოდიც კი არ მახსენდება ნეგატიური და საწყენი. მათ უყვარდათ ქართველები და საქართველო, მათთვის დღესასწაული იყო საქართველოში ჩამოსვლა. მინდა, გაგაცნოთ ამ ურთიერთობებიდან რამდენიმე ეპიზოდი:

1.ერთ-ერთ კონფერენციაზე იყვნენ მეცნიერები (ორი პროფესორი) ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტიდან. ჩემმა გვარმა მათ სიხარული მოჰგვარა (ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო აკადემიკოსი ილია ვეკუა _ 1959-1965 წლებში). მთელი საღამო მასზე ლაპარაკობდნენ, გენიოსს უწოდებდნენ. აღმოჩნდა, რომ ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის აკადემიური ინსტიტუტის დირექტორი ქართველი იყო _ სამსონ ქუთათელაძე (ეს ინსტიტუტი ახლა მის სახელს ატარებს). მისი შვილი _ სიმონ ქუთათელაძე ცნობილი მათემატიკოსია, აკადემიკოსი;

2.ჩემმა მეგობარმა, ტამბოვის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მინაევმა 1981 წელს დამპატიჟა ტამბოვში. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ გამაცნო ტამბოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებლის უფროსი, ავიაციის გენერალ-მაიორი ანდრიენკო. მან მითხრა, რომ 1951-1964 წლებში ამ სასწავლებლის უფროსი ყოფილა ქართველი, ავიაციის გენერალ-მაიორი ნარიმან დალაქიშვილი. გენერალმა ანდრიენკომ აქო ქართველი პილოტები _ ყველა ასი იყოო. გაიხსენა პილოტები _ შალვა ქირია, ვასილ სტალინი და სხვები;

3.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოთარ კვესიტაძე საქართველოს მეცნიერებაზე ინტერვიუში: “…კატასტროფა მომხდარია. გულახდილად გეტყვით: საქართველოში მეცნიერება დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყველაზე მეტად დაზარალდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია…” პროფესორმა პეტრე შანკინმა (აკადემიკოს ნიკოლოზ პავლოვსკის მოწაფე) თავის დროზე მითხრა, როგორც კი საქართველო დასცილდება რუსეთს, მისი მეცნიერება ჩავარდება ცუდ დღეში, თქვენი მეცნიერული სკოლები, კვლევითი ინსტიტუტები 20 წელიწადში აღარ იარსებებს, დასავლეთი არაფერს გაგიკეთებთ, მხოლოდ ნიჭიერ ხალხს წაიყვანს, გრანტების დახმარებით კი ყველა კვლევას წაიღებსო.

თემურ ვეკუა,

საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here