Home რუბრიკები საზოგადოება უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

536
უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

უკვე მესამე თვეა, საქართველოს მოსახლეობა .. ოპოზიციის, ასე ვთქვათ, მატრაბაზობას შეჰყურებს; მესამე თვეა, ქუჩაში მდგომნიგაყალბებულ არჩევნებზელაპარაკობენ და პარლამენტში შესვლაარშესვლაზე დავობენ, თუმცა მათ ფანტაზიას ბოლო არ უჩანს. დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინათ პლებისციტის ჩატარება მოითხოვა, მას აინტერესებს ხალხის აზრი _ უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები? ამ საკითხზე აზრის გამოთქმა რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ. მოქალაქეების უკან, რომლებიც დღეს ჩვენი გაზეთის სტუმრები არიან, თანამოაზრეების დიდი არმია დგას.

ტარიელ სუხიაშვილი

ქართველი პოლიტიკოსები ყვარყვარეები არიან, ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკაში

ტარიელ სუხიაშვილი, თბილისის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ე.წ. ოპოზიციის ინიციატივას გამოვეხმაუროთ, ეს მათთვის დიდი პატივია და ერთგვარი რეკლამაც.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე აღარ დადის, მობეზრდათ ეს მასკარადი. ქართველი პოლიტიკოსები ყვარყვარეები არიან, ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკაში. დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ხალხის გამოკითხვას რომ ითხოვს, ვინ არის?! მის შეკითხვას პასუხი რატომ უნდა გავცეთ? ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე და სხვა, უფრო საინტერესო აზრის გამოთქმის სივრცე აღარ რჩება. მათი კინკლაობის ყურება მოსაბეზრებელია. ხელისუფლებასა და პოზიციას შორის განსხვავება არ არის, მათ ერთი მიზანი აქვთ _ პირადი ვნებების დაკმაყოფილება, ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის გასაყვლეფად სჭირდებათ, სხვა არაფრისთვის.

ჩვენს ქვეყანაში, დიდი ხანია, არჩევნები არაფრისმომტანია, ან ეს არჩევნები რა იყო, ან წინა არჩევნებმა რა მოგვიტანა, ან ახალს თუ დანიშნავენ, იქიდან რა ხეირი იქნება ხალხისთვის?! ისევ ის ხალხი მოვა, ვინც, უკვე წლებია, ქართულ პოლიტიკაშია. ვინმეს შეუძლია, დაასახელოს ახალარჩეულ პარლამენტში ისეთი პიროვნება, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს და ღირსია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იჯდეს? ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.

რეფერენდუმი იმის გამო კი არ უნდა ჩატარდეს, უგულავამ გაიგოს, ხალხს სურს თუ არა ხელახალი არჩევნები, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს საკითხზე, საერთოდ სურს თუ არა ამომრჩეველს ასეთი არჩევნების ჩატარება, რადგან ის ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავს.

ვინმეს შეუძლია, დაასახელოს ხალხისრჩეულთგანისეთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ რაიმე გაუკეთებია? რომელიმეს მიუღია ან დაუყენებია კენჭისყრაზე ისეთი კანონი, რომელიც ქვეყნისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება? ალბათ, ასეთს ვერავინ გაიხსენებს და, თუკი ასეა საქმე, მაშ, რა საჭიროა ეს არჩევნები?! ხელახალ არჩევნებს რომ ითხოვენ, ახალ კომედიას, ახალ მასკარადს უნდა გვაყურებინონ? ამისთვის კიდევ ფული უნდა ხარჯონ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში?

რეფერენდუმი ჩასატარებელია არჩევნების შესახებ, მთლიანად შესაცვლელია საარჩევნო სისტემა. უნდა გაუქმდეს პროპორციული სისტემა, რადგან სიებში შეჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც მეტ ფულს გადაიხდიან. აი, ეს არის ამოსაძირკვი, რადგან ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი. პარლამენტში უნდა შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალხი ენდობა, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა, რადგან მაჟორიტარობის დროს ხელისუფლებას რეკლამის ბერკეტი ეცლება ხელიდან _ მაჟორიტარის შესახებ ყველა რაიონსა და სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მათი მოტყუება რეკლამითა და ინფორმაციით ძნელია. ტელევიზიებმა რამდენიც უნდა აქონ ესა თუ ის ადამიანი, მაინც ვერ დააჯერებენ ამომრჩეველს.

უნდა ავირჩიოთ მაჟორიტარები და, თუ ისინი დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, ამომრჩეველს მისი პარლამენტიდან გაწვევა უნდა შეეძლოს, თანაც ისე, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. სხვა შემთხვევაში სულ ერთ წრეზე ვივლით _ მოვლენ პარლამენტში, შეჭამენ, ცხოვრებას აიწყობენ და წავლენ, მერე ხელახლა ცდილობენ იქ შესვლას.

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

ქვეყანაში მკვდარია სახალხო მეურნეობა, არ არსებობს მრეწველობა, სულს ღაფავს სოფლის მეურნეობა და მხოლოდ იმიტომ არ კვდება, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა ცოტა ჩვენკენაც გამოიხედა და ღვინოს ყიდულობს

მერაბ ზურაბაშვილი, გურჯაანის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ 30 წელიწადია, მოჯადოებულ წრეზე დავდივათ, სიკეთე ვერ ვნახეთ ვერც ერთი ხელისუფლების ხელში, გაუბედურდა ქვეყანა. ხუთი მილიონი ქართველიდან სამ-ნახევარ მილიონამდე ჩამოვედით და აქედან ნახევარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის წასული ლუკმაპურის საშოვნელად, პოლიტიკოსები კი გაიძახიან: ამდენმა ათასმა და ამდენმა მილიონმა მოგვცა ხმაო. ეს ხალხი მხარდამჭერთა რაოდენობას რომ ასახელებს, იმდენი ამომრჩეველი სულ არ არის ქვეყანაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე აღარ დადის, იმედგაცრუებულია და, საერთოდ, არ აინტერესებს, ვინ შევა იმ პარლამენტში, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე არასოდეს გაუკეთებია.

ქვეყანაში მკვდარია სახალხო მეურნეობა, არ არსებობს მწერველობა, სულს ღაფავს სოფლის მეურნეობა და მხოლოდ იმიტომ არ კვდება, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა ჩვენკენ გამოიხედა და ღვინოს ყიდულობს, ცოტა კახეთში გამოსწორდა მდგომარეობა.

ხალხს შრომა უნდა და ამ შრომის საფასურად ადამიანური ცხოვრება, არ გვინდა ჩვენი ნაწვალებით სხვა მდიდრდებოდეს და ჩვენ უსახსრობით ვიღუპებოდეთ. სამუშაოს ვითხოვთ და არა არჩევნებს.

ზნეობრივად განადგურებულია ქვეყანა, საშინელება ისმის ყველა მხრიდან, წაბილწულია ირგვლივ ყველა და ყველაფერი და ვის აინტერესებს ასეთ დროს მაგათი პარლამენტი?! ხალხს არ აინტერესებს, ვინ შევა იმ პარლამენტში და ვინ _ არა, რადგან ყველა ერთ ყალიბშია ჩამოსხმული, ქვეყანასა და ხალხზე არავინ ფიქრობს, მათ მხოლოდ საკუთარი სტომაქი აინტერესებთ და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. ხალხის სახელით საუბრობენ, იმ ხალხის, რომლის მდგომარეობაც საერთოდ არ ადარდებთ.

30 წელიწადია, ერთი და იმავე სახეებს ვუყურებთ ქართულ პოლიტიკაში და ძალიანაც რომ მოვინდომო, რომელიმე მათგანის მიერ ქვეყნისთვის გაკეთებულ სასიკეთო საქმეს ვერ გავიხსენებ. ყველა მათგანი, ვინც ახლა ქუჩაშია და ისინიც, ვინც პარლამენტში შედიან, ხელისუფლებაში უკვე იყვნენ… უგულავა რომ გაიძახის: ხალხს ვკითხოთ, ხელახალი არჩევნები უნდა თუ არაო, რა უფლება აქვს მას, ხალხს რამე ჰკითხოს? უგულავამ არ შეჭამა 50 მილიონი გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტიდან?! უგულავამ ხალხს შეკითხვა როგორ უნდა გაუბედოს?! მაგრამ იცის, რაც იხარშება ხელისუფლებაში, იცის, რამდენი იჭმევა. ჩვენი .. პოლიტიკოსები მაგონებენ წუნკალ ძაღლებს, რომლებიც რესტორნისა და სასადილოების მიდამოებში დაძრწიან გამოხრული ძვლის შოვნის მოლოდინში.

ბორის კაკაბაძე
ბორის კაკაბაძე

წლებია, ხალხისა და ქვეყნის ბედი ერთი მუდრეგი მთავრობიდან მეორის ხელში გადადის

ბორის კაკაბაძე, თბილისის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ოპოზიციაც და პოზიციაც ხალხის ნერვებზე თამაშობს. ახლა ხელახალი არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, კიდევ ფულის ხარჯვა უნდათ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში. რამდენჯერაც არ უნდა ჩაატარონ არჩევნები, პარლამენტი ხალხის ნების გამომხატველი მაინც არ იქნება. ხალხი ალთასაა და ეგენი _ ბალთას. რაიმე ახლისა და კარგის მოლოდინი არავის არ აქვს.

ხალხიო, ვამბობ, მაგრამ ჩვენი ხალხიც არ არის გათვითცნობიერებული ბევრ რამეში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, მაინც ვერაფერი ვისწავლეთ. ამ ბაკქანალიაში ერთი თქვენი გაზეთი მეგულება, რომელიც ცდილობს, ხალხს სიმართლე უთხრას, გაანათლოს, მაგრამ…

პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ ქუჩაში მდგარნი, რადგან მათ ხალხის გაუთვითცნობიერებლობის იმედი აქვთ. ჩვენმა მოსახლეობამ მხოლოდ ერთი რამ იცის _ უჭირთ, მაგრამ რატომ უჭირთ და ეს გაჭირვება სწორედ ამ ვაიპოლიტიკოსების ბრალი რომ არის, არ იციან. დიდი ხანია, საქართველოს ცხოვრება არ მომწონს, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ დავიღუპებოდით და დავიღუპეთ კიდეც, ჭაობში ვართ, ნაპირებს ვეხეთქებით და ამოსვლას ვერ ვახერხებთ _ ეს ვითომ პოზიცია კი ხელისუფლებასთან ერთად სისულელეებით უჭედავს ხალხს თავს.

დგანან ქუჩაში ურცხვად, ხალხის სახელით საუბრობენ, ეს ქვეყანა თავიანთი ჰგონიათ, არადა, ამ ქვეყანაში ჩვენც ვცხოვრობთ და სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს. წესიერ საქართველოზე ვოცნებობთ, ბარაქით სავსეზე, შრომას ვითხოვთ და ამ შრომის დაფასებას, გვინდა ნამდვილი თავისუფლება და სუვერენული სახელმწიფო; გვინდა თანასწორუფლებიანები ვიყოთ და ჩვენი ქვეყნის ბედს უცხოტომელი არ წყვეტდეს, მაგრამ წლებია, ერთი მუდრეგი მთავრობიდან მეორის ხელში გადადის ხალხისა და ქვეყნის ბედი.

ახლა უგულავა გაიძახის: ხალხმა თქვას, რა სურსო, სასაცილოა, რატომ უნდა უპასუხოს ხალხმა უგულავას?! რამდენი პლებისციტიც არ უნდა ჩატარდეს, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ან უგულავა ვინ არის, რომ მის ინიცირებულ პლებისციტში მივიღოთ მონაწილეობა?! მე მივიღებ მონაწილეობას პლებისციტში იმ შემთხვევაში, თუ მკითხავენ, მინდა თუ არა ნატოში შესვლა და ევროინტეგრაცია, ისიც მაშინ, თუ მექნება გარანტია, რომ ჩემს აზრს არ გააყალბებენ, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს. აი, ეს იქნება ქვეყანაზე ზრუნვაც და სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯიც, სხვა ყველაფერი მატრაბაზობა და ფულის ტყუილად ფლანგვაა.

მეცინება პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე რომ საუბრობენ, ყველა პარლამენტს, რომლებიც ამ დრომდე არსებობდა, ერთი ფასი აქვს. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და, რაც დრო გადის, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მძიმდება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here