Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინა ხვდება, რომ რუსეთს პირისპირ შეატოვეს და ახლა ზუსტად ისევე ცდილობს სხვა...

უკრაინა ხვდება, რომ რუსეთს პირისპირ შეატოვეს და ახლა ზუსტად ისევე ცდილობს სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას, როგორც თვითონ ჩაითრიეს

414

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპას ეწვია და, რა თქმა უნდა, სიტყვითაც გამოვიდა. საინტერესო იყო, რას იტყოდა იმ ქვეყნის პირველი პირი, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში მთავარი დამნაშავე და პასუხისმგებელი გვგონია. სწორედ ბაიდენის წაქეზებითა და ილუზიის შექმნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი აღდგებოდა და ნატოს ჯარიც ჩაერთვებოდა, ზელენსკიმ გარისკა და ქვეყანა უდიდეს ავანტურაში გახვია. ბაიდენის დაპირების სანაცვლოდ, ბოლო დღეებია, ზელენსკი იმეორებს: “თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%… მხოლოდ 1%. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და თქვენ ამას არ აკეთებთ”. მანამდე ზელენსკიმ ისიც თქვა, უკრაინელი ხალხი შეეგუა იმას, რომ ნატოში არ მიგვიღებენო.

როგორ გგონიათ, რა იყო ევროპაში ჩამოსული ბაიდენის მთავარი გზავნილი? ის, რაც ადრეც ვივარაუდეთ _ ამერიკას ევროპაში გრძელვადიანი ომი აძლევს ხელს და ამას არც მალავს.

უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება. ხალხი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი”, _ განუცხადა უკრაინელ ხალხს აშშის პრეზიდენტმა.

უკრაინა ხვდება, რომ რუსეთს პირისპირ შეატოვეს და ახლა ზუსტად ისევე ცდილობს სხვა ქვეყნები ჩაითრიოს ამ ომში, როგორც თვითონ ჩაითრიეს. სწორედ ამას ემსახურებოდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადება, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები.

თუ დღეს დნესტრისპირეთი და საქართველო _ ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რამე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა. როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა”, _ განაცხადა დანილოვმა.

მძიმე ვითარებაა, მაგრამ ერთი ანეკდოტი უნდა გავიხსენო: ერთ კაცს (ჰო, კაცს) რამდენიმე აუპატიურებს და გზაზე უცხო გამოივლის. კაცი სთხოვს, რაღაცით დამეხმარეო და ეს კაცი ჩაიხდის, ნახევარი ჩემთან მოდითო. სწორედ ამას გვთავაზობს დღეს დანილოვი და, რაც მთავარია, ამის წინააღმდეგი არ არის დასავლეთი. რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა რამდენიმე ათასი ადამიანის სიკვდილსა და ნგრევას კი უდრის, სამაგიეროდ, რუსეთი უფრო დიდ მონსტრად წარმოჩნდება. ომის დაწყების პირველივე დღეებში ვთქვით, რომ იქნებოდა მსხვერპლი და პირველი ქალის, ჯარისკაცისა თუ ბავშვის დაღუპვა იქნებოდა ნამდვილი ტრაგედია, შემდეგ კი ეს ციფრები გახდებოდა სტატისტიკა და ტრაგედია მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, სამყარო კი დაწერდა ჯერ ასეულებს, მერე ათასებს და იტყოდა, რომ დაიღუპა ამდენი ადამიანი დაწერტილი. ის წერტილი, ბაიდენმა რომ ახსენა.

საქართველოს გარდა, უკრაინულმა მხარემ მოღალატედ შერაცხა უნგრეთიც. მიზეზი აქაც იგივეა _ უნგრეთი არ შეუერთდა სანქციებს და უარი არ თქვა რუსული ენერგომატარებლების მიღებაზე. ეს ყველაფერი უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ძალიან მშვიდად და, რაც მთავარია, დასაბუთებულად ახსნა.

ზელენსკის მოთხოვნები უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და სანქციები რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ ნიშნავს უნგრეთის ეკონომიკის შენელებას, შემდეგ კი _ შეჩერებას. ჩვენ არ ვუშვებთ უნგრეთის ომში ჩართვას, ამიტომ არ ვგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში. მე ეს პრეზიდენტ ზელენსკისთანაც ვთქვი. უნგრეთი ჩვენთვის პირველ ადგილზეა!”, _ განაცხადა ორბანმა და ახლა იმაზე ამუნათებენ, უნგრეთი რატომ არის შენთვის პირველ ადგილზეო. არადა, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, უფრო ზუსტად, ხელისუფლებისთვის, რომელიც პატრიოტია, პირველ ადგილზე სწორედ საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს და მერე _ დანარჩენი მსოფლიო.

ორბანის პარალელურად, ევროპელი ლიდერებიც ხვდებიან, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება კონტინენტზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. თუ აკვირდებით, ტონს დაუწია ბორის ჯონსონმა, ემანუელ მაკრონი მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე ალაპარაკდა, რომელიც საფრანგეთსაც შეეხება, გერმანიის კანცლერი შოლცი ბედნიერი არ არის იმით, რაც ხდება; ამ დროს ბოტოქსით გაჟღენთილი ბაიდენი ძალიან კმაყოფილია. ჰო, პუტინზე რომ ქილიკობდა ლიბერალური ფრთა, ბოტოქსი აქვს შუბლზე, ნაოჭები აღარ უჩანსო, ჩინურ ბარბის რომ დაემსგავსა ბაიდენი, ქილიკი არ მოსულა თუ ტაბუ ადევს? ევროპის წამყვან ქვეყნებს უკვე მძიმე ტვირთად აწევთ ის სანქციები, რომლებიც ამერიკამ შეიმუშავა, მათ კი, უბრალოდ, ხელი მოაწერეს. გნებავთ, ჩაატარეთ გამოკითხვა და გაირკვევა, რომ ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სულერთია, უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებაში რა ხდება. ისინი, უბრალოდ, წუხილს გამოთქვამენ ომის გამო (საზოგადოდ, ომს იშვიათად მიესალმება ვინმე), თანაც ამ ამერიკელებმა ზუსტად იციან, რომ ოკეანის გაღმა მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, უწინარესად, მათ ეკონომიკას წაადგება. როგორ გგონიათ, რუსეთიდან და ბელარუსიდან პროდუქციის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, საიდან უნდა შეივსოს ქვეყნების მარაგები? სწორია _ ამერიკიდან და ვინ უნდა იხეიროს ამ ყველაფრით? ისევ ამერიკამ. სწორედ ამ სანქციებზე ხელმოწერის გამო ვეღარ იხევენ უკან ევროპელები, თორემ გააზრებული აქვთ, რეალურად რაც ხდება. ბაიდენის პროგნოზმა, ომი ხანგრძლივი იქნებაო, ყველა ჩააფიქრა და ის იუგოსლავია გაახსენა, რომლის დაბომბვაც ნატომ (ამერიკამ) 1999 წლის 24 მარტს დაიწყო, შედეგად კი ეს ქვეყანა მარტივ მამრავლებად დაშალა და, რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობა მოუსპო.

2022 წელს ამერიკამ კვლავ მოახერხა და შუაგულ ევროპაში ომის ცეცხლი დაანთო. თანაც, თუ იუგოსლავიის შემთხვევაში უშუალოდ იყო ჩართული ომში, ახლა ამ ყველაფერს სხვისი ხელით აკეთებს, ადამიანურ რესურსს, პრაქტიკულად, არ ხარჯავს და უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებებიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა მოგებასაც უკვე იღებს. საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დასუსტება პირდაპირ ნიშნავს ამერიკის პოზიციების გამყარებას და ისიც ფაქტია, რომ შტატები ნატოს, როგორც საკუთარ კანტორას, ისე იყენებს. არც ამ ორგანიზაციაშია თანასწორობა და როგორც ყველაზე დიდი დამფინანსებელი (ტრამპის მიერ შემცირებული ფინანსები ბაიდენმა კვლავ გაზარდა), ამერიკას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. გვერწმუნეთ, ბაიდენმა რომ თქვას, კონფლიქტში ნატოც უნდა ჩაერთოსო, ჩაერთვება, მაგრამ ამას არ იტყვის. იმიტომ კი არა, რომ შეეშინდება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ამერიკის ეკონომიკა დაზარალდება და ეს აურზაური ხომ ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების გამო დაიწყო.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივ ომში უკრაინას რესურსი, უბრალოდ, არ ეყოფა და დასავლეთიც ზუსტად იმდენ იარაღს მიაწვდის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ არმიას. აკი თქვა კიდეც ზელენსკიმ: პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი 20-22 საათი გვყოფნის და არ შეიძლება, 2-3 დღის მარაგი მაინც რომ გვქონდესო? თუმცა პასუხი ვერ მიიღო. და ასე გაგრძელდება თვიდან თვემდე და უკრაინელები ნელნელა არათუ ტერიტორიებს, არამედ თავსაც დაკარგავენ. ხანგრძლივი ომით დაიქანცება რუსეთიც და ეს ყველაფერი აუცილებლად დაეტყობა მის ეკონომიკას, რომლის ჩამოშლისა თუ ჩამონგრევის უდიდესი სურვილი აქვს შტატებს. პროცესი უკვე დაწყებულია და პირველი ვიოლინოს როლში სწორედ ამერიკა რომ არის, ბაიდენის ვიზიტმა, მისმა ქცევამ და სიტყვებმა ნათლად დაადასტურა.

რა უნდა ქნას ამ ფონზე საქართველომ? პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს პროვოკაციას და დაგვეთანხმეთ, რომ პროვოკაციაა დანილოვის მიერ გაკეთებული განცხადება, პროვოკაცია იყო გონჩარენკოს მიერ მანამდე თქმული, პროვოკაციაა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული ინიციატივა, საქართველოში ბაიდენი მოვიწვიოთო. არავის სჭირდება აქ და ახლა ამერიკის პრეზიდენტის ჩამოსვლა, არავის, გარდა იმავე ამერიკისა და ლიბერალური ფრთისა, ამიტომ მიბაძეთ ორბანს და ხმამაღლა, მკაფიოდ თქვით, რომ მთავარი ინტერესი და პრიორიტეტი საქართველოა და მერე _ დანარჩენი მსოფლიო. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

სხვათა შორის, ევროპაში ვიზიტისას ბაიდენმა მიანიშნა რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შესახებ და ამ განცხადებას ევროპელი ლიდერებიც არ დაეთანხმნენ. შედეგად, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ “როგორც მოგეხსენებათ და როგორც გსმენიათ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან…”

და ბაიდენის განცხადება, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და პასუხს აგებს სასამართლოს წინაშეო, ხომ ვერ გვეტყვით, რას ნიშნავს?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here