Home ახალი ამბები საქართველო უკან დახევის ტენდენცია

უკან დახევის ტენდენცია

178

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“.

პრემიერმინისტრმა  ამ განცხადების (გადაწყვეტილების) დასაბუთება ასე სცადა:

„რამდენიმე დღის წინათ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა”.

პრემიერმინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაწილის გადაწყვეტილება ასე ახსნა: ”ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია”.

ბატონმა კობახიძემ თავისი ეს ნათქვამი უფრო დააკონკრეტა და პირდაპირი  ჩამონათვალი (რა თქმა უნდა, არასრული) მოგვცა იმისა, თუ რა სახის საქმიანობით არიან დაკავებულნი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან: ”ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტპროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“.

აი, თურმე ვინ არიან და რა საქმიანობას ეწევიან ისინი, ვინც ამ სახელს (არასამთავრობო) არიან ამოფარებულნი: 

* ფარულად ახდენენ გავლენას პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე;

* მონაწილეობენ რევოლუციური გეგმების რეალიზაციაში;

* ცდილობენ რელიგიური იდენტობის შერყევას;

* ეწევიან ლგბტ პროპაგანდას;

* ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების  მშენებლობას.

პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული თუნდაც ეს არასრული ჩამონათვალი ე.წ. ენჯეოების საქმიანობისა საკმარისი არ არის, რომ მათ ქვეყნის მნგრეველნი ვუწოდოთ?

საკმარისიცაა და საკმარისზე მეტიც, მაგრამ პრემიერმინისტრი არც ამაზე შეჩერებულა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართა: „არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები  დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ”.

გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თვითონ, დამოუკიდებლად არ ანგრევენ ქვეყანას, უფრო სწორად, ამ საძრახ საქმეში მარტო არ არიან, ქვეყნის გარეთაც ჰყავთ თანამზრახველები და სულის ჩამდგმელები. ისე ვამბობ, თითქოს რამე აღმოგვეჩინოს ან მე და ან ჩვენს პრემიერმინისტრს. ეს რომ ასეა, ყველამ ვიცით, მაგრამ პრემიერმინისტრის ნათქვამში ერთხელ კიდევ გაესვა ამას ხაზი, ეს არის და ეს!

საერთოდ, რა მოვლენაა და ვინ არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ვიკიპედიაში შემდეგი სახის განმარტებაა მოცემული: ”არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასევე – სამოქალაქო ორგანიზაცია, იშვიათად გამოიყენება ასევე მესამე სექტორი (ინგლ. Non-governmental organization, შემოკლებით – ინგლ. NGO [ენჯეო]) — მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე”.

კი ბატონო, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეები თუ ერთიანდებიან და თანაც ეს ხდება კანონიერ საფუძველზე, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ, როგორც კი ასეთი გაერთიანება დაფუძნდება, იმავე წუთს დგება ფინანსების  საკითხი, რადგან ორგანიზაცია გარკვეული ხარჯების გარეშე ვერ იარსებებს. დაფინანსების რამდენიმე გზა არსებობს: გაერთიანებულ პირთა მიერ შეგროვებული საწევროები, შემოწირულობები, ქვეყნის გარედან შემოსული დაფინანსება, სახელმწიფო დაფინანსება.

აქედან პირველი (საწევროები), როგორც წესი, მწირი და არასაკმარისია (თუ, რა თქმა უნდა, საქმე მილიონერთა და მილიარდერთა გაერთიანებასთან არ გვაქვს, რომლებიც, ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ქმნიან);

მეორე (შემოწირულობები) არასტაბილურია, ყოველთვის მერკანტილურ ზრახვებთან არის დაკავშირებული და საეჭვო ურთიერთობებს წარმოშობს;

მესამე (საზღვარგარეთიდან დაფინანსება) თითქმის ყოველთვის, პირდაპირ თუ ირიბად, ჯაშუშურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;

მეოთხე (სახელმწიფო დაფინანსება) უაღრესად სპეციფიკური მომენტია. მაგალითად, საბჭოთა კავშირში (სოციალისტური სისტემის პირობებში) არსებობდა შემოქმედებითი კავშირები (მწერალთა, მხატვართა, კომპოზიტორთა, არქიტექტორთა და სხვ.). ეს ორგანიზაციები თავიანთი არსით კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, მაგრამ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, რაც ერთგვარ იურიდიულ კაზუსს ქმნიდა. ქვეყანაში, სახელმწიფოში, რომელსაც სოციალიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად ჰქონდა გამოცხადებული, ეს კაზუსი მხოლოდ პირობითი იყო. მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს არქიტექტორებს სჭირდებოდათ იურიდიული პირის უფლების მქონე შემოქმედებითი გაერთიანებები, სოციალისტურ სახელმწიფოს კი მათი სახით სჭირდებოდა იდეოლოგიური მოკავშირე. ეს დაფარული კი არ იყო და საიდუმლოს კი არ წარმოადგენდა, ღია და დეკლარირებული ურთიერთობები იყო. ერთი სიტყვით, იქ სრულიად განსხვავებული სპეციფიკა, რომლის განხილვასაც ახლა ვერ შევუდგები, მაგრამ დღეს, როდესაც არანაირი იდეოლოგია დეკლარირებული არ გვაქვს, პირიქით, ყველაზე მაღალ ღირებულებად საზოგადოების სრული დეიდეოლოგიზაცია გვაქვს აღიარებული, არასამთავრობო ორგანიზაციებს ასეთი ფუნქცია ვერ დაეკისრებათ, ამიტომ სრულიად გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. კი მაგრამ, ბიუჯეტიდან (ხალხის ფულიდან) სანამ ვიღაც არასამთავრობოების დაფინანსებას გადავწყვეტთ, მანამდე  მათი ფუნქცია ხომ უნდა გავარკვიოთ –  რა როლი და მისია ეკისრება მათ? რისთვის უნდა გადავუხადოთ  ფული? მოდი, ყური დავუგდოთ, რა ფუნქციას აკისრებს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე: საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაადემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ..”

უკაცრავად, უკაცრავად! ეს ყველაფერი სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს? რა შუაშია აქ არასამთავრობო ორგანიზაციები? კორუფციას არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა ებრძოდეს თუ სახელმწიფო თავისი სტრუქტურებითშინაგან საქმეთა სამინისტროთი, პროკურატურით, უშიშროებით და სხვ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არავის არსად არ აურჩევია, ანუ მისთვის არავის არანაირი ნდობა არ გამოუცხადებია და, რაც მთავარია, ბიუჯეტიდან დაუმსახურებლად მიცემული თანხის გარდა არავითარ ბერკეტი  არ გააჩნიაროგორ უნდა აღუდგეს წინ კორუფციას, თუკი ამას სახელმწიფო ვერ ახერხებს?  პირიქით, მაღალია ალბათობა, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციის ახალი, დამატებითი წყარო იქნება. მათ უნდა იხმაურონ, იყაყანონ და  ამ ფუჭ საქმიანობაში ხალხმა ფული უნდა უხადოს? გამაგებინეთ, შშმ პირების პრობლემების გადაჭრას არასამთავრობო ორგანიზაცია რისთვის სჭირდება? შექმენით საკანონმდებლო ბაზა, შემოიღეთ საშეღავათო  პირობები, აამოქმედეთ ამ პირებისთვის ღირსეული დახმარების გაწევის სისტემები და მორჩა, რა საჭიროა და რისი მაქნისია  სრულიად ზედმეტი და უადგილო რგოლი?  რაო? ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვაო? დაიცავით, მერე, რად უნდა ამას არასამთავრობო ორგანიზაცია?! 

აი, კიდევ ერთი ამონარიდი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“.

დაუჯერებელი და გაუაზრებელი განცხადებაა. რომ აიწონოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დადებითი და უარყოფითი საქმეები, კოლოსალურ განსხვავებას ვნახავთ უარყოფითი საქმეების სასარგებლოდ, რადგან ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არავის იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც ამ ხალხმა მოახერხა.

არა, არა,  აშკარად სხვა რამეშია აქ საქმე. პირდაპირ უნდა ვთქვა: ამ გადაწყვეტილებაში ბოლო დროს დაწყებული ბრძოლიდან უკან დახევის სამწუხარო ტენდენცია ჩანს. აქედან სხვა არაფერი გამოვა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელმწიფოს მისია მხოლოდ იმით უნდა შემოიფარგლოს, რომ  მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში მოექცეს და არა იმით, რომ ისინი ბიუჯეტიდან  აფინანსდე.

ერთი მხრივ, იღებდე გამჭვირვალობის კანონს და, მეორე მხრივ,  ბიუჯეტიდან აფინანსებდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არათანმიმდევრული პოლიტიკაა, ვინაიდან ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი უფრო აზიანებს ქვეყანას – საზღვარგარეთიდან არასწორად შემოსული თანხები თუ ბიუჯეტიდან არასწორად გასული თანხები.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here