მთავარი საზოგადოება უბრალო გლეხობა _ სული და გული ჩვენი ეროვნული იმედებისა

უბრალო გლეხობა _ სული და გული ჩვენი ეროვნული იმედებისა

217
გააზიარეთ
ინდოელები ქართულ სოფლებში

ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება გლეხებისადმი, მათი დაცვა და მხარდაჭერა როგორც სიტყვით, ისე საქმით ფართოდ არის ასახული მის პუბლიცისტიკასა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ იმ სიტყვის მოკლე ჩანაწერზე, რომელიც 1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თავადაზნაურობის კერძო თათბირზე წარმოთქვა, რამეთუ მიწის თაობაზე წამოჭრილი საუკუნისწინანდელი პრობლემები დღესაც აქტუალურია. “სახელმწიფოს ბევრი ადგილმამული აქვს, რომელიც მთავრობამ ჩვენს ქართველ გლეხს წაართვა, სხვა ტომის ხალხს მისცა და ზედ დაასახლა. ქართველ გლეხისათვის მიწა არ არის, ხოლო ნემეცისთვის, ფრანგისთვის, რუსისთვის და სომხისთვის ბევრია”, _ ამბობს ილია.

ნაცნობი სურათია _ დღესაც ჯერ მიჰყიდეს მიწა უცხოელებს და მხოლოდ შემდეგ აკრძალეს კონსტიტუციით მიწის გაყიდვა.

რა სჯობს _ გაყიდვა თუ აკრძალვა? ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიწის გაყიდვაზე შეზღუდვა საერთოდ არ უნდა იყოს; ზოგი თვლის, რომ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა ნებისმიერი ფორმით უნდა აიკრძალოს; არიან ისეთებიც, რომელთა აზრით, საკითხის დარეგულირება უკიდურესობების გარეშეც შეიძლება

ილიას კი მთავრობის დიდ შეცდომად მიაჩნდა მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა. მისი აზრით, ქართველის მიწა ქართველის უნდა იყოს, ქვეყნის სიმდიდრის შემქმნელი, გვირისტით ნაკერი ქართველი გლეხკაცისა, რომელიც ისეა მიჯაჭვულია მასზე, რომ არაფრის გამო არ დატოვებს.

მაგრამ XX საუკუნის მიწურულს სულ სხვა სურათი მივიღეთ _ უყურადღებოდ მიგდებული სოფლები დაცარიელდა, გლეხმა მიწაზე გული აიცრუა და ლუკმაპურის საშოვნელად ზოგი სად გადაიხვეწა და ზოგი სად, სანაცვლოდ ჩვენს მიწაზე უცხოელები გამარჯვდნენ, ჭილყვავივით შეესივნენ ჩვენს ველმინდვრებს, მოსავალიც მოიწიეს დააგვიხილეს თვალი”…

შედეგად ხელისუფლებამ სოფელს დახმარების ხელი გაუწვდინა. გაჩნდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად. თავის დროზე ილია ამბობდა მთავრობის მისამართით: “ის მზრუნველობა გაუწიონ გლეხებს, რასაც უცხოელებს უწევენ, როცა ქართველის სისხლით მორწყულ მიწებს ურიგებენ”, და საქმეც აეწყობაო, რადგანუბრალო გლეხობა _ ეს უმრავლესობა ქართველობისა”, რომელსაც საკმარისი წინდახედულობაც და ყაირათიანობაც ახასიათებს, სული და გულია ჩვენი ეროვნული იმედებისაო. გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივის ხუთი ქისა:

გაჰყიდდა ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთს ნაწილად ჰყოფდა და ხუთრიგად ინახავდა. ამისთვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისასსაჭირნახულოსეძახდა და შინ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისასბარაქალა ქისასეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისასსაჯანაბოერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: “მიეცი და მოგეცესო”. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხანფარსიღას ქარვასლასეძახდა, ხანშიოს მარანსა”. დღევანდელ სოფელში არიან კი ისეთი გლეხკაცები, რომელთათვისაც მიწა დედაა და რომლებიც ილიას გმირებივით იტყვიან: “ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, იმას დავხარით დღედაღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არისო”? სად არის ის გლეხი, რომელიც, “როცა დედამიწას მწვანე ხავერდისავით ჯეჯილის ყდა გადაეკვრება”, იმაზედ, რომ კითხულობს თავის ბედსა?

საკითხავი სწორედ ეს არის და კიდევ ის, ქვეყანა როდის გაიმართება წელში. როდის? ამაზე ილია, ალბათ, გვეტყოდა: როცა ყველა თავის საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებსო. მაგრამ ეს ოგორ გამოგვივა, როცაკაცს ხელფეხს უკრავთ, და ვეუბნებითკი, ჭიდილი ისწავლეო; ხალხს მოსამართლის ამორჩევის ნებას არ ვაძლევთ და ვეუბნებითკი, ისწავლე კაი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლე და წყალშიკი ნუ შეხვალო; გზა გაიარეო და შინიდამ ფეხსკი ნუ გასდგამო. ამ სასწაულმოქმედებას ხალხი ვერ იზამს, თუნდაც იმისთანა კეტითა სცემოთ თავში, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, “ადგილობრივს ვითარებასეგრე წინდაუხედავად ეძახიან”.

ილია ჭავჭავაძის სიტყვის მოკლე ჩანაწერი თავადაზნაურობის კერძო თათბირზე

6 მარტი, 1905 .

“თავ. ი. გ. ჭავჭავაძეც ამტკიცებს, რომ მიზეზი გლეხკაცთა მოძრაობისა სულ სხვა გარემოებაში უნდა ვეძიოთო, და მოჰყავს რამდენიმე მაგალითი იმ უსამართლობისა, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა.

“სახელმწიფოს ბევრი ადგილ-მამული აქვს, რომელიც მთავრობამ ჩვენს ქართველ გლეხს წაართვა, სხვა ტომის ხალხს მისცა და ზედ დაასახლაო. ქართველ გლეხისათვის მიწა არ არის, ხოლო ნემეცისთვის, ფრანგისთვის, რუსისთვის და სომხისთვის ბევრია. ბარიათინსკის დროს ჩვენ გვითხრეს, გლეხები გაანთავისუფლეთ, ადგილ-მამული მიეცით და ჩვენ ორი მილიონი დესეტინა გვაქვს და იმას მოგცემთო. ჩვენ მაშინ ჭკუა არა გვქონდა და ამაზედ არ დავთანხმდით. ეს იყო ჩვენი დიდი შეცდომა და ეხლა უნდა გავასწოროთ. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მთავრობისაგან ეს ადგილები. ჩვენ ვიცით, რომ გლეხკაცი ვერსად ვერ წავა, როგორც რუსი და სხვა ტომის ხალხი სჩადის. ის მიჯაჭულია იმ მიწაზე, რომელიც მისი სისხლით არის მორწყული და ეს სისხლით მორწყული ადგილები ქართველ გლეხს უნდა მიეცეს და არა გადმოსახლებულებსაო.

ჩვენს გლეხს ადგილი არა აქვს, რომ თონე ჩააგდოს, იმის გვერდით კი გაშენდა გოლიცინი, სვეჩინი, ვარანცოვი და სხვა მრავალი სოფელი. სახელმწიფოს აქვს დიდი ადგილები შავი ზღვის ნაპირებზე, სადაც სხვა ტომის ხალხს ასახლებენ. თუ ვინიცობაა ჩვენი გლეხკაცი იქ არ წავა, მოგვცენ ჩვენ, თავად-აზნაურობას, ეს ადგილები, და აქ რაცა რამა გვაქვს გლეხკაცს მივცემთ, ჩვენ კი იქ წავალთო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ეს, უნდა ავუხსნათ მთავრობას, რომ, თუ არ ამ გზით, გლეხკაცის მოძრაობას ვერც ძალა, ვერც მემამულეების მხრივ ყოველნაირი დათმობა, ვერაფერი ვერ შეაჩერებსო”.

“ბატონებო, _ სთქვა ბოლოს ი. ჭავჭავაძემ, _ ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლიან თამამად მოვითხოვოთ უბრალო, ბუნებრივი რამე, რომ ქართველის მიწა ქართველისთვის იყოს, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ კანონები, რომელიც ეხლა პეტერბურგში იწერება, აქვე ადგილობრივ იწერებოდეს, რადგან, რაც რუსისთვის სასარგებლოა, ის შეიძლება ქართველისთვის მავნე იყოს”.

წერილი რედაქციის მიმართ

ბატონო რედაქტორო!

გუშინდელს “ივერიაში”(? 20) დაბეჭდილია ვითომდა ჩემი ნალაპარაკევი თავად-აზნაურთა კერძო თათბირზე და, სწორედ მოგახსენოთ, ჩემი ნათქვამი მე ძლივს ვიცანი. ბევრს სხვას რომ არას გამოვუდგე, საკმაოდ ვრაცხ მარტო ორი მაგალითი მოვიყვანო, რომელთა შორის ერთი ისეა გადმოცემული, რომ მისი გამგონი ან გიჟებში ჩამთვლის, ან მტკნარ სულელობაში ჩამომართმევს. აი ეს მაგალითი; თქვენი გაზეთი იუწყება, ვითომც მე მეთქვას: “სახელმწიფოს აქვს დიდი ადგილები შავი ზღვის პირას…” “თუ ვინიცობაა ჩვენი გლეხი იქ არ წავა, მოგვცენ ჩვენ, თავადაზნაურობას, ეს ადგილები და აქ რაცა გვაქვს გლეხკაც მივცემთ, ჩვენ კი იქ წავალთო” (?!)

ღმერთი-რჯული, _ ჯერ ჭკუიდამ არ შემცდარვარ, რომ ეგ პრტყელი და ყოვლად უმსგავსო სულელობა გამომეთქვა. მე ეგ კი არა ვთქვი, მე ეს მოვახსენე კრებას: მოგვცენ ქართველებს ჩვენგან წართმეული ჩვენი მიწა-წყალი, რომელიც ეხლა ხაზინასა აქვს დაჩემებული და რომელსაც ყველას ურიგებს, ქართველს გარდა, და მაშინ იქნება ზოგმა ჩვენგანმა დაუთმოს გლეხკაცს თავისი ადგილებიდამ ზოგი რამ იმ პირობით, რომ სამაგიერო მიიღო ხაზინის მამულებში; ისიც შესაძლოა, იმისთანა გლეხკაცნიც გამოჩდნენ, რომ თვით მოინდომონ ჩვენის ქვეყნის სახაზინო მამულებში გადასახლება და დაბინავება, ოღონდ-კი საკმაო მიწა-წყალი აუჩინონ და ის მზრუნველობა გაუწიონ, რასაც უცხოელებს უწევენ, როცა ქართველის სისხლით მორწყულ მიწებს ურიგებენ. აი ჩემი აზრი.

თქვენც თვითონ, ბატონო რედაქტორო, მიხვდებოდით, რომ ეს ჩემი აზრი, და თქვენის გაზეთის მიერ გადმოცემული, ერთი და იგივე არ არის და “შუა უზის დიდი ზღვარი”.

აი მეორე მაგალითიც, საცა ჩემი ნათქვამი აზრი თუმცა უმსგავსოდ გადასხვაფერებული არ არის ზემოხსენებულისამებრ, მაგრამ ისე შეკვეცილია და ბოლომოგლეჯილი, რომ თავისი ფერი აღარ შერჩენია. თქვენი გაზეთი იუწყება, _ ვითომც მე ბოლოს მეთქვას: “ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლიან მოვითხოვოთ, რომ კანონები, რომელიც ეხლა პეტერბურგში იწერება (რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის), აქვე ადგილობრივ იწერებოდესო”.

სასურველია, რასაკვირველია, რომ ჩვენის ქვეყნისათვის კანონები აქვე, ჩვენში, იწერებოდეს, მაგრამ მარტო ამით არა გვეშველება-რა. მე ვთქვი და კიდევ ყველგან ვიტყვი: “ჩვენის ქვეყნისათვის კანონები აქვე უნდა იწერებოდეს ჩვენის ქვეყნის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა კრებულისაგან”. აი ეს ხაზგასმული სიტყვები დაუმატეთ და ჩემი აზრი სავსებით გამოთქმული იქნება.

გთხოვთ, ბატონო რედაქტორო, ჩემი ეს წერილი დაბეჭდოთ და ნება მიბოძოთ, გაგიბედოთ და ერთი სარჩიელი მოგახსენოთ. დღეს ისეთი დღეა, რომ თვითეულს სიტყვას დიდის სიფრთხილით უნდა მოვექცეთ, და ვიდრე სხვისა თქმულს ბეჭდვით საჯაროდ განვიმეორებდეთ, ავწონ-დავწონოთ, რა თქმულა და როგორ თქმულა. დღეს ისეთი დროა, რომ თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხის მგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ.

9 მარტი, 1905 .

ილია ჭავჭავაძე

ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო

“ჩვენ გლეხკაცებს გვეძახიან, დღედაღამ ოფლი უნდა ვიწუროთ და პური ისე ვჭამოთ. ღმერთს ეგრე უბრძანებია: “ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო”. ეს ღვთის ბრძანება მარტო ჩვენ დაგვაწვა კისერზედ და ვეწევით კიდეც. წიგნი რა ჩვენი საქმეა? ის ჩვენ დამშეულ კუჭს ვერ გაგვიძღობს. ჩვენი წიგნი დედამიწაა, ვენაცვალე იმის მადლს! როცა დედამიწას მწვანე ხავერდისავით ჯეჯილის ყდა გადაეკვრება, მაშინ იმაზედა ვკითხულობთ ჩვენს ბედსაცა. ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია, მელანი კიდევ გულ-ღვიძლიდამ გამოწურული ჩვენი ოფლია. ამოვაწებთ ოფლში გუთანსა, გადვუხსნით ხოლმე დედამიწას მადლიან გულსა, ჩავაყრით შიგ თესლსა, როცა დრო მოვა, მივალთ და ისე დალოცვილი მიწა თავის დღეში არ დაიღლება, ისე არ გაძუნწდება, რომ მიბარებულები ერთიორად მაინც არ დაგვიბრუნოს. ტყუილად კი არ ეძახიან მიწას “დედაო”, ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, იმას დავხარით დღედაღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

“გლეხკაცი ღარიბობით არ დაიწუნება. ქვეყანა ღონიერია, მარტო ერთი მკლავის გაქნევა უნდა, თავს ყველა დაირჩენს” (“გლახის ნაამბობი”. 1859, 1862-1873 წწ.).

ისინი იმ გვირისტით არიან შეკერილნი, რომელიც მარტო ბუნებამ იცის

“შენ ის ცოცხალი ნახევარი გავიწყდება, რომელიც შერჩენილი გვაქვს. განსხვავება აქ არის. ჩვენ რაცა ვართ, გაკეთებულნი ვართ, ისინი კი _ შექმნილნი. ჩვენ დაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტით შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც მარტო ბუნებამ იცის და ბუნება, ხომ იცი, რა ოსტატია. ისინი ჩაკირულნი არიან, ჩვენ _ დონდლონი, დუნენი. აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია. გახსოვს, რა გვითხრა პაატამ, როცა ჩვენთან ქალაქში ჩამოვიდა იმ საშინელს თოვლჭყაპში სამის მანეთის სათხოვნელად და მე გავეხუმრე:

_ ბიჭო, სამის მანეთისათვის ამ სიშორედ როგორ წამოხვედი-მეთქი ამ ვაი-ვაგლახში! _ “ი, ბატონო, თქვენ რა იცით, ხურმა რა ხილიაო, _ მითხრა უზრდელობით და არა წყენისათვის: _ აქედამ რომ მივალ, ნაჯაფევი, გზისაგან გალახული, თოვლჭყაპისაგან გაწუწულ-გალაფული და ჩემს დაძონძებულ საბანში ცახცახით გავეხვევი და მივეგდები, რა ტკბილად დამეძინებაო, თქვენ ისე თავის დღეში ვერ დაიძინებთო”. იმათთვის ძილი მართალი მოსვენებაა, მართალი აღდგენაა დახარჯულის ღონისა, ჩვენთვის კი ნებივრობაა, ღონის გასიებაა, დამძიმებაა, წყალმანკია, იმიტომ რომ ჩვენი ღვიძილიც ძილია. იმათი ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე… ეს არის იმათი კარგი და ამითი გვჯობნიან…” (“ოთარაანთ ქვრივი”. [1886] – 6 ქრისტეშობისთთვეს 1887 წელსა).

“ადამიანს ადამიანობა უნდა ემჩნეოდეს. აქ არის თავი და ბოლო ქება-დიდებისა.

_ მაგით რა უნდა სთქვა?

_ ის, რომ ადამიანობით ისინი ჩვენზედ უარესნი არიან. გლეხკაცისთანა ხარბს, გლეხკაცისთანა გაუტანელს, გლეხკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს ძნელად თუ ჰნახავ სადმე, მაშინაც კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოატანს: დაარჩობს, მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღა ჩივის…

_ მჯერა, თითო-ოროლა ეგეები მეც ჩემის თვალით მინახავს, ჩემის ყურით

გამიგონია. მაგრამ ცხოვრება მაინც იმათშია: იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს თვითონ სიცოცხლის ძარღვიცა. რაც სთქვი, ეგ ჭუჭყია, ქაფია მდუღარე ცხოვრებისა, თავზედ მოგდებული, ძირში კი წმინდაა. მაშ რა სწნავს იმისთანა კაცურ კაცს, როგორიც გიორგი იყო, ან იმისთანა დედაკაცს, როგორიც ოთარაანთ ქვრივია? მაგისთანა პური მარტო იმათს თონეში-ღა ჰცხვება, ჩვენი თორნე კი მარტო ჩვენისთანა კუტ პურს აცხობს. დღესაც ვერ გამომირკვევია, რა მოგვეჩვენა გიორგის სახით?.. ჩვენ ხედვად და სმენადაც უღონონი ვართ და იქ კი… იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა” (“ოთარაანთ ქვრივი”. [1886] – 6 ქრისტეშობისთთვეს 1887 წელსა).

“ერთი ამათგანი იყო კარგა ხნიერი, დარბაისელი გლეხკაცი, რომელიც პირველ დანახვაშივე მიგიზიდამთ, გაგიკადნიერდებათ, მაგრამ არც ერთის უზრდელ სიტყვით თუ ქცევით არ გადავა ზრდილობის წრესა. ამისთანა გლეხკაცნი მრავალნი არიან ჩვენ დაბალ ხალხში” (“კოლა”. 1858 წ.).

“ნუ გეგონოთ, რომ მას ჰშურდეს ვისი რამე, ვისი რასმე სიხარბით შეჰნატროდეს, ვისი რამე უნდოდეს, სხვისაზე რაზედმე ხელი ეტანებოდეს, გული უთქმიდეს. არა; ყოველს ამაზედ იგი მაღლა სდგას, ამაში სჟღერს დიდი სიმი ეროვნებისა და აქა სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა” (“იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო”. 1887 წ.).

“შვილი მტრულად გაზარდეო, რომ მოყვრულად გამოგადგესო”, ნათქვამია გლეხთაგან. როგორც მტერშია დაუნდობელად შენიშნავ ნაკლულოვანებასა და მკაცრადა სდევ, ისე შვილშიაც უნდაო, რომ მოყვრულად გამოგვადგესო, ამბობს ხოლმე ჩვენი გლეხკაცის გაუნათლებელი ჭკვა, რომელიც უკეთესია ბევრ ცრუ სხივით განათლებულ და ეპოლეტებიან ჭკვაზედა. სჩანს, რომ შეიძლება კაცს უყვარდეს კაცი და მტერსავით კი მოეკიდოს, როცა მასში სიცუდეს შენიშნავს” (“ცისკარი” 1857 წლიდან 1862 წლამდინა”. 1862 წ.).

რასაც გლეხი იმეტებს მამულის სასყიდელად, იმოდენას თავისდღეში სხვა კაცი ვერ გაიმეტებს

“რომ ჩვენი გლეხის მიდრეკილება მამულის სყიდვასადმი ძლიერი და დაუძინებელია, _ ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ სამს თვალსაჩინოს, უცილოს მაგალითსა:

1.ჩვენებური გლეხი, რაკი მამულის სასყიდლად გაიწევს, მას არა ფასი არ აშინებს, უკან არ დაახევინებს. და მის გამო, რასაც გლეხი იმეტებს მამულის სასყიდელად, იმოდენას თავის-დღეში სხვა კაცი ვერ გაიმეტებს. ფასის აღმატებაში გლეხს სხვა კაცი წინ ვერ წაუვა და ვერ შეეცილება. ეს ყველასაგან ცნობილია. ჩვენ იმისთანა მაგალითიც ვიცით, რომ ასს საჟენს სოფლის ცარიელს მიწაში გლეხს ოცი თუმანი მიეცეს. ვსთქვათ, რომ ეს მხოლოობითი შემთხვევაა, მაგრამ მაინც ყველამ იცის, რომ ჩვენებური გლეხი, რაკი ღონისძიებას ხელთ იგდებს, გიჟურის ფასის მძლეველია. ცხადია, რომ ესე გულუხვად ფასის გამომეტება განსაკუთრებით გლეხის მიდრეკილებისაგან არის წარმომდგარი, და აქ სხვა რაიმე ეკონომიური მოსაზრება და ანგარიში არ მოქმედობს.

2.აუარებელი ნასყიდობის ქაღალდები წარმოადგინა ჩვენმა ნაყმევ გლეხობამა საგლეხო სასამართლოში დასამტკიცებლად იმ მამულების თაობაზედ, რომელნიც ჯერ კიდევ ბატონ-ყმობის გადავარდნის უწინ ეყიდნათ; ესე იგი მაშინ, როცა გლეხების საკუთარი და ამგვარად შეძენილი მამულიც ბატონის ნებაზედ იყო მინებებული და ბატონის საკუთრებად ითვლებოდა, ჩვეულებით თუ არა, კანონით მაინცა, და როცა კანონი გლეხს საკუთრების სიმტკიცისათვის მფარველობას არც ჰპირდებოდა და არც უწევდა. რა ძლიერი მიდრეკილება უნდა ჰქონოდა, რომ ამგვარის წყობილების წინაშე გლეხი მამულის სყიდვაში მაინც უკან არ იხევდა და მაინც მამულს ყიდულობდა.

3.მარტო ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბად მიგვაჩნია, ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ რვა ათას სამოცდათხუთმეტმა (8.075) ნაყმევთა კომლმა შეისყიდა თავისი ნაჭერი ადგილ-მამულები ნაბატონართაგან და ერთი მილიონი ას ოთხი ათას რვაას სამოცდაათი (1.104.870) მანეთი თავისი საკუთარის ჯიბიდამ მისცა. ასე რომ მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში ოცდაშვიდს წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამულები, ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები, ისიც მთავრობის დაუხმარებლად. ნუთუ ეს მაგალითები არ ამტკიცებენ მას, რომ ჩვენებურს გლეხში დიდი მიდრეკილებაა მამულის შეძენისადმი” (“ცხოვრება და კანონი””. 1877-1881 წ.).

“დღეს ჩვენში გლეხიც იმისთანა მფლობელია მიწისა, როგორც თავადი, აზნაური, ეკლესია; დღეს ჩვენში გლეხი მემკვიდრეობით ბინადარია იმ მამულზედ, რომელიც ყოველს გლეხს მამა-პაპით დაჩემებული აქვს. თითონ ბატონ-ყმობის უფლებაც კი არ ყოფილა ჩვენში კუთვნილებად ერთისა და იმავე წოდებისა: გლეხთაც, როგორც თავად-აზნაურთა და ეკლესიას, შეეძლოთ ყმების ყოლა. ამის მაგალითი ხშირია იმერეთში” (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

დაცარიელებული სოფლები და მიტოვებული სახლები
დაცარიელებული სოფლები და მიტოვებული სახლები

“ეგრეთი ყოველ მხრით უსაფუძვლო და უმიზეზო გამოკლება ზოგიერთ წოდებისა საზოგადო საქმეებიდამ _ საზოგადო ტვირთს უმძიმებს გლეხსა მით, რომ მარტო გლეხიღა იხდის საზოგადოების სამსახურს, ეწევა ბეგარას, აკეთებს გზებს, ჰყარაულობს, იცავს საზოგადო მშვიდობიანობას, იცავს ყველას საკუთრებას მტაცებლობისა თუ წანახედისაგან და ამ სიკეთეში ძალაუნრებურად წილხდომილნი არიან ყველანი, ვინც კი სოფლის წრეში სცხოვრობს, ხოლო ხარჯში, უღლის წევაში კი _ არა. ამის გამო გლეხი უყურებს თვის მმართველობას ისე კი არა, როგორც უფლებას, არამედ როგორც ტვირთს, გადასახადს რასმეს, და ყოვლის ღონისძიებითა ცდილობს, შორს იყოს სოფლელობაზედაც და მმართველობაზედაც, რომელიც სიკეთეს ყველას უნაწილებს და ტვირთს _ კი ერთსა ჰკიდებს ზურგზედ” (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

აქა სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა

“ნუთუ რუსეთის ხალხის უმრავლესობა _ მუჟიკობა, ჩვენის ხალხის უმრავლესობაზედ _ გლეხობაზედ მაღლა დგას მიხვედრილობით, გონების თვალით, გონების ყურით, რომ იქ მუჟიკობა მომზადებულად სცნეს და მიანიჭეს სხვებთან ერთად უფლება მოსამართლის არჩევანისა, და აქ კი გლეხობა მოუმზადებლად, და ამიტომაც ეგ უფლება ჩამოართვეს? თუ ამ შემთხვევაში განსხვავება რამ არის ამ ორთა ხალხთა უმრავლესობათა შორის, ის განსხვავებაა, რომ სასწორი სიკეთისა ჩვენის ხალხისაკენ უფრო დაიწევს, ჩვენი გლეხი გაცილებით წინ არის რუსის მუჟიკზედა ზნეობითაც, გონების თვალითაც და მიხვედრილობითაც.

“ქმნა მართლისა სამართლისა ხესა ხმელსა შეიქმს ნედლადაო”; “სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო”, _ ამბობს ხოლმე ჩვენი ხალხი. ნუთუ ის ხალხი, რომელიც სამართალს ამისთანა სასწაულთ-მოქმედების ძალას აძლევს, რომ ხმელს ხესაც გაანედლებსო, ხელს მოსჭრის და არ ატკენსო, _ ნუთუ ხალხი, რომელსაც ამისთანა ძალა სამართლისა სწამს, რჯულად აქვს მიღებული და ეგრე ცხადად აღიარებული, _ ნუთუ ის ხალხი-მეთქი მოუმზადებელი უნდა იყოს წესიერად აგებულის სამართლის კეთილად წარმართებისათვის, და ის ხალხი კი _ რომელიც იმით ნუგეშობს, რომ სილა სოლომუ ლომიტ, _ მომზადებულია!” (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

ხალხს რა ამზადებს? სწავლა, ვარჯიშობა, გამოცდილება, იმ საქმეში ჩაყენება, რისთვისაც მომზადება საჭიროა. კაცს ხელფეხს უკრავთ, და ვეუბნებითკი, ჭიდილი ისწავლეო; ხალხს მოსამართლის ამორჩევის ნებას არ ვაძლევთ და ვეუბნებით _ კი, ისწავლე კაი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლე და წყალში _ კი ნუ შეხვალო; გზა გაიარეო და შინიდამ ფეხს _ კი ნუ გასდგამო. ამ სასწაულმოქმედებას ხალხი ვერ იზამს, თუნდაც იმისთანა კეტითა სცემოთ თავში, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, “ადგილობრივს ვითარებასეგრე წინდაუხედავად ეძახიან”. (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 .).

“ხალხისათვის მიუცილებლად საჭიროა, რომ მის საყოველდღეო წვრილმან საქმეებისათვის მომრიგებელი მოსამართლე რაც შეიძლება მახლობლად ჰყვანდესო” (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

უბრალო გლეხობა, _ ეს უმრავლესობა ქართველობისა, ეს სული და გული ჩვენის ეროვნული იმედებისა (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. აგვისტო).

“ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, უნდა ჯერ გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისის ოჯახის წარსული, თავისი მამა-პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა-პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია” (“კერძო და სათემო მიწათმფლობელობა”. 1886 წ.).

“იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა მკვიდრია, ერთხელ ერთ ადგილას დაბინავებული კაცი ძნელად გამოიმეტებს ხოლმე თავის მამა-პაპის ბინას და მიწაწყალსა, დიდის სიმძიმით და გულისტკივილით ჰშორდება იმ ადგილს, საცა დაბადებულა, საცა უმოქმედია, ოფლი და სისხლი უღვრია მამა-პაპასა, საცა ულოცნიათ, უჭირნახულიათ, ულხენიათ და დასასრულ საცა დამარხულან; საცა ყოველივე ეს იმისთანა ზნეობრივს კუთვნილებას შეადგენს ადამიანისას, რომლის დაკარგვა, რომელზედაც ხელის აღება ჩვენის გლეხკაცისა თუ კეთილშობილისათვის ხორციელ სიკვდილზედ ნაკლები აღარ არის, იქ მამა-პაპისაგან დაშენებულის, დადებულის ბინის აშლა, აგვა, გათახსირება და სხვაგან ძებნა ბედისა, _ იქ აყრა და სხვაგან გადასვლა იმისთანა მიზეზს უნდა მიეწეროს, რომელსაც ხალხის თვალში აღარა მოევლება-რა აღარა ეშველება-რა”.

“ჩვენებური მკვიდრი ყოველგვარ უბედურებას აიტანს მარტო იმ ყოვლად შემძლებელის გრძნობის ძალითა, რომელსაც სამშობლოს ადგილის და ბინის სიყვარულს ეძახიან, იმიტომ, რომ სხვა ყოველს უბედურებას სული ებრძვის” (“იმიგრაცია საქართველოდან”. 1886 წ.)

“სოფელი ჩვენებურ გლეხკაცისათვის დიდი ავტორიტეტია; ტყუილად კი არ ამბობს ხოლმე გლეხკაცი: ორმა კაცმა რომ გითხრას, ბრმა ხარო, უნდა დასჯერდეო. რაც უნდა ცუდად გადუწყვიტოს საქმე სოფელმა, ჩვენებური გლეხკაცი სოფლის ცუდ გადაწყვეტილებას უფრო შეიწყნარებს, ვიდრე გარეშე კაცის ცუდს განაჩენსა” (“კერძო და სათემო მიწათმფლობელობა”. 1886 წ.).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here