Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი ირანის წინააღმდეგ, ანუ საქართველო ბირთვულ რკალში

ტრამპი ირანის წინააღმდეგ, ანუ საქართველო ბირთვულ რკალში

2820
ბირთვული რკალი

აშშირანის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა _ ყურადღების ცენტრში ირანის ბირთვული პროგრამაა. შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, საქართველო შეიძლება დაზარალებულთა შორის აღმოჩნდეს.

სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც აშშმა ახალი სანქციები შემოიღო იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, აშშის ხელისუფლების მტკიცებით, თეირანის სარაკეტო პროგრამის განვითარებას ხელს უწყობენ, და ირანს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესა. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა აშშ ძალიან ძვირი დაუჯდება, პარლამენტმა კი დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სარაკეტო პროგრამისთვის ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ათწლიანი კონსულტაციების შემდეგ, 2015 წლის 15 ივლისს, დაიდო. მას ხელი, ერთი მხრივ, ირანმა, მეორე მხრივ კი “ბირთვული კლუბის” წევრებმა მოაწერეს _ აშშ-მა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა. მან დაადასტურა ირანის უფლება, განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა, მაგრამ მისი ბირთვული ობიექტები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლქვეშ მოაქცია; გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაიტანეს. კონტროლის ამ მექანიზმის შექმნის სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებმა ირანისთვის სანქციების ეტაპობრივი მოხსნის პირობა დადეს. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ირანის ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა განმუხტვა დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალმა ადმინისტრაციამ ცალსახად ანტიირანული პოზიცია დაიკავა და მალევე სანქციების ახალი პაკეტი “გამოაცხო”. სანქციებზე საუბრისას, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პირობითად “ბირთვული” და “არაბირთვული” სანქციები – თეირანი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი სანქციები 2015 წლის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, მაშინ, როდესაც ვაშინგტონში თვლიან, რომ ამ სანქციებს ბირთვულ პროგრამასთან საერთო არაფერი აქვს.

ტრამპი ყოველთვის აკრიტიკებდა ობამას “ბირთვული შეთანხმებისთვის”, რადგან, მისი აზრით, “ამან ირანს ცალმხრივი უპირატესობა მიანიჭა”. ახალი პრეზიდენტის განცხადებებმა დააფიქრეს კომენტატორები იმაზე, რომ აშშ შეთანხმებიდან გავა, ისე როგორც 2003 წელს გავიდა ბირთვული პრობლემის გადაწყვეტის ჩარჩო შეთანხმებიდან ჩრდილოეთ კორეასთან (სამ წელიწადში ამის შემდეგ ჩრდილოკორეელებმა პირველი ბომბი ააფეთქეს). მედიაში დაიწყო მკითხაობა იმის თაობაზე, ვინ გავა შეთანხმებიდან პირველი _ აშშ თუ ირანი. აშშის წარმომადგენელმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ, განაცხადა, რომ შეთანხმება თეირანს შესაძლებლობას აძლევს, “მთელი მსოფლიო მძევლად აიყვანოსდა მისი ღირებულება ეჭვქვეშ დააყენა. ამ და სხვა მსგავსმა კომენტარებმა ევროპული დიპლომატია აღაშფოთა. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, აღნიშნა, რომ “ეს შეთანხმება რომელიმე ერთ სახელმწიფოს არ დაუდია და ის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის”.

აქ მნიშვნელოვანია ერთი იურიდიული ნიუანსი _ აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, 90 დღეში ერთხელ დაადასტუროს, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს. ამის გაკეთება დონალდ ტრამპს უკვე ორჯერ მოუხდა. ორივე შემთხვევაში საუბრობდნენ იმაზე, რომ მან ეს შეიძლება არ გააკეთოს, მაგრამ, კულუარული ინფორმაციით, პირვანდელი გადაწყვეტილება უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მრჩევლებმა შეაცვლევინეს. “მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჯერ კიდევ 180 დღის წინათ ვიტყოდი, რომ ისინი შეთანხმებას არღვევენ”, _ განაცხადა ტრამპმა “უოლ სტრიტ ჯორნალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

15 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ირანის მიერ შეთანხმების შესრულება. თუ ეს არ მოხდება, ეს არ გამოიწვევს აშშის ავტომატურ გასვლას შეთანხმებიდან, მაგრამ შესაძლებლობას მისცემს კონგრესს, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს. ამას, დიდი ალბათობით, მოჰყვებაბირთვული შეთანხმებისტორპედირება და ირანი ბირთვული შეიარაღების ფორსირებულ შექმნას დაიწყებს. ექსპერტთა შეფასებით, მას საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ბირთვული ქობინები (და რაკეტები მათთვის) უფრო სწრაფად შექმნას, ვიდრე ეს ჩრდილოკორეელებმა მოახერხეს. 22 სექტემბერს ირანმა გამოსცადა საშუალო რადიუსის ახალი რაკეტაჰორამშაჰრი” (2000 კილომეტრი; საუდის არაბეთსა და ისრაელსსწვდება”).

ბოლო თვეებში ირანის გავლენა სირიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიქმნა ე.წ. შიიტური დერეფანი ირანიდან ლიბანამდე, რომელშიც თეირანის კონტროლქვეშ მყოფი ფორმირებები დომინირებენ. ეს, განსაკუთრებით კი სიტუაცია სირიის სამხრეთში, ძალიან აშფოთებს ისრაელს და ის მოუწოდებს აშშ-ს, ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკა გაატაროს. 20 სექტემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში ჩაიტანა თავისი წინადადებები “ბირთვული შეთანხმების” მომავლის შესახებ. მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური სანქციები უნდა შემოიღონ, ზედამხედველობა მის ბირთვულ ობიექტებზე უნდა გამკაცრდეს, მას უნდა წაუყენონ ულტიმატუმი სარაკეტო პროგრამის, აგრეთვე “ჰესბოლასა” და “ჰამასის” დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ ეხება ისრაელი იმ შეთანხმებას, რომლის მონაწილე არ არის და რა გზით აპირებს მიზნის მიღწევას?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-სა და ისრაელს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რომელიც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უპრეცედენტოდ თბილი გახდა. ტრაპმა, როგორც მინიმუმი, ყურადღებით მოუსმინა ისრაელის პრემიერს და, დიდი ალბათობით, მის რჩევებს გაითვალისწინებს.

ცხადია, ჩამოთვლილი მოთხოვნები ირანისთვის აპრიორი მიიუღებელია და მათ შესრულებაზე უარს იტყვის. ნეთანიაჰუს წინადადებები, შემდგომი ესკალაციის გარდა, სავარაუდოდ, არაფერს მოიტანს. გასათვალისწინებელია, რომ ისრაელის პრემიერი არა მხოლოდ აშშ-ს მიმართავდა: ისრაელი არ დაუშვებს ირანულ კონსოლიდაციას ჩრდილოეთ საზღვარზე. ეს სამხედრო საფრთხე გვემუქრება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს არაბ მეზობლებსაც”. ზოგადად, აპელირება არაბი მეზობლების ინტერესების მიმართ, ისრაელის ლიდერების რიტორიკაში არც ისე ხშირია, თუმცა ის სავსებით შეესაბამება დიდი ანტიირანული კოალიციის შექმნის სულისკვეთებას, რომელიც რეგიონში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გამოიხატა. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოვლინებად “არაბული ნატო-ს” შექმნის იდეა უნდა ჩავთვალოთ.

ამგვარად, მთავარი პრობლემაბირთვული შეთანხმებისდარღვევაში როდი მდგომარეობს. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, “მაგატე”- ინსპექტორები ადასტურებენ, რომ ირანის ხელისუფლება თავის ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ირანის ბირთვული შეიარაღების აჩრდილი მისი დემონიზაციის, ახალი სანქციების შემოღებისა და ანტიირანული კოალიციის შექმნის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. აშშ და ისრაელი, ალბათ, ვერ შეძლებენ თავიანთი სტრატეგიის გამყარებას გაეროს გადაწყვეტილებებით, რადგან რუსეთი და ჩინეთი ანტიირანულ რეზოლუციებს დაბლოკავენ, მაგრამ მათ, დიდი ალბათობით, დაეხმარებიან დიდი ბრიტანეთი, ევროპული სახელმწიფოების ნაწილი და საუდის არაბეთი, ახალშექმნილარაბულ ნატოსთანერთად.

ამ უაღრესად რთულ სიტუაციაში არის ერთი ღიმილსმომგრველი მომენტიც: საქმე ისაა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სათავეებთან ამერიკელები იდგნენ. 1967 წელს პირველი კვლევითი რეაქტორი თეირანში სწორედ მათ დაამონტაჟეს და პლუტონიუმით მოამარაგეს. მნიშვნელოვანი როლი ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში ფრანგმა სპეციალისტებმაც შეასრულეს.

შაჰის დამხობის შემდეგ ჰომეინის ხელისუფლებამ უარი თქვა ბირთვული ობიექტების მშენებლობის პროგრამაზე და ქვეყანა ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების დიდმა ნაწილმა დატოვა, თუმცა შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი სამეცნიერო ცენტრი ჩინეთის დახმარებით შეიქმნა, ხოლო რუსეთმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. 2003 წელს კი აშშმა ბრალი დასდო ირანს ფარულად ბირთვული იარაღის შექმნაში და ამის შემდეგ დაიწყო მრავალწიანი დრამატული ეპოპეა, რომლის მორიგი, მეტად რთული ეტაპი ამ დღეებში ჩვენ თვალწინ ვითარდება.

დაძაბულობის შემდგომი ზრდა ხელს შეუწყობს ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების ფორსირებულ შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს თურქეთის ბირთვულ პროგრამას. მართალია, დღეს ირანმა და თურქეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას სირიაში, მაგრამ არის საკითხები (მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვულიც), რომელთა მიმართ თურქეთი რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევას ვერ დათანხმდება. გამორიცხული არაა, სულ რაღაც ათ წელიწადში საქართველო ბირთვული სახელმწიფოების რკალში აღმოჩნდეს.

დღის წესრიგში შეიძლება კვლავ დადგეს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის, მის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიის წარმოების იდეა. როდესაც ადრე ეს საკითხი დასავლურ მედიაში და საექსპერტო წრეებში განიხილებოდა, ყოველთვის საუბრობდნენ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცესა და აეროდრომებზე, რომელიც შეიძლება დასავლურმა კოალიციამ გამოიყენოს. ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით რუსეთის გააქტიურებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარი არა ბირთვულ, არამედ მხოლოდ სარაკეტო პროგრამას შეეხება, აშშ-მა შეიძლება გამოიყენოს ეს საბაბად შავი ზღვის რეგიონში ახალი ანტისარაკეტო სისტემების განლაგებისთვის, ნატოს წევრ და არაწევრ პარტნიორებთან შესაბამისი პროექტების რეალიზებისთვის, რასაც, ბუნებრივია, შეეწინააღმდეგება რუსეთი. ამგვარად, სადღაც სამხრეთ სირიაში განვითარებულმა პროცესებმა რამდენიმე წელიწადში “დომინოს პრინციპით” საქართველოს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. israelma milionjer daamtkica ro rusetis c 300 da c400 arafris maqnisi rkinaa. aseve iranelebi gamalebit asheneben bazebs siriashi. israeli ki mag bazebisgan svel adgils ardatovebs 20 magadgan. jerac argauketebia.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here