Home რუბრიკები პოლიტიკა ტურიზმის მიმართულებით საქართველო მაჩანჩალებს შორისაა

ტურიზმის მიმართულებით საქართველო მაჩანჩალებს შორისაა

ეკოტურიზმის მხრივ საქართველო 107 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა

3165
ტურისტები საქართველოში

ზაფხული გავიდა და იმის მიუხედავად, რომ ლამის მთელი საქართველო იყო ჩაბმული აქციაშიგაატარე ზაფხული საქართველოში”, რეალურად არაფერი გამოვიდა. არ გამოვიდა იმიტომ, რომ მარტივად აგვისხნეს: არ ხდება ტურისტების ჩანაცვლება, ხდება მხოლოდ სეგმენტის გაზრდა და, შესაბამისად, საქართველოდან გაძევებული რუსი ტურისტები სხვა ქვეყნის მოქალაქეებით ვერ ჩავანაცვლეთ. ეს იმის მიუხედავად, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რამდენიმე ჩარტერული რეისიც კი დააფინანსა ხელისუფლებამ და უფასოდ ჩამოიყვანა ესტონელი, ლატვიელი თუ ლიეტუველი ტურისტები. ვერც საქართველოს საელჩოებმა გამოიწვიეს ბუმი და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა. და მაინც, რატომ ვერ მოვხიბლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები და რატომ ვერ დავაჯერეთ, რომ საქართველოში ზაფხულის გატარება მათთვის შვებულების საუკეთესო დაგეგმვა იყო? ის, რომ ამერიკიდან აქ დასასვენებლად ათასობით ადამიანი არ დაიძვრებოდა, ისედაც ცხადი იყო. რაც შეეხება ევროპას

Global Wildlife Travel Inde-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც ეკოტურიზმის მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების გამოვლენა იყო. სარეიტინგო სიაში 107 ქვეყანა მოხვდა, რადგან დანარჩენ ქვეყნებში, უბრალოდ, ომი ან არეულობაა და იქ ჩასვლისგან თავის შეკავებას ისედაც ყველას ურჩევენ. მაგალითად, კვლევაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას სირია, ლიბია, ჩადი და ა.შ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეკოტურიზმის მიმართულებით საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, შვედეთი, ბრაზილია, კანადა, აშშ, ნორვეგია, ესპანეთი, გერმანია, პოლონეთი და სლოვენია. შესაძლოა, ბევრი ელოდა, რომ ათეულში საქართველოც მოხვდებოდა, მაგრამ, ათეულში კი არა, ჩვენი ქვეყანა არც ოცეულშია, არც ოცდაათეულში და საერთოდ, ასეულში ძლივს მოხვდა. დიახ, 107-ქვეყნიან სიაში საქართველო 94-ე ადგილზეა. შესადარებლად გეტყვით, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი 83-ე ადგილზეა, ეს იმის მიუხედავად, რომ იქ ატომური ელექტროსადგური არსებობს და, წესით, დაბინძურების დონე დიდი უნდა იყოს.

სისუფთავის გარდა, მკვლევარებმა აქცენტი შემდეგ მიმართულებებზე გააკეთეს: ექსპერტების აზრით, არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის უზარმაზარი სახეობაა აღსარიცხავი, არამედ ულამაზესი პეიზაჟები, ასევე ეროვნული პარკები და დიდ ტერიტორიაზე გამწვანებული ზოლები. აი, გამწვანებული ზოლები, მგონი, პრაქტიკულად აღარ გვაქვს დედაქალაქში. სამაგიეროდ, თბილისის უბნებს ნაცრისფერი კორპუსების ისეთი ზოლი გასდევს, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.

რა გამოდის? მსოფლიოს მოწინავე ტურისტულ ქვეყნებს შორის ყოფნა გვსურს და ამ დროს ეკოტურიზმის კუთხით ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. ახლა თუ ვინმე თავს იმით დაიმშვიდებს, რომ ჩვენი კიდევ ერთი მეზობელი აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა, ნურას უკაცრავად _ აზერბაიჯანს არც არასდროს ჰქონია აღებული ტურიზმის მიმართულება და იქ მთავარი აქცენტი ნავთობზე კეთდება. ნავთობზე ჩამოკიდებულ მეზობლებს მშვიდად შეუძლიათ ზაფხულში სხვა ქვეყანაში დაისვენონ და, თუ მათთან მილიონობით ტურისტი არ ჩავა, პრობლემა არ არის _ მილიონობით გალონი ნავთობი მთელი ევროპის მასშტაბით მიედინება აზერბაიჯანიდან და ეს საკმარისია.

ჰოდა, ამ კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ტურიზმის მიმართულებითაც მაჩანჩალებს შორის ვართ, ანუ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი: არიქა, ტურიზმი გადაგვარჩენს, ეკონომიკა სწორედ ამ სფეროს უნდა მივაბათო, უბრალოდ, ბლეფი და ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. რა ძნელი მისახვედრია, რომ აღნიშნული კვლევა ყველა წამყვან ტურისტულ კომპანიას მაგიდაზე ექნება, ყველა დაინტერესებული პირი ნახავს და ვის მოესურვება 107 ქვეყნიდან 94- ადგილზე გასულ სახელმწიფოში წასვლა და დასვენება, თავად განსაჯეთ. ისიც ვთქვათ, რომ ბლეფი გამოდგა თაფლის წარმოებით საქართველოს მოსახლეობის გამდიდრების პერსპექტივაც, რადგან თურმე, სანამ ღია ტუალეტები არსებობს, ანუ სანამ სოფლებში საპირფარეშოები ეზოშია, ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ვერ შევა, რადგან ფუტკარს იქიდანაც მიაქვს სკაში გარკვეული ნივთიერებები და, რაღა თქმა უნდა, ევროსტანდარტებით ეს დაშვებული არ არის. სრულიად საქართველოში საკანალიზაციო სისტემის გაყვანა კი დაახლოებით ქვეყნის სამი წლის ბიუჯეტია და ამის გამკეთებელი უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ ვართ.

მანამდე ბლეფი იყო ფოთის გემრიელი ბაყაყები, მოცვის პლანტაციები, ვაშლის ბაღებიანუ, ჯერ წინა და შემდეგ ამჟამინდელი ხელისუფლებები მუდმივ რეჟიმში ცდილობდნენ და ცდილობენ, მოსახლეობას მისცენ გადარჩენის იმედი, რომელიც რეალურად არ ჩანს. ეს ყველაფერი ზუსტად ისეთივე ბლეფია, როგორც ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა (მაპ-ის დაპირება ხომ გახსოვთ, მთელი საქართველო რომ ელოდა, მერე არ მოგვცეს და ახლა საერთოდ აღარავინ ახსენებს); ისეთივე ბლეფია, როგორც ევროკავშირში შესვლის საოცარი პერსპექტივა, იმ ევროკავშირში, რომლის წევრი საბერძნეთი გაკოტრდა და საიდანაც ინგლისი გაიქცა, თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე კი

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ, რომ საქართველოს ხსნა მცირე ბიზნესის წამოწევასა და რეგიონებში საწარმოების შექმნაშია. ქვეყანამ უნდა აწარმოოს საკუთარი პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი მოიხმარს და იაფიც იქნება. ზუსტად ისე, როგორც ამას, მაგალითად, თურქეთი აკეთებს, რომელსაც თითქმის ყველა პროდუქტი საკუთარი აქვს და იაფად ყიდის. წარმოებაც იაფი ჯდება, გასაღებაც მარტივია და, რაც მთავარია, იმ საწარმოებში ადგილობრივები არიან დასაქმებულნი.. შედეგად, თურქეთის მშპ საკმარისზე მაღალია იმისთვის, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყოს.

ახლა რაც შეეხება ნატოსა და ევროკავშირს. ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვეუბნებიან და გვიხსნიან, რომ წინ მივიწევთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ ნატოში შესასვლელად. თავის მხრივ, ნატოს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ეს ორგანიზაცია არ არის მზად გასაფართოებლად. არც ჩვენ ვართ მზად, არც _ ისინი და მაინც ჯიუტად ვხარჯავთ მილიარდებს, გნებავთ, შეიარაღებაში და გნებავთ, იმ წვრთნებში, რომლებიც რეალურად არაფრისმომცემია. სად არის ისჯაველინები”, ასე ზარზეიმით რომ ვიყიდეთ? რისთვის ვიყენებთ? თუ ვინმე შევაშინეთ, “ჯაველინები” გვაქვს და გვერიდეთო? უბრალოდ, ამერიკას ჭარბი იარაღი გავუსაღეთ და, ხანდაზმულობის ვადა რომ გაუვა, მაშინ გავისვრით ერთობლივი წვრთნების დროს და ეგ იქნება, მილიონები კი რომელიმე პოლიგონზე დაიმარხება და დაიწვება.

რაც შეეხება ევროკავშირს: მეგობარმა ქვეყნებმა რამდენიმეჯერ ვერ იხსნეს საბერძნეთი და ქვეყანაში დღემდე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისია. საბერძნეთს სრულიად ევროპის ვალი აქვს და თანაც იმ ოდენობით, რომ ნახევარი საუკუნე უნდა იხადოს და მათი მონა უნდა იყოს, ანუ ნახევარი საუკუნე ეს ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს. ზარალის გარდა ევროკავშირისგან ვერაფერი ნახა დიდმა ბრიტანეთმა და მოსახლეობის მოთხოვნით ქვეყანამ კავშირი დატოვა. თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ჩერჩილისა და ტეტჩერის სამშობლოში პრაგმატულად ვერ აზროვნებენ, კი ბატონო, მაგრამ სწორედ პრაგმატიზმმა და ქვეყნის გადარჩენის სურვილმა მიაღებინა ხელისუფლებას ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება. ხომ ამბობდა სრულიად ევროპა, _ ევროკავშირიდან გასვლით ბრიტანეთი იზარალებს და კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებაო? რა მოხდა? _ არც არაფერი, იმიტომ, რომ ესეც ბლეფი იყო, ჩვეულებრივი ბლეფი, რომელიც ბრიტანელებმა არ ჭამეს.

სხვათა შორის, ბლეფი გვგონია ისიც, რომ თურმე, ეროვნული ვალუტა ბაზარზე დოლარის მიმართ 3.00-იან ნიშნულს რომ გასცდეს, ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგი ექნება. დღეს ლარი 2.97-2.98 ფარგლებში თამაშობს. რა გამოდის? კატასტროფას 3 თეთრი გვაშორებს? იმ სახელმწიფოს, რომელსაც სამთეთრიანი ინფლაცია კატასტროფას უქადის, მომავალი არ აქვს. თუ ევრო, ის ევრო, ასე სანუკვარი ევროკავშირის საბრუნავი ფული რომ არის, კარგა ხანია, 3-იან ნიშნულს გასცდა, კატასტროფად არ აღვიქვით, რატომ აღვიქვამთ დოლარის მიმართ გაუფასურებას კატასტროფად? ალბათ, ამის ახსნაც ექნება რომელიმე ექსპერტს, მაგრამ არ აგვიხსნიან, იმიტომ, რომ ხელისუფლება, დიდი ხანია, მიეჩვია იმას, რომ არაფრის ახსნა საჭირო არ არის, ისედაც ყველა ყველაფერს ხვდება და, ვინც ვერ ხვდება, კისერი უტეხია.

მანამდე კი მსოფლიოს გასაგონად ვიყვიროთ, რომ ტურიზმი გადაგვარჩენს, დავპატიჟოთ ყველა საქართველოში, სადაც კატასტროფული ფასებია და რიგითი მოკვდავები ვერ ისვენებენ. მერე, როცა დასკვნას დადებენ, რომ ეკოტურიზმის მიმართულებით 94-ე ადგილზე ვართ 107 ქვეყანას შორის, თავი ქვიშაში ჩავმალოთ, ვითომ არ გაგვიგონია. ცხოვრებაა ასეთი _ ქვიშაში თავის ჩამალვა ქართულ რეალობაში აშკარად ამართლებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here