მთავარი პოლიტიკა ულტიმატუმის ენით მოლაპარაკე ამერიკული კომპანია და საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლება

ულტიმატუმის ენით მოლაპარაკე ამერიკული კომპანია და საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლება

1070
გააზიარეთ
ულტიმატუმის ენით მოლაპარაკე ამერიკული კომპანია და საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლება

ანაკლიის პორტის მშენებლობის გარშემო ისეთი ამბები ატყდა, დედა შვილს არ აიყვანს. წესითა და რიგით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ერთერთი წამყვანი ფიგურა მამუკა ხაზარაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველოში ყველაზე ცნობილმა ბანკირმა 26 ივლისს პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ვინ შეცვლის მას, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენი აზრით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მთავარი მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა ამერიკის ხელისუფლება ამ ყველაფერს არა თვითონ, არამედ კომპანია SSA Marine ხელით აკეთებს. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ:

“დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი პარტნიორები, პორტის ოპერატორი დაგვერწმუნებინა, რომ პროექტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მაისში განვითარებული მოვლენების გამო მათ გადაწყვიტეს, წამოეყენებინათ დამატებითი მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, კერძოდ, სანამ პროექტის პირველი ფაზა არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას, იყოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში. ეს არის SSA MARINE-ს მიერ წამოყენებული ახალი პირობა. ისინი მზად არიან, ჩაერთონ პროექტში, განახორციელონ ინვესტიცია, რომელზეც თავის დროზე აიღეს ვალდებულება, მაგრამ ეს ახალი პირობა წამოაყენეს. მათი ეს რეაქცია პორტთან დაკავშირებული საკითხების ორაზროვნებამ გამოიწვია”, _ განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამ ახალი მოთხოვნით ამერიკული კომპანია SSA MARINE-სგან წერილი 10 დღის წინათ მიიღეს. კერძოდ, პორტის ოპერატორი და ინვესტორი კომპანია SSA MARINE გარკვეული პერიოდით ანაკლიის პორტისთვის ექსკლუზივის მინიჭებას ითხოვს.

არის თუ არა ეს თხოვნა? _ არა, ბატონებო. ეს არც თხოვნაა, არც მოთხოვნა. ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც სახელმწიფოს (!) უყენებს რიგითი კომპანია და ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია ერთერთი დიდი და წარმატებულია, უადგილოა, რადგან სახელმწიფოსთან ყველა კომპანია რიგითი უნდა იყოს. რაც მთავარია, სახელმწიფომ იცის ამ ულტიმატუმის შესახებ, მაგრამ, თითქმის ორი კვირაა, პასუხის გაცემას არ ჩქარობს. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ იცის, რა ქნას: თუ ამ მოთხოვნას დათანხმდება, გამოვა, რომ რიგითი კომპანია სახელმწიფოს საკუთარ დაკრულზე აცეკვებს; თუ არ დათანხმდება _ ამ კომპანიის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას და ეს ყველაზე კარგად სწორედ ხელისუფლებამ იცის. აი, ამერიკის წინააღმდეგ წასვლა, როგორც ჩანს, ხელისუფალთ არ სურთ, მაგრამ არც ის სურთ, რომ მსოფლიოში თავი ბოლომდე მოეჭრათ და აღიარონ, რომ კონკრეტული კომპანიის დაკრულზე ცეკვავენ.

მოდი, ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ანალოგიური მოთხოვნა რომ წამოეყენებინა რომელიმე რუსულ კომპანიას. არასამთავრობოები ხომ ხმის ჩახლეჩამდე იყვირებდნენ: ხელისუფლება რუსეთს სტრატეგიულ ობიექტს აძლევსოსაპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოღალატედ გამოაცხადებდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა. მერე აუცილებლად გამოთქვამდნენ შეშფოთებას ევროპა და ამერიკა; აღნიშნულ კომპანიას, დიდი ალბათობით, სანქციებს დაუწესებდნენ და წერილს წერილზე აფრენდნენ: არიქა, ქუდზე კაცი გამოდითო. ახლა კი ვითომც არაფერი ხდება, ვითომ ასე უნდა იყოს, ვითომ ეს ყველაფერი ნორმალურია. კაცი არ გამოჩნდა, რომელიც გააპროტესტებდა, იტყოდა, რომ კომპანია, ამერიკული იქნება, რუსული, ფრანგული თუ გერმანული, სახელმწიფოს ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკებოდესო. ხომ გახსოვთ, სერგეი ლავროვმა რომ შემოთვალა: ურთიერთობების მოგვარება მას შემდეგ დავიწყოთ, როცა საქართველოში რუსოფობია შეწყდება, ჩვენი ქვეყნის მოქლაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და ქვეყნის შიგნით სიტუაცია დასტაბილურდებაო. ეს შემონათვალი არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ ულტიმატუმად და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვალეს, ხოლო პირდაპირი მოთხოვნა და ულტიმატუმი, რომელიც, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არა, რიგითმა კომპანიამ წამოაყენა, ერთი ყურიდან მეორეში გაატარეს.

SSA MARINE

ვთქვათ, სახელმწიფომ დახუჭა თვალი, დაიყარა თავზე ნაცარი და დააკმაყოფილა SSA Marine -ს მოთხოვნა, ვინ არის გარანტი, რომ აღნიშნულის შემდეგ ეს კომპანია სხვა პორტების საერთოდ გაჩერებას არ მოითხოვს, რათა საქართველოში შემოსული ტვირთები მთლიანად მის პორტში შევიდეს? ვინ არის გარანტი იმისა, რომ SSA Marine ფოთის პორტის რეაბილიტაციაგაფართოების წინააღმდეგი არ წავა? ეს პროცესი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ანაკლიის პორტი. ანუ, ერთი პორტისთვის, ერთი კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნით სახელმწიფომ შეიძლება არათუ მილიონობით, არამედ მილიარდობით ლარი იზარალოს, მაგრამ არა უშავს, რადგან საქმე ამერიკულ კომპანიასა და ამერიკის ინტერესებს ეხება?! ამის მიღწევა გვინდა? და ფოთსა და ფოთელებს რას ვეუბნებით, ქალაქს, რომელსაც საპორტო ქალაქის სახელი, საუკუნეებია, აქვს და რომლის მოსახლეობაც სწორედ პორტით სულდგმულობს? თუ ამერიკული კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქიც გავაჩეროთ, მოსახლეობაც დავიკიდოთ და მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რომ ძია სემმა მშვიდად იძინოს და აქ ჩადებული თანხა რაც შეიძლება მალე ამოიღოს?!

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქართულმა კომპანიამ ანალოგიური მოთხოვნა წაუყენოს ამერიკის მთავრობას _ მისწეროს წერილი, სანამ ჩადებულ ფულს არ ამოვიღებ, კონკურენტი არ გამიჩინო, ყველაფერი გააჩერე და მხოლოდ ჩემზე იმუშავეო. დაახლოებითაც ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება _ კომპანიის მფლობელს, სავარაუდოდ, შეურაცხადად გამოაცხადებენ, ხოლო უშუალოდ კომპანიას აღგვიან პირისაგან მიწისა და ის აღარ იარსებებს. ეს _ ჩვენს რეალობაში, თორემ ამერიკეელებს ხომ ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. აგერ, რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპმა სიკვდილთ დასჯა ფედერალურ დონეზე დააკანონა და ბრძანა: ხუთი სიკვდილმისჯილის თავი 2020 წლის იანვრამდე გავარდესო და გავარდება კიდეც. ჩვენ თუ გვკითხავთ, იმდენად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან ის ადამიანები სასჯელს, ალბათ, არავინ გამოჩნდება შემცოდებელი, მაგრამ, აბა, საქართველოში დაძრას ვინმემ სიტყვა სიკვდილით დასჯის შემოღებაზე, ნახავთ, რა მოხდება _ იგივე ამერიკა დაგვამუნათებს: ამას როგორ ბედავთო, და ჩვენც დამნაშავე ბავშვებივით თავს დავხრით. ჩვენ რა, ხელისუფლება, თორემ ჩვენ, დიდი ხანია, გავიძახით, _ ქვეყანა ამერიკისა და ევროპის დაკრულზე ცეკვავს და ეს ცეკვა არაფერს გვარგებსო, მაგრამ ვინ გვისმენს?!

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანიც წერილს მოთხოვნას ეძახის და აღიარებს, რომ ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს კი არ აპირებს, არამედ პირდაპირ ითხოვს, რომ ეს ყველაფერი ლამის კანონის დონეზე გაიწეროს და გარანტად სახელმწიფო დადგეს. ჯერ ისიც არავინ იცის, როდის ამოიღებს დანახარჯის 70%-ს აღნიშნული კომპანია ან ვინ გააკონტროლებს მის მოგებას და, რადგან საუბარი მილიარდებზეა, შეიძლება ყველაფერი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ჩამოეკიდება ერთ პორტს, როცა პორტები აქვს ბათუმში, ფოთში და ორივე სრული დატვირთვით მუშაობს. ამერიკულ კომპანიას კი, საერთოდ, არ აინტერესებს ამ პორტებში დასაქმებული ასობით ადამიანის ბედი; არ აინტერესებს, რომ პორტის გარეშე ფოთი, როგორც ქალაქი, შესაძლოა, საერთოდ, დაცარიელდეს. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და, რაც მთავარია, ფიქრობს, რომ ჩადებული ფულის ამოღებისა და მოგების შემდეგ აქ თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ; ეს არის ის რეალობა, რომელშიც მოგვიყვანა ხელისუფლების არადამაჯერებელმა საგარეო პოლიტიკამ. კომპანია ამას რომ გაგიბედავს, სახელმწიფოს ნიშნებსაც კი კარგავ. როგორ გგონიათ, როცა ერთი კომპანია ამას ბედავს, რომ გაიტანოს ლელო, სხვები რას იზამენ? რას იზამს ნებისმიერი მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს? არ დაელაპარაკება ხელისუფლებას იმავე ენით? არ მოითხოვს ულტიმატუმის დონეზე სასათბურე პირობებს? და რას იზამს სახელმწიფო, რომელსაც ერთხელ უკვე თანხმობა ექნება ნათქვამი და “მიქარული”?

სწორედ ამიტომ მართებულად მიგვაჩნია, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა საჯაროდ დაგმონ კომპანიის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი; ხმამაღლა განაცხადონ, რომ ულტიმატუმებით საუბარს არავის აპატიებენ და გვერწმუნეთ, არაერთი ფირმა გამოჩნდება, რომლებიც ანაკლიის პროექტში ყოველგვარი ულტიმატუმისა და სასათბურე პირობების გარეშე ჩადებენ თანხას და ვინ იცის, ეგებ უკეთესადაც გააკეთონ, ვიდრე SSA Marine.

სანამ ხელისუფლებას ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ექნება და მაგიდაზე მუშტის ბრახუნით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) არ გამოხატავს თავის პოზიციას, ასე იქნება: კომპანიებს საქართველო, ქვეყანა კი არა, ქარვასლა ეგონებათ, სადაც ვაჭრობა ულტიმატუმის ენაზე შეიძლება… ისე, ეს ქარვასლაშიც არ შეიძლება!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here