მთავარი პოლიტიკა ფუჭი ოცნება და უიმედობის რეიტინგი

ფუჭი ოცნება და უიმედობის რეიტინგი

929
გააზიარეთ
ფუჭი ოცნება და უიმედობის რეიტინგი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისკვლევების მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: ერთი მხრივ, არჩევნები ყოველთვის აჩვენებს, რომ აირაის წინმსწრები რეიტინგები აშკარად ბოდვით ხასიათს ატარებდა, მაგრამ იმის გამო, რომ სანდო სოციოლოგიური ჯგუფები საზოგადოებას მსგავს მონაცემებს არ სთავაზობენ, ცალსახად გაყალბებული კვლევაც კი მისი ყურადღების ცენტრში ექცევა. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არსებობს პოლიტიკური ანალიზის ისეთი ფორმა, რომელსაცმკითხაობა რეიტინგებზე დაყრდნობითშეიძლება ვუწოდოთ

მიჩნეულია, რომ ადგილობრივი და წინასაარჩევნოდ მოწვეული უცხოური სოციოლოგიური ჯგუფები ორი სახის პროდუქციას ქმნიან: ე.წ. შიდა კვლევებს პარტიების ხელმძღვანელებისთვის და მასმედიაში პუბლიკაციისთვის განკუთვნილ აპრიორი ყალბ რეიტინგებს, რომელთა მიზანი ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებაა. სინამდვილეში, საქმე უფრო რთულადაა, რადგან არსებობს “შიდა კვლევების” ქვესახეობა, რომელიც (შედარებით ზომიერად) გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს _ მას პოლიტიკურ თამაშებში მსხვილი პარტიების ლიდერების ან მოწინააღმდეგის დეზინფორმირებისთვის იყენებენ და ამისთვის ხანდახან ინფორმაციის ფსევდოგაჟონვას აწყობენ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ის მონაცემები, რომლებსაც აი-რა-ი თუ ენ-დი-აი საზოგადოებას აწვდის.

2012 წლის გაზაფხულზე ამ ორგანიზაციამ ამაყად გვამცნო, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, “ქართულ ოცნებას” _ 15%-იანი, ხოლო “ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას” _ 9%-იანი. ალბათ, ეს ციფრებიც საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი კვლევითი ორგანიზაცია, ცნობილი ფრაზის არ იყოს, “ქიმწმენდაში ჩააბარო და ქვითარი დაკარგო”. მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში ისაა, რომ აი-რა-ი იმ არჩევნების მიმართ “ენ-დი-აი”-ზე უკეთ გამოიყურებოდა. ამ უკანასკნელმა “ნაცმოძრობას” 47% დაუწერა, “ოცნებას” _ 10%, “ქდმ”-ს კი _ 3%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აირაის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “ქართული ოცნება” _ 20%, “ნაციონალური მოძრაობა” _ 19%, “თავისუფალი დემოკრატები” _ 13%, ლეიბორისტები _ 8%, “პატრიოტთა ალიანსი” _ 4%, “გაერთიანებული დემოკრატები” _ 2%. ამასთანავე, დადებითი დამოკიდებულება პაატა ბურჭულაძის მიერ გამოკითხულთა 75%-მა გამოხატა. აქ კომენტარი, ალბათ, ზედმეტია.

ეს მცირე შესავალი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ახლახან გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბარს შევუდგეთ: “ქართული ოცნება” _ 26%, “ნაციონალური მოძრაობა” _ 15%, “ევროპული საქართველო” _ 7%, ლეიბორისტული პარტია _ 6%, “პატრიოტთა ალიანსი” _ 4%, არც ერთი _ 15%, არ მაქვს პასუხი _ 20%. პლუს ამას პოლიტიკოსების რეიტინგი: გიორგი მარგველაშვილი _ 67%, დავით სერგეენკო _ 65%, გიორგი კვირიკაშვილი _ 55%, დავით ბაქრაძე _ 50%. საინტერესოა, რომ 2016 წლის გამოკითხვაშიც სერგეენკო 64%-ით მეორე ადგილზე, ბურჭულაძის შემდეგ მოდიოდა. მესამე-მეოთხეს 60-60 პროცენტით ალასანია და მარგველაშვილი იყოფდნენ, თუმცა დეტალებში შემდგომ ჩაძიებას აზრი, ალბათ, არ აქვს. 2012 და 2016 წლების არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ აირაის გამოკითხვას ძალთა რეალურ ბალანსთან ძალიან ცოტა აქვს საერთო.

აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეიძლება ზუსტად დაემთხვეს ხმების საბოლოო განაწილებასარსებობს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი, როცა პარტიების რეიტინგები იცვლება (თუმცა არა ასე დრამატულად), მაგრამ რეალობის სრული უარყოფა, რომელსაც ბოლო წლებში განხილულ გამოკითხვებში ვხედავთ, ძალიან ჰგავს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების უხეშ მცდელობას, ლამის საინფორმაციო დივერსიას. მას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, ხელისუფლება კი ყოველივეს ძალიან მშვიდად უყურებს, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ავლებს ზღვარს პარტიულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის.

ასეა თუ ისე, ენ-დი-აისა და აი-რა-ის წინასაარჩევნო გამოკითხვები შეიძლება შევადაროთ მრუდე, თანაც დამსხვრეულ სარკეს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით ვისაუბროთ სურათზე, რომელსაც ის ასახავს.

2016 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საფრთხის შეგრძნებამ, რომელიც მის ამომრჩევლებს სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის შესაძლებლობის მიმართ გაუჩნდა. ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა შედარებით ცუდ სასტარტო პირობებში მყოფი მმართველი პარტია ამ ტრიუკის გამეორებას. მეორე პრობლემა, რომელიც, ასე თუ ისე, აირეკლა აი-რა-ის ციფრებში, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის ელექტორატის განაწილებაა. ამ კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ჯამური რეიტინგი თითქმის არ შეცვლილა და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ყველაზე ერთგული ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ განხეთქილებამ ამ ორ პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა იმის გათვალწინებით, რა ეწერა აი-რა-ის ძველ რეიტინგებში, ამ ნიუანსს შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ.

ძალიან მნიშვნელოვან როლს “ნაცმოძრაობის” ტრადიციული მხარდამჭერების ხმების განაწილებაში შეასრულებს “რუსთავი 2”-ის მიერ ორი “მემკვიდრე” პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქება; ის სააკაშვილის მიმდევრებისთვის ინფორმაციის უმთავრეს წყაროს წარმოდგენს. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ძმები ყარამანაშვილების წინადადება ტელეკომპანიის აქციების ნაწილის კოლექტივისთვის გადაცემის თაობაზე, ნიღბავდა სააკაშვილის სურვილს, შეემცირებინა ნიკა გვარამიას, მისი ახლო გარემოცვის და “ევროპულ საქართველოში” მათთან დაკავშირებული პირების გავლენა “რუსთავი 2”-ზე (ან, საერთოდ, განედევნა გვარამია ტელეკომპანიიდან). ამ თეორიის ფარგლებში, გვარამიას მცდელობა, შეექმნა “შუალედური” შპს, რომელიც “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლებით დაკომპლექტდებოდა და ყარამანაშვილებისგან აქციებს მიიღებდა, სააკაშვილის ინტრიგის მოგერიებას წარმოადგენდა. ეს ვერსია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას საკმაოდ საინტერესო კითხვასთან მივყავართ: შეძლებენ თუ არა ძველინაცმოძრაობისნანგრევებზე აღმოცენებული პარტიები კონდომინიუმის შენარჩუნებას გავლენის ძველ სფეროებზე და შეთანხმებულ მოქმედებას წინასაარჩევნო პერიოდში თუძმათამკვლელი ომისმორევში გადაეშვებიან?

ტელევიზიაზე საუბარმა მოიტანა და… მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტელეკომპანია “ზიკ”-ის წამყვანი გახდა, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ არხის რეალური მფლობელების ვინაობის დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ უკრაინულმა “ესპრესო.ტვ”-მ საკმაოდ ვრცელი, დოკუმენტებით გამყარებული გამოძიების პროცესში დაამტკიცა (ნებისმიერ მსურველს შეუძლია იოლად იპოვოს ეს პუბლიკაცია ინტერნეტში), რომ რეალურად “ზიკ”-ი იანუკოვიჩის ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებული “რეგიონების პარტიის” გავლენიან წარმომადგენლებს ეკუთვნით. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა იანუკოვიჩის ხალხზე მუშაობა დაიწყო. პრინციპში, ალბათ, სჯობდა, პირდაპირ კიევის ცირკთან დამდგარიყო, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე, ალბათ, აღარ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” სააკაშვილის პარტიაზე სუსტია, მას თბილისის მერობის უკეთესი კანდიდატი ჰყავს. “ევრონაცებს” შეუძლიათ, ნიკა მელიას (ან სხვა მსგავსი კალიბრის ფიგურას) გიგი უგულავა ან, რაც უფრო სავარაუდოა, ელენე ხოშტარია დაუპირისპირონ. ის არ ასოცირდება (ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ) სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებთან; სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ შეიყვანეს “ნაცმოძრაობის” სიაში 2016 წლის არჩევნების წინ. ვაკეში, ერთ-ერთ ყველაზე “ანტინაციონალურ” უბანში, მან ხმების თითქმის 25% მოაგროვა, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია, და უგულავასთან ტანდემში, რომელიც, ასე თუ ისე, იცნობს მუნიციპალურ პრობლემატიკას, შეიძლება იოლად დაჯაბნოს სააკაშვილის ფავორიტი (მელია იქნება თუ ვინმე სხვა სათადარიგოთა სკამიდან). რეგიონებში სააკაშვილის პარტია, დიდი ალბათობით, “ევროპულ საქართველოზე” უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაგრამ თბილისის მერის არჩევნებს მაინც ძალიან დიდი სიმბოლური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, ალბათ ისაა, რომ ძველი და ახალი ნაცების გამოსვლამ ამ არჩევნებზე ორი კანდიდატით შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ მეორე ადგილი დაიკავოს ფორმალურად დამოუკიდებელმა კანდიდატმა (სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილი იქნება; ზოგიერთი სხვა ფიგურაც არ უნდა გამოვრიცხოთ), რომლის გარშემო, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რიგი პარტიების ნამსხვრევებიც გაერთიანდებიან.

ამ ტრიოს, დიდი ალბათობით, კიდევ რამდენიმე “3-5-პროცენტიანი” პოლიტიკოსი დაემატება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ხმების გარანტირებულ გახლეჩას და მმართველ პარტიას გამარჯვებისთვის კარგ პირობებს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დღესქართული ოცნებისხსენებისას ძალიან ბევრი ამომრჩეველი პირდაპირ გინებაზე გადადის, მოწინააღმდეგეთა სისუსტისა და (ნაციონალების შემთხვევაში) მათი ბნელი წარსულის გამო, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში წააგებს, თუ კანდიდატურების შერჩევის ან წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე ძალიან უხეშ შეცდომებს დაუშვებს.

ბევრი მოქალაქე ამ ვარაუდმა შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს, რადგან ისინი სულმოუთქმელად (და ამაოდ) ელოდებიან “მესამე ძალის” გამოჩენას, რომელიც “ნაცქოცურ” სისტემას ამოაყირავებს. ასეთი რამ ამ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, არ მოხდება, თუმცა პროტესტი სისტემის მიმართ შეიძლება გამოიხატოს საკმაოდ ფართომასშტაბიან ბოიკოტში, რომელიც გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმურობას (ფართო და არა ვიწრო იურიდიული გაგებით) ეჭვქვეშ დააყენებს, მაგრამ ამის მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2019-20 წლებში გამოჩნდება. ის გაღიზიანება, რომელიც მოსახლეობაშიქართული ოცნებისმიმართ დაგროვდა, უკვალოდ არ გაქრება, მაგრამ იმის ლოდინი, რომ ის მოულოდნელად თავისით (მაშინ, როდესაც თავისით პოლიტიკაში არაფერი ხდება) სასწაულებრივ გავლენას მოახდენს ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, სამწუხაროდ, მხოლოდ ფუჭი ილუზიაა, რომელსაც რეალობასთან იმდენივე აქვს საერთო, რაც ზემოთ ნახსენებ რეიტინგს.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here