Home რუბრიკები პოლიტიკა უფსკრულის თავზე გაბმულ ბაგირზე სიარული

უფსკრულის თავზე გაბმულ ბაგირზე სიარული

დასავლეთს არ უნდა ვაწყენინოთ, რუსეთი კი ისე უნდა ვლანძღოთ, ყელში არ ამოვუყვანოთ

323
უფსკრულის თავზე გაბმულ ბაგირზე სიარული

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ თავი ციხეში ამოყო, დასავლეთმა თითქოს დაივიწყა. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ხმაური ატყდა: რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს, მოკვლას უპირებდნენ და სასწაულით გადარჩაო. ეგ კი არა და, მას სინდისის პატიმრის სტატუსიც კი მოუხსნეს, თუმცა Amnesty Internationalმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნი კვლავ აღიაროსსინდისის პატიმრადმას შემდეგ, რაც ეს სტატუსი ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციამ წლის დასაწყისში მოუხსნა საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერს მისი ადრინდელი კომენტარებისთვის, რომლებიცსიძულვილის პროპაგანდის ზღვარზეიყო.

ისე გამოვიდა, რომ პატიმარ ნავალნის იმის უფლებაც არ აქვს, კომენტარები დამოუკიდებლად აკეთოს. უფრო მეტიც, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ის გააფრთხილა, რომ “სინდისის პატიმრის” სტატუსი არ ნიშნავს მისი პოლიტიკური პროგრამის აღიარებას. თურმე, ნავალნის ზოგიერთი ადრინდელი განცხადება იმსახურებს განსჯას და მათ არავითარ შემთხვევაში არ ამართლებენ… აქვე ისიც ვთქვათ, რომ ნავალნის, როგორც ლამის წმინდანს, ისე ახსენებენ ქართველი პოლიტიკოსები და ფიქრობენ, რომ ის არის ერთადერთი გზა რუსეთის გადარჩენისა. ჰო, ქართველი პოლიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთი გადასარჩენია და “მესია” ნავალნია.

დაკავებულ ოპოზიციონერს აქვს ანტიკორუფციული ფონდი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს. მაგალითად, დაკავებამდე ნავალნი ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინმა სამიზნეში ამოიღო, ცნობილი ბიზნესმენები რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და სხვები. უფრო მეტიც: ის აკონკრეტებდა, რომ საფრთხე არა მხოლოდ ამ ბიზნესმენებს, არამედ მათ შვილებსაც ელოდათ. ანტიკორუფციულმა ფონდმა ამ მიმართულებით ძიება ჩაატარა, ფილმების სერია გადაიღო და… ეთერში მათი გაშვება ვერ მოხერხდა. ახლა კი ამბობენ, რომ აღნიშნული ფონდის 40-მდე თანამშრომელი რუსეთიდან გაიქცა და თავი საქართველოს შეაფარაო.

“როგორც რუსული წყაროებიდან ირკვევა, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი გამოექცა პუტინის რეჟიმს და რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ისინი გეგმავენ სტუდიის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანას და გამოძიების მასალების საქართველოდან გავრცელებას”, _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გაავრცელა. ბატონი რომანი იქვე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგება და რუსეთიდან გამოქცეულ ჟურნალისტებს ისე არ მოექცევა, როგორც აფგან მუხთარლის, რომელიც აზერბაიჯანს გადასცა. ჩვენც მუხთარლით დავიწყოთ.

თუ გახსოვთ, როცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ოფიციალური ბაქოს ხელში აღმოჩნდა, მაშინვე ითქვა: სპეცოპერაცია ქართულმა მხარემ ჩაატარა, მუხთარლი მოიტაცა და აზერბაიჯნს მოსაკლავად მიუგდოო. რეალობა კი სხვა აღმოჩნდა. აზერბაიჯანულმა მხარემსასიკვდილოდ განწირულიმუხთარლი გაათავისუფლა და ის კვლავ საქართველოშია. ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების შემდეგ, პრაქტიკულად, სასაცილოები გამოვჩნდით, მაგრამ ვითომც არაფერი მომხდარა, ყველამ მშვიდად გაატარა ეს ამბავი.

რაც შეეხება ნავალნის, დავუშვათ, მისი 40-მდე თანამშრომელი მართლაც საქართველოშია გამოქცეული და აქედან ცდილობს მაუწყებლობის განახლებას. ჯერ ერთი, რა უფლება აქვს საქართველოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამაუწყებლო სიხშირე დაუთმოს? და მეორეც, რატომ აქვს ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებას, ამ ადამიანებს ხელი შეუწყოს, ცივი ნიავი არ მიაკაროს? რატომ ავალდებულებს რომან გოცირიძე მთავრობას, რომ ნავალნის 40 მომხრეს მხარში ამოუდგეს? რატომ ვართ ვალდებული ყოველთვის ჩვენ?

ნავალნის ამერიკა და ევროპა თავისთან რომ ეპატიჟებოდნენ, მაღალ ტრიბუნებს რომ უთმობდნენ, ოღონდ კი რუსეთის ხელისუფლება ელანძღა, ახლა სად არის ის ხალხი? დამწუხრებული სახეებით რომ დადიოდნენ დასავლელი ლიდერები, _ ნავალნი მოწამლეს, ალბათ, ვერ გადარჩებაო, ახლა რატომ არიან ჩუმად? ის 40 თუ 45 თანამშრომელიც წაიყვანონ და შეიფარონ, საეთერო დროც დაუთმონ და უფრო უსაფრთხოდაც ეყოლებათ. აბა, სად ინფორმაციის ამერიკიდან გავრცელება და სად თბილისიდან? თანაც, ამერიკულ არხებს ათჯერ და ოცჯერ მეტი მაყურებელი ჰყავთ, ვიდრე ქართულებს.

როგორ გგონიათ, რატომ არის ჩუმად ამ შემთხვევაში დასავლეთი?!

საქმე ის არის, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნებს ზესახელმწიფოები ადვილად ჩაგრავენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკას ან ევროპის რომელიმე დიდ სახელმწიფოს ძებნილად რომ ჰყავდეს გამოცხადებული კონკრეტული პირი, ვინმე გაბედავს, მას არათუ ოფიციალური თავშესაფარი, არამედ თანამდებობა მისცეს? აი, საქართველოს კი გაუბედეს _ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობებს ყველა პრეზიდენტის პირობებში მარტივად იცვლის და ცივ ნიავს არ აკარებენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობარი ქვეყანაა და მთავარ ძებნილს არ გვაძლევს, თანამდებობაზე ჰყავს. რა ჰქვია ამას? იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მასაც კი დასავლეთი თავის ჭკუაზე ატარებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც პეტრე პოროშენკოს სურდა მიშას დანიშვნა გუბერნატორად და არც ვლადიმერ ზელენსკის ეხატება გულზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მაგრამ ამის გაკეთება ერთსაც და მეორესაც აიძულეს _ აიძულეს ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერებს.

ხომ მარტივი მისახვედრია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან გამოიქცნენ, მაქსიმალურად შეეცდებიან, რუსეთის ხელისუფლება ურჩხულად წარმოაჩინონ და საამისოდ ტყუილმართალს ერთმანეთში აურევენ. ეს ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთმა იცის და ამიტომ თავისი კარი მჭიდროდ მიხურა და ისე ჩანს, ნავალნის ფონდის თანამშრომლებს სათარეშოდ სწორედ საქართველოს აძლევს.

 ეს ადამიანები აქ დაფუძნდებიან, ყველა სიკეთეს მიიღებენ, მერე დასხდებიან ეთერებში და ბოლო ხმაზე დაიწყებენ რუსეთის ხელისუფლების ლანძღვას. აი, რუსეთმა მათი ექსტრადიცია რომ მოგვთხოვოს, მერე რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, დასავლეთის წნეხის შედეგად კატეგორიულ უარს ვეუბნებით. და რუსეთმა რომ თქვას, ეს ადამიანები ინფორმაციულ ტერორს აწყობენო, .., ტერორისტებად შერაცხოს, ხომ გამოვა საქართველო ტერორისტთა თავშესაფარი? ეს ყველაფერი კარგად იციან დასავლეთში და ისიც იციან, რუსეთის კანონიერ მოთხოვნას, არსებული სანქციებისა თუ მტრული დამოკიდებულების ფონზე უარს ვერ ეტყვიან და მსოფლიოს თვალში სასაცილოები გამოჩნდებიან. მაგრამ, საქართველო თუ გამოჩნდება სასაცილო, არა უშავს, აქამდე არ გამოჩენილა თუ არ დაუცინიათ?!

ამ თემაზე ხმამაღლა ჯერჯერობით მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა მოვლენებს რეალურად შეხედავს და ნელი მოქმედების ნაღმს არ ჩადებს ქვეყანაში. ბოლო ხმაზე რომ გაჰყვირიან პოლიტიკოსები, რუსეთი ჩვენს საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსო (ევროპა და ამერიკა რომ ერევიან, არა უშავს), ამ ადამიანებისთვის თავშესაფრის მიცემა არ გამოვა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა?

სათვალავი აგვერია, მერამდენედ გვიწევს უფსკრულის თავზე გაბმულ ბაგირზე სიარული _ თან დასავლეთს არ უნდა ვაწყენინოთ, რუსეთი კი ისე უნდა ვლანძღოთ, ზღვარს არ გადავიდეთ, ყელში არ ამოვუყვანოთ. ასეთი დავალება გვაქვს მიღებული და ვაი, რომ ზედმიწევნით ვასრულებთ. საუბედუროდ, ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, ასეა ახლა დაისეთი პირი უჩანს, ასე იქნება უახლოეს მომავალშიც. ყოველ შემთხვევაში, იმ ძალას, რომლითაც დასავლეთს მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება სურს, ნამდვილად შეუძლია წესების გარეშე თამაში და ამ თამაშთამაშით მიგვიყვანეს 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვამდე და ასიათასობით ლტოლვილამდე.

თუ ნავალნის თანამშრომლები საქართველოში ნამდვილად შემოვიდნენ, ის დროა, მშვიდად ვურჩიოთ ქვეყნის დატოვება; პარალელურად, რეკომენდაცია მივცეთ, რომ მათთვის გაცილებით საიმედო ნავსაყუდელი ევროპა ან ამერიკა იქნება და იქ უფრო მეტი ფინანსური თუ ადამიანური რესურსია. ისინი თვითონაც უნდა ხვდებოდნენ, რომ საქართველოში მათი ყოფნა, უწინარესად, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი და მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ საეთერო დროს მისცემენ და იმ ფილმების გაშუქებას დაიწყებენ, რომლებიც გადაიღეს და რომელთა თარგმნაც, ჩვენი ინფორმაციით, ქართულ ენაზე უკვე მიმდინარეობს.

სხვა, აბა, რა გითხრათ _ საქართველო ექსპერიმენტების ქვეყნად ჩამოყალიბდა და, ვისაც არ ეზარება, ცდებს სწორედ აქ ატარებს. მაშინ, როცა ეკონომიკა კატასტროფულ დღეშია, როცა ეროვნული ვალუტა თავქუდმოგლეჯილი გარბის, როცა უმუშევრობის დონე პიკზეა, როცა სოციალურად დაუცველ ადამიანთა ოდენობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა, დამატებითი, მოგონილი თუ თავსმოხვეული პრობლემის შექმნა საჭირო აღარ არის, მით უმეტეს, როცა ეს პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here