მთავარი საზოგადოება ტვინთხელობა

ტვინთხელობა

“უდიდესი მიზეზი ჩვენებურის მმართველობის უვარგისობისა”

370
გააზიარეთ
ილია ჭავჭავაძე

ერთერთ წერილში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მიმბაძველობაზე, როგორც ხელისუფალთა საშინელ სენზე, რომელმაც, ფაქტია, ჩვენს სინამდვილეში ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. როგორც ჩანს, ეს პრობლემა არახალია, ძველია და მასზე სერიოზულად ფიქრობდა და მსჯელობდა დიდი ილია ჭავჭავაძე. ილიას განმარტებით, სხვისი ჭკუის კარნახით ცხოვრება და სხვათა მიმბაძველობა ტვინთხელობის შედეგია. ერის მამას მართებულად არ მიაჩნია სხვათა გამოცდილებისა თუ კანონების ბრმად გადმოტანა ქართულ სინამდვილეში, რადგან რიგ შემთხვევებში ამ სიბრმავემ, შესაძლოა, სიკეთის ნაცვლად გვავნოს და წინსვლის ნაცვლად _ უკან დაგვხიოს.

ცხოვრება და კანონისმეოთხე წერილში ილია თვითმმართველობის ქებას ამ კითხვებით ამთავრებს: “ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი? თითონ გლეხობა აგრე ერთხმად რად უჩივის?

მაშინ დავპირდით მკითხველს, რომ ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერს პასუხს მივცემდით შემდეგს წერილშიო”.

ჩვენც დაგპირდით, მკითხველო, რომ ილიასცხოვრება და კანონისმეხუთე წერილის ანალიზს შემოგთავაზებდით, რომელშიც ის ნათლად და დასაბუთებულად გვირჩევს, რატომ არ შეიძლება სხვათა ბრმად მიბაძვა, კონკრეტულად კი ისეთი კანონების გადმოღება, რომლებიც უცხოა და მიუღებელი ქართული მენტალიტეტის, ტრადიციებისა და ხასიათისთვის. მით უფრო, რომ იმთავითვე ვიცით, რასაც ხშირადმეგობრებიგვთავაზობენ (იქნება ეს ოჯახის სიწმინდის ხელყოფა თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში განხეთქილების გაჩენა თუ სხვა), მათ ქვეყანაშიც პროგრესული საზოგადოება ებრძვის და ამისთვის განა ცოტა დროსა და ღონეს კარგავს.

ჩვენთვის კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უცხოა და რა, ხელი უნდა შევუწყოთ, ფეხი რომ მოიკიდოს?!

ილიას სიტყვებით თუ ვიტყვით, “ეგ იმას ეგვანება, რომ კაცმა ნაგავი შეიტანოს სახლში მარტო იმისათვის, რომ მერე საბუთი ჰქონდეს სთქვას: სახლს დაგვა უნდაო”.

რად გვინდა ჩვენ აქ ბაძი, ან რა სასარგებლოა?”

სწორედ იუვენალური იუსტიციის მეშვეობით ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახებს ათიათასობით ბავშვი წაართვა სახელმწიფომ, რადგან იუვენალური იუსტიცია არის კანონი, რომლის წყალობით სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას შვილის ჩამორთმევის საფრთხე ემუქრება. ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი კი შეიძლება გახდეს, მაგალითად: თბილი ტანსაცმლის არქონა, არაკალორიული საკვებით კვება, ვირუსული ინფექციით დაავადება და სხვ. ერთი სიტყვით, დღეს საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი.

მაგრამ ჩვენ რაში გვჭირდება ეს ყველაფერი?! ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლისთვისაც დედაშვილობა და მამაშვილობა უწმინდესი მცნებები იყო ყოველთვის?! ისევ ილიას დავიმოწმებ, მის პერსონაჟს, ქართველი დედის განზოგადებულ სახეს _ ოთარაანთ ქვრივს: “დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს?.. ვინ ვისთვისაო, რა საკითხავია დედაშვილობაში?”

“ძნელია ნაღვლის უნაღვლოდ თქმა, მაგრამ ზოგან ცარიელი, უფერული თქმაც ნეტარებააო”, _ ამბობს ილია და დასძენს: “რასაკვირველია, თვითმმართველობას იმისთანა ზოგადი თვისებანიცა აქვს, რომელნიც ყველასათვის ერთნაირად სახეიროა, მაშასადამე ყველგან გამოსადეგია, და იმისთანანიც, რომელნიც ადგილობრივს მოთხოვნილებას და სხვადასხვაობას უნდა შეეფერებოდეს. ჩამოაცალეთ სოფლის მმართველობას თვითმმართველობის სიკეთენი, ზედ დაუმატეთ, რომ ის მმართველობა სულ სხვა ნიადაგიდამ არის ამოღებული და გადმორგული, მაშინ ცხადად დაინახავთ, რატომ ჩვენს სოფელს არ მოუხდა ეგრეთწოდებული თვითმმართველობა.

ამ სახით, მეორე, უდიდესი მიზეზი ჩვენებურის მმართველობის უვარგისობისა ის გახლავთ, რომ იგი არ არის აღმოცენილი და დამყარებული ჩვენის სოფლის შინაურს მოწყობილობაზედ, მის ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს ვითარებაზედ”.

“ჩვენი აზრი ის არის, რომ თვითმმართველობისათვის ყველა წოდების კაცი ერთგვარად უნდა იყოს მიჩნეული. თვითმმართველობა ერთი იმ ძალთაგანია, რომელიც აბია წარმატების უღელში და ეწევა სხვებთან ერთად. მაშასადამე, გამოკლება ვისიმე თვითმმართველობიდამ დაუძლურებაა ღონისა, წარმატებისათვის მიმართულისა. წარმატებისათვის, კეთილდღეობისათვის საჭიროა, რომ ყოველნი ძალნი ერობისანი ერთად, ერთგვარად იყვნენ მიდრეკილნი და მიწვეულნი. თვით წარმატებაც, განვითარებაც მაშინ არის ჭეშმარიტი და ნაყოფიერი, როცა ყველანი ერთგვარად და ერთ სახით სწვდებიან საერთო სიკეთეს, ერთგვარად და ერთ სახით გაჭირვების უღელს ეწევიან და თანასწორად ინაწილებენ უფლებას და მოვალეობას. საცა ეს არ არის, მაშინ ერთის ამაღლება, ერთის კეთილდღეობა მეორის დამდაბლებაზედ, მეორის გაღარიბებაზედ არის ხოლმე ხშირად დამოკიდებული. უსწორმასწორობა ერთმანეთშორის, სხვათა შორის, უჯრაუჯრად დაყოფის შედეგია; ვისაც კეთილი უნდა, ამ უჯრებს კი არ უნდა წაუმატოს; რაც არის, ისიც უნდა დაშალოს, დაარღვიოს და ქარს მისცეს.

სოფელი, მის ბინადართა კვალობაზედ, ერთი დაურღვეველი აგებულებაა, ნამეტნავად ჩვენში. როგორც გაუქმება ერთის რომელისამე ასოსი ადამიანის აგებულებაში ადამიანს აუძლურებს, ასუსტებს, ისეც სოფელს ასუსტებს და უღონოდ ჰქმნის, როცა მის კეთილდღეობის მზრუნველობაში ერთნი არიან და მეორენი არა. მაშასადამე, თვითმმართველობა სოფლისა, როგორც ჭეშმარიტი ორღანო სოფლის გამგეობისა და მზრუნველობისა, ღონემოკლებული უნდა იყოს, საცა სოფლის ერთობაზედ არ არის დამყარებული. რუსეთში რომ სოფელი უჯრა-უჯრად დაჰყვეს, ერთს წყობას მიანიჭეს შვება და აჰკიდეს ტვირთი თვითმმართველობისა და მეორე გამოაკლეს ერთსაც და მეორესაც, იქ ამას ხელმოსაჭიდებელი მიზეზი მაინც ჰქონდა.

სოფელი, სოფლის საზოგადოება, რუსეთში სულ სხვა ნიადაგზეა დანდობილი და სხვა ნიადაგზე ამოსული. იქ გლეხობა კომლეულობით, მემკვიდრეობით არა ჰფლობს ერთსა და იმავე მიწას; იქ მიწა სახასოა, ესე იგი საერთოა და არავის არა აქვს ისე დაჩემებული სამუდამოდ, როგორც ჩვენში. ამის გამო იქ სოფელი წარმოადგენს მიწის შესახებ ორნაირს მფლობელობას: ერთის მხრით _ სოფლეულად სახასო, საერთო მფლობელობას გლეხთა მიერ, მეორეს მხრით _ კერძოობით და განსაკუთრებულს მფლობელობას თავად-აზნაურთა მიერ.

სოფლის გამგეობა, რომელიც თვითმმართველობის შინაგანი არსებაა, ამ ორს, ვითომ ურთიერთის წინააღმდეგს მოპირდაპირე მფლობელობას და მათგან მომდინარეს მოთხოვნილებას ვერ მოითავსებდა, _ კანონმდებელთა აზრით, _ და მათს ინტერესებს ერთს კვალში ვერ ჩააყენებდა. ამის გამო, საჭიროდ დაინახეს განცალკევება, განთვითეულება გლეხისა და თავად-აზნაურობისა სასოფლო მმართველობაში. ეს დარღვევა სოფლისა, სოფლის ერთობისა, მიბაძვის ბრალიც იყო. თვალწინ ჰყვანდათ სამაგალითოდ ინგლისი კი არა, რომელიც პირველსახეა თვითმმართველობისა და რომელსაც უარყოფილი აქვს სოფლის მცხოვრებთა შორის განთვითეულება, როგორც მომაკვდინებელი სენი თვითმმართველობისა, არამედ ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც ამგვარებში ყველა სხვა სახელმწიფოებს უკან ჩამორჩა და რომელიც ამგვარებში დღესაც იმ აზრებით სულდგმულობს და მოქმედობს, როგორც ნეტარხსენებულ ბატონ-ყმობის დროს. ეს სახელმწიფო გახლავთ გერმანია და უფრო განათლებული პრუსია”.

ასე რომ, ილიას არასწორად მიაჩნია ქართულ სოფელში სხვა ქვეყნების მიმბაძველობით, ბრმად მმართველობის ფორმის გადმოღება _ არც რუსეთის და არც ევროპის ზემოთ ნახსენები ქვეყნებისა, რადგან ჩვენში მფლობელობა კომლეულია, მემკვიდრეობითი და სამუდამო ყველა წოდებათა შორის. მაშასადამე, ამ მხრით განაწილება სოფლად მცხოვრებთა და დარღვევა სოფლის ერთობისა, უსაბუთოა, უმიზეზოა. განსხვავება არის მამულის მეტნაკლებობაში, როგორც თითონ თავადაზნაურთა შორის, ისეც გლეხთა შორის. მამულის მეტნაკლებობა საკუთრივ და ქონების მეტნაკლებობა საერთოდ სოფლის მმართველობის საგანს არ შეადგენს და არც მისგან წარიმართება. ამიტომაც ეგ მეტნაკლებობა სოფლის მმართველობის მსვლელობაში შუღლის მიზეზად ვერ შეიქნება. სოფლის მშვიდობიანი და წესიერი ცხოვრება, სარჩოსაბადებელის, ქონების, საკუთრების საერთოდ გაფრთხილება მტაცებლობისა, ქურდობისა და ავაზაკობისაგან, მინდვრების, ვენახების რიგიანი დაცვა წანახედისაგან, კარგის გზების, ხიდების, რუების ქონვა და გამგეობა, კარგი რიგიანი და იაფი სამართალი იქავ თვალწინ მრავალგვარ წვრილმან საქმეებისათვის, საერთო მზრუნველობა სკოლისათვის, საპყართა და უძლურთა პატრონობისათვის, საერთო შველა და ხელის გამართვა შიმშილობის დროს და სხვა უბედურობის დღეს, თანასწორი განაწილება სახელმწიფო სამსახურისა, ხარჯისა, ბეგარისა, საერთო საჭიროებისათვის შუამდგომელობა უმაღლეს მთავრობასთან, ერთის სიტყვით _ ყოველ შინაურ სოფლის საქმისა კეთილად დაწყობა და სამართლის გამგეობა, _ ეს იმისთანა საგნები არიან თვითმმართველობისა, რომელნიც ერთნაირად შეეხებიან სოფელში მცხოვრებთ თავადაზნაურთა და გლეხთა, ერთნაირად სანატრელია და საზრუნველი ყველასათვის, ვინცკი სოფლის საზოგადოებაში სცხოვრობს”.

კიდევ ერთი თავისებურება:

ჩვენს ძველს ცხოვრებაში დასდასად დაყოფა ერობისა არ არსებობდა. არ არსებობდა იმ მხრით, რომ ერთს წოდებას რაიმე წარმომადგენელობა ჰქონდა უპირატესობით ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და მეორეს _ არა, და ერთს ამით ეჩაგრა მეორე. ჩვენში ყველანი ერთნაირად უხმონი და უფლებას მოკლებულნი იყვნენ წინაშე უმაღლესის მთავრობისა. თუ რაიმე მაგალითებია ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენს ხელმწიფეებს კრება მოუხდენიათ და მოუწვევიათ სამღვდელონი და დიდკაცნი რჩევისათვის, ეგ ამ წოდებათა განსაკუთრებითს უფლებას კი არ მოასწავებდა, არამედ უფლებას თვით ხელმწიფისას, რომელიც, თავისის სურვილისამებრ, თუნდა მოიწვევდა და თუნდა არა. ამის გამო, იმ ბრძოლას და შეხეთქებას წოდებათა შორის უფლების დასაპყრობად, გასავრცობად, რომელიც ევროპაში იყო და ეხლაც არ გათავებულა, და რომელიც უპირველესი მიზეზი იყო ერის წყობაწყობად დაყოფისა, ჩვენში ადგილი არა ჰქონია.

ჩვენ ამით იმის თქმა-კი არ გვინდა, რომ ჩვენ ცხოვრებაში სრულიად არ ყოფილა ელემენტები, რომელთ მოძრაობა და განვითარება საქმეს ბრძოლამდე და შეხეთქებამდე მიიყვანდა, თუ დასცალდებოდა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ, რაკი ბრძოლა არ იყო, ბანაკებად დაყოფაც ერისა არ იქნებოდა, არ იყო წყობ-წყობად განცალკევების მიზეზიც ჩვენს ერობაში, რომელიც, თუ თვის ცხოვრებაში უნუგეშობას რასმეს ჰგრძნობდა, საერთოდ ჰგრძნობდა, რადგანაც ყველანი, როგორც ზევითა ვსთქვი, ერთნაირად იყვნენ უფლებას მოკლებულნი, ერთნაირად უხმონი და უტყვნი ქვეყნის საქმეთა გამგეობაში. თუ ევროპას მივხედავთ, იქ სულ სხვა ამბავი იყო.

შუა საუკუნოებში ერთი განსაკუთრებითი ხელთმოქმედება იყო ევროპაში. ის ხელთმოქმედება მიწის შემუშავება იყო და მის გამო მიწა შეიქმნა ცილების საგნად, რადგანაც იგი იყო პირველი და მხოლოობითი წყარო ქონებისა. ამიტომაც იქ ერობის ორი უპირველესი წოდება _ თავადაზნაურობა და სამღვდელოება _ იმის ბრძოლაში დასრულდა, რომ მიწა მარტო ხელში ჩაეგდო და, როცა ჩაიგდო, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი უფლებაც განმარტოებით დაიპყრა. პირველი გამოისახა ფეოდალობაში და მეორე მასში, რომ მარტო მიწათმფლობელობა შეიქმნა წარმომადგენელად სახელმწიფო საქმეთა გამგეობასა და წარმართვაში.

მერე, როცა ერი წარმატებაში შევიდა, როცა ვაჭრობა გახშირდა, გახშირდა საფაბრიკო და საქარხნო ხელთმოქმედება, მაშინ ქონებითმა ძალამ სხვა სახე მიიღო. მაშინ მოძრავმა ქონებამ ფესვი გაიდგა და უპირატესი ადგილი დაიჭირა ერის ცხოვრებაში. მაშინ მოძრავთა სიმდიდრის პატრონნი შეეცილნენ საზოგადოებრივს და სახელმწიფოებრივს უფლებას მიწისმფლობელთა თავად-აზნაურობას და სამღვდელოებას. ეს შეცილება გათავდა საფრანგეთის დიდ რევოლუციით. ამ რევოლუციამ წამოაყენა მესამე წოდება “ბურჟუაზია”, რომელმაც მიწათმფლობელობას ჩამოაცალა უპირატესობა სახელმწიფო წყობაში და მის მაგიერად დაადგინა მფლობელობა მოძრავის ქონებისა.

ამ ბურჟუაზიამ კიდევ ისე წარმართა საზოგადო და სახელმწიფო საქმე, რომ ეჩოსავით სულ თავისკენ მოითალა და ის კი, რამაც საკუთრივ შეჰქმნა იგი მოძრავი სიმდიდრე, წრეს გარეთ დარჩა. ის წრეს გარეთ დარჩომილი _ შრომა არის და მისი წარმომადგენელი კიდევ მუშაკაცია.

…დღეს ეგ წოდება იბრძვის, იბრძვის სასტიკად და მედგრად თავისის დედააზრისათვის და იმედიცა აქვს გამარჯვებისა.

ჩვენ ეს მცირედი შენიშვნა იმის საჩვენებლად მოვიყვანეთ, რომ ევროპაში მიზეზია _ და დიდ საბუთიანად, _ წოდებათა შორის დაჯახებისა, ერთმანეთთან შეხეთქებისა, ერთმანეთის ცილობისა.

ჩვენში რა არის, აბა, მაგის მსგავსი? ჩვენში თავადაზნაურობას დღევანდლამდე თითქმის მარტო ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მოკითხვის წიგნში ბრწყინვალებად იხსენიებოდა და გლეხი კი არა.

…ეკონომიური ძალი კი, რომელიც დღეს ჩვენში მარტო მიწისმფლობელობიდამ წარმოდგება, და ყოველივე, რაც ამ ძალის შედეგი ოდესმე იქნება, ჩვენში ვერც ერთმა წოდებამ, ღვთის მადლით, ვერ გაისაკუთრა და დღეს ჩვენში გლეხიც იმისთანა მფლობელია მიწისა, როგორც თავადი, აზნაური, ეკლესია; დღეს ჩვენში გლეხი მემკვიდრეობით ბინადარია იმ მამულზედ, რომელიც ყოველს გლეხს მამაპაპით დაჩემებული აქვს. თითონ ბატონყმობის უფლებაც კი არ ყოფილა ჩვენში კუთვნილებად ერთისა და იმავე წოდებისა: გლეხთაც, როგორც თავადაზნაურთა და ეკლესიას, შეეძლოთ ყმების ყოლა. ამის მაგალითი ხშირია იმერეთში.

რაკი ესენი იყო, რაკი უფლება ქვეყნის გამგეობისა მარტო ხელმწიფესა ჰქონდა და არავის სხვას, _ ერთსა რა უნდა შეჰშურებოდა მეორესი, ერთი იმისთანას რას დაეხარბებოდა მეორეს, რომ ამით ერთი წყობა მეორეს განზედ გასდგომოდა და ჩაენერგა ის განთვითეულების, გაცალკევების გრძნობა წოდებათა შორის, რომელიც ეხლანდელის ევროპის მწვავს ტკივილს შეადგენს. აქ, რასაკვირველია, ბევრი ჰოც ითქმის და ბევრი არაც, მაგრამ ჩვენ იმაზედა ვართ დამყარებული, რომ წოდებათა შორის უფლების ცილება, ეკონომიურის თუ პოლიტიკურისა, ცილება _ რომელიც უაღრესი მიზეზი იყო დაუძინებელის განხეთქილებისა სხვა ქვეყნებში, ჩვენში არ არსებობდა. ამიტომაც არც ზნეობით, არც აზრით, არც გრძნობით, არც მიმართულებით და არც ჩვეულებით, ჩვენი თავად-აზნაურობა არ დაჰშორებია გლეხობას, არ შეუკეტნია თავი, თავისი საკუთარი ინტერესები არ შემოუხაზავს ისე, როგორც სხვაგან. ერთის სიტყვით, არ განსაკუთრებულა ერთს წყობად, ერთს დასად. განა ჩვენში თავადი, აზნაური, ისე მიუკარებელია გლეხისათვის, როგორც სხვაგან?”

ილიას მოჰყავს მაგალითები გლეხთა და თავადაზნაურთა შორის ნათელმირონობისა და დამოყვრებისა, ერთმანეთთან ნადიმობისა, ჭირსა და ლხინში თანადგომისა, რომელთა მოწმეც თავად ყოფილა: ჩვენში გლეხთა და სხვა წოდებათა შორის კეთილი მიდრეკილება სუფევს; რომ ერთმანეთს არამც თუ ეუცხოებიან, არამედ ერთმანეთისკენ მიიზიდებიან. ერთის სიტყვით, ჩვენს ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვნი, რომელთა ზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს

ილიას აზრით, სწორედ ეს არის ის, რასაც უნდა შევხაროდეთ და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ. თუმცა, “ძალიან ბევრგან სუფევს განხეთქილება, ხოლო დიდი შეცდომა იქნება, ამისი მიზეზი თითონ წოდებათა წყობას, მის შინაგანს არსებას, თვისებას, ზნეს და ჩვეულებას და აქედამ წარმომდგარ მიდრეკილებას მივაწეროთ. ამისი მიზეზი იგივეა, რაც თვითოეულ კაცთა შორის: ავი გული, ხარბი თვალი, გრძელი ხელი და ნამუსის ქუდის ახდა.

…ნუთუ ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთს კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყოს ყველასათვის? ნუთუ ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულად აღმოიფხვრას, ჩვენთა წოდებათა შორის განხეთქილების მიზეზნი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას? ამიტომაც დიდად სცოდვენ ქვეყანასა და ხალხსაც, ნამეტნავად ჩვენში, ისინი, ვისაც გულში ჩაუდვია, გინდა თუ არა, განხეთქილება უნდა იყვესო წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო. განა ევროპა ცოტა დროსა და ღონესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?

მაშ, საცა ეგ არ არის, რად გვინდა რომ იყოს? ეგ იმას ეგვანება, რომ კაცმა ნაგავი შეიტანოს სახლში მარტო იმისათვის, რომ მერე საბუთი ჰქონდეს სთქვას: სახლს დაგვა უნდაო.

რად გვინდა ჩვენ აქ ბაძი, ან რა სასარგებლოა? მაგრამ რა? ტვინთხელობა, რომელიც, საკუთარ ტვინს მოკლებული, სხვისით სცხოვრებს და მარტო ბაძით სულდგმულობს, ამ შემთხვევაში, წინათვე ვიცით, კედელი იქნება და, რამდენიც გინდათ ცერცვი შეაყარეთ, არ დაიჭერს”.

“ჩვენის სოფლის თვითმმართველობითი წყობა წარმომადგენელია მარტო ერთის წოდებისა და არა მთელის სოფლის საზოგადოებისა. მთავრობითი მხარეც რომ გავუსინჯოთ ჩვენს სოფლის მმართველობას, აქაც ბევრს სანუგეშოს ვერას ვიპოვით”.

ილია იქვე ყურადღებას ამახვილებს სოფლის მმართველობის იმ ნაკლზე, რომლის წყალობითაც “სოფლის სამმართველო გლეხკაცს მარტო მაზრის უფროსის ჯოხად მიაჩნია, რომელიც დღე მუდამ მის სახლის დირეზედ მიყუდებულია”, ამიტომ “იგი უფრო ნაკლებ სანდომია გლეხკაცისათვის. რაც უნდა იყოს, კაცს ყოველთვის ენდომება, რომ თავში საცემი ჯოხი პატარა შორს იყოს და არა ცხვირწინ, რაკი უამისობა შეუძლებელია. ამიტომაც გლეხკაცი ვერაფრად აფასებს თავის სამმართველოს, რომელიც მისთვის ყველგან არ არის გამოსადეგი არც ფარად, არც ხმლად; ამიტომაც თავის სამმართველოს მოხელე კაცი და თითონ კანონიც მისთვის ჰგონია მოგონილი, რომ მარტო მე მადინოს ცხვირში ძმარიო”.

რაკი არც მოხელე და არც კანონი მოსარჩლედ და მფარველად არ გამოსჩენია, “იმედი აქვს აყრილი კანონზედაც, მის ძლიერებაზედაც, მის მიუდგომელობაზედაც” და “ამიტომაც იგი ისე გულგრილად ეკიდება მოხელეთა არჩევანის საქმეს: მისთვის სულ ერთია, პეპია იქნება თუ დათუნა. მე ხომ ჩემი ხარჯი და ბეგარა არ ამცდებაო და გაჭირვებაში კიდევ არც ერთს შეუძლიან შველა, და არც მეორესაო, ამბობს გლეხი”.

ილია სინანულით აღნიშნავს, რომ “ამ სახით ჩვენს თვითმმართველობას სოფლისას ჩამოთლილი აქვს ის მხარეც, რომლითაც იგი წარმომადგენელი უნდა იყოს საზოგადოებისა, ესე იგი მთელის სოფლისა, და ის მხარეც მთავრობითის წარმომადგენელობისა, რომლითაც იგი უფრო სანატრელია გლეხკაცობისათვის. ჩვენმა წესდებამ თუმცა კარგა ფართო მოედანი შემოუხაზა სოფლის თვითმმართველობას სავარჯიშოდ და სამოქმედოდ, მაგრამ თითონ ფალავანს-კი ხელ-ფეხი შეუკრა; ამიტომაც ჩვენის სოფლის თვითმმართველობა ასე უნაყოფოა, ასე უმოქმედოა იმ სიკეთისათვის, რომელსაც ყოველი კაცი სამართლიანად გამოელოდა თვითმმართველობისაგან.

სიკეთისათვის ხომ ასე ფრთამოკვეცილია ჩვენის სოფლის თვითმმართველობა, ბოროტისათვისკი ფართო გზა აქვს”.

“თვითმმართველობასა აკლია:

1.ხმა და არჩევნის უფლება უნდა მინიჭებული ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებს, _ და არა აქვს;

2.ადგილობრივ სამმართველოსყოველსფერში ყველანი უნდა ექვემდებარებოდნენ, ვინც კი მის წრეშია, და არ ექვემდებარებიან;

3.ყოველივე მოხელე პასუხმგებელი უნდა იყოს ყოველის წინაშე, ვისაც რასმე დაუშავებს, და უნდა იდევნებოდეს საზოგადო სამართლით, და არ იდევნება.

მეოთხე საფუძველიც, თუ დარღვეული არ არის მთლად, შერყეული კი ძალიან არის, სახელდობრ მით _ რომ ადგილობრივ მოხელეთა და მოსამართლეთა ყველა, სოფელში მცხოვრები ბინადარი, არ ირჩევს და ირჩევს მხოლოდ გლეხი, ცალკე კომლად კამერალიის აღწერაში ხსენებული.

ყოველ ამის გამო ჩვენის სოფლის სამმართველო და მისნი მოხელენი პოლიციის ბრმა მსახურებს და დარაჯებს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სოფლის საზოგადოების ინტერესებს.

ამას ისიც დაუმატეთ, რომ პირველ ხანებში _ და ბევრგან ეხლაც _ ჩვენის სოფლის მმართველობას იმისთანა მაზრის მოხელენი შეხვდნენ, რომელთაც, გაუნათლებლობისა და სიბრიყვის გამო, არ ესმოდათ სიკეთე თვითმმართველობისა მათ სოფლის სამმართველოს ჩამოაცილეს ის მცირედი სიკეთეც საზოგადოებრივი, რომელიც ნაპერწკალსავით ბჟუტავს წესდების ზოგიერთს მუხლში”.

აი ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ გლეხკაცობა არა ჰგრძნობს და არც გამოელის თავის სამმართველოსაგან არარაიმე სიკეთეს და ყველა იგი არც თავისად მიაჩნია; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის სამმართველო ყოველმხრივ ღონემიხდილია სიკეთისათვის; აი აქ არის სათავე იმ სამდურავისა, რომელიც ყოველ მხრიდამ ისმის სოფლის სამმართველოზედ და მის მოხელეებზედ; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის მმართველობას კაი კაცი ერიდება და მოხელეობას არა კისრულობს; აი ეს არის მიზეზი, რომ გლეხკაცი თავს არ იცხელებს, კაი კაცი ამოვირჩიოვო, და თითონ არჩევანიც თამაშისთვის მოგონილი ჰგონია”.

დასკვნა კი ერთია: “სხვა წესით და სხვა რიგად უნდა მოეწყოს ჩვენში ეს საქმე”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here