Home ახალი ამბები საქართველო ტვინების გამორეცხვის შედეგი  რუსთაველზე

ტვინების გამორეცხვის შედეგი  რუსთაველზე

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო  ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე წყვეტს, ქუჩებში ათასობით  ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციები რამდენიმე დიდ ქალაქში დაიწყო. პროტესტანტებს სათავეში ჩაუდგა .. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ის მიტინგზეც მივიდა, რისთვისაც ახალგაზრდებმა მას მადლობაც გადაუხადეს. ამ აურზაურში ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობა აქტიურობს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერილით გამოეხმაურა ახალგაზრდების აქტივობას:

,,დაიწყო ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორიცხვის ახალი ეტაპი. ყველა პროპაგანდისტული მედიასაშუალება მთელი დატვირთვით ამუშავდა და გულუბრყვილო მოქალაქეებს თავში უტენიან, რომ „ამ წუთებში სამშობლოს ბედი წყდება!“, რომ „ყველა პატრიოტის ვალია, ქუჩაში გავიდეს!“, რომ „სამშობლოს გვართმევენ!“, რომ „რუსეთში მიგვათრევენ!“ და ა. შ. და ა. შ.

უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ აგენტურას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი ამჯერად მაინც მიაღწევს ახალგაზრდების ტვინებამდე. მთავარია, მათ არ გაიაზრონ, რეალურად რას ნიშნავს ის განცხადება, რომელიც ფსევდოლიბერალმა პროპაგანდისტებმა გაუკუღმართებულად ჩაუტენეს თავში გაუთვითცნობიერებელ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებმა არ უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირში გაწევრებისთვის მოლაპარაკების დაწყება თვითონ ევროკავშირმა შეაჩერა და არა საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ კი ამას მხოლოდ იმით უპასუხა, რომ, თუ თქვენ ასე დისკრიმინაციულად უდგებით ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ შანტაჟისა და დიქტატისთვის იყენებთ ამ ფორმალურ მოლაპარაკებას, მაშინ ჩვენ თვითონ ვაჩერებთ ამ მოლაპარაკების მოთხოვნას 2028 წლამდე. ამ წელს კი ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ნაბიჯების 90% ექნება შესრულებული და 2030 წლისთვის ყველა კანდიდატზე უკეთესად ვიქნებით მომზადებული გაწევრებისთვის. თანაც, იმასაც უმალავენ ახალგაზრდებს, რომ თვითონ ევროკავშირს სწორედ 2030 წლამდე აქვს შეჩერებული გაფართოება და ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება 2030 წლამდე 2 წლით ადრე მოხდება თუ 15 წლით ადრე,  არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საბოლოო შედეგისთვის. ამას ადასტურებს მრავალი ქვეყნის მაგალითი, რომელთაგან ზოგიერთი, 10 და 15 წელია, იმყოფება მოლაპარაკებებში და ჯერ მხოლოდ კანდიდატები არიან.

ფსევდოლიბერალურმა პროპაგანდამ მიაღწია იმას, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს წაართვა განათლება, პატრიოტიზმი, უფლის სიყვარული და ეს ყველაფერი ჩაანაცვლა ლგბტ რელიგიით. ის ახალგაზრდები, რომელთა ტვინების გამორეცხვასაც მიაღწიეს, მანქურთებს დაემსგავსნენ და დღეს მონობას თავისუფლებად აღიქვამენ, სამშობლოს ღალატს _ პატრიოტიზმად, ქვეყნის რყევას  და ნგრევას _ ქვეყნის დაცვად, სხვების დაკრულზე ცეკვას _ ინდივიდუალიზმად, უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი ქვეყნის  სუვერენიტეტის ხელყოფას _ ევროპულ ღირებულებად.

ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ევროპული და დემოკრატიული ფრაზეოლოგიით შენიღბული მოღალატე დედაკაცი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც, სხვა ინტერესებთან ერთად, ახლა თანამდებობაზე ყოფნის ვადის როგორმე გახანგრძლივება აწუხებს.

ქვეყნის აგენტურაზე დაყრდნობით არეულობის, ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარე და შინაური მტრებისათვის ხელიდან გაეგდებინათ შანტაჟის იარაღი ევროკავშირში გაწევრებისათვის მოლაპარაკების დაწყების სახით და თვითონ შეაჩერა ამ მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე. ეს არ ნიშნავს ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმას, ეს ნიშნავს შანტაჟისა და ქვეყნის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან თავის დასაცავად გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯს, ბრძოლას ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ. ყველა ჭეშმარიტი პატრიოტისთვის ეს ძალიან მარტივად გასაგებია, მადლობა ღმერთს, ასეთები ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობაა და ისინი არ დაუთმობენ სამშობლოს ქვეყნის მოღალატეებს, ავანტიურისტ ფსევდოლიბერალებსა და მათი პროპაგანდით ტვინგამორეცხილ, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ნაწილს“!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here