Home რუბრიკები სპორტი უილტ ჩემბერლენი _ NBA-ს კაშკაშა ვარსკვლავი

უილტ ჩემბერლენი _ NBA-ს კაშკაშა ვარსკვლავი

1414
უილტ ჩემბერლენი

უილტ ჩემბერლენს უნიკალური რეკორდების რაოდენობით ვერც ერთი კალათბურთელი ვერ შეეჯიბრება ამ ცეცხლოვანი, ენერგიული და სანახაობრივი თამაშის ისტორიის განმავლობაში. თავისი ერთერთი რეკორდი უილტ ჩემბერლენმა 1962 წლის 2 მარტს დაამყარანიუ იორკ ნიქსისადაფილადელფია უორიორზისშეხვედრაში, როცა თავის გუნდს _ “ფილადელფია უორიორზს” 100 ქულა(!) მოუტანა. აი მისი სხვა რეკორდებიც: ჩემბერლენი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 1 სეზონში 4000-ზე მეტი ქულა მოაგროვა. მან 118-ჯერ შეძლო, ერთ თამაშში მოეგროვებინა 30 ქულაზე მეტი. ის რეკორდსმენია არა მხოლოდ სნაიპერული სროლებით, არამედ შედეგიანი გადაცემებითაც _ 1967-1968 წლების სეზონში ჩემბერლენმა 702 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ ყველაფერთან ერთად ჩემბერლენი პირველი იყო, ვინც ბურთი კალათში ჩატენა.

NBA _ კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია პროფესიონალურ სპორტულ სტრუქტურებს შორის დღეს ძალიან პოპულარულია, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ამერიკელის ეს გამოგონება (კალათბურთი 1891 წელს გამოიგონა ჯეიმს ნეისმიტმა _ მასაჩუსეტსის შტატის სპრინგფილდის კოლეჯის ფიზკულტურის მასწავლებელმა) XX საუკუნის შუა წლებშიც კი ჩამორჩებოდა ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთს.

უილტ ჩემბერლენი

ყველაფერი შეიცვალა 1946 წელს, როცა სპორტში ჩართული ბიზნესმენები, მათ შორის, სტადიონებისა და დიდი დარბაზების მფლობელები, შეიკრიბნენ ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში, რათა ემსჯელათ პროფესიული საკალათბურთო კლუბების შექმნის იდეაზე. ამ კლუბების თამაშებს ბევრი მაყურებელი უნდა მიეზიდა. ასე შეიქმნა აშშ-ის ნაციონალური ასოციაცია NBA, რომელშიც გაერთიანდა 11 ქალაქის კლუბები. მოგვიანებით ამ ასოციაციას შეუერთდა ნახევრად პროფესიული საკალათბურთო ლიგა. ამ გაერთიანებაში ჩადებულმა უზარმაზარმა თანხამ თავისი საქმე გააკეთა. გაჩნდნენ ვარსკვლავები, რომლებმაც უამრავი მაყურებელი მოიზიდეს.

დღეს NBA-ს მატჩებს ბევრი მაყურებელი ესწრება, იმდენი, რამდენსაც დახურულ დარბაზში გამართული ვერც ერთი შეჯიბრება ვერ იზიდავს. 1988 წელს ბოსტონში გამართულ მატჩზე _ “დეტროიტ პისტონსსა” და “ბოსტონ სელტიკსს” შორის 61 983 ბილეთი გაიყიდა, ტელეტრანსლაციებს კი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უყურებს მილიონობით გულშემატკივარი. კალათბურთის ვარსკვლავები ჰოლივუდელ მსახიობებზე ნაკლებად პოპულარული როდი არიან, მათ არც ჰონორარები აქვთ მსახიობებზე ნაკლები. ზოგიერთი კალათბურთელი კი უკვე ლეგენდაა. მათ შორის არის უილტონ ნორმან (უილტ) ჩემბერლენი. შესანიშნავი აღნაგობის, მოქნილი, ბრწყინვალე ნახტომისა და კოორდინაციის მქონე ჩემბერლენსქულების მომპოვებელი მანქანაშეარქვეს. ძალდაუტანებლად მოიხელთებდა ხოლმე ბურთს, მიუხედავად იმისა, რამდენი მეტოქე იყო მის გარშემო, და კალათში განსაცვიფრებელი სიზუსტით ისროდა. ის თავის ფიზიკურ მონაცემებს (სიმაღლე _ 2016 სმ, წონა _ 125 კგ) მაქსიმალური სარგებლით იყენებდა. მისი თანამედროვეები ამტკიცებენ, რომ უილტ ჩემბერლენზე უკეთესი კალათბურთელი არ უნახავთ.

უილტ ჩემბერლენი

1936 წლის 21 აგვისტოს ფილადელფიაში დაბადებულმა უილტ ჩემბერლენმა კალათბურთის თამაში გვიან დაიწყო, როცა მეშვიდე კლასში გადავიდა. მან სამ თვეში 10 სმ-ით მოიმატა სიმაღლეში და სკოლის გუნდში მიიწვიეს. უილტმა სკოლის გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო აშშ-ის ჩემპიონატი. იმხანად მისი სიმაღლე უკვე აღწევდა 2 მ-ს, რაც საშუალებას აძლევდა, იოლად მოეგო ორთაბრძოლები ფარქვეშ.

როდესაც ჩემბერლენი სკოლას ამთავრებდა (1955 წელს), დაახლოებით 200 სასწავლებიდან მიიღო მიწვევა (თითოეულ მათგანში იყო საკალათბურთო გუნდი), მაგრამ კანზასის უნივერსიტეტი აირჩია. ასაკობრივი ცენზის გამო მომავალი ვარსკვლავი იძულებული იყო, პირველკურსელებთან ერთად ეთამაშა.

პირველივე მატჩში უოლტის გუნდი ხვდებოდა უფროსკურსელებს, რომლებიც აშშ-ის საუნივერსიტეტო პირველობის ფავორიტებად ითვლებოდნენ. ჩემბერლენმა ყველა განაცვიფრა, _ 50 ქულა მოაგროვა და, პრაქტიკულად, მარტომ მოუტანა გამარჯვება თავის გუნდს. ორი წლის შემდეგ ჩემბერლენის სიმაღლე უკვე 215 სმ იყო და სტუდენტურ კალათბურთში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ უილტს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია _ გადაწყვიტა, მხოლოდ კალათბურთით ერჩინა თავი. მან 1959 წელს კონტრაქტი გააფორმა NBA-ს გუნდ “ფილადელფია უორიორზთან”. ჩემბერლენის თამაში პირველივე სეზონში სენსაციური იყო _ მან 2707 ქულა დააგროვა (საშუალოდ 37,6 ქულა თამაშში) და 1959-60 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ასე დაიწყო მისი შესანიშნავი კარიერა. 1960-61 წლების სეზონში ჩემბერლენის მონაგარმა უკვე 3033 ქულა შეადგინა, შემდეგ სეზონში კი _ 4029. ყოველ სეზონში უილტს თავისი გუნდისთვის საშუალოდ 50,4 ქულა მოჰქონდა.

მუჰამედ ალი და უილტ ჩემბერლენი
მუჰამედ ალი და უილტ ჩემბერლენი

1961 წლის 2 მარტს კი უილტ ჩემბერლენმა “ნიუ-ნიორკ ნიქსის” წინააღმდეგ მატჩში ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა, როცა ზუსტად 100 ქულა მოაგროვა. მან 36-ჯერ ისროლა შეგედიანად და თავის ანგარიშზე 72 ქულა ჩაიწერა, კიდევ 28 ქულა (32 სროლიდან 28 ჩააგდო) საჯარიმო სროლებით მოაგროვა, სულ 100 ქულა. მას შემდეგ ამ ფენომენურ შედეგს არავინ მიახლოებია და, ალბათ, ვერც მიუახლოვდება. იმ სეზონში მხოლოდ ფინალურ სერიაში “ბოსტონ სელტიკსთან” დამარცხებამ (2:4) შეაჩერა უილტონ ჩემბერლენის გუნდის წარმატებების სერია, მაგრამ “ბოსტონ სელტიქსი” იმხანად უძლიერესი გუნდი იყო, რომელშიც ბრწყინავდა მეორე უძლიერესი კალათბურთელი ბილ რასელი. კალათბურთის ისტორიკოსები შემდეგ ათწლეულს ჩემბერლენისა და რასელის დაპირისპირების ეპოქას უწოდებენ. ისინი 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფლეი-ოფში და მხოლოდ ერთხელ იზეიმა გამარჯვება ჩემბერლენის გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ პირადი მაჩვენებლებით ის აღემატებოდა რასელს.

თვითონ ბილ რასელი თავის მუდმივ მოწინააღმდეგეზე ამბობდა: “უილტი საუკეთესო ცენტრია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ის სუპერადამიანის ნიჭითა და უნარით არის დაჯილდოებული. მის წინააღმდეგ თამაშისას ვცდილობდი, ჩემი საუკეთესო კალათბურთი მეთამაშა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის დავმარცხდებოდით”.

ის, რომ “ფილადელფია უორიორზი” ვერ ახერხებდა NBA-ს ჩემპიონობას, თრგუნავდა უილტ ჩემბერლენს. 1962 წელს მან დატოვა გუნდი და გადავიდა “სან ფრანცისკოში”, სადაც 2 წლის განმავლობაში რეკორდსმენი იყო შედეგიანობის მიხედვით. შემდეგ უილტი დაბრუნდა ფილადელფიაში, ოღონდ სხვა კლუბში _ “ფილადელფია-76”-ში. სწორედ ამ გუნდთან ერთად მოიპოვა მან NBA-ს ჩემპიონის ტიტული 1966-1967 წლებში, მაგრამ შემდეგ სეზონში ამ წარმატების განმეორება ვერ შეძლო. ჩემბერლენმა კვლავ გამოიცვალა გუნდი და გადავიდა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში”, სადაც თავისი კარიერის ბოლო 5 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 5-ჯერ გაიყვანა “ლეიკერსი” ფლეიოფში და მხოლოდ ერთხელ შეხლო ჩემპიონობის მოპოვება 1971-1972 წლების სეზონში.

უილტონ ჩემბერლენი 36 წლის იყო, კარიერა რომ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მან 1200 მატჩი ჩაატარა და არც ერთხელ არ გაუძევებიათ მოედნიდან 6 პერსონალური ჯარიმის გამო.

1996 წელს უილტონ ჩემბერლენი NBA-ს 50 საუკეთესო კალათბურთელის სიაში შეიყვანეს, ის 1999 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here