Home რუბრიკები პოლიტიკა ფილიპინების ომი: ამერიკული კვალი

ფილიპინების ომი: ამერიკული კვალი

1262
როდრიგო დუტერტე

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე გრძელდება შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ისლამისტ მეამბოხეებს შორის. ამ კონფლიქტის უკან არა მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფების, არამედ გლობალური მოთამაშეების ინტერესები იკვეთება. კონფლიქტი მინდანაოზე ერთერთი ყველაზე ხანგრძლივია კაცობრიობის ისტორიაში. ის XVI საუკუნეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ესპანელები ფილიპინების კოლონიზაციასა და გაქრისტიანებას შეუდგნენ. მათი ბრძოლა სამხრეთ ფილიპინების მუსლიმურ სასულთნოებთან გარდამავალი უპირატესობით წარიმართა _ ხანმოკლე სამშვიდობო პაუზებს ისევ ომები და აჯანყებები ცვლიდა. ისტორიაში ეს კონფლიქტიმოროს ომების” (“მორო”, ანუმავრები” _ ესპ.) სახელით შევიდა.

1898 წელს, აშშ-ესპანეთის ომის შემდეგ, ფილიპინები ამერიკელების ხელში გადავიდა. ესპანელებთან შედარებით, მათ მოქმედების გაცილებით ხისტი მეთოდები აირჩიეს. ამერიკული წყაროების თანახმად, ფილიპინების დამორჩილებას 200 ათასი ადგილობრივი მშვიდობიანი მცხოვრების სიცოცხლე შეეწირა. საუბარია მხოლოდ მოკლულებზე. დემოგრაფების შეფასებით, თანმდევმა ეპიდემიებმა და შიმშილმა კიდევ 800 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ფილიპინელები კი მიიჩნევენ, რომ ამერიკული ექსპანსიის პერიოდში 1 400 000 ადგილობრივი დაიღუპა.

ომის მიმდინარეობისას ამერიკელები ცდილობდნენ, ფილიპინელთა ეროვნული მოძრაობა ესპანელების წინააღმდეგ გამოეყენებინათ, თუმცა მოგვიანებით დაპირებულ დამოუკიდებლობაზე უარი უთხრეს. შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობით ცდილობდნენ, კუნძულ მინდანაოზე მუსლიმანური სულუს სასულთნოს მხარდაჭერა მოეპოვებინათ, მაგრამ, როდესაც წარმატებას მიაღწიეს, ძველ შეთანხმებებზე უარი თქვეს, ხოლო 1917-ში სასულთნო გააუქმეს. სამხრეთ ფილიპინების დაპყრობისას ამერიკელმა სამხედროებმა არნახული სისასტიკე გამოავლინეს. ასე მაგალითად, 1906 წელს კუნძულ სულუზე ერთ-ერთი ჩამქრალი ვულკანის კრატერში გახიზნული მეამბოხეები, ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ტყვიამფრქვევებით დახოცეს. აღშფოთებულმა მარკ ტვენმა საგანგებო ანგარიში მოამზადა იმის თაობაზე, თუ როგორ გააშუქა ეს ეპიზოდი ამერიკულმა პრესამ. მიუხედავად იმისა, რომ 1913 წლისთვის ამერიკელებმა წინააღმდეგობის ძირითადი კერები ჩაახშეს, სისხლიანი ინციდენტები ფილიპინების სამხრეთში ამერიკული მმართველობის განმავლობაში და იაპონური ოკუპაციის წლებშიც გრძელდებოდა.

მეამბოხე სამხრეთის დამორჩილებაზე 1946 წლიდან ახალი, დამოუკიდებელი ფილიპინების ხელისუფლება ზრუნავდა. ის ხელს უწყობდა ქრისტიანების გადასახლებას ჩრდილოეთიდან სამხრეთში _ საინტერესოა, რომ სწორად ასე გადასახლდნენ კუნძულ მინდანაოზე ამჟამინდელი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს, მშობლები. დემოგრაფიულ ექსპანსიას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, თუ 1900 წელს მუსლიმები მინდანაოს მოსახლეობის 90%- შეადგენდნენ, დღეს მათი ხვედრითი წილი 17%-მდე შემცირდა.

დაპირისპირება ხელისუფლებასა და მუსლიმანურ ორგანიზაციებს შორის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა; 1969 წლიდან დღემდე მან დაახლოებით 160 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბრძოლო მოქმედებები გარდამავალი უპირატესობით, ძირითადად, ძნელად მისადგომ რაიონებში მიმდინარეობს. სიტუაციას ართულებს ის, რომ დაპირისპირებაში, სამთავრობო ძალებისა და მუსლიმანი მეამბოხეების გარდა, მონაწილეობენ მაოისტებიც, რომლებიც ჩინეთის ინტერესების გამტარებლებად მიიჩნევიან.

ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ყველაზე მსხვილ მოწინააღმდეგე დაჯგუფებასთან _ “მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტთან” და “მოროს ისლამურ განმათავისუფლებელ ფრონტთან”. სამშვიდობო დარეგულირების ქვაკუთხედი მუსლიმანებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისთვის ავტონომიის მინიჭება გახდა, მაგრამ არის სხვა, შეურიგებელი დაჯგუფებებიც, რომელთა მიზანს დამოუკიდებელი ილამური სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს. მათ შორის ყველაზე ცნობილია “აბუ-საიაფი”, რომლის მოქმედება სისასტიკისა და “ალ ქაიდასთან” კავშირის გამო მეამბოხეთა ორმა ზემოთ ნახსენებმა დაჯგუფებამ დაგმო, ხოლო აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. 2014 წელს ამ დაჯგუფების ლიდერმა ისნილონ ტოტონი ჰაპილონმა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის _ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო. სწორედ “აბუ საიაფისა” და მისი მონათესავე დაჯგუფება “მაუტეს” ბოევიკები უპირისპირდებიან დღეს სამთავრობო ძალებს მინდანაოზე, ქალაქ მარავთან, და “ისლამური სახელმწიფოს” დროშებს აფრიალებენ.

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კარგად იცნობს მინდანაოს პრობლემებს. ის ათი წლის განმავლობაში (1988-98) კუნძულის მთავარი საპორტო ქალაქის, დავაოს, მერი გახლდათ, შემდეგ _ კონგრესმენი ამავე ოლქიდან, შემდეგ _ ისევ მერი. პოპულარობა მას დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის ხისტმა მეთოდებმა მოუტანა; მაგალითად, ინციდენტმა ბარში, სადაც, აკრძალვის მიუხედავად, ტურისტმა მაინც მოწია სიგარეტი. ბარის მეპატრონემ დუტერტეს დაურეკა, ის ბარში მივიდა და აიძულა ტურისტი, სიგარეტის ნამწვი შეეჭამა. ყველაზე მეტად სახელი დუტერტეს ნარკოტიკებთან ბრძოლამ გაუთქვა. მან არა მხოლოდ ააშენა ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის უმსხვილესი ცენტრი და დაუნიშნა შემწეობა ყველას, ვინც ნარკოტიკებს თავი დაანება, არამედ შექმნა “სიკვდილის ესკადრონები”, რომლებიც ნარკომოვაჭრეებს უსწორდებიან. მათი მოქმედების მასშტაბის გამო საკითხი გაეროში ჯერ კიდევ მაშინ განიხილეს, როდესაც დუტერტე დავაოს მერი იყო. მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა, ეს პრაქტიკა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა. ამისთვის დუტერტეს მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც უფლებადამცველები, ისე აშშ-ის ადმინისტრაცია, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, არ არის ვაშინგტონისა და ფილიპინების პრეზიდენტის დაპირისპირების მთავარი მიზეზი _ სიკვდილის ესკადრონებიფილიპინების პოლიტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათ იყენებდნენ როგორც ფერდინანდ მარკოსი, ისე აშშ-ის ერთგული სხვა პრეზიდენტები, თუმცა თეთრი სახლი მათ ამის გამო თითქმის არ აკრიტიკებდა.

1898-1941 წლებში აშშ ფილიპინებს სრულად აკონტროლებდა, 1946 წლის შემდეგ კი ფორმალურად დამოუკიდებელ ქვეყანას მარიონეტი პოლიტიკოსებისა და სამხედროების მეშვეობით მართავდა. ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ამერიკული ისტებლიშმენტის უმრავლესობა ფილიპინებს “უკანა ეზოდ” აღიქვამს და ვერ წარმოუდგენია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძლება დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს და სხვა მძლავრ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყაროს.

როდრიგო დუტერტეს, მისი ექსცენტრიული ქცევისა და ფრიად საკამათო მეთოდების მიუხედავად, ესმის, რომ რეგიონი შეიცვალა. მას არ სურს მისმა ქვეყანამ ვაშინგტონისთვის ჩინეთთან დაპირისპრებაში პლაცდარმის როლი შეასრულოს. ის, რომ ვაშინგტონში ფილიპინებს ამ გეოპოლიტიკურ ფუნქციას იმთავითვე ანიჭებდნენ, რაც კარგად ჩანს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებიდან ან თუნდაც ასი წლის წინანდელი კარიკატურის მინაწერითფილიპინები მხოლოდ საფეხურია ჩინეთისკენ მიმავალ გზაზე”.

შეტაკებები ქალაქ მარავისთან 23 მაისს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი დუტერტე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც აპირებდა, შეიარაღების მსხვილი პარტიის შეძენაზე ესაუბრა. ბევრმა მედიასაშუალებამ მომხდარის გაშუქება იმ ფაქტის კონსტატაციით დაიწყო, რომ ბოევიკებმა ქალაქს შეუტიეს, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე (მიუხედავად იმისა, რომ ამას ოფიციალური წყაროები ადასტურებს), რომ ამას წინ უძღოდა სამთავრობო ძალების წარუმატებელი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა “აბუ საიაფის” ლიდერის _ ისნილონ ჰაპილონის დაკავებას; ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის “მაუტეს” თავკაცებს ხვდებოდა. ჰაპილონის დაკავებისთვის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ხუთმილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.

ამგვარად, როდესაც დუტერტე მოსკოვში იმყოფებოდა, ფილიპინელმა ძალოვანებმა ცუდად მომზადებული ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. ფილიპინების არმიის ხელმძღვანელობას ამერიკელებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. 2001 წლიდან აშშ “აბუ საიაფის” წინააღმდეგ მებრძოლი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას ახორციელებს; ვაშინგტონი ასრულებს მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო დარეგულირების პროცესშიც, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობა და “ზომიერი” მეამბოხეები. ამგვარად, ამერიკელები კონფლიქტის მართვის ბერკეტებთან ძალიან ახლოს იმყოფებიან. მათ ნამდვილად შეეძლოთ სასურველი გავლენის მოხდენა ფილიპინელ სამხედროებსა და პოლიტიკოსებზე ოპერაციის დაწყების მომენტში.

კონფლიქტის ესკალაცია საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო დუტერტესთვის, რომლის წინასაარჩევნო პროგრამაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ბრძოლები გაჭიანურდა იმიტომაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მხარს უჭერს და აქტიურად ეხმარება მეამბოხეებს. როდრიგო დუტერტე იძულებული გახდა, რუსეთში ვიზიტის დრო შეემცირებინა და მანილაში დაბრუნებულიყო. ჯერ კიდევ მოსკოვში მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას მინდანაოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ და ამას კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი უკავშირდება.

თავის დროზე დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი ძალიან ხშირად იყენებდა საგანგებო მდგომარეობას, როგორც რეპრესიების ხელშემწყობ ინსტრუმენტს. დღევანდელი კონსტიტუციით, მისი შემოღება მხოლოდ 60 დღით შეიძლება, ხოლო პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს მისი გაუქმების უფლება აქვს. როგორც კი დუტერტემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ფილიპინელი ლიბერალები, რომელთაც ვაშინგტონი მხარს ყოველთვის უჭერდა, აყვირდნენ, რომ ეს ზედმეტად ხისტი ზომაა და პრეზიდენტი მას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. სიტუაცია კონფლიქტურ რეგიონში ძალზე რთულია, თუმცა ოპონენტები მაინც ცდილობენ, დუტერტეს ხელები შეუკრან.

ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ყოველივე მომხდარი ფილიპინების ურჩი პრეზიდენტის დასჯის ან გაფრთხილების მცდელობა იყო. ახლა ყველაზე საინტერესოა, თუ როგორ მოიქცევა დუტერტე მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში ფარდობით სტაბილურობას აღადგენს: ვაშინგტონის მიმართ უფრო ლოიალური გახდება თუ აქტიურად დაუპირისპირდება მას?

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here