Home რუბრიკები საზოგადოება უცებ გაფრინდა ჩვენი ახალგაზრდობა

უცებ გაფრინდა ჩვენი ახალგაზრდობა

1009
(მარცხნიდან): არმაზ სანებლიძე, მერაბ თევზაძე (სპი), ალკაზარ კაკულია, სერმოლ მესი (თსუ), რამაზ სიხარულიძე (სპი), ცენტრში - დედამიწის პირველი კოსმონავტი იური გაგარინი

Как молоды мы были,

Как искренне любили

Николай Добронравов

თითქოს გუშინ იყო: გულწრფელი ვიცოდით სიყვარული, მეგობრობა, საფიცარი გვქონდა სამშობლო, პატრიოტიზმის გვჯეროდა და ვიყავით ჭეშმარიტი პატრიოტები. ძნელად ვეჩვევით რეალობას, რომ ისგუშინგასული საუკუნე იყო, სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობდით და ახლო თუ შორეულ მეზობლებთან ერთად აღვნიშნავდით კალენდრისწითელ თარიღებს” _ ზოგს სავალდებულოს, ზოგს სიხარულითა და სიამაყით. მათ შორის იყო კოსმონავტიკის დღე, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს იშვა. მოვლენა, რომელმაც შეძრა მსოფლიო: კაცობრიობის ისტორიაში პირველად უმძლავრესმა მატარებელმა რაკეტამ კოსმოსში გატყორცნა კოსმოსური ხომალდივოსტოკიადამიანთან ერთად. ეს ადამიანი იური გაგარინი იყო.

იური გაგარინი იმ დღიდან და სამარადჟამოდ გმირობის, ვაჟკაცობის, რისკის გამართლების, მიუღწევლის მიღწევის სიმბოლოდ იქცა. თვით მოვლენა კი ადამიანის გონების ზეობის ნიშნად ჩაიწერა კაცობრიობის ისტორიაში, ყველასთვის _ იდეოლოგიის, მრწამსის, პოლიტიკური თვალსაზრისისა და აკვიატებული აზრების მიუხედავად.

თავისი ისტორიული ფრენის შემდეგ რამდენიმე წელიწადში პირველი კოსმონავტი საწვრთნელი გაფრენისას დაიღუპა…

თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ საშუალება მქონდა, მოსკოვში შევხვედროდი იური გაგარინს ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად და ეს შეხვედრა ფირზე აღმებეჭდა.

ამ შეხვედრის შესახებ მოგითხრობთ მოკლედ.

1962 წლის შემოდგომაზე მე, თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის (შემდეგში _ სულხანსაბა ორბელიანის, ამჟამად ილიას სახელობის უნივერსიტეტის) სტუდენტი პროფკომში გამომიძახეს და მოულოდნელი შემოთავაზებით გამახარეს. მითხრეს, რომ გამამგზავრებდნენ მოსკოვში კინომოყვარულთა მეორე საკავშირო შეკრებაში მონაწილეობისთვის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში.

მთელ ჩვენს ინსტიტუტში მხოლოდ ჩემი მეგობარი ბორია ბეგიაშვილი და მე ვიყავით თავგადაკლული კინომოყვარულები. ვიღებდით მოკლე, სასაცილო სიუჟეტებს ძველისძველ, 1959 წელს გამოშვებულ 8-მილიმეტრიან კინოკამერა “კამაზე”.

ბორია ჩვენი პროფკომიტეტის წევრი იყო, ე.წ. კულტურული მიმართულების კურატორად იყო გამწესებული და, ბუნებრივია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შესაყვანი კანდიდატურების შერჩევა მას დაავალეს.

ბორიამ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. მან იცოდა, რომ ის ზაფხული ყაზახეთის ყამირი და ნასვენი მიწების ასათვისებლად შრომით სემესტრში ვმონაწილეობდი და თავდაუზოგავად ვმუშაობდი. კინომოყვარულთა შეკრებაზე ჩემი გამგზავრება კი ღირსეული ჯილდო იქნებოდა ჩემთვის.

ზედა რიგში მარცხნიდან მეორე ვალერი პარტუგიმოვი, იური გაგარინი - ზის
ზედა რიგში მარცხნიდან მეორე ვალერი პარტუგიმოვი, იური გაგარინი – ზის

მას მხარი დაუჭირეს.

მოსკოვში საქართველოს დელეგაცია სასტუმრო “იუნოსტში” ცხოვრობდა. იქვე, საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა მოყვარულთა ფილმების ჩვენება-განხილვა, მასტერკლასებს ცნობილი კინორეჟისორი როშალი გვიტარებდა.

საქართველოს დელეგაციაში ჩვენ გარდა იყვნენ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების გამგე არმაზ სანებლიძე (ხელმძღვანელი), ცკ-ის ინსტრუქტორი ალკაზარ კაკულია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინომოყვარულები.

მოსკოვში ჩასვლის საღამოს ორგანიზატორებმა ალა-ფურშეტზე მიგვიწვიეს. ვსაუბრობდით ჩვენს მორიდებულ პირველ ნაბიჯებზე მოყვარულთა კინემატოგრაფიაში, ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, ვკამათობდით.

ასეთ შემოქმედებით ატმოსფეროში ჩართული დარბაზი უცებ აჩოჩქოლდა, ახმაურდა, გაისმა აპლოდისმენტები და მოულოდნელად გამოჩნდა იური გაგარინი, რომელიც საკავშირო ცეკას სპეციალურად ჩვენთან შესახვედრად მოეწვია იმ საღამოს თანმხლებ პირებთან ერთად.

საქართველოს დელეგაცია ჩვენთვის დამახასიათებელი ლიდერობის თვისების წყალობით დაუყოვნებლივ ამოქმედდა და, სანამ გაგარინს მისთვის განკუთვნილ მაგიდასთან დასვამდნენ, გარს შემოერტყა სტუმარს და ფოტოსურათის გადაღების ნებართვა სთხოვა.

იური, რა თქმა უნდა, დაგვთანხმდა, როცა შეიტყო, რომ საქართველოდან ვიყავით. ჩვენი ბიჭები ისე მოვაწყვე, რომ ცენტრში იური გაგარინი ყოფილიყო. სანამ მასპინძლები გაერკვეოდნენ, რა ხდებოდა, ერთი კადრის გადაღება მოვასწარი, რაც საკმარისი იყო ამ ისტორიული მომენტის დასაფიქსირებლად. შემდეგ ყველაფერი ორგანიზატორთა ჩანაფიქრის მიხედვით წარიმართა

55 წელიწადი გავიდა მას შემდეგ. ამ კადრში აღბეჭდილთა შორის ბევრს აღარ შევხვედრივარ. გამონაკლისი მხოლოდ არმაზ სანებლიძეა, რომელთანაც სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდი, მომდევნო წლებში კი ხშირად ვურთიერთობდით ჟურნალისტურ საქმეებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, იური გაგარინთან საუბრის დეტალები აღარ მახსოვს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელია). სამაგიეროდ, დღემდე გამომყვა იმ შეხვედრის სითბო და ამაღლებული განწყობილება, რომელიც სიკეთით სავსე, ადამიანური და ძალიან კარგი იყო.

ამასობაში ერთმა ჩვენმა ბიჭმა უღალატო ფოტოკამერა “ზორკი” ჩამომართვა და კიდევ ერთი კადრი გადაიღო, რომელზე მეც ვარ აღბეჭდილი.

იური გაგარინი ჩვენი ახალგაზრდობის გახსენებაა, იმ დროის, რომელიც თითქოს წავიდა, მაგრამ გული არ ეგუება, რომ ხანმა დაგვძლია.

ვალერი პარტუგიმოვი,

ვეჩერნი ტბილისისსაკუთარი კორესპონდენტი, მოსკოვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here