Home ახალი ამბები საქართველო უნიკალური შანსი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის! _ გაიგებს ამას ხელისუფლება?!

უნიკალური შანსი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის! _ გაიგებს ამას ხელისუფლება?!

3544
უნიკალური შანსი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის! _ გაიგებს ამას ხელისუფლება?!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი ძალაა, რომელიც საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი კანონების ერთგულ შემსრულებლად დარჩა და გლობალურ ფსიქოზს არ დაემორჩილა.

თითქმის ყველა სხვა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ პირში წყალი ჩაიგუბა და შეასრულა ის ბრძანებები, რომლებიც საერო ხელისუფლებისგან მომდინარეობდა, ფაქტობრივად, უკვე წინასწარ ვიცით, რომ ჩაშლილია აღდგომის სადღესასწაულო ღვთისმსახურება, შეწყვეტილია ზიარება, ზოგან თვით ზიარების წესშიც ცვლილებებია შეტანილი. რელიგიური ადამიანებისთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინაში ინსპირირებული საეკლესიო განხეთქილება, რუსეთის ეკლესიის მიერ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ფაქტობრივი განკვეთა და სხვა მოვლენები კარგს არაფერს მოასწავებდა.

ყველა მართლმადიდებლისთვის ამ სავალალო მოვლენებს დაერთო განხეთქილების მცდელობა საქართველოს ეკლესიის შიგნით, ერთი ბილწი ეპისკოპოსის მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის მცდელობა, პატრიარქის შეურაცხყოფა ყოველი მხრიდან, აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ.…

და აი, ამ ფონზე ქვეყანა დგება ინფექციის საფრთხის წინაშე და თითქოს ამ მიზეზით, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, საქართველოც “იხურება”, მაგრამ არ იხურება ეკლესიის კარი. პატრიარქმა ბრძანა, რომ შეუძლებელია, დაიხუროს ტაძრის კარი; შეუძლებელია, ეკლესიამ ზურგი აქციოს მრევლს და არ მისცეს ტაძარში ლოცვისა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის საშუალება.

გაჩნდა ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ მართლმადიდებელმა სამყარომ სწორედ ქართული ეკლესიის წყალობით, ღირსეულად იზეიმოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დაიცვას ყველა საეკლესიო კანონი, რომლებიც უფლის მიერ დადგენილი კანონებიდან გამომდინარეობს და ამ გზით შეაფერხოს ანტიქრისტეს გამეფება, რომელსაც, როგორც ვიცით, აპოკალიფსი _ სამყაროს აღსასრული, ქრისტეს მეორედ მოსვლა და მის მიერ საშინელი სამსჯავროს მოწყობა მოჰყვება.

დიახ, ეს ასე იქნება ყველა მორწმუნე მართლმადიდებლის თვალში, მსოფლიოს მასშტაბით. ახლა დავაკვირდეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ყველაზე უფრო რადიკალ ათეისტ, მაგრამ საქართველოს გულშემატკივარ მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით მოეპყროს ამ გარემოებას: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თუკი მან, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სახელმწიფოსთან შეთანხმებით მაინც აღასრულა სააღდგომო ლიტურგია, მიიზიდა მრევლი და ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდა, ეს იქნება ყველა თქვენგანის გამარჯვებაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტორიტეტს აიმაღლებს მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, ფაქტობრივად, ლიდერი გახდება მართლმადიდებელ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის. ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი _ ეკლესიის მეშვეობით გაზარდოს თავისი საერთაშორისო გავლენა და ავტორიტეტი.

გონიერი ხელისუფლება ამ გარემოებას საქვეყნოდ გამოიყენებდა. მთავრობის ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად დავუთმობდი ეკლესიის მესვეურებს (რომლებიც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დოგმატურ საკითხებში კონსოლიდირებულნი არიან პატრიარქის გარშემო) და გავაუქმებდი აღდგომის ღამეს “კომენდანტის საათის” მოქმედებას და 3-კაციანი შეკრების ლიმიტს. ხელს შევუწყობდი ეკლესიას კიდევ უფრო ღირსეულად და ძლევამოსილად გამოჩენაში. ეს არ იქნება მხოლოდ ეკლესიის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის პრესტიჟის გამყარება იქნება საერთაშორისო არენაზე.

თუკი ხელისუფლებაში მოკალათებული მავნე ელემენტები თავისას არ დაიშლიან, ეკლესია მაინც გაიმარჯვებს, მაგრამ ქვეყანა დაზარალდება. სჯობს, დავფიქრდეთ და ერმაც და ბერმაც კონსენსუსის გზით ვიმოქმედოთ.

გულბაათ რცხილაძე

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here