Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის “ტვიტერი” და შეშლილი მსოფლიო

ტრამპის “ტვიტერი” და შეშლილი მსოფლიო

1622
ტრამპის “ტვიტერი” და შეშლილი მსოფლიო

2018 წელი საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. წლის მთავარ თემად იქცა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადებები და ქმედებები, რომლებიც ძველ ურთიერთობებსა და წესებს ანადგურებდა. ცხადია, იყო სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც, რომლებსაც შედეგების შეჯამებისას გვერდს ვერ ავუვლით.

2018-ში დონალდ ტრამპმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და გლობალიზაციის ეპოქიდან თითქოს კლასიკური იმპერიალიზმის ხანაში დააბრუნა _ ეროვნული ინტერესები და ბრძოლა ბაზრების გადანაწილებისთვის უდავო პრიორიტეტი გახდა. შარშან ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებდა ეკონომიკურ ომს ჩინეთსა და ევროკავშირთან, გააფუჭა ურთიერთობა მეზობლებთან _ კანადასა და მექსიკასთან. ის დაუპირისპირდა რუსეთს, მათ შორის ევროპის გაზის ბაზრის გამო, ხოლო ტრადიციულ მოკავშირესთან, თურქეთთან, ლამის “ცივი ომი” გააჩაღა. ტრამპი აწყობდა სკანდალებს “დიდი შვიდეულისა” და ნატოს სამიტებზე, უახლოეს პარტნიორებს მაღალ ტარიფებს უწესებდა და გამუდმებით იმეორებდა, რომ მოკავშირეებმა უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი უნდა დახარჯონ (მშპ-ს 2%-მდე და ზევით). პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე “ამერიკა _ უპირველეს ყოვლისა”, ძალიან მოსწონს ტრამპის ამომრჩევლებს და აღიზიანებს მის ოპონენტებს, ამერიკელი დემოკრატები იქნებიან ისინი თუ გლობალისტები სხვა ქვეყნებიდან.

წლის ბოლოს ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიიდან ჯარებს გაიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროების სახლში დაბრუნება მის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა, მომხდარის გამო გადადგნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი და სპეციალური წარმომადგენელი “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის საკითხებში _ ბრეტ მაკგერკი, რომელიც, როგორც უმცროსი ბუშის, ისე ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. ორივე დარწმუნებულია, რომ ამერიკელების წასვლას სირიიდან შეიძლება ქაოსი და რეგიონულ მოთამაშეებს შორის დაპირისპირება მოჰყვეს. მწვავე კრიტიკამ აიძულა ტრამპი, ეთქვა, რომ ჯარების ევაკუაცია ნელი და (თურქეთთან) შეთანხმებული იქნება, თუმცა სიტუაცია სირიაში ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

სირიის ქურთისტანში შექმნილი დე ფაქტო ავტონომიის მდგრადობას სწორედ ამერიკელი სამხედროები უზრუნველყოფდნენ. თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას, რომლის მიზანი სირიის ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილის დაკავება იქნება და, შესაბამისად, თურქეთის საზღვრების გასწვრივ მდებარე უსაფრთოხების ზონის გაფართოება. ასადი ირანელებისა და რუსების მხარდაჭერით შეეცდება, ევფრატის აღმოსავლეთით ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები დაიკავოს. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ტრამპი ცდილობს, ერთმანეთს თურქეთი და ირანი დაუპირისპიროს, თუმცა ეს ჯერჯერობით არ დასტურდება ფაქტებით, მით უმეტეს, რომ მხარეები მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან.

ტრამპის “ტვიტერი” და შეშლილი მსოფლიო

20 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ამჯერად ტრადიციული შემაჯამებელი პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი რუსეთის საშინაო საქმეებს დაუთმო, ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა. არაერთმა გამოცემამ ამის შემდეგ დაწერა, რომ პუტინმა გაიმარჯვა, რადგან ის დიდხანს მოუწოდებდა ამერიკელებს, სირიის საშინაო საქმეებში უხეშად არ ჩარეულიყვნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებდა, რომ ამერიკელების ყოფნა სირიაში არის “საშიში ბარიერი კონფლიქტის დარეგულირების გზაზე”. ახლა კი კრემლმა სირიაში გავლენის სფეროს გაფართოების ახალი შესაძლებლობები მიიღო.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გავიდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან და განაცხადა, რომ მას რუსეთის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტების განლაგება მას საპასუხო დარტყმის საფრთხის წინაშე დააყენებს.

პუტინი, აგრეთვე, შეეხო ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან, რომელიც “სოლსბერის ინციდენტის” შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. მან თქვა, რომ ურთიერთობის დარეგულირება ორივე ქვეყნის ინტერესებშია, დადებით კონტექსტში ისაუბრა რუსეთში მომუშავე ბრიტანელ ბიზნესმენებზე, შემდეგ კი “ბრექსიტის” პრობლემას შეეხო, რომელიც 2018 წელს ბრიტანული საზოგადოებისთვის უდავოდ მთავარ თემას წარმოადგენდა. პუტინის აზრით, ტერეზა მეის კაბინეტი გამოუვალ მდგომარეობაშია და მას რეფერენდუმის შედეგების ხორცშესხმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გაყვანა მოუწევს.

წლის ბოლოს კიდევ ორი ევროპელი ლიდერი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიებმა მტკივნეული მარცხი განიცადეს არჩევნებზე ბავარიასა და ჰესენში; რადიკალი მემარჯვენეების გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოციალ-დემოკრატები მმართველი კოალიციის დატოვებაზე დაფიქრდნენ, ხოლო ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე (2-3 წელიწადში) ის კანცლერის პოსტს დაემშვიდობება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შრომის კანონმდებლობის, განათლების სისტემის და ზოგიერთ სხვა სფეროს რეფორმირება დაიწყო, თუმცა წლის ბოლოს შეეჯახა ე.წ. ყვითელი ჟილეტების ხალხმრავალ და რადიკალურ პროტესტს, როცა ათი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ამ გამოსვლების მიზეზი საწვავის მოსალოდნელი გაძვირება იყო, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. ამ მოვლენების დროს მაკრონის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, მანევრის თავისუფლება დაკარგა.

ჩინეთის ხელისუფლებისთვის მთავარი 2018 წელს ორი თემა იყო _ სი ძინპინის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენცია, რომელიც ცალსახად გამოიკვეთა კომპარტიის ბოლო ყრილობის დროს, და ეკონომიკური ომი აშშ-თან. ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების ფონზე პეკინი მისი ნეგატიური ეფექტის განეიტრალებას ცდილობს, მაგრამ, ამასთანავე, 2018 წელს განუხრელად იზრდებოდა ჩინეთის გავლენა მსოფლიოში _ მისი ინფრასტრუქტურული პროექტები უცხო ქვეყნებში სულ უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა.

2018-ში საქართველოს ორმა მეზობელმა, თურქეთმა და ირანმა, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განიცადა, რომელიც მთელ რეგიონზე აისახა. წლის ბოლოს თურქეთის მდგომარეობა, განსაკუთრებით ინფლაციის მიმართულებით, ასე თუ ისე, დასტაბილურდა, ირანს კი მთავარი პრობლემები წინ აქვს _ახალი სანქციების გავლენა მის ეკონომიკაზე სრულად რამდენიმე თვეში აისახება, თუმცა დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯებმა თეირანს შესაძლებლობა მისცა, ერთგვარი რევანში სირიაში აიღოს.

სამეზობლოში ყველაზე გახმაურებული მოვლენები 2018 წელს სომხეთში განვითარდა, სადაც ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებს ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. ახალ ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს, ქართველი საზოგადოება სიმპათიით უყურებს, თუმცა მისი ზოგიერთი ნაბიჯი სააკაშვილის მმართველობის საწყის პერიოდს ახსენებს და, შესაბამისად, აფრთხობს.

ვითარება უკრაინაში მთელი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე იყო, მაგრამ 2018 წელს დაწყებული პროცესები კულმინაციას 2019-ში მიაღწევს _ ეს ეხება, როგორც დაპირისპირებას საპრეზიდენტო არჩევნებისა და ავტოკეფალიის გარშემო, აგრეთვე, სავარაუდო ესკალაციას აღმოსავლეთ რეგიონებში.

ყველა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ სასურველია, 2018 წლის მთავარ ტენდენციებზე ვისაუბროთ. გაძლიერდა გლობალიზაციის საწინააღმდეგო პროცესები, თეთრი სახლის ინტერესმა მთელი რიგი საკითხების მიმართ იკლო და არაერთმა ექსპერტმა მიუთითა, რომ სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტულობა მისთვის შემცირდა. საერთაშორისო პოლიტიკა ნაკლებად პროგნოზირებული შეიქნა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი “ტვიტერში” სკანდალურ სტატუსებს აქვეყნებდა _ გლობალიზაციის პარადიგმის ეტაპობრივმა ჩანაცვლებამ “ახალი ნაციონალიზმით” სახელმწიფოთა ურთიერთობის ფორმები შეცვალა. შესაძლოა, მსოფლიო დიპლომატია ერთგვარი “გეოპოლიტიკური პოსტმოდერნის” სტადიაში შევიდა, სადაც ყველა მოთამაშის მიერ გაზიარებული წესები თანდათან წარსულის კუთვნილება ხდება, ხოლო ის, რაც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობის ნაწილია (ჟურნალისტის მკვლელობა საუდის არაბეთის საელჩოში და სხვ.).

დღევანდელი ტენდენციები წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას იმ პრობლემებზე, რომლებიც დაჩქარებულმა გლობალიზაციამ მოიტანა. მისთვის დამახასიათებელია ნაციონალისტური გრძნობებისა და კონსერვატიული ღირებულებების რენესანსი, რომელსაც ლიბერალები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ. ბრძოლა იმდენად გამძაფრებულია, რომ არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დესტაბილიზაციას ახდენს.

ეს პროცესები საქართველოსთვის უკიდურესად საშიშია. ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილი საერთაშორისო პოლიტიკას შავ-თეთრი, “ცივი ომის” დროინდელი სტერეოტიპების ფარგლებში აღიქვამს, ნაწილს კი ჰგონია, რომ მსოფლიოში კვლავინდებურად ის სიტუაციაა, რომელიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა. ისინი მრავალპოლარული სამყაროს არსებობის შესაძლებლობასაც კი უარყოფენ _ მათ წარმოდგენებში ის ან ერთპოლუსიანია, ან ორ ნაწილად დაყოფილი, შესაბამისად, ბოლოდროინდელი პროცესების ადეკვატური აღქმა უჭირთ. მათ საგარეო პოლიტიკის თუნდაც მცირე კორექტირების, ახალი რეალობის მიმართ მისი ადაპტირების პერსპექტივა აშინებთ და იქცევიან ისე, თითქოს მსოფლიოში ახალი და უჩვეულო არაფერი ხდება. კარგად ცნობილი “სირაქლემას დოქტრინა” კვლავინდებურად ძალაშია და მხოლოდ კატასტროფა თუ აიძულებს მმართველ ელიტას, მასზე უარი თქვას.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here