Home რუბრიკები პოლიტიკა უაზრო ქართული ევროზეიმები, ანუ დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!

უაზრო ქართული ევროზეიმები, ანუ დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!

3025
უაზრო ქართული ევროზეიმები, ანუ დაუკარით, უპატარძლო ქორწილია!

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მთავრობისა და ხელისუფლების პირობებში დავწერდი ამ სტატიას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავის ეგონოს, მაინცდამაინცქართული ოცნებისხელისუფლებას ვაკრიტიკებ ამის გამო. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ანალოგიურად მოიქცეოდა ნაციონალების მთავრობაც. მეტიც _ მგონია, მიშა სააკაშვილის უშუალო მითითებით ჩატარებულიევროღონისძიებებიგაცილებით პომპეზური, ხანგრძლივი და გულისგამაწვრილებელი იქნებოდა! სამარცხვინოდ წამოწყებული სამხედრო ავანტიურა და სამ დღეში წაგებული ომი გვაზეიმეს და ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას როგორ არ იზეიმებდნენ?! ყველაფერს რომ თავი დაანებო, მიშა, ფაქტობრივად, პირადად ხსნიდა სოფელში აშენებულ ლამის ყოველჩეჩმასაცკი და დავიჯერო, რიგითობის პრინციპით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს დასახელებას ექვს თვეს უზეიმოდ გამოტოვებდა?

არა, არც იმას ვამბობ, რომ ხსენებული მოვლენა ცუდია, უარყოფითია და საერთოდ არ უნდა აღვნიშნოთ-მეთქი, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავისი ზომა, ფორმა და ზღვარი?!

“2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება”, _ ამ ინფორმაციამ შეძრა და შეაზანზარა სრულიად ქართლ-კახეთ-იმერეთ-გურია-სამეგრელო-აჭარა და სხვა დანარჩენი კუთხეები საქართველოსი. თუმცა აჟიოტაჟი ისეთია, გეგონება, ამ სიხარულს სამაჩაბლო და აფხაზეთიც უერთდებოდეს. გეგონება, ეს სტატუსი საქართველოს საშუალებას აძლევს, ხვალ თუ არა ზეგ მაინც გაავრცელოს თბილისის იურისდიქცია ცხინვალსა და სოხუმზე და იქით _ ტრაპიზონსაც გადასწვდეს

ნოემბრიდან მაისამდე _ ექვსი თვის განმავლობაში იქნება საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა და რა? რას მოგვცემს ეს პრაქტიკულად?

უბრალოდ, ვიამაყებთ ამით, როგორც ვამაყობთ იმით, რომ ამერიკელსხინკალი დაევასება”, ფრანგიჩურჩხელით აღტაცებული დარჩება”, ხოლო იტალიელსფელამუშზე აფანატებს”…

ეგ არის და ეგ! ბევრ ჩვენს მოქალაქეს წესიერად გააზრებულიც კი არ აქვს, რისი თავმჯდომარე ვართ და რა ფუნქცია გვეკისრება. სამაგიეროდ, როგორ ისმის _ საქართველო “რაღაცა ევროპულის” თავმჯდომარეა! როგორც ცნობილი ქართული ფილმის გმირი იტყოდა, “დაუკარიიით! უპატარძლო ქორწილია”.

მართლაც და, სადააპატარძალი”? სად არის ის, თუნდაც მცირე პრაქტიკული შედეგი, რომლის გამოც შეიძლება მართლა ასე ძალიან გვიხაროდეს ესა თუ ის მოვლენა? არაფერიც არ იცვლება, 30 წელიწადია!

უბრალოდ, ხან იმას გვაზეიმებენ, რომ ნატომ შორიდან დაგვანახვა “მაპზე უკეთესი”, ხან ევროსაბჭოს წევრად მიღების გამო ხმამაღლა გვაყვირებენ: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, ხან “შალახოს” გვაცეკვებენ იმის გამო, რომ რაღაც ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და რაღაცასთან “ასოცირებულები” გავხდით და ხანაც, აგერ, საერთოდაც, რომ არც ვიცით, რა არის და რა ფუნქციები აქვს, იმის თავმჯდომარე შევიქენით და 27 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე უწყვეტი ორკვირიანი საზეიმო ღონისძიებები უნდა ვმართოთ თურმე.

სიმართლე გითხრათ, მართლაც მაინტერსებს და იქნებ მომაწოდოთ ვინმემ ცნობები (მე ვერაფრით მოვიძიე): იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ ამავე კომიტეტის თუ კომისიის თავმჯდომარეები ევროსაბჭოში, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ამ თავმჯდომარეობას იბარებდნენ? სადმე, რომელიმე მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში მაინც თუ გაიმართა ორკვირიანი საზეიმო ტაშ-ფანდური ამ სრულიად ჩვეულებრივი ფაქტის აღსანიშნავად, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება ხოლმე და თავმჯდომარეობა სხვადასხვა ქვეყანას მორიგეობით გადაეცემა?

ბევრმა შეიძლება ისიც კი არ იცის, რომ თურმე სწორედ ამავე “თანამდებობას” რუსეთი უკვე არაერთხელ იკავებდა… ჰოდა, მაინტერესებს, რა არის აქ ასეთი სატაშფანდურო?!

კიდევ ვიმეორებ: ვინმემ, შარზე ხარო, რომ არ მითხრას, დადებითი და კარგი ფაქტი არის კი და შეეძლო ქვეყნის პრემიერმინისტრს ტელევიზიით მოელოცა ეს ჩვენთვის ან საგარეო სააქმეთა სამინისტროს გაევრცელებინა შესაბამისი მისალოცი ტექსტი, ან ჯანდაბას! ერთდღიანი ღონისძიება დაგეგმილიყო… რა ამბავია ეს რამდენიმე კვირა ტლინკაობა და ზეიმი?! ბარემ გავაგრძელოთ რამდენიმე თვე და ამასობაში ასე ტაშ-ფანდურში ჩაივლის ჩვენი “წილი” თავმჯდომარეობის ექვსთვიანი ვადაც, ეგებ ამითაც გავაოცოთ ევროპა, როგორც დემოკრატიით გავაოცეთ, არა?

ჰერმან მელვილის ნაწარმოებები _ “ტაიპი” და “ომუ” მახსენდება, აგრეთვე, დოკუმენტური წყაროები, როგორ ხვდებოდა შორეული კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა “საიდანღაც” მოსულ დიდ მცურავ “ნავებზე” შესკუპებულ “თეთრ ადამიანებს”! ეს მათთვის იყო “ღმერთების სასწაული”, ზეიმის, მსხვერპლშეწირვის, გადაბმული ცეკვა-თამაშების დღეები, სანამ არ მიხვდებოდნენ, რომ “თეთრი ადამიანების” მიზანი, უბრალოდ, მათ ქვეყანაში არსებული ბუნებრივი სიმდიდრეების მითვისება და მოსახლეობის დამონება იყო…

არა, პირდაპირ ანალოგიას არ ვაპირებ _ დღეს არც ევროპაა ისეთი სასტიკი, როგორც მაშინ იყო და დროც სულ სხვაა, მაგრამ ასეთი ველური აღტაცება ევროპის საბჭოში მიღებული პროცედურული საკითხის გამო, უბრალოდ, ქაჯობაა და მეტი არაფერი…

ისიც სათქმელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმაშიც ვერ ერკვევა, ევროსაბჭო და ევროკავშირი სხვადასხვა სტრუქტურა რომ არის. საქართველო, მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიამ თქვა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელიო”, ევროპის საბჭოს წევრი გახდა და არა ევროპის კავშირის

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრს უკითხავს ჩემთვის: ხომ გავხდით, კაცო, ამ ევროპის წევრები ჟვანიას დროს და ახლა, აბა, რაღას იძახიან, კიდევ ევროპასთან ასოცირებას ხელი მოვაწერეთ და მალე წვერები გავხდებით, მეორედ უნდა გავხდეთ წევრიო? არ ესმის ხალხს, საერთოდაც, რა საჭიროა ეს ორი თითქოს პარალელური ევროსტრუქტურა _ ევროსაბჭო და ევროკავშირი.

სხვათა შორის, ეს ბევრ პოლიტიკოსსაც კი არ ესმის წესიერად და ახლა მე აქ ამის ახსნას არ შევეცდები, მით უფრო, რომ არც ვარ ამ მიმართულების დიდი ექსპერტი.

უბრალოდ და მარტივად ვიტყვი: ევროსაბჭოს წევრი არის ყველა, ვისაც არ დაეზარება, მათ შორის, რუსეთი და თურქეთიც კი, ამიტომ მართლა გასაკვირია, ამ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ასეთი საზეიმო რატომაა. აი, ევროკავშირი კი გაცილებით უფროჩაკეტილიორგანიზაციაა, რომელშიც მოხვედრა იოლი ნამდვილად არ არის და მისი წევრი არც რუსეთია და არც ნატოს წევრი თურქეთი.

ასე რომ, ღრმა შინაარსობრივ განსხვავებას რომ თავი დავანებოთ, გარეგნულადაც შესამჩნევი სხვაობაა და სწორედ ამიტომაც _ ვითომდა “მაშასადამე ევროპელები” სინამდვილეში მხოლოდ “ასოცირებული ევროპელები” ვართ და ეს სტატუსიც დიდი ვაივაგლახით მივიღეთ ორიოდე წლის წინათ, როდესაც “ასოცირების ხელშეკრულებაზე” ხელმოწერას ჩვენს დედაქალაქში, კერძოდ, “განახლებულ პლეხანოვზე”, მგონი, ორთვიანი “შალახო” და შეხტი-შეითამაშე მოჰყვა…

ეს კი, მაგრამ, გავიდა ორი “ასოცირებული” წელიწადი და ვინმეს შეუძლია თქვას, რა მიიღო აქედან პრაქტიკულად საქართველომ? ერთადერთი ის, რომ, ვისაც ამის მატერიალური საშუალება აქვს, გაცილებით იოლად მიდი-მოდის ევროპის ქვეყნებში და ეგაა… იმის შესახებ, რამდენს გვავალებს აქეთ ეს “ასოცირების ხელშეკრულება” არაერთი მიმართულებით, მათ შორის ლგბტ თემის მხარდაჭერის მიმართულებითაც და რამდენად არაფერს გვაძლევს სანაცვლოდ, არაერთხელ დაწერილა და, ვისაც სურვილი აქვს გაგებისა, გაიგებს. გარკვეული “ევროსტანდარტების” მოთხოვნა, რაც, ერთი მხრივ, კარგი და დადებითია, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ მარწუხებს შემოაჭერს ჩვენს მოუმზადებელ ქვეყანას, ესეც გასაგებია მათთვის, ვისაც გაგება უნდა.

რა დარჩა? მხოლოდ უაზრო ზარ-ზეიმი იმის გამო, რომ სადღაც, ჰორიზონტზე, ოკეანეში გამოჩნდა დიიდი თეთრი გემი, რომელიც ჩვენკენ მოემართება და არც კი ვიცით, რა მოაქვს.

ხბოსავით აღტაცება მხოლოდ იმით, რომ “თეთრი ადამიანები” ჩვენ მიმართ ყურადღებას იჩენენ და მოსწონთ ჩვენი კერძები და სიმღერები?

ამიტომაც ვსვამ კითხვას _ “პატარაძალი” სად არის, “პატარძალი”?

ყველაფერს თუ თავად ევროპა გვახვევს თავს, გვკარნახობს და სათავისოდ სურს, მა ჩვენ რა _ ვირის თავ-ფეხი?

და, აბა, რაღას ვზეიმობთ, რას გადავდივართ ყირაზე და რატომ ვაწყობთ ამხელა ქაჯურ და გოიმურ ცირკებს _ რა გვიხარია? რატომ მოუწოდებენ 14 დეკემბერს ქვეყანას, რომ რაღაც არნახულ საზეიმო ფერხულში ჩაებას?

ჰო, რა იყო, ზეიმში “ჩაგიიმასქენით” და ხასიათი გაგიფუჭეთ? არ უნდა ვიქცეოდე ასე, მეც ხომ ქართველი ვარ და არ ვიცი რა, მაგრამ მაინც უნდა მიხაროდეს, ხომ?

ეჰ! კარგი! ჯანი გავარდეს! დაუკარით, უპატარძლო ქოწილიაააა!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here