სოციალურ ქსელში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ. ომის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი, რომელიც უკრაინაში 2018 წლიდან იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე შიშანი, რომელიც სხვადასხვა პოსტს იკავებდა “ისლამურ სახელმწიფოში”, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით დააკავეს.
უკრაინამდე ტერორისტმა თურქეთის გავლით მიაღწია, სადაც 2016 წელს სირიიდან ჩავიდა. მანამდე, 2012 წლიდან ის ტერორისტებს მეთაურობდა სირიის ქალაქ ლატაკიაში და იყო აბუ უმარ აშ-შიშანის მოადგილე, რომელიც სიკვდილამდე (2016 წლამდე) მეთაურობდა “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებს” კავკასიაში.