მთავარი სპორტი ურუგვაული ფეხბურთის “ცალხელა ღმერთი”

ურუგვაული ფეხბურთის “ცალხელა ღმერთი”

234
გააზიარეთ
ურუგვაული ფეხბურთის “ცალხელა ღმერთი”

მათთვის, ვისაც უყვარს სპორტი და ინტერესდება მისი სახეობებით, ალბათ, ცნობილია ყველაზე გამორჩეული პარაოლიმპიელების სახელებიმაგრამ, შეიძლება თუ არა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გამოდიოდეს ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად ერთ გუნდში და, მეტიც, იმარჯვებდეს მსოფლიო დონის ტურნირებზე? რა თქმა უნდა, შეიძლება და ამის მაგალითია ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი 1928 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონი ექტორ კასტრო.

ექტორ კასტრო დაიბადა 1904 წელს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ესპანელთა ოჯახში, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ესპანეთიდან სამხრეთ ამერიკაში გადასახლდა. ექტორის მამა ქარხანაში მუშად მუშაობდა და ისეთი დაბალი ანაზღაურება ჰქონდა, რომ 10 წლის ექტორი ეხმარებოდა კერძო შეკვეთების შესრულებაში, მან მალე აითვისა საზეინკლო ინსტრუმენტებით მუშაობა, მაგრამ მთელი ცხოვრება ქარხანაში ჩარხთან მუშაობის პერსპექტივა არ ხიბლავდა ყმაწვილ კასტროს. მას სურდა, თავი დაეღწია სიღარიბისთვის და პოპულარობა მოეპოვებინა, მაგრამ ღარიბი ოჯახის წარმომადგენელს ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ პროფესიული სპორტი თუ მისცემდა. იმხანად სამხრეთ ამერიკაში ფებურთი სპორტის უპოპულარესი სახეობა იყო (ახლაც ასეა). XX საუკუნის დასაწყისში, ისევე, როგორც დღეს, სამხრეთამერიკული გუნდები ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ექტორმა ფეხბურთელობა მოისურვა. ის არ გამოირჩეოდა სწრაფი სირბილით, არც თავბრუდამხვევი ფინტებით, მაგრამ შესანიშნავად ხედავდა მოედანს და ჰქონდა კარგი რეაქცია. სწორედ ამ თვისებების გამო იუნიორთა გუნდში მეკარის ამპლუაში ვარჯიშობდა. მის მწვრთნელებს მიაჩნდათ, რომ ექტორისგან კარგი მეკარე დადგებოდა, მაგრამ 1917 წელს ექტორის ოცნება კინაღამ დაინგრა. ერთ დღეს, როდესაც მამას ეხმარებოდა შეშის დამზადებაში, გაუფრთხილებლობის გამო ელექტროხერხით ხელი თითქმის იდაყვამდე გადაიჭრა. ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ მეკარეობაზე ოცნებას გამოეთხოვა, თუმცა ფეხბურთისადმი სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა. ექტორს ერთი ჯანმრთელი ხელი დარჩა, მაგრამ ორივე ფეხი ადგილზე ჰქონდა. და, თუ კარის დაცვის საშუალება აღარ ეძლეოდა, სამაგიეროდ, თავდამსხმელის როლის შესრულება შეეძლო. ის სულით არ დაეცა, ირწმუნა თავისი შესაძლებლობების და თავისუფალ დროს შეუპოვრად ვარჯიშობდა.

ექტორ კასტრო
ექტორ კასტრო

3 წლის შემდეგ ექტორის ოსტატობა ისე ამაღლდა, რომ მონტევიდეოს პროფესიონალური გუნდის _ “სენტრო ატლეტიკო ლიტოს” ყურადღება მიიპყრო . მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ძლიერთა შორის არ იყო ურუგვაის ჩემპიონატში, მისი მაისურით თამაში კარგი სკოლა იქნებოდა და ექტორმაც სიხარულით მოაწერა ხელი კონტრაქტს.

მწვრთნელებს ეჭვი არ შეჰპარვიათ არჩევანის მართებულობაში, მაგრამ გულშემატკივრებმა თავდაპირველად ცივად მიიღეს კასტრო. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდა ინვალიდს მოედანზე, თანაც ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 1921 წლის სეზონის პირველი თამაშებიდანვე სკეფსისი გაიფანტა. ექტორი თამაშობდა შემართებით, ტაქტიკურად მართებულად და აღმაფრენით. მას სტაბილურად გაჰქონდა ბურთები მოწინააღმდეგეთა კარში და გულშემატკივრებიც უკვე ვეღარ ამჩნევდნენ მის ფიზიკურ ნაკლს. ურუგვაის პრესისთვის კი ამას მნიშვნელობა ჰქონდა _ მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა კასტროს ცალი ხელის შესახებ, გაზეთებსა და ჟურნალებში მის რეტუშირებულ ფოტოებს ბეჭდავდნენ ისე, თითქოს ხელის მტევანი არ ჰქონდა, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი კარგად ჩანდა, რომ კასტროს მარჯვენა ხელი თითქმის იდაყვამდე ჰქონდა ამპუტირებული.

ექტორ კასტრო
ექტორ კასტრო

1924 წელს ცალხელა ფეხბურთელის ოცნება, როგორც იქნა, ასრულდა. ის ქვეყნის საუკეთესო და მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი კლუბის, მონტევიდეოს “ნასიონალში” ჩაირიცხა (ეს ის “ნასიონალია”, რომელმაც 1969 წლის 26 ივლისს თბილისში “დინამოსთან” ამხანაგური მატჩი ითამაშა. ეს იყო მიხეილ მესხის გამოსათხოვარი მატჩი). კასტრომ პირველივე სეზონში მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, შემდეგ კი მის კარიერაში წარმატება წარმატებას ცვლიდა.

1926 წელს ურუგვაელებმა მას ელ დივინო მანკო (“ცალხელა ღმერთი”) შეარქვეს.

1928 წელს ექტორი ურუგვაის ნაკრების წევრებთან ერთად გაემგზავრა ჰოლანდიაში ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მაყურებელს კი თავი დაამახსოვრა იმით, რომ თამაშს ჭადრაკის პარტიასავით კითხულობდა.

ექტორ კასტრო
ექტორ კასტრო

ექტორ კასტროს სპორტული კარიერის მწვერვალი იყო ტიტული, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში გამართულ მსოფლიოს პირველ საფეხბურთო ჩემპიონატზე მოიპოვა. ამ ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 1930 წელს გაიმართა, 90 ათასი მაყურებლის თვალწინ ურუგვაიმ 4:2 დაამარცხა არგენტინის მრისხანე ნაკრები და ჩემპიონობა მოიპოვა (აღსანიშნავია, რომ ურუგვაი აგებდა 1:2-ს), ერთი გოლი არგენტინის ნაკრების კარში კასტრომ გაიტანა.

დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს ჩემნიონატის პრიზი გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოსახულებით კასტრომ თავს ზემოთ მარცხენა ხელით ასწია.

კასტროს საფეხბურთო კარიერა ხანგრძლივი და სახელოვანი იყო. “ელ დივინო მანკოს” ტყუილუბრალოდ არ აყენებენ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით. “ნასიონალში” 12 წლის განმავლობაში მან 231 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 149 ბურთი გაიტანა. კიდევ 24 გოლი ექტორმა ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 25 თამაშში.

ექტორ კასტრო
ექტორ კასტრო

1936 წელს, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ცალხელა ფეხბურთელი მშობლიური კლუბის _ “ნასიონალის” სამწვრთნელო შტაბში ჩაირიცხა, 1939 წელს კი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 5-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. 1959 წელს ის ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 1962 წელს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება დაევალა, მაგრამ 1960 წლის 15 სექტემბერს 55 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here