Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებას “ცივილიზებული” ევროპა და “დემოკრატიის შუქურა” ამერიკა ცდილობენ

უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებას “ცივილიზებული” ევროპა და “დემოკრატიის შუქურა” ამერიკა ცდილობენ

ბრიტანეთი ევროკავშირიდან კი გავიდა, მაგრამ ახლა ამერიკა, ევროკავშირი და ბრიტანეთიც ერთ ხმაში მღერიან

346

უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მხარეებთან მოლაპარაკება არაერთი ქვეყნის ლიდერმა გამართა, ჯერჯერობით ომს ბოლო არ უჩანს. თუმცა, რაღა უცხო ქვეყნის ლიდერები, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებიც პირისპირ რამდენიმეჯერ შეხვდნენ და თითქოს სასიკეთო ძვრებიც გამოიკვეთა. ეგ კი არა, სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა სიხარულით განაცხადა: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მხარეები ომის შეწყვეტასთან ახლოს არიანო დაამ განცხადებიდან ზუსტად ერთ საათში ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა საგანგებო ბრიფინგზე უკრაინაში მძიმე ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ იმავე ერდოღანმა არცთუ დიდი ხნის წინათ თქვა: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, დასავლეთი ამ ომის გაღვივებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე შეწყვეტასო, და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროპა და ამერიკა უკრაინას აშკარად აქეზებდნენ.

“დღეს უკრაინას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთში სხვას არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება, მხოლოდ ის ერთი, ვლადიმირ პუტინი წყვეტს, ეს ომი როდის დასრულდება”, _ ეს განცხადება ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, სიტყვები მოისმინა. სხვათა შორის, ზელენსკიმ არაერთხელ გამოთქვა პუტინთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი და მზადყოფნა, მაგრამ ეს სურვილი ყოველ ჯერზე დასავლეთმა დაამუხრუჭა და საქმე წინ ნაბიჯითაც ვერ წავიდა. და მაინც, რა თქვა ისეთი სტოლტენბერგმა, რამაც ზელენსკი აიძულა, მეტი სიზუსტე შეეტანა თავის განცხადებაში და ეთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას კი არ გულისხმობს, არამედ უშუალოდ პრეზიდენტების შეხვედრას. მოდი, სტოლტენბერგს მოვუსმინოთ.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის რუსეთის გადაჯგუფება და მათი ძალების გადაადგილება ჩრდილოეთ უკრაინიდან, ამავე დროს ამ ძალების გადაადგილება აღმოსავლეთში და ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, ასევე თვეების და, შესაძლოა, წლების განმავლობაშიც, ამიტომ ჩვენ კიდევ ბევრისთვის უნდა მოვემზადოთ. თუ ომი გაგრძელდება, მაშინ რისკი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვისაა, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდება, ჩვენ ვიხილავთ მეტ ზიანს, მეტ სიკვდილს და მეტ ნგრევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ომი გაგრძელდება, იქნება ესკალაციის რისკი და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო, რომ თავიდან აიცილოს ეს ესკალაცია”, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. როგორ გგონიათ, რას ნიშნავს ფრაზა იქნება ესკალაციის რისკი და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო, რომ თავიდან აიცილოს ეს ესკალაცია?!” რომელ ესკალაციაზეა საუბარი, როცა ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 30 ათასს გადასცდა? ანუ, მთავარია ნატოს ქვეყნები იყვნენ მშვიდად და, “თუ ომი გაგრძელდება, მაშინ რისკი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვისაა?!” ნეტავ, თვითონ უკრაინელები თუ ხვდებიან, რას გულისხმობს არამხოლოდ ნატოს გენერალური მდივანი, არამედ როგორია, საზოგადოდ, დასავლელი ლიდერების ხედვა და დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი? თუმცა,სტოლტენბერგს მხოლოდ უკრაინაზე არ უსაუბრია, მას საქართველოც არ დავიწყებია.

“საქართველოსთვის, ნატო-საქართველოს არსებითად მნიშვნელოვანი პაკეტის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია, მხარდაჭერა გავზარდოთ, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება”, _ ესეც სტოლტენბერგის სიტყვებია და ახლავე გეტყვით, რატომაა ეს უსინდისობის პიკი. როცა სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, ზელენსკიმ, რომელიც აშკარად გამოუცდელი გახლდათ პოლიტიკურ განცხადებებში, მაშინვე ნატოს შეუტია, _ არიქა, მიგვიღეთ, რუსეთს ერთად ვებრძლოთო, მაგრამ ორკვირიანი მუდარის შემდეგ, იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ ნატო უკრაინას კავშირში არასდროს მიიღებს. ჰო, არასდროს, რადგან შანსი, შესაბამისი პერიოდი და, რაც მთავარია, უკრაინის მზადყოფნა ამ ყველაფრისთვის იდეალური გახლდათ, მაგრამ, ნურას უკაცრავად _ ზელენსკის გასაგებად უთხრეს, რომ ნატოში უკრაინის ადგილი არ არის.

უკრაინის მაგალითი კარგი გაკვეთილი და დიდი ფუფუნება იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. ჰო, ფუფუნება, რადგან მათთვის ძალიან მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გასაგები, რომ უკრაინის დარად ნატოში არც საქართველოს ადგილია და ათეული წლების განმავლობაში, უბრალოდ, გვატყუებდნენ და გვეუბნებოდნენ იმას, რასაც არასდროს გააკეთებდნენ. და ამ პირობებში, როცა პირდაპირ და დაუფარავად თქვეს, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო, სტოლტენბერგი ისევ საუბრობს რაღაც მხარდაჭერაზე, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ის და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში არ გვეუბნებოდნენ, გაღებულ კარში დღედღეზე შეგიშვებთო. ახლა აღარ გვეუბნებიან, დაგვიჯერეთო, პირდაპირ ამბობენ, გატყუებთ, მაგრამ არა უშავს, აიტანეთო. და არავინ, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი საჯაროდ არ ამბობს, რომ გვატყუებდნენ და ეს ყველაფერი გრძელდება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არავინ ამბობს, რომ საერთაშორისო მისიებში (სადაც ნატოს ეგიდით ვმონაწილეობდით) შეწირული ბიჭების სისხლი ამაოდ დაიღვარა. ჰო, ისინი ცენტრალურ აფრიკაში, ავღანეთში, ერაყში იბრძოდნენ იმისთვის, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველო ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ასე არასდროს მოხდება. როგორ გგონიათ, მაგალითად, შვედეთსა და ფინეთს არ აქვთ შესაძლებლობა, ალიანსის წევრები გახდნენ? აქვთ და მერე როგორი, მაგრამ მათ ეს არ სჭირდებათ, რადგან დიდი ევროპული სახელმწიფოებისა და ამერიკის დაკრულზე ცეკვა არ სურთ.

სტოლტენბერგი იმას კი არ ამბობს, ყველაფერს ვიღონებთ, ომი რომ არ გაგრძელდესო, არამედ იმას, რომ ესკალაცია არ მოხდეს და ბომბი შემთხვევით ნატოს წევრი ქვეყნის მიწაზე არ დაეცესო. ნატოს გენერალური მდივანი უკრაინას ქიმიური და ბიოლოგიური ომისთვისაც ამზადებს, აქაოდა, ამის მოლოდინიც გვაქვსო და ვინ არის გარანტორი იმისა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება პროვოცირების მიზნით სწორედ დასავლეთის მხრიდან არ მოხდება? სად არის გარანტია, რომ ახალ ქიმიურ იარაღს დასავლეთი სწორედ ახლა არ გამოცდის და არ შეეცდება, ხელი რუსეთს შეაწმინდოს?

ჰო, მართლა, ვისაც არ ახსოვს… სად არის ყველაზე დიდი ჰაკერული ჯგუფის, “ანონიმუსის”, მიერ მოპოვებული აგენტების სია, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო და რომლის “მოპოვების” შემდეგაც მთელი დასავლეთი იცინოდა, რუსეთზე კიბერშეტევის განხორციელება და მასალების მოპოვება ძალიან მარტივი ყოფილაო? ის ხალხი სად არის, ამ სიაში სავარაუდო კანდიდატების სახელებსა და გვარებს დაუფარავად რომ წერდა, სად?

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან, ძალიან ცუდია. ცუდია ის, რომ იხოცებიან ბავშვები და, საზოგადოდ, ცუდია ის, რომ კვდება ნებისმიერი ადამიანი. ჰო, XXI საუკუნეში ომში კვდებიან ადამიანები და ამ ომის გაჩერებას არათუ ვერ ახერხებს ცივილიზებული ევროპა და დემოკრატიის შუქურა ამერიკა, არამედ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ომის გაჭიანურებას სწორედ ისინი ცდილობენ, რადგან “მაშინ რისკი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვისაა, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდებიან, ჩვენ ვიხილავთ მეტ ზიანს, მეტ სიკვდილს და მეტ ნგრევას”. და ახლა საქართველოში იმით აღფრთოვანდნენ, რომ კიევში ჩასული ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი თურმე ძველი ფეხსაცმლით დადის და ფუფუნების საგნები არ აინტერესებს. საიდან სად ცდილობენ ყურადღების გადატანას, ხვდებით მაინც? ჯონსონის ფეხსაცმელზე საინტერესოს რომ ვერაფერს დაინახავს ადამიანი ამ შეხვედრიდან, უკვე პრობლემაა. სწორედ ბორის ჯონსონი იყო ის ადამიანი, რომელმაც ზელენსკის სამშვიდობო განცხადებისა და ომის შესაძლო დასრულების სავარაუდო თარიღის დასახელების შემდეგ პირველმა განაცხადა, _ ჯავშანტექნიკას ვგზავნით უკრაინაში, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც, ჩვენ მათ გვერდით ვართო. ის კი არ თქვა, _ კარგი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან და ომის დასრულებაზე შეთანხმდებიანო, არამედ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, უკრაინას დამატებითი იარაღი მიაწოდა, _ რა დროს მოლაპარაკებებია, იომეთო. სწორედ 9 აპრილის ვიზიტისას თქვა ჯონსონმა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის.

სხვათა შორის, ბრიტანეთი ევროკავშირიდან კი გავიდა, მაგრამ ახლა ამერიკაც, ევროკავშირიც და ბრიტანეთიც ერთ ხმაში მღერიან. აგერ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში _ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული…” და ეს მაშინ, როცა ზელენსკი იხვეწება, ომი დამასრულებინეთ, პუტინთან შეხვედრა მინდაო. უნდა, მაგრამ ვინ ანებებს?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here