მთავარი პოლიტიკა ტერიტორიებს ვკარგავთ, საზოგადოება კი ერთობა _ “სირია” თუ არა სირია?

ტერიტორიებს ვკარგავთ, საზოგადოება კი ერთობა _ “სირია” თუ არა სირია?

1324
გააზიარეთ
დროშა

ბოლო დღეებში განვითარებული ტრაგიკომიკური მოვლენების ფონზე მეორე პლანზე გადაიწია კი არა, საერთოდ, გაქრა და მინავლდა სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების თემა.

დიახ, ტრაგიკომიკურია, როდესაც შვილმკვდარ მამას დღეში სამჯერ ხან ერთ მხარდამჭერ აქციაზე ვხედავთ, ხან მეორეზე! ხან ერთი აქციის ორგანიზატორები მარიაჟობენ: ის ჩვენთან არისო, ხან მეორე აქციის ორგანიზატორები იწონებენ თავს: შეგვატყობინეს, ისინი მიატოვა და ჩვენკენ მოემართებაო. ასესაჯილდაო ქვადქცეული შვილმკვდარი მამა სწორედაც რომ ტრაგიკომიკური საყურებელია და კიდევ უფრო ტრაგიკომიკური ის არის, რომ მან თავისივე ინიციატივით ჩაიგდო თავი ამ დღეშითუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაკლებად ტრაგიკომიკურია სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, უფრო ზუსტად ის რეაქციები და ის შეფასებები, რომლებიც ამ ფაქტზე საქართველოს მთავრობისა თუ ოპოზიციის წევრებმა, აგრეთვე, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ყოველივე ამას ერთადერთი სიტყვა შეიძლება ვუწოდოთ არასერიოზულობა!

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს, უბრალოდ, გაუხარდა, რომ სირიას “სირია” ჰქვია და ამ დაბალი დონის “ღადავმა” წალეკა სოციალური ქსელები. გეგონება, იმ ფაქტს, რომ სოხუმ-ცხინვალის ამღიარებელი ქვეყნის სახელწოდება ქართულ სლენგში დამკვიდრებულ უხერხულ სიტყვას დაემთხვა (“სირი” სლენგზე, ჟარგონზეა უხერხული სიტყვა, თორემ ისე, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, “ჩიტს” ნიშნავს) ან გაერო მიაქცევს რაიმე ყურადღებას და ან ევროკავშირი. ქართველები ისე მაგრად ერთობიან სირიის “სირობით”, რომ შთაბეჭდილება მრჩება, მართლა ჰგონიათ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ან ნატოში მიიღებენ რეზოლუციას, რომელშიც ჩაწერენ, რომ ეს სირია მართლა “სირი” ყოფილა და “დაიკიდეთ”, ვინ აღიარა და ვინ არაო.

მოკლედ, მაგრად ვერთობით იმით, რომ რუსეთმა მაინც შეძლო შეძლებისდაგვარად შეერყია სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. არაღიარების პოლიტიკა და სირია გახდა პირველი სერიოზული სახელმწიფო (რუსეთის შემდეგ), რომელმაც ეს ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ნაურუსა და ორიოდე მის მსგავს “ჯუჯა სახელმწიფოს” თუკი მართლაც ვემაიმუნებოდით, არაბული სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან სახლემწიფოსთან იმავე ტიპის მაიმუნობა ნამდვილად არ არის სერიოზული ამბავი და არც ის მგონია, ასეთმა არხეინობამ დადებითი შედეგი მოგვცეს.

მოჰყვება თუ არაჯაჭვური რეაქციასირიის ამ ნაბიჯს და რუსული გავლენის ქვეშ მყოფი სხვა არაბული და აზიური სახელმწიფოებიც თუ მიბაძავენ სირიას, ესეც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. საკვირველი ის არის, რატომ არ ელოდა ქართული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობა ან ქართველი საზოგადოება სირიისგან ამ ნაბიჯს. რატომ იყო ეს ასეთი მოულოდნელი და საკვირველი? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატებისგან სირიის და ე.წ. ასადის რეჟიმის მიმართ გამოთქმული არც ერთი კრიტიკული აზრი თუ, უბრალოდ, უხამსი გამონათქვამი არ დაუტოვებია გამოხმაურებისა და ტაშის დაკვრის გარეშე. თუ გადახედავთ სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ქრონიკას, დაინახავთ, რომ ამერიკისა და საქართველოს დამოკიდებულება ზუსტად პატრონისა და “ერთგული გოშიის” დამოკიდებულებას ჰგავდა. პატრონი მეზობლებთან ერთად სოფლის ბირჟაზე რომ ზის, გოშია ფეხებთან ჰყავს და, რაც უნდა თქვას პატრონმა, გოშია რომ მის ნებიმისმიერ სიტყვაზე კუდს აქიცინებს _ აი ეს სურათია ზუსტად. ასე რომ, მოდი, ნუ დავაბრალებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ იქ რამე გაიაზრეს, გაითავისეს და შეგნებულად უჭერდნენ ამ ამბებში საჯაროდ და მსოფლიოს, ანუ “მეზობლების” გასაგონად მხარს აშშ-ს. მათ, უბრალოდ, “პატრონის” ხმის გაგონება უხაროდათ და ამიტომ აქიცინებდნენ კუდს, თორემ რას ლაპარაკობდა ის პატრონი, ამის “გაგებაშიც” არ იყვნენ.

ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატიური სამსახური თვალს ადევნებს, როგორც მისი ქვეყნის მხარდამჭერ, ისე საწინააღმდეგო განცხადებებს. გამონაკლისი არც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სირიის მმართველები მიაქცევდნენ საქართველოს მთავრობის იმ განცხადებებს, რომლებითაც მხარს უჭერდნენ ამერიკელთა სამხედრო მოქმედებებს სირიაში.

დღეს სირიამ სული მოითქვა და, საომარი მოქმედებების გარდა, სხვა საქმეებისთვისაც მოიცალა. ეს სხვა საქმეები მტრისთვის მტრული პასუხის გაცემაც არის. ჩვენი ხელისუფლების მაამებლური და წინდაუხედავი პოლიტიკის გამო კი სირიის მტერთა რიგებში აღმოვჩნდით, მისი უპირველესი მეგობრისა და მოკავშირის სტატუსი კი რუსეთმა უპირობოდ მიიღო.

რუსეთმა კი სირიას, კერძოდ, ბაშარ ასადის ხელისუფლებას, იმხელა დახმარება გაუწია, ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება და ამერიკის მონასახელმწიფოს გამწარება სირიისთვის უკვე ელემენტარული ვალდებულებაც კი იყო, ამიტომ უნდა იმუშაოს ქართულმა დიპლომატიამ და, საზოგადოდ, ქართულმა სახელმწიფომ უშუალოდ რუსეთთან და, ცოტა არ იყოს, სასაცილოა მოსაზრებები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი დიპლომატები სირიასთან ურთიერთობაში ჩაფლავდნენ.

სინამდვილეში ქართული სახელმწიფო რუსეთთან ურთიერთობაში ჩაფლავდა.

ფაქტი, რომლის აღიარებაც არაფრის დიდებით არ გვინდა, ასეთია: რუსეთმა ნაურუსა და მის მსგავს სხვა ქვეყნებთან გაიარა ერთგვარი რეპეტიცია, როგორ უნდა ჩააგონოს თავის გავლენაში მყოფ ქვეყნებს სოხუმცხინვალის აღიარება და ახლა უკვე უფრო სერიოზულ ქვეყნებზე გადავიდა.

ასეთ ფონზე განსაკუთრებით არასერიოზულია მავანი ქართველი “პატრიოტების” ქვისგამხეთქი “არგუმენტები”, რომ თურმე შეუძლებელი და წარმოუდგენელია თანამშრომლობა, თუნდაც პარტნიორობა და ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინება ქვეყანასთან, რომელმაც “ქართული ტაძრების ფრესკები კირით შეღება”, “ქართველი ჯარიკაცების სისხლი დაღვარა” და ა.შ.

გამორიცხულია, ვინმემ დაასახელოს ორი ისეთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთა შორის ურთიერთობა მხოლოდ დადებითი ეტაპებისგან შედგება და მათი ურთიერთობის არც ერთი ეტაპი უარყოფითი არ ყოფილა. რუსეთ-საქართველოს თითქმის ოთხსაუკუნოვანი ურთიერთობაც სწორედ ასეთია. მთავარი ის არის, სასწორის ორ პინაზე, დადებით და უარყოფით შედეგებს თუ დავალაგებთ, რომელი გადაწონის. მგონია, რომ ახალციხის, ბათუმისა და სხვა ქართული მიწების ოსმალთაგან დაბრუნების გადამწონი უარყოფითი არგუმენტი, უბრალოდ, ვერ და არ მოიძებნება. ერთმანეთის სისხლიც დაუღვრიათ სახელმწიფოებს და ასეთი ფაქტის შემდეგ საუკეთესო პარტნიორებიც გამხდარან. ამერიკისა და იაპონიის მაგალითი საკმარისია ამის დასასაბუთებლად, კიდევ უფრო შორეული ისტორიული წიაღსვლები რომ აღარ ვაკეთოთ. რაც შეეხება ქართული ტაძრების ფრესკების კირით შეღებვას, არა მგონია, რუსებს ქართული ეკლესიისთვის თურქებზე მეტი ზიანი მიეყენებინოთ. ოსმალებმა არათუ გადაღებეს, არამედ პირისაგან მიწისა აღგავეს უამრავი ქართული ძეგლი. ხომ არ იცით, დღეს საქართველოს ყველაზე უახლოეს პარტნიორად და მეგობრად რომელი მეზობელი ქვეყანაა გამოცხადებული?

ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთის სისხლი კახელებსა და ქართლელებს, იმერლებსა და მეგრელებსაც დაუღვრიათ. რა ვქნათ, აღარ დაველაპარაკოთ ერთმანეთს?

მით უმეტეს, არასერიოზულია ასეთი “არგუმენტების” რახარუხი, როდესაც მეზობელ (კი, ბატონო _ ოკუპანტ) სახელმწიფოსთან გაბუტვას და ხისტ დამოკიდებულებას მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მოაქვს ზიანი.

განსაკუთრებით სასაცილოა ის, რომ ნაცები და კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიებიქართულ ოცნებას”, ანუ ქვეყნის მმართველ პოლიტიკიურ ძალასრუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარშიადანაშაულებენ. როგორ ფიქრობთ, რუსეთს ჩვენი ინტონაცია და ხმის ტემბრი უფრო აინტერესებს თუ ჩვენი რეალური მოქმედებები და გადაწყვეტილებები?

როგორ გგონიათ, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მკაცრად და ხისტად თუ ვეტყვით: “რუსეთო, ჩვენ შენს საზღვართან უნდა დავაყენოთ ის სამხედრო ორგანიზაცია და ალიანსი, რომელიც მტრად მიგაჩნია, შე ოკუპანტო!”

თუ ენისმოჩლექით ვეტყვით: “ლუცეთო, ცვენ სენს საზგვალთან უნდა დავაკენოთ ის სამქედლო ოლგანიზაცია და ალიანსი, ლომელიც მტლად მიგაცნია, ჩემო საკალელო!”, ამით რამე განსხვავებულ რეაქციას მივიღებთ რუსეთისგან? რუსეთისთვის იმას აქვს მნიშვნელობა, როგორი მანერით დაველაპარაკებით, თუ იმას, რა იქნება ჩვენი საუბრის შინაარსი და რეალური ქმედებები?

რუსეთს, დიდი ხანია, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ დაუშვებს ამიერკავკასიის მხრიდან მისი საზღვრის სიახლოვეს ნატოს ბაზებს. შენ თუ გინდა, ამ მიზნის მიღწევა ენის მოჩლექით სცადე და გინდა, დედის გინებით _ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!

მაგრამ, კიდევ გავიმეორებ იმას, რაც წერილის დასაწყისში ვთქვი: საზოგადოებას, რომელსაც ძალიან უხარია, რომ სირია “სირია” და მომხდარი ძალიან უარყოფითი ფაქტი მხოლოდ ღლაბუცისა და ტინგიცის ხასიათზე აყენებს, რა უნდა შეაგნებინო?!

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი საზოგადოების 100 ან 50 პროცენტია ასეთი, მაგრამ თუნდაც 15-20 პროცენტი ასე მოაზროვნეებისა უკვე ძალიან ბევრია და ასეთი საზოგადოების ხელში სახელმწიფოს გადარჩენა არ უწერია.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here